Saturday, May 16, 2009

ომობანა უფროსებისთვის

მიხეილ ნანობაშვილი
თბილისი. 16 მაისი, 2009.

ამერიკელები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი გაცილებით მეტნი არიან, ტყვიები სეტყვასავით ცვივა, ალყაშემორ- ტყმული კოლუმბიე- ლები გამეტებით იგერიებენ მტერს. ,,მოვკვდი, დაჭრილი ვარ!” – აღმოხდა ერთბაშად ორ კოლუმბიელ პარტიზანს. კოლუმბიელებმა უკან დაიხეს და ორი მომაკვდავი თანამებრძოლი გამარჯვებულთა გულმოწყალების იმედად დარჩა. სინამდვილეში არც ერთი იყო ლათინური ამერიკის მკვიდრი, არც მეორეს ენახა როდესმე კარიბის სრუტე - ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.
.
უკვე რამდენიმე წელია, რაც სამხედრო-სპორტულ თამაშს ,,სტრაიკბოლს”, იგივე ,,Airsoft”, საქართველოშიც გაუჩნდა მიმდევრები. ,,ალბათ, იკითხავთ, “სტრაიკბოლი” რაღა ჯანდაბააო. მარტივად აგიხსნით, ბავშვობაში ამ თამაშს ომობანას ვეძახდით. ასაკისთვის შეუფერებელი თამაში? ასე საზოგადოება თვლის, თორემ მონაწილეებს რომ გვეთაკილებოდეს ყოველივე ეს, აღარც ვითამაშებდით, ლოგიკურია არა?” – ამბობს უკვე ვეტერანი სტრაიკერი მეტსტახელად ,,ზვიგენა.”
.
ეს თამაში, რომელშიც როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული მეომრები მონაწილეობენ, ჩამოყალიბდა გასული საუკუნის სამოცდათიან წლებში, ომის შემდგომ იაპონიაში. ამ დროს დამარცხებულ იაპონიას მოკავშირეების მიერ აკრძალული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენება და პოლიციელების წვრთნა სუროგატი იარაღის საშულებით ხორციელდებოდა.
.
საქართველოში ,,Airsoft”-ის სულისჩამდგმელი არის უჩა აბაშიძემ, რომელიც თანამებრძოლთა რიგებში ,,კიბორგ-მაკლაუდის” სახელით არის ცნობილი. დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყოველკვირეულად თბილისის მახლობლად სასტიკი ბრძოლები იმართება. ერთ-ერთ ასეთ შეტაკებაში, სადაც იანკებმა და ლათინოსებმა პლასტმასის ტყვიები წაუშინეს ერთმანეთს, გასაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა I-მედიას ჟურნალისტი მიხეილ ნანობაშვილი.
.
შეკრება ტრადიციისამბერ კვირას დილით გაიმართა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ესალმება. ბრძოლის დაწყებამდე მეომრები ერთმანეთს უფასებენ იარაღებს, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღის პნევმატური ასლებია. დათქმულ ადგილას მისვლის მერე დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობს. იწყება გამალებული მზადება ბრძოლისთვის: იარაღების შემოწმება, ტყვია-წამლის მომარაგება, სამხედრო ეკიპირების მოწესრიგება.
.
ჯგუფი ორად გაიყო. როგორც გაირკვა, კოლუმბიელი აჯანყებულების სამთო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაიპარა ტყვე, რომელმაც დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია და რუქა მიაწოდა ამერიკელთა სპეცალური დანიშნულების რაზმს. აჯანყებულებს ბაზაზე კიდევ ორი მძევალი ჰყავთ. ასევე ცნობილია, რომ ამავე ბაზაზე ინახება აჯანყებულების იარაღი და ფული. ამერიკელთა სპეცრაზმს განზრახული აქვს დესანტი გადმოსხას, გაიკვლიოს გზა დასახლებულ პუნქტამდე და გაათავისუფლოს მძევლები. მათი ამოცანაა ასევე განადგურდეს მოწინაამღდეგის შეიარაღება და ფულის ტომრები.

მძევალი გაქცევის შემდეგ, კოლუმბიელებმა შესაძლო თავდასხმის მოლოდინში ბაზაზე დაცვა გაამკაცრეს. ასეთ ვითარებაში იწყება სამხედრო ოპერაცია. კოლუმბიელების ბაზასა და ამერიკელების საწყის წერტილს შორის რამდენიმე კილომეტრია დაშორება. ჩვენ კოლუმბიელთა რიგებში ვართ.

