Monday, October 27, 2008

თბილისობა რიყეზე


ანა დაბრუნდაშვილი

25-26 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქმა ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულს უმასპინძლა. ბლოგერი ანა დაბრუნდაშვილი მოზეიმეთა მარაქაში გაერია და მოგვაწოდა ინფორმაცია მოვლენათა ეპიცენტრიდან – რიყედან, სადაც გასულ შაბათ-კვირას თბილისური ჰანგები გაისმა და მაყალზე მწვადები აშიშხინდა.

თბილისის უბნებში დღსასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. ევროპის მოედანი, ანუ რიყე დილიდანვე ემზადება ორდღიანი ხალხმრავლობისათვის.

დილის 11 საათისთვის რიყე ჯერ ცარიელია. “ჟიგულის” და “ვოლგას” მარკის მანქანებიდან ხალხი კუბოკრულ ჩანთებს ალაგებს. ჩანთებში ჩურჩხელები, მზესუმზირა და ჩირი ჩანს. ზოგმა უკვე მოასწრო გასაყიდი ნივთების დახლზე დალაგება: თექის ნამუშევრები, სვანური ქუდები დოქები, თასები და ხის სხვა ნაკეთობები.

ხალხი უკვე იწყებს მოსვლას და პირველ შთაბეჭდილებებს გამოთქვამს. სწრაფი კვების ობიექტები უკვე ღიაა: “ბურგერვილი”, კაფე “ნატახტარი” და სხვა უფრო პატარა პუნქტები დასახელების გარეშე.
ორგანიზატორებმა საბავშვო გასართობებზეც იზრუნეს. რიყის ტერიტორიაზე პატარა ატრაქციონები, ტირი და სასრიალოა. მსურველებს კლდეზე ცოცვაც შეუძლიათ სცადონ.

უკვე მომრავლებული ახალგაზრდების ნაწილი მოხატული სახით დადის. ზოგი მობილურის ეკრანში იყურება და ცდილობს იქ დაინახოს როგორ გამოიყურება, სხვები ჯერ კიდევ რიგში დგანან. მხატვრების უმრავლესობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია.

მოწყალებისთვის გამოსული შორიდან ათვალიერებენ ჩურჩხელების გამყიდველებს, ან ჩუმად ფაეტონს ახტებიან, უფასოდ მგზავრობენ .

ტერიტორიას პატრულის თანამშრომლები აკონტროლებენ. თუმცა საპატრულო მანქანა აქ ერთადერთი ტრანსპორტი არაა. სანაპიროს მხარეს ცხენები და ვირები დგანან. აქეთ-იქით ფაეტონები დადიან. “აბა კაი ცხენი”-პატრონი აშკარად აზვიადებს ცხენის შესაძლებლობებს. ერთ ადგილას გაჩერებული ცხენი დაძვრას საერთოდ არ აპირებს, მიუხედავად პატრონის მცდელობისა.

ისმის თანამედროვე ქართული სიმღერები სიყვარულზე, ღამესა და წვიმაზე. ჯერ კიდევ სავარჯიშო ფორმებში გამოწყობილი მოცეკვავეები კონცერტისთვის ემზადებიან. რიყეზე ხალხი მომრავლდა. “თბილისობა” უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მაყალზე მწვადების შეწვაც მთავრდება.
რიყე “თბილისობის” მხოლოდ ერთი ნაწილია. სხვა ღონისძიებების შესახებ მსურველებმა შეიძლება ინტერნეტის საშუალებით გაიგონ.

Thursday, October 23, 2008

,,ბატონების” წინააღმდეგ ვაქცინა წითელი მამლის კვალდაკვა


ნინო გოგუა
თბილისი, 22 ოქტომბერი






,,წითელა თუ წითურა
შეგეყაროს თუ არ გინდა,
აიცერი, რომ არ დაავადდე
ბატონები შენ რად გინდა?”

