Sunday, July 5, 2009

ქეთი ბიგვავა
თბილისი. 5 ივნისი, 2009


მარიხუანა – აგრეთვე ცნობილი, როგორც პლანი, განჟა, გრასი და ა.შ წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებათა შორის ყველაზე ხშირად მოხმარებად საშუალებას. როგორც წესი, მისი აქტიური მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. ექიმები და ფსიქოლოგები მას ხშირად ,,ნარკომანიის კარიბჭეს” უწოდებენ, ვინაიდან ჯამრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან ერთად მარიხუანა მოხმარებელს უფრო ძლიერი ნივთიერებების გაშინჯვის სურვილს აღუძრავს. საზოგადოებაში ამ ფაქტის უგულვებელყოფა ხდება და ,,პლანი" გართობისა და განტვირთვის შედარებით უწყინარ საშუალებად აღიქმება. ამ რეპორტაჟში ექიმი, ფსიქოლოგი და ყოფილი ნარკომანი მოგვითხრობენ მარიხუანას მოხმარებით გამოწვეულ პრობლემებზე.

თსუ–ს თეატრალური სხვენი

ბესიკ ბახტაძე, I–მედიას ჟურნალისტი და შეთავსებით თსუ–ს დასის მსახიობი, უნივერსიტეტში თეატრალური შემოქმედების შესახებ

მე ამისგან გავაკეთებ...

ლანა კალანდია
დიმიტრი ბადუაშივილი
თბილისი. 6 ივლისი, 2009.


თბილისში მდგარ მონუმენტურ ქანდაკებებს ბოლო დროს მომცრო ზომის, კოლორიტუ– ლი ფიგურები შეემატა. ამ პატარა, ხავსისფერი ადამიანების შემქმნელი თვითნასწავლი მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილია, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა ქალაქის ესთეტიური განვითარების მიზნით.

თუ წინათ ქანდაკებები ძირითადად ეროვნული გმირების დაფასებას ემსახურებოდა, ახალი თაობის სკულპტურები უფრო განწყობის შექმნაზეა გათვლილი. ასეთებს განეკუთვნებიან, მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის მოაჯირებზე შემომსხდარი შეყვარებულები და რუსთაველის გამზირზე მოკალათებული პატარა კაცუნები.

,,ქანდაკებების დადგმის ინიციატივა წამოვიდა ძველი თბილისის გამგეობიდან. რუსთაველზე ძალიან ბევრი სარდაფია, რომლის სავენტილაციო მილზეც დამაგრდა ქანდაკებები. ამან ვიზუალურის გარდა ფუნქციური დატვირთვაც შეიძინა. არავინ რჩება გულგრილი. მიდიან, კითხულობენ რა აწერია. სურათებს იღებენ, განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ მათ სიმაღლეზე მდგარი ქანდაკებები. ზოგს ეცინება, ზოგი ვიღაცას მიამსგავსებს და ხალხი ხალისდება“, – იწონებს საკუთარ ნამუშევარს ბუჯიაშვილი.

ძერწვა 4-5 წლისამ დაიწყო. გატაცებული იყო პატარა ქანდაკებების კეთებით. მოგვიანებით მივიდა ქანდაკების წრეში, მაგრამ 9 აპრილს დაწყებული არეულობის გამო სწავლა შეწყვიტა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის განხრით განაგრძო. პარალელურად მუშაობდა ხეზეც.

მიიჩნევს, რომ მოქანდაკის შესაბამისი ცოდნა არ აქვს, რის გამოც, როგორც თვითონ აღნიშნავს, საქართველოში გამოფენაზე ხშირად არ მონაწილეობდა. ,,ადრე მიაჩნდათ რომ თუ აკადემია არ გქონდა დამთავრებული საერთოდ არ ითვლებოდი შემოქმედ ადამიანად, არც მოქანდაკედ, რის გამოც ბევრ გამოფენაზე მონაწილეობა არ მიმაღებინეს, მაგრამ ეს ტენდენცია სასიკეთოდ შეიცვალა, დღეს თუ პროდუქციას ქმნი, კარი ყველგან ღიაა“, – ამბობს ბუჯიაშვილი.

