Sunday, March 29, 2009

18 წლამდე მოზარდებისთვის შესვლა აკრძალულია და ძვირია

ანა ლაპიაშვილი
თბილისი. 30 მარტი, 2009

დედაქალაქის ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი გაუძვირა, რითაც სურს ახალგაზრდებსა და, ზოგადად, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენლებს აზარტი შეუნელოს.

თბილისის საკრებულოს მიერ 6 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდასა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად, განმარტავს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ზვიად არჩვაძე.

სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა შესვლა კანონით იკრძალება. თუმცა, შედარებით მსხვილი სამორინეებისა და ტოტალიზატორებისგან განსხვავებით, სადაც კლიენტების დაშვება პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება, მინიაუტურულ, სიგარეტის ბოლით გაბუღულ სათამაშო ოთახებში შეღწევა მოზარდისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

19 წლის ალეკოს სრულწლოვან ასაკამდე ლოდინი არ დასჭირვებია. 17 წლის ასაკში მან არა მარტო სათამაშო კლუბში შესვლა, არამედ ეგრეთ წოდებულ “მაზავშჩიკებთან” 6,000 ლარის წაგებაც მოახერხა. საბოლოოდ 18000-ანი ვალი დაუგროვდა და მის მშობლებს ბინის გაყიდვა მოუწიათ.

ალეკოს თქმით, მისთვის პირადობის მოწმობა ან საერთოდ არ მოუთხოვათ, ან პატარა ტყულის საშულებით იოლად აუვლია გვერდი “ფეის-კონტროლისთვის”. იტყოდა, საბუთი “სახლში დამრჩაო” და დაცვის თანამშრომლებს ეს ხშირად საპატიო მიზეზად მიაჩნდათ.

ალეკოს ამბობს, რომ მისნაირი დღესაც ბევრია. მოზღვავებული ემოციების, ადრენალინისა და ნელ-ნელა განვითარებული დამოკიდებულების წყალობით სათამაშო ბინეზნესს შემოსავალი არ ელევა.


არასრულწლოვანთა აზარტული თამაშებით გატაცების ოფიციალური სტატისტიკა სადღეისოდ არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალურ-დემოგრაფიული სამმართველოს ხელმძღვანელის პაატა შავიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამგვარი შინაარსის კვლევა არ დაუკვეთავს.

მოსაკრებლის გაზრდის საშულებით მუნიციპალური მთავრობა არსებულ სიტუაციაზე ირიბი სახით აპირებს ზემოქმედების მოხდენას.


საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, მოსაკრებლის გაზრდა შესაძლებელია კონტრპორდუქტიულიც კი გამოდგეს. 2007 სათამაშო სალონების გახსნაზე გაცემულმა ლიცენზიებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 580000 ლარი შეემატა, ხოლო 5 ახალი სამორინედან 10 მილიონი ლარი შევიდა ხაზინაში. მოსაკრებლის პირველად გაზრდის შემდეგ 200 სათამაშო კლუბი დაიხურა. მორიგმა ზრდამ შეიძლება სხვა სამორინე დაწესებულებებიც და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებიც იმსხვერპლოს.

რაც შეეხება ახალგაზრდების ენთუზიაზმის შენელებას, ამ ეტაპზე ძნელია სათქმელია, თუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ამ კუთხით ქალაქის მესვეურთა ახალი ინიციატივა.

Tuesday, March 24, 2009

ფულის მახე: “მიიღებიან სტუდენტები”

თე კანაშვილი
თბილისი. 24 მარტი, 2009

ორგანიზაცი- ებისთვის, რომლებიც დასაქმების მაძიებლების გაბითურებით საზრდოობენ, “ღარიბი” სტუდენტები იოლი სამიზნეა. სხვადახვა დასაქმების სამსახურები უშურველად თავაზობენ ახალგაზრდა დასაქმების მსურველებს ნორმალურ შემოსავალსა და კარგ სამუშაო პირობებს იმ იმედით, რომ მიამიტი სტუდენტი ცრუ დაპირების სანაცვლოდ თანხის გადახდას არ დაინანებს. “I-მედიას” კორესპონდენტმა თეი  კანაშვილმა იოლი ფულისა და ფინანსური პირამიდების სამყაროში იმოგზაურა, თუმცა თანამედროვე ოსტაპ ბენდერებმა ვერაფერი დასტყუეს. სხვა სტუდენტებს ნაკლებად გაუმართლათ.

