Tuesday, December 30, 2008

სად გავატაროთ ახალი წლის ღამე

2009 წლამდე დროის ათვლა დაიწყო. ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისე გაივლისო ნათქვამია და შესაბამისად სწორი არჩევანის გაკეთება მეტად საპასუხიმგებლო საქმეა. თბილისის რესტორნები და კლუბები ერთმანეთს ეცილებიან და მათ, ვინც ჯერ არ ჩამოყალიბებულა საახალწლო გეგმებთან დაკავშირებით, ღამის დაუვიწყარ გარემოში გატარებას ჰპირდებიან. თითოეული მათგანი განსხვავებული პროგრამით გაუმასპინძლდება სტუმრებს და თქვენი ასარჩევია რომელი იმუშავებს თქვენთვის ყველაზე კარგად. ,,I-მედია’’ თავის მხრივ შეეცდება არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ. ანა შუბითიძის საახალწლო ღამის გზისმკვლევი მათთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია სად შეხვდება ახალ წელს და ჯიბეზე ხელის გარტყმაც არ ენანებათ.

ახალ წელს თითოეული რესტორანი ცდილობს სტუმრებს განსხვავებულად, ორიგინალური პროგრამითა და მენიუთი შეხვდეს. მათი დიდი ნაწილი განტვირთვისა და გართობის მსურველებს ქართულ, ტრადიციულ სუფრასთან ეპატიჟება, ქართული მუსიკითა და ტრადიცული კერძებით. მეორე ნაწილი კი უპირატესობას კლუბურ მუსიკას ანიჭებს.

ახალი წლის ღამის რესტორანში გატარებას თუ გეგმავთ, სულ მცირე 100 ლარი მაინც უნდა გაიმეტოთ. ამ ფასად შეგიძლიათ მიაკითხოთ რესტორან ,,შობას“, სადაც სტუმრების წინაშე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოსკოვიდან მოწვეული მომღერლები წარსდგებიან.

რესტორან ,,მეტეხის ჩრდილში“ იმღერებენ ლიზა ბაგრატიონი, შვიდკაცა, აჩიკო ნიჟარაძე და დათუნა სირბილაძე. ბილეთის ფასი 180 ლარია. რესტორანის მენეჯერის თქმით, ,,მეტეხის ჩრდილში“ 210 კაცამდე ეტევა. ახალი წლის ღამეს საოცრებები ახასიათებს და ბილეთები 270 კაცზე გაიყიდა. შესაბამისად გასათვალიწინებელია ორი გარემოება: ჯერ ერთი შეიძლება ვინმეს კალთაში ჯდომა მოგიწიოთ. გაძეძგილ დარბაზში ხელების გაშლა და ცეკვა სავარაუდოდ გაძნელდება. მეორეც ის რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ ისევ და ისევ გვახსოვდეს რომ საახალწლო ღამემ საზღვრები არ იცის.

ყოველივე ამან სულაც არ იმოქმედა სტუდენტ ნატუკა ჩხაიძის ენთუზიაზმზე. ახალი წელი იმისაა რომ ბოლომდე გაერთოო ამბობს ნატუკა, რომელმაც ,,მეტეხის ჩრდილში’’ ბილეთები ერთი თვით ადრე და დაჯავშნა. ,,ახალი კაბა და ფეხსაცმელი შევიკერე და აბა სახლში საჩვენებლად ხომ არ ჩავიცვამ?’’ – კითხულობს ნატუკა. ,,მინდა წესიერ ადგილას წავიდე და მივდივარ კიდეც.’’

რესტორანი „Two Side” სტუმრებს შერეული ტიპის კონცერტს შესთავაზებს. იმღერებს დუეტი ,,Georgia” დავით ილურიძის ბენდთან ერთად. ასევე დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენა, მოგვიანებით კი საღამოს ,,dj” გაძღვება. რესტორნის ქართულ მხარეს მაგიდის დაკვეთა კაცზე 160 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ევროპული მხარე შესაბამისად ევროპული ფასი – 200 ლარი ეღირება.

მსგავსი პროგრამა აქვს რესტორან ქალაქურს, თუმცა ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ წელს საკუთარ დასახელებას ნამდვილად გაამართლებს. საახალწლო მაყურებლის წინაშე გამოვლენ გიო ხუციშვილი და გია კორკოტაშვილი. ბილეთის ფასი 250 ლარია.

კლუბ „City“-ში სტუმრების გახალისებას შეეცდებიან დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი, ნინო ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. თუ ბედმა გაგიღიმათ შეიძლება საღამოს სპონსორის ,,ვულე-ვუ”-ს მიერ გათამაშებული საჩუქრებიც მიიღოთ. ყოველივე ეს და სხვა მრავალი სულ რაღაც 250 ლარად.