წითურასა და წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.
აცრისთვის საჭიროა მიხვიდეთ ამბულატორიაში, პოლიკლინიკაში ან სასწავლო დაწესებულებაში, სადაც ექიმი პატარა გამოკითხვას ჩაგიტარებთ და იმ შემთხვევაში გეტყვით უარს ვაქცინის გაკეთებაზე თუ – მაღალი სიცხე გაქვთ, ორსულად ხართ, ალერგიული ხართ ან თუ აქამდე არასდროს აცრილხართ.
თუ თქვენთვის ვაქცინის მიღება სარისკო არაა, მაშინ ექთანი გაყინული კონტეინერიდან ამოიღებს კაფსულას და მხარში ნემსის ჩხვლეტით შეგიყვანთ ხსნარს. გამოყენებულ ბამბას და ერთჯერად ნემსს სპეციალურ კონტეინერში მოათავსებენ.
,,აცრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ოდნავი დისკომფორტის შეგრძნება მაქვს ნანემსარ ადგილას. თვითონ პროცესით კმაყოფილი ვარ – გულისხმიერი მედპერსონალია და ჰიგიენურადაც ყველაფერი მოწესრიგებულია” – ირაკლი ხვადაგიანი, სტუდენტი.

ვაქცინას მხოლოდ 6-27 წლის ასაკის მსურველებს უკეთებენ. ექიმის განმარტვით ამის მიზეზი ისაა, რომ ძირითადად, ამ ასაკში ვლინდება ,,წითელა” და ,,წითურა”. რაც შეეხება უკუჩვენებას, როგორც შრომის ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესცენტრი აცხადებს, ამ პრეპარატით მსოფლიოში 34 მილიონი ადამიანია აცრილი და გართულების მასიური შემთხვევები არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. მომჩივარი სტუდენტი არც თსუ-ს ,,ოჯახის ექიმის” კაბინეტში მისულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მცირეწლოვანს უკუჩვენებები აღმოაჩნდა ვაქცინის მიღების შემდეგ.

ამ მონაცემებით შეგულიანებულმა, გადავწყვიტე, თავადაც გამეკეთებინა აცრა. პროცესი მართლაც უმტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ საღამოს 37° სიცხე მიჩვენა თერმომეტრმა, რაც შეიძლება, ვაქცინის ბრალი სულაც არაა – მთელი დღე წვიმაში მომიწია სიარული. როგორც ,,ოჯახის ექიმმა” ია ჩხარტიშვილმა განმიმარტა: ,,ნებისმიერი სახის ვაქცინას, ისევე როგორც ნებისმიერ წამალს, შეიძლება აღმოაჩნდეს რაიმე სახის მსუბუქი უკუჩვენება. ასეთი შემთხვევევები იშვიათია წითურას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს”.
წითურასა და წითელას საწინააღმდეგო კამპანია მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს, რაც, როგორც UNICEF-ის ოფიციალური საიტი იუწყება (http://www.unicef.org/), 2010 წლისთვის ამ ინფექციების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად; UNICEF და მიმდინარე ვაქცინაციის ორგანიზატორი და დონორი ორგანიზაციები (WORLD HEALTH ORGANIZATION, Rospropovich – Vishnevskaya Foundation, USDA) მსგავსი პროგრამების ფარგლებში გრძელვადიან ურთეირთობას გეგმავენ საქართველოსთან.


პ.ს. თუ კიდევ ერთი ახალი სტატია არ დავდე, ესეიგი სიცხემ დამიწია და შეგიძლიათ თამამად აიცრათ:)

Wednesday, October 22, 2008

შტოკჰაუზენის ღმერთის ძიება გოეთეს ინსტიტუტში

ნათია გულიაშვილი,
22 ოქტომბერი, 2008 წელი

16-დან 31-ოტომბრამდე თბილისში თანამედროვე მუსიკის საღამოები იმართება. პროექტის ფარგლებში 19 ოქტომბერს გოეთეს სახელობის ინსტიტუტში შეკრებილი საზოგადოება XX საუკუნის ცნობილი კომპოზიტორის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის შემოქმედებას გაეცნო.


...სცენაზე ევას დიდი ქანდაკება დგას. ეს საოპერო ციკლის, “ნათელისერთერთი ნაწილია – “ორშაბათი” (ციკლი კვირის შვიდ დღეს მოიცავს და ალეგორიულად სამყაროს შექმნას გამოხატავს). ევა-სიმბოლურად სიცოცხლის საწყისია. მისი სხეულიდან გამოდიან (იბადებიან) მუსიკოსები და ქანდაკებაზე მიდგმულ კიბეზე მოძრაობენ...


სცენის მიღმა კი, სტუდიაში თავად კომპოზიტორი უზარმაზარ მიქშერთან ზის, რომელსაც ყველა ინსტრუმენტი უერთდება. ის თავად არეგულირებს ხმებს...

ეს ზემოთქმული დოკუმენტური ფილმის სახით აჩვენეს გოეთეს ინსტიტუტში.

