Thursday, April 23, 2009

მოტყუებული სტუდენტები. იცით თუ არა სად სწავლობთ?

მარი გელაშვილი

თბილისი. 23 აპრილი, 2009


არაკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაზე დახარჯული ფული და დრო ამაო გამოდგა ბევრი სტუდენტისთვის, ვინაიდან სახელმწიფო არ აღიარებს ასეთ სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას. ეს გარემოება, ბევრი სტუდენტის თქმით, მსგავსი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განზრახ დამალეს.


“ახლა ვნატრობ, ნეტა ის დღე არ ყოფილიყო, როცა ჩემი შვილი ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში შევიყვანე [...] მარწმუნებდნენ, რომ აკრედიტირებული, წმინდანის სახელობის უნივერსიტეტია. თურმე მატყუებდნენ...” - ეს ერთ-ერთი “მოტყუებული სტუდენტის” მშობლის სიტყვებია. მისი შვილიც ბევრის მსგავსად არაკრედიტებული, თუმცა ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების ცრუ რეკლამის მსხვერპლი გახდა.


სტუდენტთა ნაწილმა არ იცოდა, რომ არაკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობის შესაძლებლობას. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩუბინიძის განცხადებით, “მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უფლებამოსილი გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი”.


როგორც გაირკვა, ზოგიერთი სასწავლებელი აბიტურიენტების მოზიდვის მიზნით აკრედიტირებულად ასაღებს თავს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეს საკითხი მიჩუმათებული აქვს.


თბილისის საერო უნივერსიტეტის რექტორი, ოთარ ლოლაძე და ”ევროპული უნივერსიტეტის“ რექტორი შოთა ვეშაპიძე ამტკიცებენ თითქოს მათი უნივერსიტეტები აკრედიტებულია. უკანასკნელ მათგანში სწავლის საფასური საკმაოდ სოლიდურია და 2500 ლარს შეადგენს. მაგრამ განათლების სამინისტროში გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მხოლოდ ლიცენზირებულია, რისი გადამოწმება ამ ბმულითაც ადვილად შეიძლება (http://www.nea.ge/default.aspx?sec_id=50&lang=1)


მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულებებში მოსწავლე სტუდენტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებში სწავლობენ.


საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამავე დროს, საქართველოში არსებობს 200-ზე მეტი ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფრთხილებს არააკრედიტებულ სასწავლებლების ადმინისტრაციას, რომ არ შეიყვანონ აბიტურიენტები შეცდომაში და სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ვერ გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

ზოგიერთი სტუდენტის მტკიცებით ეს ასე არ ხდება. “ეროვნული გამოცდებით ვერსად ვერ მოვხვდი და ბიძაშვილის რჩევით მივედი კიევის უნივერსიტეტში, სადაც კიევის დიპლომსა და დასაქმებას დამპირდნენ. აღმოჩნდა რომ მწარედ მატყუებდნენ. არც სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა და ვერც სამსახურს ვშოულობ ჩემი “ყალბი” დიპლომით”, - ამბობს სტუდენტი თაკო რობაქიძე.


კიევის უნივერსიტეტისნაირ დაწესებულებაში მოსწავლე სტუდენტს არ შეუძლია გადავიდეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. არაკრედიტებული ინსტიტუტი ასევე ვერ უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას სწავლის დასრულებამდე.


ხუთმა “მოტყუებულმა სტუდენტმა” სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმე ეხება ,,სტუდენტების” უყურადღებობას თუ მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებას სასწავლო დაწესებულებების ხლემძღვანელობის მხრიდან.

Tuesday, April 21, 2009

“ზოგი არის მწერალი, ზოგიც - გადამწერალი”

მეგი წიკლაური

თბილისი, 13 აპრილი, 2009


გამოცდების გაყალბების მეთოდები ტექნოლოგიური წინსვლის კვალდაკვალ ვითარდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გონებანათელი მოსწავლე ახალგაზრდობაც ფეხს უწყობს პროგრესს. გადაწერის უკვე აპრობირებული ხერხების პარალელურად სტუდენტებმა მაღალი ტექნოლოგიების, კერძოდ კი მობილური მოწყობილობების, შესაძლებლობებიც აითვისეს. შედეგად მრავალი სტუდენტი ცოდნის დაუფლების ნაცვლად გაყალბების ხელოვნებაში იწაფება.

მეორეკურსელი ნიკა სოციოლოგიის შესავლის გამოცდაზე ქურთუკის ქვეშ სახელდახელოდ დამალული ქსეროასლებით შევიდა. ერთი მოუქნელი მოძრაობა და “შპარგალკები” ძირს ჩამოცვივდა. ლექტორმა უიღბლო თაღლითი აუდიტორიიდან გააძევა. ნიკას ისღა დარჩენოდა, რომ დამატებითი გამოცდისთვის მომზადებულიყო, რასაც, როგორც აღმოჩნდა, შესანიშნავად გაართვა თავი.

ეს გადაწერის ერთ-ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო, თუმცა სხვა სტუდენტებს უფრო უმართლებთ. მეორეკურსელი ანა გაყალბებას ექსკლუზიურად ინგლისური ენის გამოცდაზე მიმართავს და ამაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს. ,,საერთოდ არ მეხერხება გადაწერა, მგონია ყველა მე მიყურებს, მაგრამ თუ შანსი მექნება, აუცილებლად გამოვიყენებ”, – ამბობს ანა.

