Sunday, November 23, 2008

დევნილები, მიგრანტები და ,,ნატაშები“ ქარვასლაში


თამთა შკუბლიანი
თბილისი, 23 ნოემბერი, 2008 წელი

მიგრანტთა, დევნილთა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ყოფის ამსახველი ფოტოების გამოფენა სახლწოდებით ,,სახლთან ახლოს’’ 19 ნოემბერს ,,ქარვასლაში‘’ გაიხსნა. შვიდი ფოტოხელოვანის ფოტო ობიექტივში იმ ადამიანების ცხოვრება მოექცა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო მოუხდათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება. გამოფენა ბრიტანული საბჭოს ვრცელი პროექტის “living together”-ის ნაწილია და მიზნად ისახავს მიგრაციული ჯგუფების პრობლემების საზოგადოებისთვის ჩვნებას და კვლევას. გახსნას ბრიტანეთის ელჩი დენის კიფი დაესწრო.



გამოფენის სტუმრებმა ყველაზე დიდი ყურადღება ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფოტოებს დაუთმეს. “არა ნატაშა”-ასე ჰქვია დანა პოპას მიერ გადაღებული ფოტოების განყოფილებას, სადაც იმ ქალბატონების სურათებია გამოფენილი, როლებმაც სარპოსკიპოებში მუშაობისა და ქუჩაში ცხოვრების შემდეგ სახლში დაბრუნება შეძლეს.

დანა პოპა


დევიდ კრიდონი
“ერთგულ მიცვალებულთა აჩრდილები”

სიღარიბის გამო 1949-89 ირლანდიის 800 000-ზე მეტმა მოქალაქემ საცხოვრებელი ადგილი დატოვა. დევიდ კრიდონის “ერთგულ მიცვალებულთა აჩრდილები” აღნიშნული პერიოდის ფოტოილუსტრაციაა.






აივორ პრიკეტი “სიწყნარე ქარიშხლის შემდეგ” (1991-95 წლებში ხორვატიიდან 30 000-ზე მეტი სერბი გადაასახლეს)








ფირუზ ხალაპიანი “მურთადას ამბავი” სომეხისა და ფერადკანიანის ოჯახი, რომელთაც მიუხედავად წინააგმდეგობებისა სომხეთში დარჩენა გადაწყვიტეს.


იუვალ აიარი “ხსოვნის ჩემოდნები”

აღბეჭდილია 60-იან წლებში არაბების მიერ მიტოვბული სახლები, სადაც მიგრირებული ებრაელები ჩასახლდნენ.





ზოგიერთი მიგრირებული პალესტინელი, თურმე, ძველი სახლის გასაღებს ახლაც ინახავს.(ავტორის შენიშვნა)




ჯორჯ ჯორჯიუ-- ,,კვიპროსი მიჯნებს შორის”. წარმოდგენილია კვიპროსის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოფა.


გამოფენა პირველად ლონდონში ჩატარდა და ამჟამად სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს.
მისი ნახვა მსურველებს 25 ნოემბრამდე შეუძლიათ.

Saturday, November 22, 2008

ქუჩის ,,კოლორიტები”

ქეთი წურწუმია
თბილისი, 22 ნოემბერი, 2008 წელი







რაღა მაინცდამაინც ძაღლები?
ძაღლები იმიტომ, რომ არ მიყვარს.
ქუჩის ძაღლები კი იმიტომ, რომ
მათი ,,წყალობით” არაერთხელ
თავპირისმტვრევით მირბენია.






ძაღლები, ეს ოთხფეხა, უწყინარი (ეს ზოგიერთისთვის სადავოა) ცხოველები, ქართულ საზოგადოებაშიც ,,დაფასებულები არიან” და ბევრ ქართულ ოჯახში ,,საპატიო ადგილიც” უკავიათ. მათ ისე უვლიან, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრებს.
ძაღლის მოვლა-პატრონობა კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ახალდაბადებულს ესაჭიროება ,,პასპორტი” (ალბათ, იმის დასტურად, რომ ნამდვილად ძაღლია). აცრები - ძაღლის ჯანმრთელობისთვის და კიდევ იმისთვის, ვინმეზე კბილი თუ წასცდა, დასამშვიდებლად აცრილიაო რომ ვუთხრათ. საკვები - რომლის რეკლამის ყურებისას, ძაღლის რა მოგახსენოთ, მაგრამ მშიერ კაცს კი ნერწყვი მოადგება სანამ პოტენციური მომხმარებლის ვინაობას გაარკვევს. ვარჯიში, გაწვრთნა და ათასი სხვა რამ.
თუმცა, ყველას ასე როდი უმართლებს. ოჯახებში მარტო ..იღბლიანი” ძაღლები ხვდებიან. ,,უიღბლო” ძაღლების სახლი ქუჩაა. ქუჩაში ისინი იბრძვიან გადარჩენითვის, საკვებს ნაგავსაყრელებზე ეძებენ და ერთმანეთთან ჩხუბში იწვრთნებიან.
მაწანწალა ძაღლებს მრავლად შეხვდებით ჩვენი ქალაქებისა და რაიონების ნაგავსაყრელებზე. ასეთი ძაღლები კი პრობლემას წარმოადგენენ. მათ აცრებს არავინ უკეთებს და შესაბამისად არაერთი დაავადების მატარებლები არიან. თუ მაწანწალა ძაღლმა ვინმეს უკბინა, ეს რეალურ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას.