თავდაპირველად დაზვერვაზე წავედით. საველე მეთაურები და გამოცდილი მოთამაშეები ნელ-ნელა გვასწავლიან საბრძოლო უნარჩვევებს: მიმიკას, ხელით მინიშნებებს, სამხედრო ტერმინებს და ქმედებებს. მტრის გამოჩენა ბაზას უნდა შევატყობინოთ რაციების საშულებით ან, ხელსაყრელ შემთხვევაში, პირდაპირ შეტევაზე გადავიდეთ.
.
სიტუაცია თითქოს ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მტერს არ სძინავს. წყეულმა იანკებმა მზაკვრული ტაქტიკის მეშვეობით, რაც დიდ მოთმინების, ბევრ სიარულისა და მდინარეში წელამდე დგომას გულისხმობდა, მოახერხეს ჩვენთვის გვერდის ავლა და ბაზას სამხრეთიდან დაესხნენ თავს. ჩვენი ჯგუფი დანარჩენების დასახმარებლად უკან გამოეშურა. მთავარია მომხდურ მტერს არ დავუთმოთ ბაზა, სადაც ინახება იარაღი და ფული და გამომწყვდეულნი არიან მძევლები.

ჩვენ იმ შენობის დაცვა დაგვევალა სადაც ფული ინახებოდა. ეს იყო ყველაზე დაძაბული მომენტი ჩვენთვის. ამერიკელთა სპეცრაზმი ჩვენს მოთმინებას ცდიდა. საათობით ველოდით რა მოხდებოდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მუხთალმა მტერმა სიცოცხლეს გამოასლამა ჩვენ ორი ამხანაგი. იმავე წუთს გვესმის ყვირილი: - ,,გაგვშიფრეს, გადავედით იერიშზე!”

ბაზის მიმართულებით სროლა ატყდა. ამერიკელი სპეცრაზმელების ნაწილი სწორედ ჩვენ მიერ გამაგრებულ პუნქტს უტევს. თავის გაყოფაც სახიფათო და საშიშია, ამერიკელები რაოდენობით გაცილებით მეტნი არიან და შესაბამისად ტყვიებიც დიდი რაოდენობით მოემართება ჩვენსკენ. ჩვენც ვცდილობთ პასუხი გავცეთ სროლით. ამერიკელები ბუჩქებს ეფარებიან და ძნელია გაარჩიო ვინ სად დგას, ისმის ჩვენი გუნდელების ხმები “დამჭრეს! ექიმი!” “მოვკვდი!”

განმარტებისთვის, ,,სტრაიკბოლში” სიკვდილის აღიარება მოთამაშის სინდისზეა. მას ვისაც არ შეუძლია რეალობას, ანუ სიკვიდილს თვალი გაუსწოროს, სტრაიკერი ვერ გახდება.
.
ამასობაში, კოლუმბიელები უკან ვიხევთ, მაგრამ არ ვთმობთ, ჩვენს უკან ხომ მშობლიური კარტახენაა. ამერიკელებიც, ჩვენზე არანაკლებ დაღლილები, წინ მოიწევენ. ორჯერ მეტნი არიან ჩვენზე, თუმცა ჩვენს რაზმში გამოცდილი სამხედროები იბრძვიან (მაგრამ არა ჩვენ) და ამან იმოქმედა დაკარგული სიმაღლეების დაბრუნებაზე.

საბოლოოდ რაღა თქმა უნდა მეგობრობამ გაიმარჯვა, ომში ხომ გამარჯვებული არ არსებობს. ბრძოლის ველი საშინელი სანახავია: ზოგს ფეხი აქვს ნატკენი, ზოგს სახე და ტანი აქვს გვარიანად დალურჯებული, ზოგსაც სისხლი მოსდის სახეზე. დაქანცული და იავარქმნილი მეომრები წყალს ითხოვენ, მაგრამ ყველა ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერია – ცოცხალიც და მოკლულიც. რატომ სისხლიანი სახეები? ვისაც დააინტერესებს თავად გამოცადოს ტყვიის, თუნდაც პლასტმასის იყოს, სიმწარე.