გაყალბების მრავალი ხერხი არსებობს და წარმატების შემთხვევაში კარგი ქულაც გარანტირებულია. ბევრი ტრადიციულ ხერხს - წინ ან უკან მჯდომისგან გადაწერას – მიმართავს. შედარებით ნოვატორულია მობილური ტელეფონის გამოყენება. შეიძლება საკითხების წინასწარ ჩაწერა დიკტოფონზე და ყურსასმენის საშუალებით გამოცდის მსვლელობისას გადაწერა, ან სულაც საქმეში ვინმე კეთილისმსურველის ჩართვა, რომელიც ტელეფონის საშუალებით გამოცდის პასუხებს უკარნახებს მეგობარს.

თუ ტელეფონი ამის საშუალებას იძლევა შეიძლება პასუხის ინტერნეტში მოძიებაც. მოკლე ტექსტური შეტყობინებები ამ მხრივ ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან პროფესორ-მასწავლებლემა ეს ხერხი უკვე კარგად იციან.

გაყალბების შედეგად საბოლოოდ იჩაგრება ის სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე საკუთარი ცოდნის ამარა გადის, ვინაიდან მისგან ან სხვა თანატოლისგან გადაწერილი ნამუშევრის წყალობით არაკეთილსინდისიერი მოსწავლე ხშირად უფრო მაღალი შეფასებას ღებულობს.

მესამეკურსელი ლიკა უგულისყურო ლექტორებს ადანაშაულებს. “[...] გადაწეროს, რა ვქნა? მე არანაირი რეაქცია არ მაქვს ხოლმე, უბრალოდ ლექტორი უნდა მიხვდეს, ვინ იწერს და ვინ წერს!” – ამბობს ლიკა.

უნივერსიტეტში გამოცდებზე ან კოლოკვიუმებზე ლექტორები დავალების სხვადასხვა ვარიანტებს აწვდიან სტუდენტებს იმ იმედით, რომ გადაწერის შესაძლებლობებს შეამცირებენ, მაგრამ 70-კაციან ჯგუფში, რომელიც 50 ადამიანზე გათვლილ აუდიტორიაში იყრის თავს, სტუდენტებს შეუძლიათ ლექტორისთვის შემუჩნევლად გაცვალონ ვარიანტები.

პრევენციული ზომის სახით, ერთ-ერთმა ლექტორმა საგამოცდო წერის დაწყებამდე ყველა სტუდენტის რვეულის ყდაზე მოაწერა ხელი. მოხერხებულმა სტუდენტებმა გამოსავალი ამ შემთხვევაშიც იპოვეს. ერთმა რვეული დაშალა და ყდა წინასწარ დაწერილ რვეულზე გადაიტანა, მეორემ კი სულაც ლექტორის ავტოგრაფი გააყალბა.

ზოგი ლექტორი თავად უწყობს ხელს გაყალბებას: გამოცდაზე ტოვებს აუდიტორიას და მეგობართან ერთად ყავის დასალევად, ან სიგარეტის მოსაწევად მიდის. ზოგიც ხედავს რომ იწერენ, მაგრამ არ იმჩნევს. ამის ნათელი მაგალითი ისევ ნიკას შემთხვევაა, რომელმაც მეგობარს საგამოცდო ფურცელი გაუცვალა. ნიშნის გამოცხადების დღეს ლექტორმა უხეირო გამყალბებელი დერეფანში მოიხელთა და უთხრა, რომ მიხვდა მის ოინს.

“ზოგი არის მწერალი, ზოგიც გადამწერალი”, _ აი ასე მკაცრად დატუქსა ლექტორმა არაკეთილსინდისიერი სტუდენტი, თუმცა ამან ნიშანზე არანაირი ასახვა არ ჰპოვა.

ლექტორების არჩევისას ხშირად პრიორიტეტი ენიჭება იმ პედაგოგებს, ვისთანაც გადაწერა “მოსულა”. არაერთხელ გამოსულა გამოცდიდან სტუდენტი და გულშემატკივრები გაუხარებია: - “ყველაფერი გადავშუშე”.

ვინაიდან უმაღლესი სასწავლებლები ხშირად მარცხდებიან გადაწერასთან ბრძოლაში, ინიციატივას ხელში იღებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. მიმდინარე წლის ბოლოს გამოცდების უმრავლესობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში ჩატარდება, რომელსაც ეს ცენტრი ხელმძღვანელობს. ითქვა, რომ გამოცდაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრდება, თუმცა, შესაძლოა გამომგონებელმა სტუდენტობამ, რომელიც დღენიადაგ სიახლეების ძიებაშია, აქაც მონახოს გამოსავალი.

Thursday, April 16, 2009

კრიმინალური პოლიციის ნარკოლოგიური მოსაკრებელი

გიო ჭეიშვილი
თბილისი. 16 აპრილი, 2009.


სამართალდამცავებმა, მათივე თქმით, ნარკომანიას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს. ბევრჯერ ითქვა, რომ ყურადღება გამახვილდება არა თავად მომხმარებლებზე, არამედ ნარკოტიკების გასაღების არხებსა და პრვენციულ ღონისძიებებზე. ბლოგერმა გიორგი ჭეიშვილმა საკუთარ თავზე გამოსცადა ამ დანაშაულის წინაამღდეგ მიმდინარე ბრძოლის ზოგიერთი თავისებურება.