შტოკჰაუზენმა, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოახდინა კლასიკური მუსიკის განვითარებაში, გამოიყენა რა პირველმა ელექტრონული ჟღერადობა, მუსიკის თეორიაში შემოიტანა საკუთარი ჰიპოთეზები და აკუსტიკურ ინსტრუმენტებს (ძირითადად ფორტეპიანოს) ახალი ჟღერადობა შესძინა. მეორე მხრივ კი, მასზე, როგორც ექსპერიმენტატორ კომპოზიტორზე, კრიტიკოსთა ნაწილს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

საღამოს მეორე ნაწილი სწორედ შტოკჰაუზენის საფორტეპიანო შემოქმედებას დაეთმო. პიანისტმა ნინო ჟვანიამ, რომელიც თავად იცნობდა კომპოზიტორს და ისმენდა მისი ლექციების კურსს, კონცერტის დაწყებამდე მსმენელს რამდენიმე ძირითადი მომენტი გააცნო შტოკჰაუზენის შემოქმედებიდან.


პიანისტმა კომპოზიტორის "კლავირშტუკების" ციკლიდან 2 ნაწარმოები შეასრულა. აღსანიშნავია, რომ შტოკჰაუზენი, რომელიც ბგერითი გამოსახვის ახალ ფორმებს ეძებდა, სპეციფიკური სანოტო ჩანაწერებს აკეთებდა და მისსწორადწაკითხვას შესაბამისი მომზადება სჭირდება.

ნაწარმოებებს შორის ჟღერდა შტოკჰაუზენის ელექტრონული კომპოზიცია ყრმების სიმღერა”, რომლის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის ხმების იმიტაცია ელექტრონული საშუალებებით. კომპოზიციაში ალაგ-ალაგგამღერებულიასიტყვები ან ცალკეული მარცვლები ბავშვთა გალობიდან. ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი ელემენტისივრცის ეფექტი. ბგერების და მათი ექოს მოძრაობა სივრცეში აღიქმება მუსიკის ახალ განზომილებად. რაც სტერეო ეფექტის საშუალებით მიიღწევა (ამ ეფექტს ოთახის ოთხივე კუთხეში დამონტაჟებული დინამიკები ქმნიდა). ფირზე ჩაწერილი ბგერის მოძრაობის მიმართულების ცვლა, მისიხეტიალიგანსაკუთრებულ აკუსტიკური გამოცოცხლების მიზანს ემსახურება.

სივრცის, როგორც ახალი მუსიკალური განზომილების მთლიანად ათვისება, შტოკჰაუზენის ერთერთი ნოვაციაა. როგორც თავად ამბობდა: საბოლოო ჯამში მე ყველაფერი მინდა. დიახ, სწორედ ამაში მდგომარეობს ღვთის შეცნობა.”

Wednesday, October 15, 2008

ანგარიში – ფრე, შედეგი – მარცხი

ქეთი ჯიბლაძის რეპორტაჟი ,,დინამოს ეროვნული სტადიონიდან"
11 ოქტომბერი, 2008
საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა და შედეგად ქართველი ფეხბურთელების მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მოხვედრა - ბევრად რთული მისაღწევი გახდა.

11 ოქტომბერს “დინამოს“ სტადიონზე გამართული მატჩი დებიუტი იყო საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის. თამაშის დაწყებამდე ექტორ რაულ კუპერი გვარწმუნებდა, რომ ლუკა რაზმაძის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა სასარგებლო ცვლილება იქნებოდა და ქართველები კარგ თამაშს შემოგვთავაზებდნენ. როგორც ყოველთვის, მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელების განწობა საბრძოლო იყო, პროგნოზი კი საიმედო მაგრამ, მატჩი ისევე ჩაატარეს ქართველებმა, როგორც მრავალი სხვა - არაფერი ახალი და სანუგეშო - უშედეგო შეტევები, სახიფათო მდგომარეობებისა და კონტრშეტევების განსამუხტად წესების ხშირი დარღვევა, წაგებული საჰაერო ორთაბრძოლები, არაზუსტი ჩაწოდებები, ქართველების, გოლად ქცეული, უხეში შეცდომა დაცვის ხაზში და წამიერი გამოფხიზლებისას გატანილი საპასუხო ბურთი.