,,ქორთიარდ მერიოტის” რესტორანში მოსახვედრადაც ამავე ოდენობის თანხაა საჭირო. თუმცა ალბათ ბილეთის ღირებულებას ყურადღებას აღარ მიაქცევთ როდესაც შეიტყობთ, რომ ,,ზარაფხანა” ნახევარკარატიან ბრილიანტის ბეჭედს გაათამაშებს. სუსტი აღნაგობის მკითხველის საყურადღებოდ: ,,ქორთიარდ მერიოტი” ამით არ შემოიფარგლა და კიდევ ერთ საინტერესო აქციას გეგმავს. თუ გსურთ სასტუმროში ნომრის აღება, მაგრამ მოხდა ისე რომ ამაზე ხელი მიგიწვდებათ, ნუ ინერვიულებთ, რადგან საახალწლო ღამეს ,,ქორთიარდ მერიოტიში” ნომრის საფასური თქვენს წონაზე იქნება დამოკიდებული. ნომრის დასაკვეთათ მისულთ აწონიანიან და კლიენტი რამდენი კილოც გამოდგება იმდენ დოლარს გადაიხდის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ასაწონად მისულ მამაკაცებს ვურჩიოთ შემდეგი: საახალწლო სუფრას აწონვამდე მაინცადამაინც ნუ მიეძალებით, ხოლო თუ თქვენი თანხმლები მანდილოსანი უფრო სუსტია სასწორზე ასვლამდე თავაზიანად უთხარით “მხოლოდ თქვენს შემდეგ”.

ასეთი მომხიბლავი პერსპექტივის მიუხედავად სტუდენტმა გიორგი აბულაძემ გადაწყვიტა დაიქირავოს ბინა. ცნობილი ფილმის გმირის პრინციპით “в этой гостинице я хозяин” გიორგი ანალოგიურ ფასად მთელი თვე გრიალს გეგმავს კონსპირაციულ ბინაზე.
ყოველივე ზემოთ მოცემული არასრული ჩამონათვალია იმ უამრავი ღონისძიებიდან, რომლებიც თბილისში საახალწლოდ იგეგმება. როგორც ირკვევა არჩევანის მრავალფეროვნების მიუხედავად, ბევრი თბილისელი სახალწლო ღამის გატარებას ოჯახში ან მეგობრებთან ერთად გეგმავს. მაკა შუკაკიძე ამბობს, რომ მას არ უღირს 200 ლარის ,,რამდენიმე საათში” გადაყრა და ,,სხვების პრანჭვის” ყურება. გიგა რუხაძეს მოყირჭდა რესტორნიდან რესტორანში სირბილი და ახალი წლის აღნიშვნის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა. “ზურგზე გადავიკიდებ ღვინის ბოცას, ჩავდებ ,,შლანგს” და ასე სმით ვისერინებ ქუჩაში”, - ამბობს გიგა. ასე რომ მათ ვინც ვერ იყო და ვერ შეადგინა საახალწლო ღამის გეგმა, შეუძლია ღამის ქალაქში გაისერნოს და გიგას ღვინოზე დაეწვიოს. მისაყოლებელი თქვენზეა.

ბედნიერ ახალ წელს!

რჩევები საახალწლო სუფრისთვის

მარი ოზაშვილი
თბილისი, 25 დეკემბერი, 2008


საახალწლო კერძების დამზადება ერთი შეხედვით ურყევი და ტრადიციული კულინარიული კანონებს საფუძველზე ხდება. თუმცა, შემოქმედებითი ლავირებისთვის სივრცე მაინც არსებობს. სწორედ ამით აიხსნება ის ნიუანსური და გემრიელი განსხვავები, რომლებიც სხვადასხვა დიასახლისების გასტრონომიულ ნამოღვაწარს ახასიათებს. ვეტერანმა მზარეულებმა თავისი კულინარიული შედევრების საიდუმლო რეცეპტები მარი ოზაშვილს გაუმხილეს.

70 წლის დიასახლისს, ქალბატონ ნათელა კუპატაძეს რვა სახის საცივის რეცეპტი ზეპირად ახსოვს. “არსებობს ინდაურის ან ქათმის საცივი, ასევე ბატის ან სხვა ფრინველის საცივი, ინდაურის ან ქათმის ჩახარშული საცივი, შემწვარი ინდაურის საცივი, ინდაურის საცივი აჭარულად, ინდაურის ან ქათმის საცივი გურულად, თევზის საცივი და ღორის თავ-ფეხის საცივიც კი.” თუმცა თავად დიასახლისი მათგან ერთს იყენებს ყველაზე ხშირად. რადგან ახალი წელი უკვე ახლოვდება და საცივის მომზადების ხელოვნების სრულად შესასწავლად დრო აღარ რჩება, სწორედ ამ ერთ-ერთი საცივის რეცეპტს გთავაზობთ. თუ გსურთ თქვენი ახლობლები სამეზობლოში განთქმული “ნათელას საფირმო საცივით” გააოცოთ, აუცილებლად მისდიეთ ამ მითითებებს.


ინგრიდიენტები:
ქათამი ან ინდაური (სასურველია იყოს ცხიმიანი)ხახვი_300გრამი
ნიგოზი_500გრამი
ბულიონი_8ჩაის ჭიქა
მიხაკ-დარიჩინი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი, მარილი_ყოველივე ეს გემოვნებით.