18 წლის ახალგაზრდას, რომლის ანონიმურობას მისივე თხოვნით ვიცავ, “შკოდას” მარკის ავტომობილმა გაუჩერა. უბრძანეს ახლოს მისულიყო. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ერთ-ერთმა მგზავრმა შეგვიანებულ ფეხითმოსიარულეს თავი შეახსენა: - “მე ის ვარ წამალზე რომ დაგიჭირე და რა იყო ბიჭო ჯარიმის გადახდას არ აპირებ?”.

მალევე გაირკვა რომ მაღალ, გამხდარ ახალგაზრდას, რომელიც ტიპიური ნარკომანის ყველა გარეგნული მონაცემით გამოირჩეოდა, საერთოდ არ ყოფილა ნასამართლევი და შესაბამისად არც ჯარიმა მართებდა. გაწბილებულმა სამართლადამცავებმა ფანჯარა აწიეს და წავიდნენ.

ამ შემთხვევის შემდეგ არასანდო შეხედულების მქონე ახალგაზრდას საზოგადოებრივი წესრიგის მესვეურები კიდევ ორჯერ მოევლინენ, თუმცა სხვადასხვა მარკის ავტომობილებით, სხვადასხვა დროსა და ადგილას.

შესაძლოა მკითხველმა იფიქროს ეს ყველაფერი უბრალო გაუგებრობააო და სამართალდამცავთა ცალკეული ჯგუფის მოჭარბებულ ენთუზიაზმს მიაწეროს. ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი, სანამ თავად არ გავხდი სამართალდამცავი სისტემის ინტერესის ობიექტი.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ თუ სახლში მიმავალს თეთრი ,,ფორდი” გიგიჩერებთ და კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები შენთან გასაუბრებას მოითხოვენ, თავიდანვე არასასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.

კიდევ უფრო იძაბები, როდესაც სამართლადამცავებს შენს ვინაობაში ეჭვი შეაქვთ, მით უმეტეს როცა არც თქვენს მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებული მოწმობა იმსახურებს მათ ნდობას. შემდგომში მოვლენები დოსტოევსკის ,,ორეულის” მსგავსად ვითარდება: გეუბენებიან რომ სხვა ადამიანი ხარ, და სულ აქამდე სხვა ცხოვრებით გიცხოვრია.

შენთვის აქამდე ცნობილი ობიექტური რეალობა საერთოდ ირღვევა, როცა კატეგორიულად გიცხადებენ, რომ პირწავარდნილი ნარკომანი ხართ და ჯარიმის გადახდაც გეკუთვნით.

“მგონი ეხლაც კაიფშია, თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული? გადავიყვანოთ?” – გამოცდილი თვალით მათვალიერებდნენ კრიმინალისტები.

თუ გაგიმართლათ და შეძელით პოლიციის თანამშრომლების დაარწმუნება იმაში, რომ ვიღაცაში შეეშალეთ, ბონუს კითხვასაც მიიღებთ: იცნობთ თუ არა ვინმე “გოგიტას”? ამაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემდეგ ჭკუით ყოფნისაკენ მოგიწოდებენ და თავს განებებენ.

მსგავსი შემთხვევები ძველ პრაქტიკას მოგაგონებთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები უხვად “ასაჩუქრებდნენ” მათ მიერ შერჩეულ მსხვერპლს ნარკოტიკული ნივთიერებებით. შესაბამისი ორგანოები გვარწმუნებენ, რომ მას შემდეგ ვითარება სერიოზულად გამოსწორდა, სამაგიეროდ ზემოაღწერილი პრეცენდეტები სადღეისოდ მიღებული ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდების ეფექტიანობის ხარისხზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში უკვე გამოვლენილ მოხმარებლზე კონტროლის დაწესებაზე მეტად პოლიციას დამნაშავეთა გამოაშკარავება უფრო ეადვილება ამგვარი, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. ამასთან, პოლიციის მთავარ ამოცანად ჯარიმების აკრეფით ბიუჯეტის შევსება გვევლინება.

მაშინ როცა კრიმინალური პოლიცია სუსტი აღნაგობის ახალგაზრდებზე ნადირობს და ჯარიმების ამოღებაზე ზრუნავს, ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის დონე წლიდან წლამდე მატულობს. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და გასაღების 8699 შემთხვევა, რაც 2007 წლის მონაცემს 2.3%-ით აღემატება და ამიერკავკასიის მასშტაბით უპრეცენდეტოდ მაღალი მაჩვენებელია.

ზუსტი მონაცემები ნარკომანიის გავრცელების მასშტაბებზე არ მოიპოვება, თუმცა არსებული ვითარების შესახებ სტატისტიკაზე უფრო თვალნათლივ ქუჩებსა და სკვერებში დაყრილი ნახმარი შპრიცების სიმრავლე მეტყველებს.

რედაქტორის შენიშვნა: I-მედია ვერ დაუკავშირდა კრიმინალური პოლიციის განყოფილებას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად

Sunday, April 12, 2009

პლასტიკური ანგარიშსწორება

თეონა გონგლაძე

თბილისი. 13 აპრილი, 2009.


ახალი პლასტიკური ბარათების საშუალებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის პროცედურა გამარტივდა. მერიის ჩანაფიქრით, სტუდენტური ბარათები ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას ჩაანაცვლებს როგორც საქალაქო ტრანსპორტში, ისე სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს ბანკის ახალ სტუდენტურ ბარათებზე ორი სახის ანგარიშია მიბმული – სატრანსპორტო და საბანკო. მეტროსა და ავტობუსებში დამონტაჟებულ სალარო-აპარატებში გატარებისას ბარათის სატრანსპორტო სეგმენტს შესაბამისი თანხა ეჭრება. თანხის შევსება მხოლოდ მეტროსადგურებში განთავსებულ საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბარათის სატრანსპორტო ნაწილს ბანკის მომსახურების საკომისიო გადასახადი არ ერიცხება.