ქუჩის ძაღლებზე ,,ზრუნვა” კეთილმოწყობის სამსახურის (რომელიც ყველა ქალაქში ფუნქციონირებს) მოვალეობაში შედის. ,,ფურგონიანი” მანქანა მოსახლეობის განცხადების, თხოვნის (ან მოთხოვნის) საფუძველზე მიდის აღნიშნულ ადგილას და დასახლებას მაწანწალა ძაღლებისგან ,,წმენდს”. გარდა ამისა, კეთილმოწყობის სამსახური ყოველკვირეულად ამოწმებს ქუჩებ. ამ სამსახურის წარმომადგენლები ძაღლებს დაჭერისას ნემსს უკეთებენ და აძინებენ რომ არ უკბინონ, შემდეგ კლავენ და მათთვის განკუთვნილ სასაფლაოზე მარხავენ. ძაღლების ,,სასაფლაო” ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ქუჩის ძაღლების არც თუ ისე შემცირებული რაოდენობის ფონზე, ცოტა არ იყოს ძნელი დასაჯერებელია ზემოთ აღნიშნული სამსახურის მუშაობის ეფექტურობა. თუმცა, როგორც რამდენიმე საავადმყოფოს მთავარმა ექიმებმა აღნიშნეს, 2008წელს ქუჩის ძაღლების მიერ მოსახლეობის დაკბენის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირდა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებითაც, წელს მაწანწალა ძაღლების რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება. როგორც ჩანს, ქუჩის ძაღლებმა პირადს ისევ ეროვნული ინტერესები არჩიეს და ომისგან ისადაც დაზაფრულ ხალხს ზედმეტი პრობლემები არ შეუქმნეს.

Wednesday, November 19, 2008

ქალები ნერვიული დაძაბულობის ზღვარზე

უსიამოვნებები ოჯახში, სამსახურში, ხანგრძლივი კონფლიქტები, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, დაძაბულობა.. მოკლედ ვინ მოთვლის მიზეზებს, რომელთა გამოც ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს.

დეპრესიისგან არც მამაკაცია დაზღვეული, თუმცა არსებობს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო მეტად ახასიათებს. ფსიქოლოგი ზურა მხეიძე აღნიშნავს, რომ მამაკაცები გარეგნულად უფრო ძლიერები არიან და საზოგადოებაში ნაკლებად გამოხატავენ თავიანთ სულიერ მდგომარეობას. ქალები ემოციებს ნაკლებად იკავებენ.

ადექვატურად ვერ აღიქვამთ რეალობას? სიცოცხლე მოგბეზრებიათ? ხშირად ტირიხართ? არ იცით რა გააკეთოთ? ყველაფერს ბნელ ფერებში ხედავთ და საკუთარ თავში ჩაიკეტეთ? დიაგნოზი ნათელია - თქვენ დეპრესია გაქვთ.

ყველა ქალი სრულფასოვნად აღიქვამს საკუთარ თავს როცა გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი, თაყვანისმცემელი, მიიჩნევენ ფსიქოლოგები. თუ ეს ასე არ არის, ის კარგავს საკუთარი თავის კონტროლს და შეიძლება საქმე დეპრესიამდეც მივიდეს. ზოგჯერ გიღალატებენ, ზოგჯერ დაგშორდებიან, ზოგჯერ მიგატოვებენ. ვინ იცის კიდევ რა უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეთ. თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლება მაშინაც კი აღმოჩნდეთ დეპრესიულ მდგომარეობაში, როდესაც ძალიან ბევრს უყრვარხართ და ცხოვრება არჩევანის წინაშე გაყენებთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დეპრესიულ მდგომარეობას დადებითი მხარეებიც აქვს. ის წარსულის გადახედვის იდეალური საშუალებაა, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ადრე დაშვებული შეცდომები მომავალში აღარ გაიმეორო.