მაყურებელმა საათნახევრით ადრე დაიწყო შეგროვება. სკამების ჭრელი საზურგეები ნელნელა გულშემატკივრებმა დაფარეს. ზოგს სახე მოეხატა საქართველოს დროშით, ზოგიც ფერადი საზეიმო კოსტიუმით იწონებდა თავს. უხვად აქვთ მომარაგებული ბურბუშელა და მზესუმზირა.

მონაცვლეობით ისმოდა გაურკვეველი პრინციპით შერჩეული სხვადასხვა ჟანრისა და განწყობის მუსიკა, რომელსაც ფონად გასდევდა გენერალური სპონსორის, “მადნეულის” რეკლამა.


მატჩს ესწრებოდა ფიფას პრეზიდენტი იოზაფ ბლატერი. თამაშის დაწყებამდე მას სიტყვით სურდა გამოსვლა, მაგრამ მიკროფონის გაუმართავობის გამო მხოლოდ მოთამაშეებისათვის ხელის ჩამორთმევას დასჯერდა.

“დინამო” ერთადერთი სტადიონია საქართველოში, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ბალახის საფარის გარშემო განლაგებული ბანერები მაინც მძიმე მასით გავსებულ ტომრებს უჭირავს.

მაყურებელი გამაყრუებელი ყიჟინით შეხვდა ეროვნულ ეროვნულ ნაკრებს, კვიპროსელებს კი თითქოს ბევრი არავინ ჰყავდათ გამამხნევებელი - მათი გულშემატკივრების ხმა არ ისმოდა. საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე ყველანი ფეხზე ფეხზე ადგა. ქართველი გულშემატკივარმა სტვენით შეზავებული თავშეკავებით მოისმინა კვიპროსის ჰიმნი.
მონეტის აგდების შემდეგ, გამაყრუებელი შეძახილების ფონზე, დაიწყო თამაში. თითოეულ სახიფათო მომენტს გულშემატკივრები ისევე განიცდიდნენ, როგორც მოთამაშეები - ყვიროდნენ, უსტვენდნენ, ელდანაკრავებივით წამოიჭრებოდნენ ხოლმე ფეხზე მითითებებით “ეე, ბურთი გაასწორე ბიჭო-ო!” ,,ცოტა მარჯვნივ!!.. “ აღარაფერს ვამბობ უცენზურო სიტყვებზე...

კვიპროსელებს თამაშის ფრედ დამთავრებაც ხელს აძლევდათ, ამიტომაც დროის გასაყვანად უამრავ ფანდს იყენებდნენ. ამაზე გულშემატკივრები განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდნენ და სმენისწამღებად უსტვენენ. მოწინააღმდეგის სულ მცირე შეცდომაზეც კი, სიხარულის ყიჟინას იწვევდა. გულშემატკივრების აქტიურობისა და თანადგომის მიუხედავად, ქართველებს გაუიჭირდათ კვიპროსელების ფეხბურთის ოსტატობით ძლევა. საქმეში აკრძალულ მეთოდები შევიდა და “ფეხჩართული” ბრძოლა გაჩაღდა. შედეგიც შესაბამისია – პირველი ტაიმის ბოლოს ორი კვიპროსელი ფეხბურთელი გაიყვანეს მოედნიდან საკაცით.

მიუხედავად ქართველი მაყურებლების დაჟინებული მოთხოვნისა, პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. შესვენებისას მოედანთან ერთად სტადიონიც დაცარიელდა.


ახალი ტაიმი ახალი იმედებით დაიწყო, მაგრამ ქართველებს კიდევ უფრო გაუძნელდათ თამაში - გამუდმებით თავის დაცვა და შეტევების მოგერიება მოუწიათ. უხეში თამაში დაუსჯელი არ დარჩა და პენალტი დაინიშნა ქართველების კარში, რასაც ხმაური და სტვენა მოჰყვა. ეს პირველი პენალტი გახლდათ ეროვნული ნაკრების ისტორიაში, რომლის აღებაც შეძლო ჩვენმა მეკარემ. თუმცა, ეს ხმაური რა მოსატანია იმ ყიჟინასთან, რომელიც სიმწრით აღმოხდა ქართველ მაყურებელს, როცა კონსტანტინუს ნასროლი ბურთი ქართველების ჩვენი კარის ბადეში გაეხვია 66-ე წუთზე. რამდენიმე იღბლიან გულშემატკივარს ტრიბუნებში გადავარდნილი ბურთები ერგოთ.