ბევრი სტუდენტი ტრანსპორტის პლასტიკური ანგარიშსწორების უპირატესობაზე მალევე ალაპარაკდა. “როგორც იქნა თავი ავარიდე ფულის გადახურდავების რთულ და მომაბეზრებელ პროცედურას. მიხარია, რომ რკინის მონეტებისათვის მაღაზიიდან მაღაზიაში დაუსრულებელი ხეტიალი აღარ მომიწევს”, - ამბობს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი მარი გოგნაძე.

ბარათის მეორე, ე. წ. საბანკო კომპონენტის საშუალებით შესაძლებელია ჩვეულებრივი საბანკო ოპერაციების ჩატარება, როგირიცაა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შეძენილი საქონლისა თუ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა. სტუდენტისთვის, რომელიც ბარათის ან ფუნქციას გააქტიურებს, გაიხსნება შესაბამისი ანაბარი საქართველოს ბანკში. მეანაბრე სტუდენტი უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტით: ინტერნეტბანკი, მობილბანკი და ტელეფონბანკი.

სატრანსპორტო ანგარიშისგან განსხვავებით, რომელიც საკომისიო გადასახადს არ ითვალისწინებს, საბანკო ანგარიშს ყოველთვიურად მომსახურების ტარიფი აკლდება ერთი ლარის ოდენობით. საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვა საქართველოს ბანკის ნებისმიერი ფილიალში შეიძლება. სტუდენტურ ანაბარზე 100 ლარის/აშშ დოლარის/ევროს ზემოთ განთავსებულ დანაზოგს დაერიცხება სარგებელი, ლარში დაგროვილ თანხას – წლიური 10%, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 7%. ბარათით სარგებლობის ვადა ერთწლიანია და 16 მარტიდან 1 მაისამდე უფასოდ გაიცემა.


სტუდენტი გიორგი ხოტივრიშვილი საქართველოს ბანკის ამ შეთავაზებამ დიდად ვერ მოხიბლა. ,,საბანკო სეგმენტის დატვირთვას ვერ ვხვდები”, - ამბობს გიორგი. ,,სტუდენტის შემოსავლები ბანკში ანგარიშის გახსნას ნამდვილად ვერ გაწვდება... ჩვენთან ეს რა შუაშია? უკეთესი რამე უნდა მოეფიქრებინათ”.

განსხვავებული აზრი აქვს მესამეკურსელ თეა გრიგალაშვილს. სტუდენტური ბარათის შემოღების შემდეგ რაიონში მცხოვრები მშობლები, რომლებსაც იგი იშვიათად ნახულობს, თეას ჯიბისა და მგზავრობის ფულს ახლა უკვე ერთ ანგარიშზე ურიცხავენ.

სტუდენტების მოსაზიდად საქართველოს ბანკი სპეციალურ გათამაშებასაც აწყობს. სამ თვეში ერთხელ ბანკი 20 გამარჯვებულს გამოავლენს და მათ სამთვიან სტიპენდიას გადასცემს 100 ლარის ოდენობით. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ყველაზე აქტიურად ის სტუდენტი დასახელდება, ვინც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათს ყველაზე ხშირად გამოიყენებს. ყველაზე ხელგაშლილს, თუ სტუდენტზე საერთოდ შეიძლება ეს ითქვას, დიდი მოცულობის თანხის დახარჯვის მიხედვით აირჩევენ. ყველაზე წინდახედული საბარათე ანგარიშზე ყველაზე დიდი დანაზოგისთვის გამოვლინდება. სატრანსპორტო ანგარიშს გათამაშებაში არ ითვალისწინებენ.

Saturday, April 11, 2009

ჩვენებური “ქლაბინგის” გაზრდილი შესაძლებლობები

თბილისი. 27 მარტი, 2009

თბილისი ჯერჯერობით არ შემდგარა როგორც კლუბური ცხოვრების კერა, მაგრამ დედაქალაქი “ქლაბერებს” სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კვირის დასასრულს კლუბური სივრცე ელექტრონული მუსიკით იმუხტება, დისკო-განათება ციმციმებს და ბარმენები ნაირფერ კოქტეილებს აზავებენ. იმართება თემატური საღამოები, ჩამოდიან ,,ცხელ-ცხელი” დიჯეები და ხშირად დილამდეც მიდის როკვა. ყველაზე პოპულარ კლუბებთან განტვირთვის მსურველთა რიგები დგება, ექსკლუზიურ დაწესებულებებში კი უბრალო მოკვდავთა მოხვედრა ტრადიციული მეთოდით - ნაცნობობისა და ჩაწყობის - საშუალებით ხდება. თაკო გელბახიანის გზისმკვლევი თბილისის კლუბურ სამყაროში:

“კუბიკი”, “ბამბა რუმზი”, “გურუ”, “ნაით ოფისი” – ეს დღევანდელი ღამის ცხოვრების ეპიცენტრებია, რომლებიც ,,ქლაბერებს” ნაირ-ნაირ გარემოსა და მუსიკალურ მიმდინარეობათა სრულ გამას სთავაზობენ. მათ, ვისაც ფული ემეტებათ ან ღამის გართობის მესვეურებთან პირადი ნაცნობობა აკავშირებთ, სასურველი არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდებათ. მზარდ კონკურენციასთან ერთად დღითი დღე იხვეწება მომსახურება, ინერგება მრავალი სიახლე და მკაცრდება კონტროლი სასმელსა და ნარკოტიკებზე.