ორმოცდაათამდე ქანდაკება, რომელიც ლევანმა საკუთარ სახელოსნოში დაამზადა, ჩამოსხმულია ბრინჯაოში და დაჟანგულია მჟავით. ქანდაკების ასეთი წესით დამზადება დღეს პოპულარულია საქართველოში. პერსონაჟების შერჩევისას, როგორც თავად აღნიშნავს, ბევრი რამის გათვალისწინება მოუწია.

,,პირველ რიგში ქანდაკებები უნდა ყოფილიყო თბილისური, მასიური კომპიზიციები, ქართულ საზოგადოებაზე გათვლილი. არა მარტო ქანდაკება, [არამედ] ნებისმიერი დეტალი ... ახლოს [უნდა] იყოს თბილისის ხასიათთან, მის განსაკუთრებულ მდებარეობასთან, კოლორიტთან“, - აღნიშნავს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ფატი დავითუალიანი. ,,ასევე ვითვალისწინებთ იმ უბნის ისტორიას , სახელწოდების წარმომავლობას, ტრადიციას იქ მდებარე კულტურულ ძეგლებსა და შენობებს, სადაც მონუმენტის განთავსება ხდება.“

ქანდაკებებს სახელებს ლევანი თავად არქმევს – ცნობილი პერსონაჟების, ზოგს მეგობრების, ერთ-ერთი ავტოპორტრეტიცაა. ერთი–ერთი ქანდაკება უკვე დააყაჩაღეს – ფოტოაპარატი და ყვავილები მოპარეს. ქალბატონი ფატი ძეგლების დაზიანებას დაბალი კულტურის მაჩვენებლად მიიჩნევს და ლევანს ქანდაკებებს მოპარული ატრიბუტების „დაბრუნებას“ ჰპირდება.

ქანდაკების დანიშნულებად ლევანი ესთეტიური სიამოვნების მიღებას ასახელებს და მიიჩნევს რომ მისი ქანდაკებებიდან ყოველთვის დადებითი აურა მოდის. რუსთაველის პროექტამდე სხვადასხვა გამოუყენებელი ნივთებით მუშაობდა- რკინით, ძვლებით, ქვებით და ბუნებაში არსებული უცნაური ფორმის ტოტებით. ფუნიკულიორის გზაზე მდგარი „მაგდანას ლურჯა“ რკინით ააწყო, რასაც თბილისისთვის ნოვაციურ ნაბიჯად მიიჩნევს. გორში კი ომის თემატიკაზე , მეგობრებთან ერთად, რუსული ჭურვებისგან მემორიალი „სიცოცხლის ხე“ შექმნა.

ლევანი ამბობს, რომ ქართული ქანდაკება ტრადიციულად მონუმენტურობით, მრგვალი ფორმებითა და ხასიათის სიმძიმით გამოირჩევა. თუმცა აქვე დასძენს, რომ დღეს შემოქმედი გაცილებით თავისუფალია და შეუძლია სკულპტურა თავის ფანტაზიით შექმნას. სამაგიეროდ, ხელოვნებაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ბევრ მის კოლეგას უბიძგებს გამოიცვალონ პროფესია. ამ საკითხში საკუთარ თავს ძლიერად მიიჩნევს და წინააღმდეგობების მიუხედავად აკეთებს თავისს საქმეს. მომავალ გეგმებს მთლიანად საქართველოს უკავშირებს.

Saturday, July 4, 2009

თქვენი პოლიტიკური საუბარი იწერება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

გიორგი სიხარულიძე
თბილისი.