მაინც რა განაპირობებს დეპრესიას? 18 წლის მარის მამაკაცთა ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ მაინც მოექცა დეპრესიის მარწუხებში. მიზეზი თითქოს არატიპირუია - მის მიმართ გრძნობები ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა. და როდესაც საქმე არჩევანზე მიდგა, მარი თვეების განმავლობაში ტიროდა. ყველა, მისთვის ერთნაირად ძვირფასი ჩანდა. ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, არ უნდოდა ვინმესთვის გული ეტკინა…თუმცა ნერვიულობის გაგრძელებაც აღარ შეიძლებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გააკეთა არჩევანი ადამიანზე, რომელთანაც ფიქრობს, რომ ბედნიერი და დაცული იქნება. “ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფარა,” - ურჩევს მარი სხვა ქალბატონებს. “არ შეიძლება ორი, ან მეტი მეორე ნახევარი გყავდეს.”

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ურჩევს მარის, რომ არასოდეს იფიქროს იმაზე, ვისთანაც არ დარჩა, იმასთან ბედნიერი იქნებოდა- პირიქით. ბატონი ზურას აზრით, ქალი რომელიც არჩევანს არ აკეთებს ეგოისტია და სიამოვნებს გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზოგადად კი ამბობს, რომ ქალი თავის არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს.

Monday, November 17, 2008

მე-200 საჯარო სკოლის განსაკუთრებული ბავშვები

ქეთი თიკანაშვილი
თბილისი, 10 ნოემბერი, 2008.


გლდანი, ქერჩის ქუჩა #22. წიწვოვანი ხეებით გამწვანებული სკოლის ეზო და მოფარღალალავებული საქანელები. სკოლის შესასვლელთან ახლოს საგუშაგოა. ირგვლივ ბავშვები მიმოფანტულან. მოუსვენრობით გამორჩეული 7 წლის ბექა თავის აღმზრდელს ჩაბღაუჭებია, ვერ ლაპარაკობს და მთელი მონდომებით _ ხელებით, ფეხებით, თავით, უხსნის რაღაცას.

ადრე აქ თბილისის #2 სკოლა-ინტერნატი იყო. მერე სკოლას დასახელება შეუცვალეს. იფიქრეს, სიტყვა `სკოლა-ინტერნატი” უარყოფითი დატვირთვის მატარებელია და განცალკევების, უცნაური გამორჩეულობის შეგრძნებას ქმნისო. ასე იქცა #2 დამხმარე სკოლა-ინტერნატი თბილისის #200 საჯარო სკოლად. სკოლაში შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობდნენ პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით.

სკოლის დერეფანში ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა დანიშნულების ოთახები: ჯგუფი_ბიჭების საძინებელი ოთახი, ისევ ჯგუფი_გოგონების საძინებელი ოთახი. საძინებელ ოთახებში 8-10 საწოლამდე დგას. საწოლებზე გობელენის მსგავსი ნაჭრებია გადაფარებული, კედლებზე კი ბავშვებს გაუკრავთ პლაკატები, ძირითადად ფეხბურთელებისა და ჰოლივუდის ცნობილი მსახიობების სურათები. დერეფნის კედლებზე გაკრულ სტენდებზე ნახავთ სპორტული შეჯიბრებების ამსახველ კადრებს. აქაური მოსწავლეები სხვა სკოლის ბავშვებს ხვდებიან. აქვეა სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით ჩატარებული ფეხბურთის ჩემპიონატის სურათები. “ეს მე ვარ! თასი რო უჭირავს, მე ვარ!”_ერთ ხმად ყვირიან მათე, ნიკა, ავთო, ხვიჩა...

ამ დროს კი ერთ-ერთ ოთახში სკოლის კიდევ ერთი მაცხოვრებელი, შორენა “ბრეიქდანსს” ცეკვავს. შორენას ოცნება ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ყოფილა ბრეიქდანსის სწავლა. ახლა ოცნების ასრულების ეტაპზეა და მთელი მონდომებით ახდენს ნასწავლი ილეთების დემონსტრირებას. ბრეიქდანსში გავარჯიშებას შალახო მოსდევს. ბავშვებიდან ზოგი ტაშს უკრავს, ზოგი კი საერთოდ ვერ ამჩნევს შორენასა და მის თვითნასწავლ შალახოს. პატარა მარის, მაგალითად, თავისი აღმზრდელისთვის შემოუხვევია ორივე ხელი ფეხებზე, მუცლამდე წვდება და მთელს მუცელს უკოცნის. ”ყველას შენ როგორ უნდა კოცნო, შე ჭინკა!”- ”უბრაზდება” ქერა, ცისფერთვალება მარის რუსიკო ”მასწი”.