ქლაბერები დღეს იმ შავბნელ დროს იხსენებენ, როდესაც ,,ნაით ოფისის” გარდა სხვა წასასვლელი არ ჰქონდათ. “იყო დრო, როცა მე და ჩემი მეგობრები ვისხედით და ვფიქრობდით, თუ სად წავსულიყავით გასართობად”, - იხსენებს 21 წლის გიორგი მონიავა. “დღეს კი ბევრი ახალი კლუბია, თითქმის ყველგან საინტერესო დიჯეები ჩამოდიან და ახლა შეიძლება იმაზე ვიდაოთ, თუ რომელ კლუბში ჯობს წასვლა.”
.
ელექტრონული ჰანგების მოყვარულთა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ღამის კლუბი ,,კუბიკი”. აქ ასევე ჟღერს ჯაზი ცოცხალი შესრულებით. რჩეულთა ვიწრო წრე VIP ბარათებით სარგებლობს და კლუბში უფასოდ შედის. როგორც გაირკვა, ამ პრივილეგიის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლაა საჭირო. წარმატებას აღწევენ მუდმივი კლიენტები და ისინი, ვინც ადმინისტრაციაში ნაცნობ-მეგობრები გამონახა. .


თანამედროვე ურბანულ რითმებზე ცეკვა ,,ბამბა რუმზში” სამშაბათობით გამართულ ,,R&B ფართიზეა” შესაძლებელი, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლადგახსნილ კლუბში შესასვლელად ,,ფეის კონტროლის” ტესტს გაივლის. პარასკევი და შაბათი აქაც ელექტრონული მუსიკის მიქსებს ეთმობა. ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დიჯეი უკრავს ან რა საღამო ტარდება. უცხოელი დიჯეების საღამოზე შესვლა საშუალოდ 50 ლარი ჯდება, ხოლო ნაციონალური ტალანტების შემოქმედების მოსასმენად 30 ლარიც საკმარისია.
.
,,Deep House”-ს მოყვარული ნია ტყეშელაშვილის ,,ბამბას” ერთგული სტუმარია. ,,თუ თბილისში ვინმეს ნახვა გინდა აქ უნდა ნახო, რადგან თუ კარგი დიჯეი ჩამოდის, ყველა აქაა”, - ამბობს ნია.
.
არც ისე დიდი ხნის წინ თბილისური კლუბების ამქარს შეემატა მრავალპროფილიანი “გურუ”. აქ ეწყობა საღამოები ცნობილი მომღერლების, ჯგუფებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დიჯეების მონაწილეობით. დილამდე მოცეკვავე გამრჯე გოგონები სტუმრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ.
.
სასმელს რაც შეეხება, ესეც, სხვა დანარჩენთან ერთად ქლაბერის შემოსავლებსა და კონკრეტული საღამოს განწყობაზეა დამოკიდებული. როგორც ,,ნაით ოფისის” ბარმენები ამბობენ, ქართველი ქლაბერების რჩეული სასმელი არაყში გაზავებული “რედ ბულია”, ხოლო მეორე ადგილი “ლონგ აილენდს” უკავია.
.
2006 წლიდან მოყოლებული “ნაით ოფისი” ღამის ცხოვრების ფლაგმანი გახდა. აქ ჩატარდა საღამოები იმ დიჯეების მონაწილეობით, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან განთქმულნი: M.A.N.D.Y, Dj Linus, Freq Nasty, Supermen lovers, Gordon Edge.
.
,,ნაით ოფისის” მენეჯერმა გუგა ახალაძემ უარყო თბილისში ბოლო დროს გავრცელებული ხმები კლუბის შესაძლო დახურვის შესახებ. მისი თქმით, 1000-კაციანი ტევადობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამის გართობის ადგილი კიდევ ბევრ სახელგანთქმულ დიჯეის უმასპინძლებს.
.
მზარდი არჩევანის მიუხედავად ქლაბინგის ბევრ ესთეტს მიაჩნია, რომ ეროვნულ ინდუსტრიაში ,,დონე” არ არის და მაინც ევროპის მეტროპოლისების მჩქეფარე ღამის ცხოვრებას შეჰნატრის.


მას შემდეგ რაც ბერლინის ლეგენდარულ ღამის გართობას გაუგო გემო, 19 წლის რეზი გეგეშიძეს მამა-პაპური კლუბებისკენ გული აღარ მიუწევს და ისევ საშიანო პირობებში ურჩევნია გართობა. “[...] იქაურ კლუბებს თბილისურისას ნამდვილად ვერ შევადარებ, რადგან სულ სხვა დონეა”, - ამბობს რეზი. “აქ კი ყველამ იცის, რომ უმეტესობა ,,სამარიაჟოდ” დადის. ვერ ვეგუები აქაურ კლუბურ სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები ღამის გართობაზე.”

Friday, April 10, 2009

სასწავლო ოლიმპიადები

ია პატატიშვილი
თბილისი. 10 მარტი, 2009.

სასწავლო პროცესის წახალისების მიზნით განათლების სამინისტრომ სასკოლო ოლიმპიადები უფრო ,,მასშტაბური და მრავალფეროვანი” სახით აღადგინა.