4 ივნისი, 2009

29 ივნისს, სალომე ზურაბიშვი– ლის პარტიის, ,,სა–ქართველოს გზის" ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს, რომელიც დენის ჩამრთველში იყო მოკალათებული. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამ ფაქტში ხელისუფლება დაადანაშაულა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ვანო მერაბიშვილის უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
.
კედლებს არ ვიცი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ დენის ჩამრთველებს აქვთ ყურები, ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება. მაგრამ არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თქვა თუ რომელმა ფრანკენშტეინმა გააცოცხლა კედლის ეს ატრიბუტები პოლიტიკურ პარტიათა ოფისებში.
.
სალომე ზურაბიშვილი რომ ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი იყო ეს ყველამ ვიცოდით, მაგრამ კედლების მიღმა ხედვის უნარიც თუ გააჩნდა ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ამას მოყვა ახალგაზრდა გამომძიებლის დინჯი განცხადება, რომ მსგავსი მოსასმენი აპარატით სპეცსამსახურები აღარ სარგებლობენ და მისი ყიდვა ყველგან შეიძლება, ბოლოს კი სხვათაშორის მოაყოლა ეს იმიტომ ვთქვი რომ გამოძიებას გააძნელებსო და სხვა რამე არ მიგულისხმიაო. ამის გამგონეს უჩნდება ბუნებრივი კითხვა: სპეცსამსახურების წესდებაში წერია, რომ მათ ჩამოფასებული ტექნიკით სარგებლობა ეკრძალებათ?
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფაქტზე სამინისიტრომ პასუხისმგებლობა არ აიღო და ირიბად ისევ ოპოზიციონერთა "აფერისტობაზე" მიუთითა.
.
სალომე ზურაბიშვილის აღმოჩენას დომინოსავით მოყვა სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებები. ყველამ ერთხმად დაადანაშაულა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტზე ამერიკის პრეზიდენტიც კი გადადგაო, ჩვენ კი მარტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ვითხოვთო. ქართულ რეალობაში კი ესეც ბევრია, საქრთველოს მთავრობის ერთ თაობას რომ სააქმეები აქვს ნატრიალები ამერიკის პრეზიდენტების მთელ მოდგმას ეყოფოდა გადადგომის მიზეზად ასე რომ ეს წვრილმანი ჩვენს პოლიტიკურ მმართველობას უკან ვერ დაახევინებს. თანაც ბოლო რამდენიმე წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელევიზიის საშუალებით ახალ-ახალ პრემიერებს აწყობს აუდიო თუ ვიდეო ფორმატით ჩაწერილ ფარულ მასალებზე. შეიძლება ისევ ამერიკელებისთვის იყოს უცნაური რომ მსგავს მოქმედებას სასამართლოს ნებართვა არ ჭირდება, თორემ ქართველები უკვე შევეჩვიეთ რომ მუდმივად გვიყურადებენ, თანაც უკანონოდ.
.
სახელისუფლებო გუნდიდან მოვლენას დავით დარჩიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობას არაფერში ჭირდებოდა ოპოზიციონერების მოსმენა, რადგან რასაც ფიქრობენ მაგას ხმამაღლა ამბობენო. ეს ყველაფერი კი თარაგამაძის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გადასაფარად მოაწყვესო.
.
სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა კი არც აცია, არც აცხელა და ეს ფაქტი მყისვე ხელისუფლების ნაშრომად და პოლიციური რეჟიმის გამოვლინებად მონათლა.
.
ძნელია გადაჭრით თქმა თუ ვინ დაურღვია მყუდროება ქალბატონ სალომეს, მაგრამ ის მასალებიც, რითაც სამინისტრო დიდი სიამაყით ამარაგებს ქართულ ,,დამოუკიდებელ“ ტელევიზიებს, კანონდარღვეაა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ალბათ ლოგიკურია, რომ კანონის დამრღვევს პასუხი მოეთხოვოს.