მომზადების წესი:
გარეცხილ-გასუფთავებული ქათამი ან ინდაური მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ნახევრად მოხარშეთ. შემდეგ, ამოიღეთ წვენიდან, მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ აირღუმელში შესაწვავად. წვნიანისთვის პიკანტური გემოს მისაცემადBბულიონს მოხადეთ ცხიმი და ამ ცხიმში მოშუშეთ გატარებული ხახვი. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, დარიჩინი კარგად დანაყეთ, დაამატეთ ძმარი, გახსენით ბულიონში და დაასხით მოშუშულ ხახვს. აირღუმელიდან გამოიღეთ ქათამი/ინდაური, დაჭერით და ჩააწყვეთ მომზადებულ მასაში.

რჩევა: მოგეხსენებათ, ნიგოზი საკმაოდ “ძვირი სიამოვნებაა”, თუ სურვილი გექნებათ იმისა, რომ შეამციროთ ნიგვზის რაოდენობა, შეგიძლიათ წვენს დაუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი წვენისათვის სისქის მისაცემად.

45 წლის ქალბატონი რუსუდან ჭკადუა საახალწლო სუფრისათვის ხაჭაპურის მისეულ რეცეპტს გვთავაზობს. მოგეხსენებათ, ხაჭაპურის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტები ყველი და ცომია, მაგრამ ქალბატონი რუსუდანი, როგორც ჩანს, ახალი შესაძლებლობების ძიებაშია და გემრიელი ხაჭაპურის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად კარტოფილსაც მიიჩნევს: “მოხარშული კარტოფილი ხის კოვზით კარგად უნდა დავზილოთ. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით. მიღებულ პიურეს დავუმატოთ დაფხვნილი იმერული ყველი და ორი სუფრის კოვზი კარაქი ან ერბო. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ კარტოფილ_ყველნარევი მასა და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცზე ან ღუმელში.”



საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის, ჩურჩხელას, ხილისა და სხვა ნუგბარის გარეშე. “იმისათვის, რომ გოზინაყი მაგარი და კნატუნა გამოვიდეს, აუცილებელია იგი ნატურალური თაფლითა და თეთრი ფერის ნიგვზით იყოს გაკეთებული”_აღნიშნავს დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ ოზაანში მცხოვრები 60 წლის ქალბტონი Lლეილა ფიროსმანაშვილი, რომელიც როგორც მისმა თანასოფლელებმა აღნიშნეს, საუკეთესო გოზინაყს ამზადებს. ქალბატონი ლეილას გემრიელი გოზინაყის საიდუმლო არა მის რომელიმე განსაკუთრებულ ინგრედიენტში, არამედ მომზადების დროში გახლავთ. როგორც გაირკვა, გოზინაყი განსაკუთრებულ გემოს იძენს მაშინ, თუ მის მომზადებას 30 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე დაიწყებთ. Nნიგვზისა და თაფლისაგან მომზადებული მასა ხის ფიცარზე უნდა გააბრტყელოთ, მაგრამ ეს პროცედურა აუცილებლად ღამის 12 საათამდე უნდა მოამთავროთ. გაბრტყელებული გოზინაყი გრილ ადგილას უნდა შეინახოთ, მაგრამ არა მაცივარში. Aახალი წლის ღამეს, ანუ ზუსტად 24 საათის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ გოზინაყი სასურველი ფორმის ნაჭრებად დაჭრათ და გემრიელად მიირთვათ. “ნათელას საფირმო საცივს” ნამდვილად მოუხდება.

თუ გსურთ თქვენს საახალწლო სუფრაზე ნატურალური ყურძნის წვენისაგან დამზადებული გემრიელი ჩურჩხელა იდოს, მაშინ ნუ დაიზარებთ და კახეთის რაიონში, სოფელ ბადიაურს ესტუმრეთ, რომელიც თბილისიდან 30 წუთის სავალზეა. გარდა გემრიელი ჩურჩხელისა, რომლის მოზადების წესიც სამწუხაროდ ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თქვენ აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ხილის ჩირი და უამრავი საახალწლო ნუგბარი.

ფიგურის შენარჩუნების მსურველთა საყურადღებოდ: ახალი წლის ღამის შემდეგ, სარკეში ჩახედვისას თუ თქვენი თავი წონაში მომატებული მოგეჩვენათ, ნუ გაგიკვირდებათ, ყველაფერი ჩემ მიერ მოწოდებული რეცეპტების მიხედვით მომზადებულ უგემრიელეს კერძებს დააბრალეთ.

შ ე გ ე რ გ ო თ!

Monday, December 29, 2008

პარლამენტარების დასკვნა ომის შესახებ

ნაზი ბერიძე
თბილისი, 30 დეკემბერი 2008


ომის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დაკითხვების გასაიდუმლოებული ოქმების საჯაროდ გამჟღავნება მოითხოვა. სავარაუდოდ ეს სვლა კომისიის დასკვნას მეტ დამაჯერებლობას ვერ შემატებს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიიციის თვალში, რომელიც მათ მიერ შერისხულ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

ორთვიანი დაუღალავი შრომის ნაყოფი - 200-გვერდიანი დასკვნა, ვერ შედგა როგორც წლის ბესტელერი. ხელისუფლებამ კომისიას ნაშრომი მოუწონა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციისგან გამანდგურებელი რეცენზია მიიღო.