გულშემატკივარებს იმედები განუახლდათ, როცა 73 წუთზე სტუმრებს ბუმერანგივით დავუბრუნეთ მათი გატანილი გოლი. ამ წარმატებით დაიმედებული მაყურებული დაჟინებით ითხოვდა მორიგ გოლს, მაგრამ ამაოდ. სწორედ ემოციური კულმინაციის დროს დასრულდა თამაში. ანგარიშით – ფრე და ფაქტობრივად ქართვალების მარცხით – ჯგუფიდან გასასვლელად ჩვენს ფეხბურთელებს მხოლოდ 2 ქულა უნდა მოეპოვებინათ.


საქართველო: ლომაია , ლობჟანიძე, სალუქვაძე, ხიზანიშვილი, შაშიაშვილი, მენთეშაშვილი, კობიაშვილი, რაძმაძე, ყენია (64.გოცირიძე), იაშვილი, მჩედლიძე(75.ალექსიძე)

მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი

კვიპროსი: გიორგალიდისი, ხარალამბუსი, ანდრეას კონსტანტინუ, ხრისოსტომოსი(37. ნიკულაუ), ხარალამბიდისი, ილია (82.ლამბრუ), გარპოზისი, მაკრიდისი, ოკასი, მიქაელ კონსტანტინუ, ალონეფტისი(90.პანაგი).

მწვრთნელი: ანგელოს ანასტასიადისი

გოლები: 0:1 მიქაელ კონსტანტინუ (66),

1:1 კობიაშვილი (73) გაფრთხილება:

სალუქვაძე (52), ხიზანიშვილი (81), ალექსიძე (85), ხარალამბიდისი (32), ანდრეას კონსტანტინუ (90) მსაჯი: რ.მატიჟეკი (ჩეხეთი) ჯარიმა: 15-13; კარში დარტყმა: 3-5; კუთხური:7-6; თამაშგარე: 4-1




ქეთი ჯიბლაზე

Monday, October 13, 2008

ფუნჯი ნათელი ფერებით – ფერადი სამყაროსათვის


ნაზი ბერიძე
თბილისი, 13 ოქტომბერი, 2008.

ქართველების ერთერთი ნაკლია ღირსეული ადამიანების გვიან დაფასება. გვავიწყდება, რომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები.…წარსულის შეცდომები რომ აღარ გავიმეოროთ, მინდა გაგაცნოთ პიროვნება, რომელსაც არ დაუხატავს “სიქსტის მადონა”, მაგრამ მიიჩნევს რომ საკუთარი თავი იპოვა მხატვრობაში და გამორჩეული ხელწერის წყალობით საზოაგადოების ინტერესი ახალგაზრდა ასაკში დაიმსახურა.


ხატავს 4 წლის ასაკიდან, მამაც მხატვარია. მხოლოდ 22 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ ღვთისგან ბოძებული ნიჭითაა დაჯილდოებული. და არ განიცდის მხოლოდ მშობლის გავლენას. ეს ადამიანი გუგა თევდორაძეა. დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო მოსამზადებელი კურსები.


ამჟამად სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ფიქრობს რომ “აქ რაც იცი, იმასაც დაკარგავ საკუთარ თავზე თუ არ იმუშავე.” კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს მხატვარი, გვიპასუხა: _ “მხატვარი მართალი, თავმდაბალი და გულღია უნდა იყოს. ხატავდეს იმას, რასაც შინაგანი ბუნება კარნახობს.” მისი სურვილია სამყარო იყოს ფერადი. მას უნდა, რომ ასიამოვნოს ხალხსაც და საკუთარ თავსაც.



გუგა მხიარული პიროვნებაა. ხატავს ადამიანთა სახეებს და იყენებს ნათელ ფერებს. თუმცა მიიჩნევს რომ ხელოვანი ერთ დოგმატურ მიმდინარეობას არ უნდა მისდევდეს. მისი აზრით, ეს ტრადიცია მოძველდა და დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით იცინის, გუგას დახატულ ადამიანებში მხოლოდ ნაღვლიან თვალებს დაინახავთ.




თავისუფალი, შეუზღუდავი და სხვებისგან განსხვავებულია, საზოგადოებისგან ყურადღება არ აკლია. მისი ძალიან ბევრი ნახატი გაუტანიათ საზღვარგარეთ _ ინდოეთში, საფრანგეთში. საქართველოში კი მისი გამოფენა გალერეა “თევდორეში” ეწყობა.

გუგასთვის მთავარია, ჰქონდეს ტილო, ფუნჯი, საღებავი და გაულამაზოს ცხოვრება ხალხს.