დისტანციური სწავლა

ელენე მახარობლიშვილი
თბილისი. 16 მაისი, 2009.
.
.
წლების წინ წარმოუდგე- ნელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტე- ტებში განათლების მიღება. დღეს ეს ადვილად შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, წინ წამოწია ,,ონლაინ სწავლა”, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაგაჩნიათ, დღეს შეგიძლიათ სასწავლო კურსი გაიროთ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.
.
ანა ჯობავა იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ონლაინ კურსები უკვე გაიარა. მისი აზრით ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულია მათთვის ვინც მუშაობს, განიცდის დროის დეფიციტს და ამავდროულად სხვა უნივერსიტეტის დასწრებული სტუდენტია. ,,ონლაინ სწავლება სტუდენტს აძლევს საკუთარი განრიგის უფრო მოხერხებულად ფორმირების საშუალებას. რა თქმა უნდა ამ პროგრამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში სტუდენტს არ ეძლევა კითხვის დასმის საშუალება,” – ამბობს ჯობავა.
.
თუმცა, გამოსავალი გარკვეულწილად აქაც მოინახა. სტუდენტებთან ინტერაქტიული ურთიერთობისთვის ზოგიერთი ინტერნეტ-პედაგოგი გარკვეული პერიოდულობით მართავს ვიდეო, სატელეფონო ან ვებ-კონფერენციების, სადაც აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა მაგალითად ,,სკაიპი”.
.
სასწავლო და დასაქმების პროგრამების საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარის გოჩა გოგუაძის თქმით, ონლაინ სწავლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1986-87 წლებიდან მოიკიდა ფეხი. ,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის სწავლება გახდა უმაღლესი განათლების, სტაჟირებისა და პროფესიონალური ზრდის ერთ-ერთი ფორმა,” – ამბობს გოგუაძე.
.
მისი თქმით, ამ მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. ,,როდესაც მე ვიყავი სტუდენტი 1989 წელს, ონლაინ რეჟიმში ვსწავლობდი ,,კალიფორნია დევისის” სხვადასხვა ფაკულტეტზე და ამავდროულად ვიყავი კალიფორნია ბერქლის დასწრებული სტუდენტი. ეს საუკეთესო საშუალება იყო ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მიმეღო განათლება.”
.
ონლაინ სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე, დასწრებული კურსის დამთავრების შემთხვევაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისით დარეგისტრირდეს ინტერნეტის მეშვეობით, კურსის დამთავრების შემდეგ კი საბოლოო გამოცდას აბარებს ბრიტანეთის საბჭოში საქართველოში, ან ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალურად ინტერნეტის მეშვეობით.
.
საქართველოში ამ სისტემამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. არჩევანის წინაშე მდგარი ადამიანები თითქმის ყოველთვის ადგილზე სწავლას ამჯობინებენ. ,,შეიძლება მართლაც კარგი იყოს ონლაინ რეჟიმში სწავლა, მაგრამ მე მაინც ადგილზე ვამჯობინებ განათლების მიღებას, ჯერ ერთი ლექტორთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მეორეც სწავლასთან ერთად უცხო ქალაქში ახალ მეგობრებსა და ნაცნობების გარემოცვაში ვიცხოვრებ, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია” -ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი თეონა მაღრაძე.
.
აღნიშნული მეთოდისადმი ინტერესის ნაკლებობას არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ პროფესორ-მასწავლებლებშიც ბევრი ხსნის იმით, რომ საზოგადოება არასწორად არის ინფორმირებული, ან, უფრო მეტიც, ბევრს საერთოდ არც სმენია ამასთან დაკავშირებით არაფერი.
.
მეორე კურსის სტუდენტ დათო ნამთალაშვილს არაფერი აქვს საწინააღმდეგო დისტანციური სწავლის მეთოდისა, მაგრამ არც მკაფიო წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი. ,,ბუნდოვნად მსმენია ამის შესახებ, მაგარამ ნათელი წარმოდგენა არ მაქვს. რატომაც არა ვისურვებდი ამ მეთოდით სწავლას, მე ვფიქრობ უფრო მეტი დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ მიჯაჭვული არ იქნები რაღაცა ერთ კერძო სექტორთან და შეგეძლება თან ისწავლო და თან სასურველი სხვა საქმე აკეთო,” – ამბობს ნამთალაშვილი.
.
დათოსაგან განსხვავენით მესამე კურსის სტუდენტ მინდია მინდიაშვილს არც არაფერი სმენია სწავლის აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით და არც იცის სად შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს. ,,არაფერი გამიგია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და წარმოდგენაც არ მაქვს სად შეიძლება გავიგო ამაზე რამე.”
.
სტუდენტებთან საუბრიდან ჩანს, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცაღა საწინააღმდეგო არც არაფერი აქვს. ზოგისთვის ეს მოსაწონია, ზოგისთვის არა და მაინც არჩევანის წინაშე რომ დააყენო, თითოეულ მათგანი საზღვარგარეთ წასვლასა და ადგილზე სწავლას ამჯობინებს.
.
ცნობილი უნივერსიტეტების და ორგანიზაციების ონლაინ კურსები:
ბრიტანეთის საბჭოები

Friday, May 15, 2009

ბოშათა ხანა თბილისში

ხატია ხარებავა

თბილისი. 15 მაისი, 2009


დედაქალაქში მომრავლებული მაწანწალა ბავშვების მოგერიება დღითიდღე ძნელდება. შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანას შეესევიან, კაფეს ან მაღაზიას დალაშქრავენ, ფეხითმოსიარულეს აედევნებიან ,,და-ამეხმარე-ე”-ს ძახილით – ასე აგრძელებენ მათხოვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ბოშები, რომლებსაც სხვადასხვა დროსა და ადგილას რომანის, ბოჰემიელების, ფარაონთა ტომისა თუ ციგნების სახელით იცნობდნენ. დღეს ქალაქის ქუჩებში მოთარეშე უძველესი ინდური ტომის პატარა შთამომავლები თბილისელებში ან სიბრალულს იწვევენ, ან ზიზღსა და აგრესიას.