დასკვნა სამთავრობო პოზიციას ეთანხმება და ამბობს, რომ ჩხუბისთავი რუსეთია და თბილისი იძულებული გახდა მოსკოვისთვის ხელი შეებრუნებინა. დასკვნის ვრცელი ნაწილი თვითკრიტიკასაც დაეთმო. კომისიამ ხელახლა აღმოაჩინა ყველასათვის ცნობილი ხარვეზები სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

,,შეიარაღებული ნაწილის დაკარგვა განაპირობა ხარვეზებმა ოფიცერთა საკადრო პოლიტიკაში,” წერია დასკვნაში. ,,აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიცერთა გარკვეულმა კონტინგენტმა ომის დაწყებამდე, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასრულა სასწავლო კურსი.” აქვე ნათქვამია, რომ გენერალურ შტაბს არც უკან დახევის გეგმა ჰქონია და ოპერატიულ რეჟიმში უწევდა გადაწყვეტილების მიღება. აქედან მორალი: ,,აუცილებელია საკადრო ცვლილებები, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო თანამდებობის პირებს შორის.”

ამ დასკვნის გასაკეთებლად კომისიამ არაერთი მაღალჩინოსანი დაკითხა, ბევრი დოკუმენტაცია მოიძია და საკანცელარიო დანიშნულების ნივთიც კი ტყორცნა დაკითხვის ერთ-ერთ ობიექტს.

კომისიამ საქართველოს რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კინწმარიშვილის სკანდალურ ჩვენებაც უარჰყო და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ა.შ.შ.-ს მწვანე შუქი არ მიუცია საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

სტუდენტი, ზვიად ბარქაია კომისიის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით ერთ დროს რადიკალური ოპოზიციის რიგებში მყოფი პაატა დავითაია, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს დღეს ორმაგ თამაშს თამაშობს.

ბარქაია აზრით დასკვნას კონკრეტიკა აკლია. ,,ჩვენ დასკვნიდან ვიგებთ, რომ საჭიროა აქტორების დასჯა, მაგრამ ხელისუფლება საკადრო ცვლილებებს ახორციელებს არა ამ დასკვნის საფუძველზე, არამედ სულ სხვა მიზეზების გამო.”


პოლიტოლოგ რამაზ აბესაძეს მიაჩნია, რომ კომისიის დასკვნა მნიშვნელოვი დოკუმენტია, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნოს აგვისტოში განთვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზებსა და გარემოებებს.

Wednesday, December 24, 2008

სცენის მიღმა ან როგორც გენებოთ (დააწკაპუნე აქ ფოტოების დასათვალიერებლად)


ფოტო-რეპორტაჟი კულისებიდან
შობის დღესასწაული კარს არის მომდგარი და შექსპირის უკვდავი პიესის ,,12-ე ღამის” პერსონაჟები კიდევ ერთხელ გაცოცხლდნენ რუსთაველის თეატრის სცენაზე. ნინო ჭაბუკიანმა და ანა ცხოვრებოვამ თეატრის შიდა სამზარეულოში შეაღწიეს და კულისებსა თუ სცენაზე განვითარებული მოვლენების მომსწრენი გახდნენ.

Thursday, December 18, 2008

სილამაზის მსხვერპლნი

თამთა შკუბულიანი
თბილისი. 18 დეკემბერი, 2008.


თბილისში არასეზონურად გარუჯული გოგონების გამოჩენა მომრავლებული სოლარიუმების დამსახურებაა. ქალბატონები არაფერს დაუდევენ ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკებს და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, გულისწასვლამდე ირუჯებიან ფლურესენციულ მაყალზე. საკუთარი გარეგნობის სრულყოფის სურვილმა მამაკაცებიც შეიპყრო და დღეს არაერთი ქართველი ვაჟკაცი ნებიერად ეფიცხება ულტრაიისფერ სხივებს.

სოლარიუმში გატარებული რამდენიმე წუთი უკეთეს ეფექტს იძლევა ვიდრე თაკარა მზის ქვეშ ქანცის გაწყვეტამდე წოლა. ეს ერთი შეხედვით მოხერხებული მეთოდი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს, განსაკუთრებით თუ არ შესრულდა სათანადო პროცედურები, რაც საქართველოში ყოველთვის არ ხდება.

ექიმები ამბობენ, რომ სოლარიუმის რეგულარული გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან 20-30 ვიზიტი შეიძლება სამი სახის კანის კიბო გამოწვევი მიზეზი გახდეს. ზოგადად, კიბოს მზის რადიაციაც იწვევს, თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად დაავადების რისკი დაახლოებით 10%-ით იზრდება.

ეს რისკები ბანოვანთა ენთუზიაზმს სულაც არ ანელებს. ,,ბუნებრივ ნარუჯს ნამდვილად არ ჯობია, მაგრამ ზამთარია და რა უნდა ქნა?” – კითხულობს 18 წლის თეონა გაგნიძე. ასეთ გამოუვალ მგომარეობაში, სხვა რა დაგრჩენიათ თუ არა მიმართოდ სოლარიუმს, რათა თანაბრად შეფერილი და გაკრიალებული კანით შეყვარებულებსა თუ ნაცნობ-მეგობრებს მოაწონოთ თავი.

ქალის გარეგნული სილამაზის მთავარ შემფასებელთა – მამაკაცთა შეხედულება გარუჯულ კანზე არაეთგვაროვანია. 23 წლის ლევან მიქელაძეს მოსწონს გარუჯული გოგონები, მაგრამ აქვე დასძენს კანის ფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს.