ოლიმპიადები ჩატარდება ყოველწლიურად არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ცნობით, ოლიმპიადა არსებულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს, მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა და ეროვნებისა. ტესტები გარდა ქართულისა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იქნება.

როგორც ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა და, ასევე, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის გაძლიერება.

რაც შეეხება საოლიმპიადო საგნებს, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ინფორმატიკა. სამომავლოდ ამ სიას კიდევ რამდენიმე საგანი დაემატება. თითოეულ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა ორ განსხვავებულ საგანში გამოავლინოს.

“მე 28 მარტს მქონდა ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში”, - ამბობს 13 წლის მარი. ,,ჩამიტარდა სანზონის 32-ე სკოლაში. ძალიან მომეწონა ტესტირების პროცესი და მინდა მომავალ წელსაც მივიღო მონაწილეობა. ახლა სწავლის ხალისიც უფრო მეტი მაქვს’’.

ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური იქნება შესარჩევი, მეორე –რეგიონული, ხოლო მესამე – დასკვნითი. უმაღლესი შეფასების მქონე პირველი ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში ეცდება გამარჯვების მოპოვებას. ასევე გამოვლინდება ათი საუკეთესო სკოლა.
.
“ახლა ოლიმპიადა ბევრად უფრო ორგანიზებულია. ცხადია, ბევრ სასიკეთო შედეგს მოიტანს: გამოვლინდებიან ნიჭიერი მოსწავლეები, გაკვეთილებიც სასიამოვნოდ , საინტერესოდ ჩაივლის და არ დამჭირდება შვილისთვის მუდამ სწავლაზე ჩიჩინი”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

Monday, April 6, 2009

ბრძოლა ვარსკვლავის ტიტულისთვის

ნატო ლეჟავა
თბილისი. 7 აპრილი, 2009

პოპ-ვარსკვლავობის მორიგი პრეტენდენტი გუშინ დიდების მწვერვალისკენ მიმავალი გზიდან ბოდიშის მოხდით უკან გააბრუნეს, ხოლო კიდევ ერთის ბედი ჰაერში გამოკიდული დარჩა.



პერსპექტიული ახალგაზრდები, უძილო ღამეები, შარიანი პედაგოგების საყვედურები, შეუპოვარი ბრძოლა აღიარებისთვის და ლოყებდახოკოლ გულშემატკივართა არმია - ტელეეკრანზე ვარსკვლავების აკადემიის მეორე სეზონი ბობოქრობს.


მუსიკისა და სანახაობის მორიგი ზეიმის დასასრულს ფანებს არჩევანის გაკეთება ნუცი ჯღამაძესა და მაკუნა გოჩიაშვილს შორის მოუწიათ. როგორც ჩანს, მაკუნას შესრულებამ ხელში მობილურებმომარჯვებულ აუდიტორიაზე იმოქმედა, და არჩევანიც მის სასარგებლოდ გაკეთდა. ნუცი კი ჩამქრალ ვასკვლავთა რიცხვს შეურთდა.

აკადემიაში წარმატების მისაღწევად ნიჭი, მონდომება და გულშემატკივართა მხრადაჭერაა საჭირო, რაც ტექსტური შეტყობინებების რაოდენობით გამოიხატება. პოპულარული რეალური შოუს ქართულმა ვერსიამ როგორც თინეიჯერების, ისე უფროსი თაობის წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა.

19 წლის სალომე შოუს ვეტერანი მაყურებელია და მიმდინარე სეზონის ფავორიტებიც შერჩეული ჰყავს. ,,ალეკო და თემო მომწონს, ,,მაგარი~ ნიჭიერი ბიჭები არიან. მგონია, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი მოიგებს,” – ამბობს სალომე, რომლის შარშანდელმა რჩეულმა – დიტო ლაგვილავამ – მოლოდინი გაამართლა.

სკოლის მოსწავლე თეონას კი სოფო ტოროშელიძე იმპონირებს. ,,ცოტა დიდი რომ ვიყო, მეც სიამოვნებით მივიღებდი [შოუში] მონაწილეობას,” ამბობს თეონა.

ერთგულ გულშემატკივართა ფხიზელი თვალი ინტერნეტით უმზერს თუ როგორ ასრულებენ კონკურსანტები საშინაო დავალებას, რაშიც მათ ცეკვის, მუსიკისა და ინგლისურის პედაგოგები ეხმარებიან. თავიანთი შრომის შედეგებს სტრუდენტები ორშაბათობით ტელემაყურებელსა და ჟიურის წარუდგენენ. ამის შემდეგ დაუნდობელი ჟიური ორ აუთსაიდერს ასახელებს. მათ შორის არჩევანის გაკეთება მაყურებლის პრეროგატივაა.


17 წლის გუგა არც ერთ კონცერტს არ ტოვებს და ამომავალ ვარსკვლავთა სავანეში მიმდინარე მოვლენებს ინტერნეტით ადევნებს თვალყურს. ,,[...] ზოგიერთ მაყურებელს მონაწილეების ცხოვრება უფრო აინტერესებს, ვიდრე ნამღერი, ისინი კი ამას გვიჩვენებენ”, - ამბობს გუგა და იქვე დასძენს, რომ ჟიური ნერვებს უშლის. ,,მე მგონი, არც ისე ობიექტურები არიან.”