10 წლის ვალერი დილის ცხრა საათზე იკავებს პოსტს ალექანდრე ყაზბეგის გამზირზე და საღამოს ექვსს საათამდე ხელგაწვდილი ელოდება მოწყალებას. ,,სამი წლიდან აქ ვდგავარ,” – ამბობს ვალერი. ,,მინდა ამით ჩემს მშობლებს ოდნავ მაინც დავეხმარო.”

პატარა ინდ. მეწარმე, რომელიც ,,აფრიკის” დასახლებაში ცხოვრობს, სკოლაში არ დადის მაგრამ ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში კერძოდ ემზადება. ,,მთელი ცხოვრება ქუჩაში მათხოვრობას არ ვაპირებ,’’ – განაგრძობს ვალერი. ,,მინდა მქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ჩემს მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრებ.”

ვალერისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად გამვლელთა სიმპათიას იმსახურებს, გულნარა ქუჩის რისხვაა. ,,როდესაც ვიღაცას მივადგები და ფულს ვთხოვ, აუცილებლად უნდა მომცეს,” – განმარტავს თავის მოტივაციასა და ტაქტიკას აშარი გულნარა. ,,მეც როგორც ყველას ჭამა მიყვარს და ამისთვის ფული მჭირდება. თუ არ მომცემს იმას, რასაც ვთხოვ, მაშინ ვემუქრები. შემიფურთხებია კიდეც და თმებიც მომიჭრია გოგონებისთვის. ერთხელ ერთი გოგო უხეშად გველაპარაკა. მე და ჩემმა მეგობრებმა კი ვცემეთ და ჩანთაც წავართვით.”


გულნარასნაირები საზოგადოებაში ბოშების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევენ. ,,საზიზღრები და ბინძურები არიან, ამავდროულად საშინლად უმადურებიც,” – ამბობს სტუდენტი ეკა. ,,ერთხელ ორი მათგანი მოვიდა ჩემთან და ფული მთხოვა. ორივეს მივეცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ერთისთვის უფრო მეტი მიმიცია, ვიდრე მეორესთვის. ძალიან გამიბრაზდა და ფული სახეში მომაყარა. რაღაც თავის ენაზეც მომაძახა და გაბრაზებული წავიდა.”

ბოშები მათხოვრობის სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. არიან როგორც ,,გამომძალველები”, ასევე მეორე კატეგორიაც, რომელიც უმანკო გამოხედვით ცდილობს გამვლელთა კეთილგანწყობის მოპოვებას.

ლარისას, რომელიც ოთხი წლიდან ქუჩაში დგას და მათხოვრობს, ფულის შოვნის თავისებური სტრატეგია აქვს შემუშავებული. იგი ჯერ თავაზიანად თხოვს ხალხს დახმარებას, ხოლო თუ ასეთი გზით ვერ მიაღწია საწადელს, მაშინ უფრო ,,მკაცრ მეთოდებს” მიმართავს.

პირველი მცდელობაზე ლარისა ,,დეიდა დამეხმარე” შინაარსის ფრაზით ცდილობს წარმატების მიღწევას, შემდეგ - ,,მომეცი ფული, თორემ შეგაფურთხებ”, და თუ ამანაც არ გაჭრა საქმეში გინება გადის - ,,კურობარა ბუხტა ბარდა.”

ბოშა ბავშვების ნაამბობიდან ირკვევა, რომ ზიგიერთი მათგანი ყოველ დღე მინიმუმ 50 ლარით მაინც ბრუნდება სახლში. ბევრი არასამუშაო საათებში არც ჩაცმა-დახურვას იკლებს, ხოლო ძონძები კი ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ფორმაა. თუმცა, ასეთი ხრიკები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აბეზარი ბავშვების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ვერ ცვლის.

,,არანაირი სიბრალული არ გამაჩნია მათ მიმართ,” – ამბობს ქალბატონი ნათელა. ,,ვფიქრობ, პილიციამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. არ შეიძლება მშვიდად უყურო იმას, თუ როგორ უვარდებიან ხალხს სახლებში და პარავენ ძვირფას ნივთებს.”

პოლიცია თუ სხვა სახელმწიფო ორგანო ბოშათა პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს. სანამ ხელისფულება მომთაბარე უმცირესობის ბედზე დაფიქრდება, კიდევ ხშირად მოგიწევთ გამოწვდილ ხელებში ხურდების ჩარიჩხინება, თორემ ,,კურობარა ბუხტა ბარდა” არ აგცდებათ.