ლაშა ნიკურაძე კი საერთოდ იწუნებს შავგვრემან გოგონებს. ,,ეს გარუჯომანია მაგარი არ მევასება, და მითუმეტეს ზამთარში რო ხედავ ტიპი ისეთი შავია, რომ აშკარად შეატყობ მთელ დღეს სოლარიუმში ატარებს”, - ამბობს ლაშა.

20 წლის გიო თოლორდავას შეხედულება უფრო ნეიტრალურია. ,,მე გართულება არ მაქვს სოლარიუმში დაზაგრულ გოგოებზე, იმას მაინც ჯობია ტონა ,ზაგარნი’ კრემები რო ადევთ ხოლმე სახეზე.”

ხელოვნური გარუჯვის ნოუ-ჰაუ გერმანელებს ეკთუვნით და დღეს ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გერმანული ფირმა ,,ერგოლაინის” სოლარიუმები საქართველოში სულ რამდენიმე წელია რაც შემოვიდა. არსებობს დასაწოლი და აგრეთვე უფრო თანამედროვე -- დასადგომი ე.წ. ტურბო სოლარიუმები. 1 წუთის ფასი 1,50-დან 2,50 ლარამდე მერყეობს.

ყოველდღიურად სოლარიუმში სიარული რომ არ შეიძლება, ამას სალონის მომსახურე პერსონალიც გვეუბნება. თუმცა ხდება ისეც, რომ კლიენტებს “გულს არ წყვეტენ” და უარს არ ეუბნებიან ყოველდღიურ სიამოვნებაზე.

ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა გოგონებს გული წასვლიათ, მიუღიათ დამწვრობა ან ცუდად გამხდარან გამოსხივებისგან. Bლოოდ დრომდე ხელოვნური მზის აბაზანების მოყვარულმა ქეთი აბაშიძემ ხელი აიღო სოლარიუმში სიარულზე მას შემდეგ, რაც ერთხელ კაბინაში გონება დაკარგა. ,,სოლარიუმში რეგულარულად დავდიოდი, თუმცა ახლა აღარ დავდივარ”, - ამბობს 20 წლის ქეთი. “12-15 წუთიც ვყოფილვარ, მაგრამ არაფერი მომსვლია. თუმცა, იყო ერთხელ შემთხვევა, როცა 10 წუთიც ვერ გავძელი და გული წამივიდა. რაც ყველაზე მთავარი იყო როცა აზრზე მომიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ შენ არაფერი არ მოგსვლია, უბრალოდ ჩაიკეცე, ალბათ დაიღალე, გული არ წაგსვლაო.”

სოლარიუმის თანამშრომლები ასეთ შემთხვევებზე პასუხიმგებლობას არ იღებენ. პოპულარულ სილამაზის სალონ ,,ნატალიში” მიაჩნიად კლიენტებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ,,ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ რეგულარული სიარული და ყოველდღე 10-15 წუთი დგომა არ შეიძლება, მაგრამ მაინც მოდიან იმ იმედით, რომ არაფერი არ მოუვათ. თუ რაიმე ასეთი შემთხვევა მოხდება პასუხისმგებლობას ნადვლად არ ვგრძნობთ”, - განაცხადა ,,ნატალის” თანამშრომელმა, რომელაც საკუთარი სახელისა და გვარის დასახელება არ მოისურვა.

სილამაზის სალონი “ფემინაშიც” საუბრობენ გვერდით მოვლენებზე, თუმცა მიაჩნიათ, რომ ზოგჯერ კლიენტები უსაფუძვლოდ მიზეზობენ. “ხშირად კანი უწითლდებათ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ეს სოლარიუმის ბრალია. სინამდვილეში ასე არ არის. კანის ფერს გააჩნია, ვინც ძალიან თეთრია იმას კანი გაუწითლდება, ისევე როგორც მზეზე და მას მეტი დრო დასჭირდება სასურველი ფერის მისაღებად”, - განაცხადეს კომანიის ოფისში.

ხელოვნური გარუჯვის შემდეგ საჭიროა სპეციალური კანის საცხის ხმარება, რომლითაც საზღვარგარეთ ,,ერგოლაინის” თითქმის ყველა სოლარიუმში კლიენტები უფასოდ სარგებლობენ. ჩვენთან კი უნდა შეიძინოთ თუ, რაღა თქმა უნდა, გსურთ კანი არ დაგეწვათ.

იმუნიტეტის დაქვეითების გარდა, სოლარიუმი სხვა რისკების მატარებელიცაა. ყოველი პროცედურის შემდეგ აუცილებელია კაბინის ზედაპირის გაწნემდა სპეციალური ხსნარის მეშვეობით, ვინაიდან ზედაპირზე რჩება თვალით უხილავი ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ხშირად კანის დაავადებებს, როგორიცაა ფსორიაზი ან ეგზემა. თბილისში, რამდენადაც რესპონდენტები ამბობენ, ყოველი პროცედურის შემდეგ ნამდვილად არ იწნიმდება სოლარიუმები, მით უმეტეს, სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარის მეშვეობით.