სკოლის დირექტორი, მარინა უჯმაჯურიძე, უკვე მერამდენედ იხსენებს მე-200 სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს – საშკას: “ციგანი” საშკა შაკიროვი პატრულს მოუყვანია #200 საჯარო სკოლაში. ერთი წელი საშკა მშვიდად ცხოვრობდა ბავშვთა სახლში. მერე კი დედამ მიაგნო ”დროებაში’ გასული სიუჟეტით. ,,ციგნების ‘შანტრაპა’ დაგვადგა_საშკა გამოიყვანეთო“ - ღიმილით ყვება ქალბატონი მარინა. იმის მერე ასეა: დაბრუნება_გაპარვა; დაბრუნება_გაპარვა. იმიტომ, რომ გაიგო რა ”კაია” ქუჩა.

თუ ცნობისმოყვარეობა გძლევთ და დირექტორის კაბინეტში შეიხედავთ, მოსწავლეების ნამუშევრების დათვალიერებასაც შეძლებთ. ხალისიანი ფერების მთელი კორიანტელია: ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი. კედელზე ჩარჩოში ჩასმული ნაქარგები კიდია: ლურჯ ფონზე თეთრი ცხენისა და ასევე თეთრი გოგონას სახეები, წითელ ფონზე შესრულებული ძალიან ფერადი ნატურმორტი და თქვენ წარმოიდგინეთ, იაპონელი გეიშებიც კი. აქვეა სიგელები, ფეხბურთის, ტენისისა და მძლეოსნობის შეჯიბრში მოპოვებული ჯილდოები.

საღამოვდება და სკოლაში სიჩუმე დგება, შორენა ამჯერად ეზოში ზის სკამზე. ოდნავ მოშორებით მათე და ბექა ქანაობენ საქანელაზე.

Sunday, November 16, 2008

გაძვირებული მეგობრობა

შორენა ხვიჩია
თბილისი, 16 ნოემბერი, 2008 წელი

უფასოდ აღარ, მაგრამ ახლა უკვე 1.18 დოლარად, ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს
"одноклассники"-თ

ეს საიტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოძებნოს ძველი ნაცნობ–მეგობრები, დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დსთ–ს, ისე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ბოლო დროს, საქართველოშიც, სადაც არ უნდა მოხვდე, ყველგან, ერთ-ერთი მთვარი სასაუბრო თემა "одноклассники"–ია.

საიტის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და დღეისთვის 25 მილიონს აღწევს.
თუმცა, მომხმარებელთან ერთად “იზრდება” საიტით სარგებლობის ფასიც. ცოტა ხნის წინ საიტზე დარეგისტრირება და ფოტოს შეფასება ფასიანი გახდა.

ვარაუდობენ, რომ მალე საიტზე შესასვლელადაც მომხმარებელს თანხის გადახდა მოუწევს.

საინტერესოა, როგორ აისახება მომხმარებელზე ფასის ზრდა, თუმცა, ფაქტია, რომ ჯერ–ჯერობით “ადნაკლასნიკელებს” ერთმანეთთან ისევ აქტიური ურთიერთობა აქვთ. ისინი ისევ ქმნიან ჯგუფებს, სადაც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები ერთიანდებიან და უფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ერთმანეთთან.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის, “ხვიჩიების”, მოდერატორი ვლადიმერ ხვიჩია ამბობს, რომ “одноклассники"–ს წყალობით ბევრი კარგი ადამიანი და ნათესავი აღმოაჩინა.

“ერთხელაც მომინდა გამეცნო ჩემი უცნობი ნათესავები და გავაკეთე ჯგუფი, სადაც ყველა დავპატიჟე. მერე შევხვდით და ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ ამ საიტს კარგის გარდა ბევრი ცუდი მხარეც აქვს. მაგალითად, ის, რომ ძალიან დიდ დროს მაკარგვინებს,” – ამბობს ვლადიმერ ხვიჩია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ედუარდ სააკიანი კი “одноклассники"–ს საზღვარგარეთ მყოფ მეგობრეთან საკონტაქტოდ იყენებს და მიაჩნია, რომ ეს საიტი ძველი კლასელების და მეგობრების მოსაძებნადაა შექმნილი და არა ახალი ნაცნობების შესაძენად.