Wednesday, May 13, 2009

ქართული ბირჟა - გუშინ და დღეს

თამთა შამათავა

თბილისი. 14 მაისი, 2009.


ლეგენდარული ქართული ,,ბირჟა” ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფენომენია, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად ფორმად ჩამოყალიბდა. ბლოგერი თამთა შამათავა უბანში შეკრებილ ბიჭებთან ერთად ჩაიცუცქა, რათა გარეკვია თუ რა ცვლილები განიცადა ქართველური თავშეყრის ამ სახეობამ უკანასკნელი წლების მანძილზე.


23 წლის ირაკლი უბნის “ზედამხედველია”. ბირჟა მისთვის პირველი სახლია. ,, ბავშვობიდან ვაბირჟავებ. აქაა ჩემი სახლიც, კარიც, ოჯახიც, მოკლედ ყველაფერია რა”, - ამბობს ირაკლი.

ბირჟაზე გამოსულს მეგობრებიც უერთდებიან და მიდის მსჯელობა საჭირბოროტო საკითხებზე: ვის აქვს თავანი ჩასატანი, ვინ ვის ,,შეაწერა მაყუთი” და რა არის მიზანშეწონილი ,,სუფთა ქურდულ ამბავში”. ერთი სიტყვით, ქუჩის აკადემიის აღსაზრდელები აქ ცხოვრებისეულ უნარჩვევებს იძენენ.


,,ქუჩაში თვითონ ცხოვრებას ვსწავლობ და პიროვნებად ვყალიბდები,” – ამბობს 18 წლის სანდრო.


ძველი თაობის ,,ბირჟავიკების” მტკიცებით, ბირჟის კულტურამ უკანასკნელ წლებში ზნეობრივი დეგრადაცია განიცადა. ვეტერანი ,,ბირჟავიკები” იმ დროს შეჰნატრიან, როდესაც ბირჟაზე ერთმანეთის გატანა და ქილისადმი პატივისცემა სუფევდა. საუბრის თემატიკაც და სიტყვიერებაც უფრო დახვეწილი ყოფილა და დედა ნაკლებად ფიგურირებდა ,,ბირჟავიკების” ლექსიკაში.

ძველი თბილისელი ბატონი თეიმურაზი იხსენებს, რომ ბირჟას ერთგვარი შინაგანწესიც კი გააჩნდა. ,,მოსისხლე მტერიც რომ ყოფილიყო კაცი, თუ ქალთან ერთად ჩაივლიდა ბირჟაზე, ხმას არ ვიღებდით და ვატარებდით,” – იხსენებს ქალაქის კოლორიტი.

თვითრეგულირების პრინციპები წარსულს ჩაბარდა და ბირჟაზე ერთგვარმა ანარქიამ, ანუ, უფრო შესაბამისი ტერმინოლიგიით რომ ვისაუბროთ, ,,ბესპრედელმა” დაისადგურა, ამბობენ ძველი ყაიდის ბირჟავიკები. ბატონი იური ამბობს, რომ ბოლო დროს ბირჟის ეთნიკური მრავალფეროვნებაც დაკნინდა: ,,ადრე სხვადასხვა ეროვნების ბიჭები ერთ უბანში ერთად ვაბირჟავებდით. დიდი ოჯახივით ვიყავით და ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცოდით.”

ბევრი ადამიანის თვალში, თანამედროვე ბირჟა უსაქმურობასთან ასოცირდება. მართალია ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა დღეს მწვავედ დგას, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი დროს ბირჟაზე ატარებს.

,,ზოგი ბირჟაზე დგას არა იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა, არამედ თვითდამკვიდრებისთვის ჭირდება, არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარავად, ზოგს უნდა განსხვავებული იყოს და ,,ძველი ბიჭის” სახელი ერქვას,” – ამბობს ფსიქოლოგი ტატო შავშიშვილი. ,,ბევრი ბირჟაზე დგომით რაღაცას გაურბის და რაღაცის დავიწყებას ცდილობს. ამ ყველაფერში კი ოჯახსა და გარემო პირობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.”

მართალია ბირჟას ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ის იყო და არის ახალგაზრდული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღევანდელი ქუჩის კურსდამთავრებულები კი ხვალ ალბათ თავად გაკიცხავენ ახალი თაობას ,,ბირჟავიკებს.”

Sunday, May 3, 2009

ნება მიეცი იცოცხლოს

ქეთევან არველაძე
თბილისი. 3 მაისი, 2009 წელი

საქართველო- ში შიდსის ვირუსით ინფიცირებულ-თა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს, რასაც ხელს უწყობს საზოგადოების მიერ დაავადებულთა გარიყვა და ჩაგვრა.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადებულმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მწარედ იწვნია საზოგადოების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების შედეგები. თავისი ბავშვის გადასარჩენათ მათ დიდი ბრძოლა მოუწიათ. 23 წლის ფეხმძიმე თამარმა სხვადასხვა სამშობიარო კლინიკას მიმართა საკეისრო კვეთის გასაკეთებლად, რაც დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის შანსს ამცირებს, მაგრამ სასოწარკვეთილ მშობლებს დაავადებით შეშინებული ექიმები უარით ისტუმრებდნენ.