სოლარიუმს, როგორც აღმოჩნდა, აქვს დადებითი მხარეც. როგორც პროფესორმა მარინა ნოზაძემ გვითხრა,…იგი ზრდის კანში D ვიტამინის შემცველობას, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა სხვადასხვა ადამიანური ფუნქციების რეგულირებისათვის, როგირცაა სისხლის მიმოქცევა. ეს ვიტამინი კალციუმისა და ფოსფორის ნაკლებობას შველის და ძვლების გამაგრებისაც უწყობს ხელს.

სპეციალისტები სოლარიუმის მოყვარულთ სიფრთხილეს ურჩევენ. გოგონებს ვერანაირი ძალა ვერ ჩაუხშობს გარეგნობის სრულყოფისკენ სწრაფვას, მაგრამ თუ არჩევანი ესთეტიურ სილამაზესა და ჯანმრთელობას შორის დგება, აჯობებს არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთდეს.

Friday, December 12, 2008

საქართველოსა და ,,შეშფოთებული” ნატოს ფლირტი

თამარ სვანიძე. თბილისი.
12 დეკემბერი, 2008

რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოში 26 სახელმწიფოს გაერთიანებული სამხედრო პოტენციალის უკან ამოფარების სურვილი კიდევ უფრო გამძაფრდა. დღეს ქვეყნის ხელისუფლება და მისი ამერიკელი პარტნიორები ქართველებს აქტიურად მიერეკებიან ნატოსკენ, თუმცა ალიანსის მძიმეწონიანი წევრები საქართველოს არასრულწლოვანი დემოკრატიის ამ პრესტიჟულ კლუბში მიღებისგან თავს იკავებენ. გაცხადებული მიზეზების თანახმად, საქართველომ სამხედრო და დემოკრატიული ჩამორჩენილობის გამო ,,ფეის-კონტროლი” ვერ გაირა. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ევროპელები რუსეთის გაღიზიანებას გაურბიან. თავდაპირველად ალიანსის წევრები ხომ სწორედ ცივი ომის პერიოდში მოსკოვის სამხედრო პოტენციალის გასანეიტრალებლად შეიკრნენ. რუსეთის საზღვრებთან მიჩოჩებულ ნატოს კრემლი დღესაც ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს. ნატოს აპოლოგეტების აზრით, ალიანსის წევრობა საქართველოს ნანატრ სტაბილურობას მოუტანს. თამარ სვანიძეს მიერ გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას იზიარებს.

ქართული საზოგადოება აჟიტირებულია საქართველოს ნატოში შესვლის საკითხით. ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თემაზე უამრავი კითხვა ისმის, რომლებსაც უშურველად პასუხობს ნატოს საინფორმაციო ცენტრი აგიტ-პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებებით: ფლაერების დარიგება, რეკლამა და ა.შ. საქართველოს ნატოში გაწევრიანება საზოგადოების ნება და არჩევანია, გვაუწყებს ნატოს საინფორმაციო საიტი ( http://natoinfo.ge/ ).

იმის გასარკვევად თუ რამდენად გათვითცნობიერბულია ქართული ახალგაზრდობა, ნატოს როგორც ორგანიზაციის და საქართველოს მასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაში, ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა სტუდენტებს შორის. რეზულტატი კი შემდეგია: გამოკითხულ სტუდენტთა თითქმის მთელ კონტინგენტს აქვს საერთო წარმოდგენა ნატოს შესახებ და გაწევრიანების მომხრეცაა. თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტის თამთა ღლონტის თქმით, ნატო ეს არის: “ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია, ქვეყნების სამხედრო ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. პატარა ქვეყანა ვართ და ეს არის აგრესორისგან თავდაცვის საშუალება. ნატო ბოლოსდაბოლოს “შეშფოთებული” მდგომარეობიდან უნდა გადავიდეს ქმედებებზე.”

საზოგადეობის დიდი ნაწილის მსგავსად სტუდენტ ზიზი ქახრაშვილს იმედი აქვს, რომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთის შესაძლო აგრესიას უკვე მრავალწევრიანი ნატო გასცემს პასუხს. “ნატო ეს არის ქვეყნების გაერთიანება, როლებიც ომის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან. მასში უნდა გავწევრიანდეთ, რათა რუსეთის აგრესიისაგან დავიცვათ თავი,” - ამბობს ზიზი.

მესამე კურსელი მარიამ ქვრივიძე მიიჩნევს, რომ უსაფრთოხეობასთან ერთად ნატოს წევრობა დააჩქარებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. “ნატო ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც უნდა გაწევრიანდეს საქართველო, რათა იყოს დაცული და განვითარდეს დემოკრატიული გზით. მასში გაწევრიანება ნიშნავს, როგორც უფლებების, ასევე მოვალეობების გაზრდას”, - თქვა მარიამმა.

ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მოკლე დეფინიცია შემდეგი არის: ნატო - არის ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნის ალიანსს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა. წევრი სახელმწიფოები საერთო ღირებულებების საფუძველზე გაერთიანდნენ და გარეშე მტრის (პირველ რიგში საბჭოთა კავშირი იგულისხმება) მხირდან თავადსხმის მოგერიება ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს. ალიანსის სოლიდარობა და ერთიანობა იმის გარანტია, რომ უსაფრთხოების პრობლემების შემთხვევაში ქვეყანა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს არ დაეყრდნობა. ერთი წევრი სახელმწიფოს დამუქრების შემთხვევაში ნატო ყველა წევრი ქვეყნის კოლექტიურ რეაგირებას ითვალისწინებს. მართალია ნატოში შესვლის უკანასკნელი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად საქართველო სავარაუდოდ ალიანსის კარებს განახლებული ძალით დაეჯაჯგურება.

Wednesday, December 10, 2008

გარდერობის ,,აფდეიტი‘‘ ინტერნეტის საშუალებით

ქეთი თოდუა
თბილისი. 10 დეკემბერი, 2008


მაღაზიებსა თუ ბაზრობაზე საათობით ყიალის ნაცვლად ქართველ მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა ტანისამოსის შეძენას ინტერნეტით ამჯობინებს. ინტერნეტით ვაჭრობამ გეოგრაფიული საზღვრები არ იცის და მისი მეშვეობით მრავალფეროვნებას მოწყურებლ ქართველ მყიდველს ნებიესმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი საიტიდან შეუძლია გამოიწეროს ტანსაცმელი.

სახლიდან გაუსვლელად ვაჭრობის უპირატესობას სულ უფრო მეტი ქართველი მომხმარებლი აფასებს, თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა უნდობლობა ონლაინ სერვისების მიმართ ბოლომდე უსაფუძვლო არ არის. იყო შემთხვევები როცა საგულდაგულოდ შერჩეული შანელის კაბის ნაცვლად, ამანათში ჯინსის შარვალი აღმოჩნდა. მართალია ტანსაცმელი შეიძლება სულ რაღაც ერთ კვირაში პირდაპირ სახლში მოგართვან, მაგრამ ბევრისთვის მომსახურების საკომისიო ფასნამატი ვაჭრობის ამ ფორმას ხიბლს უკარგავს.


ოცი წლის თაკო ჩუბინიძე მაშინ მიუჯდა ინტერნეტს, როდესაც მწირი არჩევანის გამო თბილისში ტანსაცმლის ყიდვაზე საბოლოოდ აიცრუვა გული. ,,ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოაქვთ მშობლებს ჩემთვის ტანსაცმელი‘‘, - ამბობს თიკო. მას თვეების განმავლობაში უხცოეთიდან ახლობლის დაბრუნების ლოდინიც მოყირჭდა და მეგობრებთან ერთად გადაწყივტა საკუთარ ჩაცმულობაზე ინტერნეტით ეზრუნა.
სამოსის ინტერნეტით გამოსაწერად საჭიროა გქონდეთ საკრედიტო ბარათი, გახსნათ საიტზე თქვენი ანგარიში და შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია. სხვადასხვა საიტზე მომსახურების განსხვავებული საკომისიო ტარიფები მოქმედებს.

მათ, ვისაც საკრედიტო ბარათი არ აქვს, შეუძლიათ დახმარებისთვის ამ პროფილით მომუშავე კომპანიებს მიმართონ. არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელთა დახმარებითაცბლოგგერ შეგიძლიათ ინტერნეტით პროდუქციის გამოიწერა. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად კარგად მოგემსახურებიან ასეთ კომპანიებში.

ანი მარდალეიშვილი ასეთ ფირმებს ეჭვის თვალით უყურებს. ,,ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ არის ძალიან კარგი ფირმა, რომელიც დაგვეხმარებოდა ნებისმიერი საიტიდან რაღაცეების გამოწერაში‘‘, - ამბობს ანა. ,,როგორც აღმოჩნდა, ამ ფირმის წარმომადგენლებს ამერიკაში ჰყავთ ნაცნობი, რომელიც ამერიკული საიტებიდან საკუთარი საკრედიტო ბარათით იწერს იმ ტანსაცმელს, რომელსაც ჩვენ აქ ავარჩევთ. შემდეგ კი საქართველოში აგზავნის. რეალურად, ამ ფირმას არანაირი კავშირი არ აქვს საიტებთან, საიდანაც ჩვენ ტანსაცმელს ვიწერთ.’’

ანას თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა გზავნილი დაკარგულა, ან სხვა ზომის ტანსაცმელი ჩამოუტანიათ. ,,[შუამავალ ფირმებს] კი არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ‘‘, - ამბობს ანა. ,,იმ ფირმაში ხალხის დიალოგიდან გავიგე, რომ ერთმა ქალმა შეუკვეთა შანელის კაბა და ჩამოუვიდა ჯინსები. ერთს ორივე ფეხსაცმელი მარცხენა ჩამოუვიდა. მე მითხრეს, რომელი საიტიდანაც ფეხსაცმლის გამოწერა გინდა, არ ვარგა, ჩინური, უხარისხო ფეხსაცმელი აქვთო. თვითონ ისიც არ იცოდნენ რა ზომა უნდა შეეკვეთათ. მინდოდა 38 ზომა. მითხრეს შენ 7 ან 7,5 ზომა გჭირდებაო, არა 8 ან 8,5-იო. საბოლოოდ დაასკვნეს, 9 ზომაც არ გექნება დიდიო.‘‘