ახალგაზრდებისთვის საკუთარი შემოსავლი, სხვა თუ არაფერი, პირად თავისუფლებასთან ასოცირდება. შესაბამისად, ძნელია არ დაინტერესდე ქუჩაში გამოკრული და ინტერნეტში გამოქვეყნებული შეთავაზებებით, რომლებიც მუშაობის თავისუფალ გრაფიკსა და “მინიმუმ 500” ლარიან გასამრჯელოს ჰპრიდება “ენერგიულ ახალგაზრდა კადრებს”, თანაც თუ განცხადების ბოლოში მსხვილი შრიფტით წერია “მიიღებიან სტუდენტები.”

ცდუნებას აჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლევან ფიფია. კომპანიაში, რომელიც ხმამაღალი სახელით ,,MLT Group"-ით იწონებს თავს, პირველი ტურის ზეპირი და წერითი გასაუბრების გავლის შემდეგ ფიფიას დაურეკეს, მეორე ტურში გასვლა მიულოცეს და ოფისში დაიბარეს. ოფისში მისულს განუმარტეს, რომ მათი ფირმა მენეჯმენტისა და პიარის დარგში მოღვაწეობდა. პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებლად აუცილებელი იყო ერთკვირიან ტრენინგზე დასწრება, რომლის საფასური 30 ლარს შეადგენდა. ტრენინგის მე-7 დღეს ახალბედები მწარე რეალობის წინაშე აღმოჩდნენ: ყოველივე სატყუარა იყო ადამიანების მოსაზიდად ამ კომპანიაში, რომელიც ერთი-ერთია იმ კანტორათა შორის, სადაც “ფულის ფულით მოგება” ხდება.

ფინანსური პირამიდა თავისი არსით ,,პინოქიოს” ზღაპრის იმ ნაწილს წააგავს, სადაც თაღლითები ხის ბიჭუნას ხუთი ოქროს დამარხვას თავაზობენ, საიდანაც, მათი დაპირების თანახმად, გამთენიისას ოქროს მონეტებით დახუნძლული ხე აღმოცენდება. ზემოხსენებულ კომპანიაში ახალ თანამშრომელს მუშაობის დაწყებისთანავე ორგანიზაციის ფონდში შეაქვს თანხა 600 ლარის ოდენობით. თანაც რაღაც ეზოთერული ლოგიკის თანახმად ითვლება, რომ ეს თანხა შემომტანს კი არ ეკუთვნის, არამედ ორგანიზაციაშივე არსებული ვირტუალური სპონსორის მიერ არის ნასესხები.
.
ახალბედას ევალება 6 ახალი “მსხვერპლის” მოყვანა, რომლებიც ანალოგიურად 600 ლარით ავსებენ კომპანიის ხაზინას. ყველა სიკეთესთან ერთად კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია იზრუნოს კადრების საკუთარი ხაზით გამრავლებაზე სანამ საკუთარ 600-ლარიან “ინვესტიციას” არ ამოიღებენ და მოტყუებულთა შესაწირი გარკვეულ ციფრს არ მიაღწევს. ამ რთული კონსტრუქციის აგების შემდეგ მინიმალურ პროცენტულ მოგებას შენც ნახავ და შენი ამ კანტორაში დარჩენა ნებაყოფლობითი ხდება.
.
ამ კომპანიას კონკურენციას ე.წ. ,,PR Group"-ი უწევს. ამ უკანასკნელის სათაო ოფისი მოხერხებულად არის განთავსებული ჭავჭავაძის 39-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში.
.
ექპერიმენტის მიზნით CV გავგზავნე განცხადებაში მითითებულ კორპორატიულ ელექტრონულ მისამართზე - tamari_76@mail.ru. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მოვლენები ლევანის ისტორიის მსგავსად განვითარდა. ოპერატორმა, ვინმე ლაშამ, გაცისკროვნებული სახით მაცნობა, რომ სულ მალე ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება მელოდა. კი მეთანაღრებოდა საკითხი პირდაპირ დამესვა ჩემი აღტაცებული თანამოსაუბრისთვის, რომელსაც ჩემთვის არანაირი მატერიალური თუ და სულიერი სიკეთე არ ენანებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე იყო თუ არა მათი ორგანიზაციის სტრუქტურა ყბადაღებული პირამიდის პრინციპზე აგებული. მცირეოდენი მიკიბ-მოკიბვისა და ენის მოჩლექის შემდეგ, ლაშა გამომიტყდა, რომ სწორედ ამ პროფილის კომპანიასთან მქონდა საქმე.
.
ერთი შეხედვით თუ გონება გიჭრის ამ ანკესზე არ წამოეგები, მაგრამ გამოუცდელი და უმუშევარი ადამიანები არ დაილევა. შესაბამისად, პირამიდა ახალ-ახალი წევრებით ივსება და მუშაობაც გრძელდება სოლომან მორბელაძის პრინციპით: “მოვატყუეეთ, მომატყუეს და ერთი მოტყუებული ხვალ ან ზეგ კარზე მომადგება კიდევ.”