“ბევრი მეგობარი მყავს საზღვარგარეთ და “одноклассники” მათთან ურთიერთობის ერთ–ერთი საშუალებაა[...] ეს საიტი რუსეთში იმდენად პოპულარულია, რომ თანამშრომლები სამუშაო საათების მნიშვნელოვან ნაწილს “одноклассники”-ში ატარებენ, ამიტომ თუ აღმოჩნდა, რომ სამუშაოს დაწყების მსურველი ამ საიტის მომხმარებელია, სამუშაოდ არ აჰყავთ,”–ამბობს სააკიანი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასეთივე ფორამტის სხვა საიტიებიც, ფაქტია, რომ ქართველი მომხმარებელი უპირატესობას მაინც “одноклассники"–ს ანიჭებს. იხ.

Wednesday, November 12, 2008

ცხოვრებისეული გაკვეთილი დაპირებული სამსახურის ნაცვლად



ნინო გელაშვილი
თბილისი, 12 ნოემბერი, 2008 წელი

უკანასკნელ დროს მომრავლებულ დასაქმების კომპანიებისთვის უმუშევრები შემოსავლის ულევ წყაროდ იქცა, ხოლო გაწბილებულ სამსახურის მაძიებელთა რივხვი მატულობს.

19 წლის ნინო წიკლაური `PR ჯგუფში ორი თვის წინ გაზეთ `სიტყვა და საქმეში` წაკითხული განცხადებით მოხვდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის #39-ში გასაუბრებაზე მისულს, აუხსნეს, რომ სამსახურს იმ შემთხვევაში დაიწყებდა, თუ ტრეინინგ-კურსს გაივლიდა, რომელშიც 30 ლარი უნდა გადაეხადა. მან შემთხვევით გაიგო, რომ ამ კურსის შემდეგ მუშაობის დასაწყებად საჭირო იყო 600 ლარი. ამიტომ, ნინო აღარ დაინტერესებულა კომპანიაში საქმიანობით. მისი თქმით, არსად იყო იმის გარანტია, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი მართლაც დაიწყებდა მუშაობას და გადაწყვიტა აღარ მისულიყო. ნინო დარწმუნებულია, რომ მსგავსი ამბავი მხოლოდ მას არ შეემთხვა და კიდევ ბევრი ახალგაზრდაა ცრუ დაპირებების საფუძველზე აღმოჩნდა კომპანიაში.

როგორც დასაქმების სხვა მსურველები ამბობენ, ტრეინინგების შემდეგ 600 ლარი მათ საქონლის შესაძენად და მისი რეალიზაციისთვის სჭირდებოდათ. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავინ არაფერი იცოდა. კომპანიის წარმოამდგენლების თქმით, ამ პროდუქციის გაყიდვის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნდებოდათ. მაგრამ რესპონდენტები ამბობენ, რომ პროდუქტის რეალიზებას უმეტესობა ვერ ახერხებს და ეს კომპანიაც, სწორედ, ასეთ `გაბრიყვებულ` ახალგაზრდობაზეა გათვლილი.

`PR ჯგუფის` ტრეინინგების სპიკერი, ბაქარ გელაშვილი, განმარტავს, რომ ისინი ე.წ. `ტიენსის` მოდელზე ქსელური მარკეტინგის პრინციპით მუშაობენ. როგორც გელაშვილი ამბობს, ქსელური მარკეტინგისთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, ამიტომ შესაძლოა დასაქმების მსურველი პირველივე ინტერვიუდან ბოლომდე ინფორმირებული ვერ წავიდეს. მისი თქმით, მათი საქმე სწავლებაა და არა - დასაქმება.

რაც შეეხება კომპანია `ტიენსს`, გელაშვილის თქმით, ის საქართველოში 2003 წელს შემოვიდა. 2008 წლის დასაწყისიდან, სახელმწიფოსთან შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო, `ტიენსი` აღარ ფუნცქიონირებს. კომპანიის თანამშრომლებმა, რომელთაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, გადაწყვიტეს საკუთარი ოფისები გაეხსნათ და `ტიენსის` პრინციპით გაეგრძლებინათ მუშაობა. ერთ-ერთი მათგანია `PR ჯგუფი`, `MLM technology” (Multy Level Marketing, სიტყვასიტყვით ნიშნავს ქსელურ მარკეტინგს), რომელიც ტექნიკის დისტრიბუციაზე მუშაობს.