განსხვავებული აზრისაა ხატია ლაშაური. ის ინტერნეტით ტანსაცმელს ძალიან ხშირად იწერს და არ ემდურის ამ სერვისს. ,,დაახლოებით, ორი წელია შოპინგს ინტერნეტის დახმარებით ვაწყობ‘‘, - ამბობს ხატია. ,,შევდივარ საიტებზე, ვათვალიერებ ახალ კოლექციებს და რაც მომეწონება ვიწერ. ტანსაცმლის გამოწერა ძალიან ადვილი პროცესია... არჩეულ ტანსაცმელს ერთ კვირაში სახლში მოგიტანენ. ჯერ არ მომხდარა ისე, რომ გამოწერილი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არ მომრგებოდა. ყოველთვის ის ზომა, ფერი და ხარისხი ჩამომდის რომელსაც ვუკვეთავ.”

ანას აზრით ინტერნეტით ტანსაცმლის შეძენის ფასებიც არა არის ოპტიმალური. ,,მე რომელი ფეხსაცმლის გამოწერაც მსურდა ღირდა 19 დოლარი. ამ ფასს ემატებოდა აქ ჩამოტანის ფასი ერთ კილოზე 32 დოლარი და ფირმის მომსახურების 5%. საბოლოო ჯამში ძვირი გამოდიოდა. საბოლოოდ, ფეხსაცმლის გამოწერა გადავიფიქრე‘‘, - ამბობს ანა.

ონლაინ შოპინგით მარი ასათიანიც სარგებლობს და უკმაყოფილების საბაბი არ აქვს. ,,ინტერნეტით ვყიდულობ არა მარტო ტანსაცმელს, არამედ წიგნებსაც და ელექტროტექნიკასაც კი‘‘, - ამბობს მარი. ,,საიტების მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ – არ იტყუებიან და ჩამოტანის ვადებსაც არ სცდებიან. ერთადერთხელ მომივიდა გაუგებრობა - სულ პირველად ფეხსაცმელი რომ გამოვიწერე, ერთი ზომით დიდი ჩამომივიდა. თუმცა, ეს ჩემი ბრალი იყო, მე მივუთითე ზომა არასწორად. საიტს ვერანაირ ბრალს ვერ დავდებ.”

Sunday, December 7, 2008

ჯაზი, ყვავილები და ბარაკ ობამა (დააწკაპუნე აქ აუდიოს მოსასმენად)

თბილისი, 8 დეკემბერი, 2008











28 ნომებერს გამართულ საღამოზე ჯაზ-კომპოზიციების ფონზე ამერიკის ყველაზე წარჩინებული ქართველი მეგობრები დააჯილდოვეს. ძღვენის გარეშე არც ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დარჩენილა. ორგანიზატორებმა ბარაკ ობამას ყვავილების თაიგულის სურათი უფეშქაშეს. ნათია გულიაშვილი ჯაზური დიპლომატიის შესახებ.

Saturday, December 6, 2008

ვპოვე ტაძარი შესაფარი უდაბნოდ მდგარი (დააწკაპუნე აქ აუდიოს მოსასმენად)

ნაზი ბერიძე
თბილისი, 6 დეკემბერი 2008.

ჯავახეთის მთებში დაკარგული ეს მონასტერი შეიძლება არ იყოს ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლი, მაგრამ ის ყველა სხვა ქართული ეკლესიისგან გამოირჩევა – ჭულევის ეკლესია ერთად-ერთია საქართველოში, სადაც ფრესკები თავდაპირველი სახით შენარჩუნდა.

Wednesday, December 3, 2008

მოდა à-la თსუ (დააწკაპუნეთ აქ აუდიოს მოსასმენად)

გარდერობი გაძეძგილია ტანსაცმლით, მაგრამ მაინც არ იცი, რა ჩაიცვა დღეს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით დაიპყრო ვარაზის ხევის აღმართი? ფერუმარლით უხვად შელესო სახე? ჯართით დაიხუნძლო? ძნელია გააკეთო ის ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელიც ერთდროულად თვითდამკვიდრებაშიც დაგეხმარებათ, მამაკაცის ყურადღებასაც მიიპყრობს და მშობლების რისხვას არ გამოიწვევს. ქეთი ჩოხელმა და შორენა ხვიჩიამ გაჭორეს მოდას აყოლილი თუ ჩამორჩენილი უნივერსიტეტის ლამაზმანები.

“ბევრი რამ მიგვითითებს იმაზე, რომ ტანსაცმელს აცვია ადამიანი და არა პირიქით. ჩვენ ტანსაცმელს ვირგებთ მხრებზე თუ გულ-მკერდზე, მაგრამ სინამდვილეში ტანსაცმელი ირგებს ჩვენს გულებს, გონებასა და ენას.” ვირჯინია ვულფი.

Tuesday, December 2, 2008

საშემოსავლო გადასახადი 5%-ით შემცირდება (დააწკაპუნეთ აქ აუდიოს მოსასმენად)

ახლო მომავალში დაგეგმილი საშემოსავალო გადასახადის შემცირება შეიძლება სტუდენტურ ბიუჯეტზეც აისახოს. თსუ-ს სტუდენტები საუბრობენ გადასახადის კლებაზე ნინო გოგუას რეპორტაჟში.