Saturday, March 21, 2009

ბრძოლა განათლებისთვის

ნანიკო ვაჩნაძე
თბილისი. 21 მარტი, 2009.

საგნების შერჩევის ციებ-ცხელება სასწავლო სემესტრის დაწყებიდან უკვე მესამე კვირაა რაც გრძელდება. სალექციო საათების თანხვედრა, არასაკმარისი კრედიტების რაოდენობა და ნაჩქარევად არჩეული არასასურველი საგნები – ეს არის თავის ტკივილი, რომელიც სტუდენტებს მიმდინარე განათლების რეფორმამ გაუჩინა.

კურსებზე დარეგისტრირების გამოცხადებისთანავე უნივერსიტეტში ჩაღდება ბრძოლა საგნებისა და ლექტორებისთვის. მთავარი ამოცანაა ისწავლო ის, რაც გაინტერესებს და თან სასწავლო კურსის დასასრულებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა მოაგროვო. ვინც დროულად არ დაფაცურდა, უსარგებლო საგნებისა და არეული სასწავლო გრაფიკის ამარა დარჩა.

“სემესტრის დასაწყისში ექიმთან სიარული მიწევდა, ამიტომაც ვერ მოვასწარი იმ საგნების აღება, რომლებიც სავალდებულო იყო და კრედიტები ავინაზღაურე საგნებით, რომლებიც სრულიად არ მჭირდებოდა”, - ამბობს მესამე კურსის სტუდენტი ქეთი ტაპატაძე.


აკადემიურ ფინიშამდე მისაღწევად სტუდენტებს სულ ცოტა 240 საკრედიტო საათი ესაჭიროებათ. საგნების საკრედიტო წონა სხვავდება და 2-დან 10 კრედიტამდეა. კომპიუტერის ეკრანთან გატარებული ღამეებისა და უამრავი კომბინაციის გადათამაშების შედეგად სტუდენტები კრედიტების სასურველი რაოდენობის შექუჩებას არჩევითი საგნების ხარჯზე ახერხებენ, რომლებიც ხშირად არ პასუხობს მათ სასწავლო თუ პროფესიულ მიზნებს.


როგორც თაკო ბეჟანიშილი ამბობს, პირველკურსელებს მანევრირების უფრო მეტი საშუალება აქვთ. “... კომპიუტერით საგნები ადვილად დავარეგისტრირე, ერთად-ერთი პრობლემა საგნების თანხვედრა იყო, რომელიც მარტივად გადავჭერი”, - ამბობს პირველკურსელი ბეჟანიშვილი. მესამეკურსელები კი, მაშინაც კი თუ თადარიგი წინასწარ დაჭირეს, შეიძლება ამოწერონ არჩეული საგნიდან, რათა არჩევანის გარეშე მყოფ მეოთხეკურსელებს გამოუნთავისუფლონ ადგილი.

შექმნილი ვითარებით შეწუხებული სტუდენტობა მიმდინარე რეფორმას ემდურის, რომელიც სწავლის დასავლურ სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად. ცვლილებების შედეგად სტუდენტებს საგნების არჩევის საშუალება მიეცათ, მაგრამ არჩევანის გაკეთება არც თუ იოლი გამოდგა.


ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის თათია მჟავანაძის თქმით, სირთულეებს ცხრილების წინასწარ გამოცხადებით გარკვეულწილად მოევლება. თუმცა, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხრილები წინასწარ მხოლოდ ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცხადდა.


ლექტორებისა და ჯგუფების რაოდენობის გაზრდას ან მდგომარეობის სხვაგვარად გამოსწორებას ჯერ პირი არ უჩანს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კი წელს 600 ახალი სტუდენტის მიღებას გეგმავს. უკმაყოფილოთა რიცხვიც სავარაუდოდ გაიზრდება.