წლების განმავლობაში ჯერ კომპანია `ტიენსი` და შემდეგ მისი საქმიანობის გამგრძელებელი სხვა კომპანიები ერთი სისტემით მუშაობენ. განცხადებაში უთითებენ მაღალანაზღაურებად საოფისე სამსახურს ადგილზე შესწავლით, მაგრამ იქ მისულთ, ხვდებათ ფასიანი ტრეინინგები. მათი გავლის შემდეგ იგებენ, რომ საჭიროა დამატებით თანხა პროდუქციის შესაძენად და გასავრცელებლად. ამ საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, თანხა უკან უბრუნდებათ. ყოველი ახალი ადამიანის ჩართვა ამ საქმეში, მათ გარკვეულ ქულებს უგროვებთ, რაც კომპანიაში საფეხურის აწევაში ეხმარებათ.

Saturday, November 8, 2008

მარის ყვითელი რეისი


მარიამ ოზაშვილი, თბილისი,
8 ნოემბერი, 2008 წელი

თუ “ყვითელ ავტობუსში” ერთხელ მაინც მჯდარხართ, ალბათ, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც მთელი სიმძაფრით შეიგრძნობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის “ხიბლს”. ეს “ხიბლი” რომ საკუთარ თავზე გამომეცადა გადავწყვიტე სულ რამდენიმე საათი გამეტარებინა ავტობუსში. შთაბეჭდილებები იმაზე მძაფრი გამოდგა ვიდე ველოდი და მინდა რამდენიმე თქვენც გაგიზიაროთ.

ავტობუსში ასვლის თანავე ყურადღებას იპყრობს მისი მძღოლი, რომელიც უკმაყოფილო გამომეტყველებით უზის საჭეს. Mმისი ეს გამომეტყველება გასაგები ხდება მაშინ, როდესც ნახავთ, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მგზავრობის ღირებულების გადაუხდელად ჩადის ავტობუსიდან. მძღოლი ახალგაზრდებს “სართულებიანი” მოკითხვით აცილებს.

ავტობუსში ყოფნისას ბევრი საინტერესო და სახალისო მოვლენის მოწმე შეიძლება გახდეთ. ამ მოვლენების შემდგომი განვითარების ინტერესი ხდება ხოლმე მიზეზი იმისა, რომ ავტობუსის ფანჯრიდან გახედვის სურვილიც კი აღარ ჩნდება. თუმცა, ინტერესის არ არსებობასთან ერთად, ამის საშუალებას ფანჯრებზე ზურგებაკრული მგზავრებიც არ იძლევა.

არ გაგიკვირდეთ თუ უეცრად რომელიმე მგზავრთაგანმა ხმამაღლა დაიწყო საკუთარი ლექსების კითხვა. არც რომელიმე ქალბატონის რეაქციამ გაგაკვირვოთ, რომელიც აღშფოთებას გამოთქვამს გვერდით მდგომი მამაკაცის, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურ საქციელზე. ქალბატონის აღშფოთებას იქვე მჯდომი ხანშიშესული ქალიც უერთდება და ზიზღნარევი გამომეტყველებით ამბობს: “ასე დაეთრევა ეგ უსინდისო, ვერ მოიშალა ხელების ფათური ამხელა კაცმა!” დიალოგი, რომელიც ქალბატონებს შორის იმართება შეიძლება ორი სხვა მანდილოსნის კამათმა გაწყვიტოს. ისინი აქტიურად ცდილობენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაჭედილ ავტობუსში ერთდროულად ასვლას. ტრანსპორტში ასვლის სურვილი იმდენად დიდია, რომ მათი წაკამათება სერიოზული ჩხუბის სახეს იღებს. არც ერთ მათგანს აღარ ახსოვს, რომ სწორედ ის კიბის კუთხე, რომლის დაკავებისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძვიან, შეიძლება მათი ტრავმის მიღების ადგილადაც კი იქცეს.ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ხალხით სავსე ავტობუსის ავადსახსენებელი კარი იღება. ეს პროცედურა მთელ რიგ გართულებებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან კარი ისე სწრაფად და ძლიერად იღება, რომ მასთან მდგომი ადამიანი გონზე მოსვლასაც კი ვერ ასწრებს, ისე აღმოჩნდება მისი სხეულის რომელიმე კიდური კარს უკან. თუმცა, სანამ კარი გაიღებოდეს, მის გვერდით, კიბეზე თავისუფალი ადგილი იმდენად მიმზიდველი და მაცდური ჩანს, რომ ამ ქალბატონების ჩხუბი უკვე გასაგებად ეჩვენება ადამიანს.