,,ჩემი და მეუღლის ინფიცირების ამბავი ჩემი ფეხმძიმობისას გავიგეთ. ნაყოფი დიდი იყო და მისი მოცილება არ შეიძლებოდა,“ – ისხენებს თამარი. მშობიარობამდე მან იმკურნალა აივ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად ანადგურებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს დაუცველს ხდის სხვადასხვა დაავადებების წინაშე.

,,მაგრამ მშობიარობის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა რომ არცერთი სამშობიარო არ თანხმდებოდა ჩემთვის ოპერაციის გაკეთებას. ვერ აგიღწერთ როგორ გავმწარდი, როცა იცი, რომ არის შანსი და მას ხელიდან გაცლიან, თან ვინ? - ექიმები, რომლებიც ყველაფერს უნდა აკეთებდნენ სიცოხლის გადასარჩენად.’’

,,ასეთ შიშში და უიმედობაში ვიმშობიარე, მაგრამ ღვთის წყალობით პატარა ჯანმრთელი დაიბადა. არ ვიცი რას ვიზამდი ბავშვი რომ დაინფიცირებული დაბადებულიყო.”

აივ ინფექცია, რომელიც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას იწვევს სისხლით გადადის. დაავადება, რომელმაც მსოფლიოში უკვე 20 მილიონი ადამიანის სიცოცოხლე შეიწირა, ძირითადად ვრცელდება სქესობრივი კავშირებების გზით. ინფიცირების ერთ-ერთი წამყვან მიზეზად ასევე გვევლინება ინტრავენული ნარკომანია, ვინაიდან ხშირად რამდენიმე ადამიანი ერთი და იგივე არასტერილური შპრიცით სარგებლობს.

ყოველივე ეს აჩენს არაშემწყნარებლურ დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც საკუთარი ან სხვისი გაუფრთხილებლობის გამო დაინფიცირდა. მათ საზოგადოება აღვირახსნილობისა და ნარკომანიის დამღას ასვამს და უცოდინრობით გამოწვეული შიშის გამო კონტაქტს ერიდება. დაავადებულებს ავიწროვებენ, იძულებულს ხდიან დატოვონ სამსახური. ინფიცირებულებს და მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სასწავლო დაწესებულებებშიც. დისკრიმანიცია ხშირად განსაკუთრებით მახინჯ ფორმებს იძენს.

,,[...] ხელკეტებით იმდენი მირტყეს, ცოცხალი თუ გადავრჩებოდი არ მეგონა. ყველა პოლიციელი ყვიროდა შიდსიანები უნდა მოკვდნენო’’, - ყვება 28 წლის ინფიცირებული დათო. ის ინციდენტის დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ დასძენს, რომ, ,,ამის შემდეგ გიჟი უნდა ვიყო ვინმეს ვუთხრა, შიდსი მაქვს. ყველამ თავის თავს მიხედოს’’. მის მოსაზრებას ბევრი ინფიცირებული იზიარებს, რინაიდან საზოგადოებაში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ შიდსი ასოცირდება ამორალურ ქცევასთან.

შედეგად, ინფიცირებული ადამიანები ხშირად გაურბიან შემოწმებასა ან მკურნალობას, რაც დაავადების გავრცელებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. 2009 წლის 26 მარტის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1951 შემთხვევა, აქედან 1464 მამაკაცია, 487 – ქალი. მიმდინარე წელს უკვე გამოვლინდა ინფიცირების 121 ახალი შემთხვევა.

შემაშფოთებელი ვითარების მიუხედავად, შიდსის თემა მნიშვნელოვანწილად ტაბუირებულია საქართველოში. დადგენილია, რომ ნორმალური და ტოლერანტული დამოკიდებულება არამხოლოდ ინფიცირებულ ადამიანებს შეუმსუბუქებს ხვედრს, არამედ პანდემიის გავრცელების პრვენციასაც წაადგება. მსოფლიოში სპეციალისტები დღეს ამბობენ, რომ თავად შიდსი არ ასხვავებს ადამიანებს, მან არ იცის დისკრიმინაცია და მიუღებელია, რომ საერთო ძალისხმევის ნაცვლად ადამიანები კაცობრიობის ერთ-ერთ უპირველეს საფრთხეს გულგრილობითა და დისკრიმინიაციით პასუხობენ.

Saturday, May 2, 2009

დეზერტირების ბაზრობის სასწაული

ნინო ხარატიშვილი

თბილისი. 3 მაისი, 2009.