Friday, July 3, 2009

მომკალი ნაზად

თეონა გონგლაძე

თბილისი. 3 ივნისი, 2009


როდესაც ექიმებს ზაზა ზურაშვილის გადარჩენის იმედი გადაეწურათ, მათ გადაწყვიტეს მძიმე ავტოავარიის მსხვერპლი აგონიისგან ეხსნათ და ხელოვნური სუნთქვა შეუწყვიტეს. თუმცა, მედიკოსებითვის მოულოდნელად, სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს სუნთქვა დამოუკიდებელად აღუდგა და გულის ცემაც განუახლდა. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აღვივებს კამათს ევთანაზიის ავკარგიანობის შესახებ.
.
ევთანაზია, რაც ბერძნულად კარგ ან სასიამოვნო სიკვდილს ნიშნავს, გულისხმობს სისცოცხლის მოსწრაფებას უიმედო ავადმყოფისთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით. ტკბილი სიკვდილის აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ევთანაზიას შვება მოაქვს განწირული პაციენტისთვის და მის ოჯახს ზედმეტი ხარჯებისგან ათავისუფლებს. თუმცა, ამ პრაქტიკას ბევრი ეწინაამღდეგება ეთიკური, რელიგიური თუ სამართლებლივი მოსაზრებების გამო.
.
ვიდრე ორივე მხარის არგუმენტებს წარმოვადგენთ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პასიური და აქტიური ევთანაზია. პირველი პაციენტის სიცოცხლის შეწყვეტის მიზნით წინასწარგანზრახულ ჩარევას გულისხმობს, თავად მისი სურვილის შესაბამისად ან ახლობლებისა და სამედიცინო პერსონალის ინიციატივით. ეს შეიძლება განხორციელდეს სასუნთქი აპარატის გამორთვით, ჰაერის ნაკადის ინექციით ან მედიკამენტების ჭარბი რაოდენობის გამოყენებით.
.
პასიური ევთანაზია მკურნალობაზე თავის არიდებას ან დაწყებული მკურნალობის შეწყვეტას ნიშნავს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი ან სრულწლოვანი და სულიერად ჯანსაღი ადამიანი იღებს. ხშირშემთხვევაში, ტრავმისგან გატანჯული დაზარალებული გაუცნობიერებლად ითხოვს ევთანაზიას. გაუსაძლისი ტკივილი აზიანებს დაშავებულის ფსიქიკას და მასში სიცოცხლის შეწყვეტის სურვილს ამძაფრებს. ექიმი ვალდებულია, ჭრილობა სამედიცინო ჩარევით გააუტკივაროს და თუ გონზე მოსული ადამიანი წერილობით დაადასტურებს ევთანაზიის სურვილს, ავტომატურად შეწყდება მისი რეანიმაცია.
.
საქართველოში აქტიური ევთანაზია, იქნება ეს ავადმყოფის დაჟინებული მოთხოვნა თუ ექიმის ინიციატივა, სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება. როგორც იურისტი მიხეილ ღოღაძე განმარტავს: ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით. იგი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამედიცინო პერსონალის თვითნებური მონაწილეობა სიკვდილის დაჩქარებაში კი უმწეო ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობად ფასდება.”
.
ამასვე ადასტურებს ბიოეთიკის კომიტეტის წევრი და პროფესორი ბელა მამულაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ მედიკოსებს ეკრძალებათ აქტიურ ევთანაზიაში მონაწილეობა. მისი თქმით, ეს არღვევს ექიმის ფიცის იმ უმნიშვნელოვანეს მუხლს, რომელიც მკურნალებს პირდაპირ მოუწოდებს: “არ ავნო”.
.