დანიშნულების ადგილამდე ჯანმრთელმა და ნერვებდაწყნარებულმა რომ მიაღწიოთ, საჭიროა, მშვიდად და იუმორით ადევნოთ თვალი გარშემო განვითარებულ მოვლენებს. დამეთანხმებით, რომ რთულია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როდესაც თქვენს გვერდით მდგარი ყვითელ ლაბადასა და ამავე ფერის ბერეტში გამოწყობილი უცნაურგამომეტყველებიანი ქალი გიმტკიცებთ, რომ ნათელმხილველია. სწორედ იმ მომენტში, მას კოსმიური ძალები კარნახობენ, რომ ავტობუსი, რომლითაც მგზავრობთ ავტოკატასტროფისთვისაა განწირული და ცოცხალი არავინ გადარჩება. ძალიან ძლიერი სკეპტიციზმით უნდა იყო განმსჭვალული ჯადოქრებისა და ნათელმხილველების მიმართ, რომ ამ სიტყვებმა არ აგაღელვოს და ავტობუსში დარჩე. მაგრამ მალევე დააფასებთ თქვენსავე სკეპტიციზმს, როდესაც ნახავთ, რომ ნათელმხილველის “შეგონების” შედეგად ნახევრადდაცარიელებული ავტობუსით დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ თავისუფლად და უვნებელმა მიაღწიოთ.

ხალხით სავსე ავტობუსში ასვლისას ალბათ ინატრებთ კიდევ ერთ ნათელმხილველს, რომელიც ყვითელლაბადიანი ქალბატონივით თვალის დახამხამებაში გაანახევრებს მგზავრების რაოდენობას. სამწუხაროდ, ასე იშვიათად თუ უმართლებს ვინმეს.

Monday, November 3, 2008

მუშტიკრივი ჰელოუნიზე


ანანო შუბითიძე
თბილისი, 3 ნოემბერი, 2008 წელი.

დასავლეთიდან იმპორტირებულმა დღესასწაულმა, რომელიც ავი სულების განდევნას ეძღვნება, თბილისში საპირისპირო შედეგი გამოიღო და რელიგიურ რადიკალთა ჯგუფის თავდასხმით დასრულდა.

ჰელოუინი, ყველა წმინდანის მოხსენიებისა და ბოროტების დამარცხების დღე, რომელიც 31 ოქტომბერს აღინიშნება და წარმართული კელტური ტრადიციიდან მომდინარეობს, წელს თბილისშიც იზეიმეს. ქალაქის მერიის ახალგაზრდული განყოფილების და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების ორგანიზაცია „ადრენალინ.GE“-ს ერთობლივი ძალისხმევით თბილისის ძველ უბანში მოეწყო კოსტიუმირებული „ჰელოუინ ფართი“.

საღამოს 10 საათისთვის ერეკლეს ქუჩაზე ჭინკებმა, მაქციებმა და კუდიანებმა დაიწყეს შეკრება. ქუჩაზე დამონტაჟდა პატარა სცენა. ზეიმს უძღვებოდა “დი-ჯეი” ნიკა წერეთელი. ცეკვავდნენ კლუბ „ნაით ოფისისა“ და „ვერნისაჟის“ მოცეკვავე გოგონები. პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ჟონგლიორებმაც თავისი ოსტატობით გაართეს საზოგადოება. იყო დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტი - გოგრა, რომელზეც თვალები და პირია გამოჭრილი, შიგნით კი სანთელი დევს.

კოსტიუმი ვისაც არ ჰქონდა ნიღაბი ეკეთა. ძირითადად სპეციალური მოსაწვევებით ხდებოდა შესვლა, თუმცა 15 ლარიანი ბილეთებიც იყიდებოდა. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უნდა გადარიცხულიყო საქველმოქმედო ფონდ „აიავნანაში“.

უკრავდა კლუბური მუსიკა, ქუჩაზე მდებარე კაფეები გაივსო, ყველა ერთბოდა და უამრავი ხალხი ირეოდა, თუმცა უეცრად რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი შევარდა ერეკლე მეორეს ქუჩაზე, ავარდნენ სცენაზე, სცემეს Dჟ, დაუმტვრიეს აპარატურა. თავდამხსმელებმა ყველა იქ მყოფი სატანისტებად შერაცხეს და ეკლესიის გვერდით არარელიგიურ რიტუალის გამართვაში დაადანაშულეს. მათი მტკიცებით, ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ. თვითმხილველების თქმით, ამ ჯგუფთან ერთად იყო ანაფორაში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც სცენაზე ავიდა და Dჟ -ს „MIXEღ”-ი დაამტვრია.