ჯვრის ფორმის ფოთლოვანი გამანოზარადი, რომელიც ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ერთ-ერთ ნაძვზე წარმოიქმნა, მორწმუნე საზაგადოების გარკვეული ნაწილის აღელვების მიზეზი გახდა. გაქუცულ და დანახევრადგამხმარ ხესთან, რომელმაც შეიძლება ითქვას ,,მადლი მოისხა“ აკაკი წერეთლის სკვერში, სახელდახელოდ გაკეთდა იმპროვიზირებული სამლოცველო. ნაძვის ხე ხატებითა და სანთლებით მორთეს.


სასწაული ერთი შეხედვით შეუფერებელ ადგილას, სავაჭრო ცენტრ ,,კიდობანის“ მახლობლად მოევლინა ცოდვილ გარემოვაჭრეებს. ზოგიერთმა ასეთი ადგილიმდებარეობა ეკონომიკურ სირთულეებს დაუკავშირა და დაასკვნა, რომ ხასხასხა მწვანე ფოთლებისგან შექმნილი ჯვარი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის მოახლოებას მოასწავებს.

.

უფრო აპოკალიპტურად განწყობილმა მოქალაქეებმა უცნაური ფენომენი ქალაქში მიმდინარე აქციების თემას დაუკავშირა - ჯვარი ხომ სწორედ 9 აპრილის დადგომამდე გამოისახა. 22 წლის ნათია ამბობს, რომ ჯარისკაცების გამოჩენას ხედავს და „ძალიან ეშინია.“

.
როგორც ნაძვის ერთ-ერთ თაყვანისმცემელთან საუბრიდან გაირკვა, მცენარეული ბარელიეფის გამოჩენას პარანორმალურ მოვლენათა მთელი წყება უსწრებდა წინ. სასწაულში ბაზრობის ფლორასთან ერთად ფაუნაც მონაწილეობდა, ვინაიდან ადგილობრივი მოვაჭრე ლია ირწმუნება, რომ ჯვრის აღმოჩენაში მას მტრედი დაეხმარა.
.

,,მტრედი მოდიოდა და ყოველდღე ჩემ წინ ჯდებოდა,“ – ამბობს 65 წლის ქალბატონი ლია. „რა იყო, რა გინდა მტრედო-მეთქი ვეკითხებოდი და ვეფერებოდი [...]. შემდეგ მტრედი გაფრინდა, მეც თვალი გავაყოლე და ეს ჯვარიც შევნიშნე“. ქალბატონი ლიას, რომელსაც სხეულის ცალი მხარე პარალიზებული აქვს, ბაზრობის სკვერში განვითარებულმა მოვლენებმა მალე გამოჯანმრთელების იმედი გაუჩინა.
.

ეკლესია მომხდარისთვის კვალიფიკაციის მიცემისგან თავს იკავებს, თუმცა დიდუბის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იოანე აღნიშნავს, რომ „,ჯვარი, რა ფორმითაც უნდა იყოს გამოსახული, ჯვარია და ღვთის მიერაა მოვლენილი.“
.

თავად გამხმარი ნაძვი მაინცადამაინც ნასიამოვნები არ უნდა იყოს იმ პატივით, რომელიც მას ხვდა წილად, ვინაიდან, ბოტანიკოსების ახსნით, სასწაულის შემოქმედი პარაზიტი მცენარეა, რომელიც სხვა ხისთვის განკუთვნილი საკვები ნივთიერებებით საზრდოობს.
.

უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიომრავალფეროვნების მიმართულებათა მთავარი პროფესორის შამილ შეთეკაურის თქმით, საქმე გვაქვს ,,ვისკუმალბუმთან“, რომელიც აგრეთვე ,,ფითრის“ სახელით არის ცნობილი. ის ძირითადად ფოთლოვან მცენარეებს ეტანება, თუმცა მათ წიწვოვან ნათესავებზეც გვხვდება. .

...
,,ეს ნახევრადპარაზიტი მცენარეა, რომელიც ფოტოსინთეზის შექმნაში მონაწილეობს, რაც მის მწვანე ფერს განაპირობებს, თუმცა ის შეზრდილია ე.წ. „მასპინძელი“ მცენარის ქერქში და იქედან იღებს საკვებ ნივთიერებებს,“ - განმარტავს შეთეკაური ნანახი ფოტომასალის საფუძველზე.
.

ბატონი შოთა ამ მოვლენაში ზებუნებრივს ვერაფერს ხედავს და ჯვრის ფორმას უბრალო დამთხვევას მიაწერს, მაგრამ ხმელი ნაძვის მრევლი აგერ უკვე ერთი თვეა მომლოდინე თვალით შეუჰყურებს იდუმალ მცენარეს და სასწაულების მორიგ სერიას მოელის.