ვარსკვლავის წოდებისთვის ერთმანეთს თავდაპირველად 14 მონაწილე ეცილებოდა. რეალურ შოუს უკვე ბინადარი მოაკლდა (ნუცი ჯღამაზე, ვაჟა მანია, გიორგი ფოჩხუა და ლევან ჯიბლაძე). გოგა მესხის ვარსკვალვიც შეიძლება ვეღარ აკაშკაშდეს ქართული ესტრადის კაბადონზე - გუშინ მან აუთსაიდერეთა რიცხვში გადაინაცვლა.

Sunday, April 5, 2009

ქუჩის ავტორბოლა – თბილისური ,,დრიფტი”

გიორგი სიხარულიძე
თბილისი. აპრილი 5, 2009.

თბილისელებს სულ უფრო ხშირად უფრთხობს ძილს საბურავების წივილი და შესაძლებლო- ბების ზღვარზე მისული ძრავების ღმუილი. გამარჯვების ჟინით შეპყრობილი ღამის მრბოლელები გამეტებით უმტკიცებენ ერთმანეთს საკუთარ უპირატესობას, გადაცემა ,,პატრულში” კი სულ უფრო ხშირად იხილავთ ხეზე შემოხვეულ ნაირ-ნაირ მანქანებს.


მიმდინარე წლის მარტო თებერვლის თვის მონაცემებით, დედაქალაქში 205-დე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8 ფატალური შედეგით. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 7.9%-ით გაიზარდა, რისთვისაც მნიშნელოვანწილად უნდა ვუმადლოდეთ ე.წ. ,,სთრით რეისინგს” ანუ რისკიანი მძღოლების მიერ ქალაქის ქუჩებში გამართულ შეჯიბრებებს.


,,სთრით რეისინგი’’ პროფესიონალური ავტორბოლის ქუჩური გამოძახილია. ვინაიდან ავტორბოლა ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ სპორტის სახეობებს განეკუთვნება, ბევრი ავტო მოყვარულისთვის პროფესიონალურ შეჯიბირში მონაწილეობა აუხდენელ ოცნებად რჩება. შეუმდგარმა ავტომრბოლელებმა გამოსავალი მონახეს. დღეს ისინი თავისი ოსტატობის დამტიკიცებასა და აღიარების მოპოვებას ღამის ქუჩებში ცდილობენ.


რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი მრბოლელი? ეს კითხვა რალის ბევრგზის მსოფლიო ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ლიობს რომ დაუსვათ, ამაყად გიპასუხებთ სურვილიო, თითქოს მართლაცდა მეტი არაფერი იყოს საჭირო.


მაშინ ამ კითხვას ერთი ზედმეტი სიტყვა – პროფესიონალი – მოვაშოროთ: რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდე მრბოლელი? ახლა უფრო ესადაგება მისიე სების პასუხი ,,სრით რეისინგის” შინაარსს, ვინაიდან პროფესიონალურ ასპარზეზზე სურვილთან ერთად ცოტა არ იყოს უნარიც არის საჭირო.


რომ შევაჯამოთ, იმისთვის რომ საქართველოში მრბოლელი გახდე საჭიროა უბრალოდ სურვილი... და ,,BMW”. მას შემდეგ რაც, ქართველებმა კომპიუტერით “Need for Speed: Underground''-ის თამაშით გული იჯერეს და ტელეეკრანებით მხატვრული ფილმი “ფორსაჟი” იხილეს, საქართველო რის საქართველო იქნებოდა, რომ არ გადასდებოდა ,,სთრით რესინგის” ციებ-ცხლება, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. შედეგად, საზღვარგარეთიდან დიდი რუდუნებითა და წვალებით ჩამოყვანილი ,,BMW”-ები ერთი მეორის მიყოლებით ავსებენ ეროვნული ჯართის მარაგებს.

მძლავრი მანქანები და მათი ნეონებით განათებული ღამის ქუჩები, აჩქარებული პულსი, აღტკინებული გოგოები, ფული, ალკოჰოლი, ხმამაღალი მუსიკა და აღიარება - ასე გამოიყურება ექსტრემალების წარმოდგენაში სამოთხე.

ჩვენს რეალობაში და განსაკუთრებით გადაცემა ,,პატრულის” ობიექტივში ,,სთრით რეისინგი” ბევრად უფრო ყოფითად გამოიყურება. დიდი ქალაქის ჭრელ ნეონებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მოკრძალებული განათება ცვლის, მძლავრი ძრავების ღრიალს – ჯაგლაგების წყრომით აღვსილი ფახფახი, ხოლო თაყვანისმცემელთა შეძახილებს – დამფრთხალ ფეხითმოსიარულეთა და სხვა მძღოლთა ლანძღვა-გინება. ერთი სიტყვით, ეს ცალკეული თავზეხელაღებული მძღოლების გატაცებაა უფროა, ვიდრე არაფორმალური კლუბი, სადაც თამაბაქოს კვამლში გახვეული, გოგონებით გარშემორტყმული რისკის მოყვარულები ჩამოდიან ფსონებს.


ამ მხრივ ჩამორჩენილობას როგორღაც აიტანდა კაცი - ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ფეხს ვიდგამთ ამ დარგში. სამწუხარო ისაა, რომ ხშირ შემთხვევებში ის კამიკაძეები, რომლებიც თავს ,,სთრით რეისერებს” უწოდებენ თავისი და სხვისი ტრაგედიის მიზეზი ხდებიან.