„ყველაფერი ძალიან მაგრა[დ] იყო, არაფერი სატანისტური არ ხდებოდა, უბრალოდ ვერთობოდით, მაგრამ უცბად ერთი ამბავი ატყდა, ვერ მივხვდი რა მოხდა”, - თქვა ინცინდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაგა ბუკიამ. “მერე შემოვარდა რამდენიმე კაცი, ჩემი მეგობარიც ცემეს, მოკლედ ძალიან არეულობა იყო“.

საღამო დაახლოებით 12 საათისთვის დასრულდა, თუმცა დაგეგმილი იყო რომ 2-3 სთ.-მდე გაგრძელდებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ქალაქ თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსს- თორნიკე ხუციშვილს ვთხოვეთ. მისი თქმით, „ჰელოუინი“ ამერიკული ტრადიციაა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ბატონი თორნიკეს აზრით, „ჰელოუინი“ ქართულ ბერიკაობასთან გაიგივებული ტრადიციაა, რადგან ორივე ავი სულების განდევნას ემსახურება. ხუციშვილი მიიჩნევს რომ ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, იყო ჩვეულებრივი კოსტიუმირებული კარნავალი და რელიგიასთან არანაირ კავშირში არ იყო, ამიტომაც ვერ ხვდება თუ რამ გამოიწვია ამხელა აგრესია. “ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ეს დღესასწაული რაიმე კავშირშია რელიგიასთან, ამიტომაც როცა მისი აღნიშვნა გადავწყვიტეთ არ ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ საპატრიარქო საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. ჩვენ იმ ზღვარს არ გადავალთ რაც ეკლესიის რეპუტაციას შელახავს“. - განაცხადა ხუციშვილმა. ის ესაუბრა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც უარყვეს, რომ მათი დავალებით ვინმე ყოფილიყო გაგზავნილი ზეიმის ჩასაშლელად. თორნიკე ხუციშვილის აზრით, „სადამსჯელო რაზმი“ არანაირ კავშირში არ იყო საპატრიარქოსთან, ისინი უბრალოდ მის სახელს ეფარებოდნენ.

სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ „ სადამსჯელო რაზმის“ რეალური წარმომავლობა და ვერც ანაფორაში ცაცმული მამაკაცის ვინაობა, შესაბამისად ვერც მათ კომენტარს შემოგთავაზებთ. ხუციშვილის თქმით მერია ამ ამბავში ბოლომდე გარკვევას გეგმავს.

Sunday, November 2, 2008

არაჩვეულებრივი გამოფენა

ქართული სასაფლაო თავისი კოლორიტითა და ექსცენტრულობით განსაკუთრებული ფენომენია, რომელიც ერთდროულად ითავსებს ადამიანურ მწუხარებასა და სიცოცხლის ზეიმს. თუთანა კვარაცხელია არ შეუშინდა სასაფლაოს ბინადრებს, მიცვალებულებსა თუ ცოცხლებს, და ქართული სასაფლაოს თავისებურ პოეზიას ახლოს გაეცნო.

თუთანა კვარაცხელია
თბილისი, 2 ნოემბერი, 2008

ზოგიერთები მიცვალებულებს უფრთხიან, სხვები კი ამტკიცებენ, რომ მკვდრების კი არა ცოცხლების უნდა გვეშინოდეს. თუ თქვენ სულების არსებობის არ გჯერათ და არც ცრურწმენები გაშინებთ, შეგიძლიათ ამ მშვიდ ადგილას იხეტიალოთ და წარსულიდან გზავნილებს გაეცნოთ.


ხშირად ახლობლები მოკლე ეტიპაფის საშუალებით ქვაზე უკვდავჰყოფენ გარდაცვლილთა ხსოვნას:

ზოგს ნაადრევად მოუსწარაფეს სიცოცხლე


















გავრცელებულ სტერეოტიპში, რომ თითქოს ქართველები დროს ფლანგავენ და საათზე დამოკიდებული არ არიან, შეიძლება ძალიან დაეჭვდეთ, რადგან, როგორც ჩანს, ზოგიერთს არსებობის ყოველი წუთი გათვლილი აქვს:

და სიკვდილისთვისაც თადარიგი აქვს დაჭერილი:


















ზოგს ურჩევნია დაუკითხავად არავინ შეაწუხოს სამარადისო სასუფეველში


















ეს ადგილი საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების მორიგი დასტურია

ზოგიერთებს სურთ, რომ მათ მიცვალებულებს წმინდანები მფარველობდნენ