Friday, May 1, 2009

თსუ პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭებას განაგრძობს

ხატია ერგემლიძე
თბილისი. 2 მაისი, 2009

სახელმწიფო უნივერსიტე- ტის ადმინისტრა- ციის განხცადებით, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია საპრეზიდენტო სტიპენდიის გაუქმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 150 ლარი, რომელიც უკვე ერთი წელია ქვეყნის პირველი პირის სახელით ყოველთვიურად ერიცხება წარჩინებულ მოსწავლეებს, ზოგიერთი ახალგაზრდისთვის განათლების მიღების ერთადერთი საშუალება გახდა, ზოგისთვის კი - საარსებო წყაროც. თუმცა, მოსწავლე-ახალგაზრდობაში ისეთებიც მოიძებნება, ვინც ცდილობს სწავლის წახალისებაზე გათვლილი დაფინანსების საშუალებით მეტი მრავალფეროვნება და მხიარულება შეიტანონ თავიანთ სტუდენტურ ყოფაში.
.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელმა ირმამ, რომელიც თავისივე თქმით მათემატიკის ნიჭით არ გამოირჩევა, უნარ-ჩვევების გამოცდაში საკმაოდ ზომიერი შეფასება მიიღო და დღეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლაში 1500 ლარს იხდის წელიწადში. ,, ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი ტვირთია”, - ამბობს ირმა. ,,ხუთი და-ძმა მყავს და მამაჩემს ძალიან უჭირს 1500 ლარის გადახდა. სტიპენდია კი საშუალებას მაძლევს შევუმსუბუქო ტვირთი და სწავლის საფასურის რაღაც ნაწილი თავად გადავიხადო.”
.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ანას კი ოჯახური ბიუჯეტის შევსება არ უფიქრია, კუთვნილი 150 ლარის დამღერებას კი ერთ დღეში ახერხებს. ,,დიდ გმირობად მიმაჩნია მეორე დღეს 10 ლარი მაინც თუ შემრჩება”, - ამბობს ანა. ,,ჩამოვივლი ხოლმე მაღაზიებს და ყველაფერს ვყიდულობ რაც მომეწონება, ტანსაცმელს, სუვენირებს.”
.
პირველი სტიპენდიის დარიცხვა კი ტრადიციისამებრ ამ ფაქტის აღნიშნვას მოხმარდა. ,,პრობლემა ის იყო, რომ ‘დასველებას’ სამჯერ მეტი თანხა დასჭირდა ვიდრე გამაჩნდა,” – იხსენებს ანა.
.
დაფინანსება გამორჩეულ სტუდენტებს ერთი სემესტრის ვადით ენიჭებათ, თუმცა აკადემიური მოსწრების საფუძველზე სტიპენდიანტებს შეუძლიათ დაფინანსების გაგრძელება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ერთი სასწავლო წლის მანძილზე 1200 ლარი მიიღოს.
.
მიმდინარე სემესტრში სტუდენტურ წრეებში ხმა გავარდა პრეზიდენტის სტიპენდიის გაუქმების შესახებ. ამასთან დაკავშირებით I-მედია სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა. ცოლ-ქმარ გიორგისა და ანის თქმით, მათ უარი უთხრეს დაფინანსების გაგრძელებაზე, რომელიც უკანასკნელ დრომდე მათი პატარა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
.
,,მნიშვნელოვანი შემოთავაზებები გვქონდა სხვადასხვა დაწესებულებებიდან სამუშაოდ, მაგრამ უარი ვთქვით,” – ამბობს გიორგი. ,,განათლების სრულყოფილად მიღება ვარჩიეთ, მით უმეტეს რომ სტიპენდია გვხიბლავდა. თვეში 300 ლარი გვქონდა შემოსავალი და ერთგვარად გვახალისებდა ეს... ახლა კი გვითხრეს რომ პრეზიდენტმა დაფინანსება შეწყვიტა და უნივერსიტეტი თავისი ხარჯებით 30, მაქსიმუმ 50 ლარის გადახდას თუ შეძლებსო. ამიტომ სწავლამ ავტომატურად მეორე ადგილზე გადაინაცვლა და იძულებულები ვართ სამსახური ვიშოვოთ.”
.
სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესების ხელმძღვანელს ვერ დავუკავშირდი, რის გამოც გადავწყვიტეთ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაგვემოწმებინა.
.
ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნათია მონიავამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სტიპენდიების მინიჭება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.,,დაფინანსება არ შეცვლილა, ისევ 150 ლარია და ისევ 85-86 საშუალო ქულიან სტუდენტებს ვაფინანსებთ. ძირითადი მოთხოვნებიც იგივეა - ქულები უნდა ჰქონდეს 81-ს ზემოთ და უნდა იყოს სხვა მაღალ ქულიანებისგან გამორჩეული”.