Thursday, April 2, 2009

მადლობა მოწევისთვის

თბილისი. 28 მარტი, 2009

ფორმალური აკრძალვის მიუხედავად მოზარდები დღეს თავისუფლად ყიდულობენ სიგარეტს თბილისის მაღაზიებში. ბლოგერ თაკო მერაბიშვილს დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის ჯიხურთან დიდ ხანს დადარაჯება არ დასჭირვებია, რათა დარწმუნებულიყო, რომ არასრულწლოვნებს შეუფერხებლად შეუძლიათ სიგარეტის შეძენა, ხოლო გაფრთხილება ,,მოწევა იწვევს სიკვდილს’’ ახალგაზრდებს დიდად არ ანაღვლებთ.

სიგარეტის კოლოფზე მოკრძალებული ზომის შრიფტით გაკეთებულმა წარწერებმა, რაც სადღეისოდ ერთად-ერთ მასშტაბურ პრევენციულ ზომას წარმოადგენს, 21 წლის ანას სიგარეტის მოწევა ვერ მოაშლევინა. ,,მიჩნდება მოწევის სურვილი და ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს", - ამბობს ანა.

ჩანს გამაფრთხილებელ წარწერებზე მეტად თამბაქოს რეკლამა ჭრის და შედეგად 13-დან 16 წლამდე ქართველი ახალგაზრდების 20% ანასავით აქტიური მწეველია. 42%-ს - გაუშინჯავს, ხოლო 93%-ს გინდა არ გინდა თამბაქოს კვამლში უწევს ყოფნა.
.
ერთ-ერთ სიგარეტის ჯიხურზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ თამბაქოს ნაწარმს განსაკუთრებით მოზარდები ეტანებიან. ხსენებული ჯიხური მუშტარის ნაკლებობას არ უჩივის და დღეში 90-მდე სიგარეტის კოლოფს ასაღებს.
.
ექსპერტები მოწევის დაწყების მიზეზებად ასახელებენ სტრესს, ჩამოუყალიბებელ ფსიქიკასა და ცნობისმოყვარეობას - ერთი სიტყვით ყველაფერ იმას, რაც გამორჩეულად ახასიათებს ახალგაზრდებს. მეგობრების წრეში გაბოლებული სიგარეტი ახალგაზრდას თავდაჯერებულობას მატებს და ხშირად სოციალური მიმბაძველობის შედეგია. ერთ ღერს მეორე მოყვება და საბოლოოდ ყალიბდება ნიკოტინზე დამოკიდებულება.

სიგარეტზე დამოკიდებულებას ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განზომილებები გააჩნია. ნიკოტინი ადამიანის ტვინში სიამოვნებისა და ეიფორიის მარეგულებელი არხების სტიმულირებას ახდენს და სასიამოვნო, გამაბრუებელი ეფექტი მოაქვს.
.

მწეველის გადასაწყვეტია უღირს თუ არა ეს მსუბუქი შეგრძნება კიბოსა და სხვა მძიმე დაავადების ფასად, რომლებსაც იწვევს ეს ტოქსინი, რომლის ერთი წვეთი დარიშხანზე სამჯერ უფრო სასიკვდილოა. თუმცა, ჩვევა ჯრულზე უმტკიცესია და ქართველები მადიანად ვურტყამთ ნაფაზებს და გარშემო მყოფ ადამიანებსაც გულმოდგინედ ვაბოლებთ მავნებელ კვამლს.
.
ნერვული სისტემის ფუნქციებში გამოწვეული ცვლილებების გამო სიგარეტის მინებება ფიზიოლოგიურ დისკომფორტს უქმნის სტაბილურ მწეველს და მისგან მნიშვნელოვან ნებისყოფას მოითხოვს. “მოწევის მინებება მეტად იოლი რამ არის. მე ეს დამანდვილებით ვიცი, ვინაიდან ერთი ათასჯერ მაინც მიმინებებია”, - ამბობდა მარკ ტვენი.
.
33 წლის ნანა ამერიკელ სატირისტზე უფრო მეტი სიმტიკიცე გამოიჩინა. ერთ დროს აქტიურ მწეველს დღეს სიგარეტის სუნიც კი აღიაზიანებს. ,,8 წელი ვეწეოდი და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ უაზრო აკვიატებაა’’, - ამბობს ნანა. ,,საშინლად არ მსიამოვნებს როცა სხვისი თამბაქოს გამონაბოლქვს ვსუნთქავ".
.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მოწევა სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ცუდი ტონის მაჩვენებელი. ქართულ საზოგადოებაში კი მხოლოდ მწეველ მანდილოსნებს თუ უყურებენ ალმაცერად, ისიც ,,სიგარეტსაც მოწევს და ყავასაც დალევს’’ პრინციპით. ქართველ ვაჟკცის კი მოწევას არათუ არავინ დააყვედრის, არამედ ხშირად მამაკაცურობის ატრიბუტადაც კი მოიაზრება.
.
დასავლეთის ქვეყნებში, რომლებსაც სიგარეტის მოწევის გავრცელებას უნდა ვუმადლოდეთ, დღეს აქტიურად იზღუდება სიგარეტით ვაჭრობა და მოხმარება. რომ არა განვითარებადი ქვეყნების ფართე და მომლოდინე ფილტვები, სიგარეტის მწარმოებელ კომპანიებს პროფილის გამოცვლა მოუწევდათ. მათ სანუგეშოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში თამბაქოს მიმართ დამოკიდებულების გამკაცრებისთვის ჯერს არავის ცხელა.