ევთანაზიის მომხრეების მტკიცებით, სიცოცხლეც და სიკვდილიც ადამიანის პირადი არჩევანია და საზოგადოებას არა აქვს უფლება ტანჯვით გაწამებულ პაციენტს სიკვდილის უფლება არ მისცეს. თამანედროვე მედიცინა მრავალ უგონოდ მყოფ ავადმყოფს მათი ახლობლების ფულის გაფლანგვის ხარჯზე წლობით უხანგრძლივებს სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული ფორმით არსებობაში გამოიხატება. ასეთი ადამიანი შესაძლოა საშინლად იტანჯებოდეს, მაგრამ ან მის ოჯახის წევრებს არ ყოფნით გამბედაობა ბოლო მოუღონ მათ ტანჯვას ან კანონით ეკრძალებათ მგავსი ქმედება.
.
მორალური მოსაზრებების გარდა, სასიამოვნო სიკვდილის მოწინაამღდეგეები შიშობენ, რომ აქტიური ევთანაზიის დაკანონება შეიძლება ბოროტად გამოიყენოს სამედიცინო. კერძოდ, მედიკოსებს შეექმნებათ საშუალება ტრავმირებული, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანის ორგანოები ტრანპლანტაციისათვის გამოიყენონ. ასეთ დროს ექიმებს თავის მართლება არ გაუჭირდებათ, უბრალოდ იტყვიან, რომ სიცოცხლის ნაადრევად შეწყვატა პაციენტის უკანასკნელი სურვილი იყო, ამბობენ ბიოეთიკოსები.
.
რაც შეეხება პასიურ ევთანაზიას, როგორც ბიოეთიკოსები იტყობინებიან, ამ ფორმას ხშირად პაციენტების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მიმართავენ ხოლმე. ხშირია შემთხვევები, როცა პასიური ევთანაზიის გადაწყვეტილებას ექიმები იღებენ და პაციენტებს სტაციონარიდან წერენ. ეს უმეტესად მძიმე ავადმყოფებს ეხებათ. თუ მომაკვდავს რამდენიმე დაავადება აქვს კომბინირებული ან უკურნებელი სენის ბოლო სტადიაშია, მედიკოსები წყვეტენ მის რეანიმაციას.
.
“მორალური მხარის გარდა მატერიალური პრობლემებიც ხშირად იქმნება. სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები დიდ თანხებს მოითხოვს. როცა ავადმყოფის გადარჩენა წარმოუდგენელია, მაგრამ ოჯახის ფინანსები მაინც იხარჯება, უფრო მეტად ამის გამო წყვეტენ მკურნალობას”-აღნიშნავს მამულაშვილი და იქვე დასძენს, რომ “ეთიკურად ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა ითვლება მაღალზნეობრივად. ,,ექიმი ყველა გზითა და ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს, ბოლომდე დაიხარჯოს. მითუმეტეს, რომ სიკვდილის პირას მყოფი პაციენტებიც გამოჯანმრთელებულან.”
.
ბიოეთიკოსების მოსაზრებას სასულიერო პირებიც იზიარებენ. ქრისტიანული რელიგია ადამიანის სიცოცხლეს განიხილავს როგორც ღვთის წყალობას და თვიმკვლელობას არასაპატიო ცოდვად მიიჩნევს. ეკლესიის თვალში გამონაკლისს არც ტანჯვით გამოწვეული თვითმკველეობა წარმოადგენს. როგორც სულიერი მამები ამბობენ, აქტიური ევთანაზია ცოდვაში აგდებს როგორც მსხვერპლს, ისე მის განმახორციებელს. ერთი მხრივ, მომაკვდავი თავს არიდებს უფლის მიერ მოვლენილ სატანჯველს და მაცხოვრის ნების შეცვლას ცდილობს. მეორე მხრივ, მკვლელობის ჩამდენი ათი მცნების იმ მუხლს არღვევს, რომელშიც გარკვევით წერია: “არა კაც ჰკლა”.
.
აქტიური ევთანაზია მხოლოდ ჰოლანდიაში, ბელგიაში, კალიფორნიის შტატსა და ქალაქ დარვინშია დაშვებული. საქართველოში სიკვდილის უფლების მინიჭებაზე აქტიური მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.