Wednesday, November 25, 2009

განათლების შავი ბაზარი



ლალი ცერცვაძე

26 ნოემბერი, 2009


ეროვნულ ბიბლიოთეკაში საათობით მუშაობის ნაცვლად ზოგიერთმა სტუდენტმა ამ დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის დაძლევის იოლ გზას მიაკვლია. ლალი ცერცვაძის რეპორტაჟი საჯარო ბიბლიოთეკის თანამშომრომლების არასაჯარო შემოსავლების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია შათირიშვილმა უფროსკურსელი დისთვის საჩუქრის გაეკეთება გადაწყვიტა. საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა და საიდუმლო შეკვეთა მისცა. სულ მალე ხატიას დის სადიპლომო ნაშრომი მზად იქნება. მისმა კურსელებმა მსგავსი ნაშრომის შესრულებას ერთწლიანი შრომა უნდა შეალიონ, მან _ 100 ლარი.

ამ სადიპოლომო ნაშრომის რეალურმა ავტორმა - ქალბატონმა თინამ – უნივერსიტეტი 30 წლის წინ დაამთავრა. სამეცნიერო ხარისხიც დაცული აქვს და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, უფრო გავრცელებული სახელით კი, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის სტაჟიანი თანამშრომელია. დღეს რეფერატებისა და საკურსო პროექტების წერა მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასეთი გარიგებები დიდი ხანია, დგება. ბიბლიოთეკის თანამშრომლები დადგენილი განაკვეთების საფასურად ნებისმიერ შეკვეთას იღებენ. უბრალო რეფერატი, რომელიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც წესი, 15 ქულით ფასდება, 30 ლარი ღირს. საკურსო ნაშრომი, რომლის საფუძველზეც სტუდენტი დიპლომს იცავს _ 100. ფასები, ნაშრომის სირთულის პროპორციულად, 30-დან 250 ლარამდე ვარირებს.

ინტელექტით იატაქვეშა ვაჭრობის წესები მარტივია. უნივერსიტეტის შენობასთან ვითომ სხვათაშორის ქალბატონი გიახლოვდება და რეფერატის დაწერაში დახმარებას გთავაზობს. ან ასეთი ქალბატონების არსებობის შესახებ ინფორმაციას მეგობარი გაწვდის და იმასაც ამატებს, “კარგი, რა! რა თავს იკლავ? 30 ლარს გადაიხდი და დაგიწერენო”.

საბოლოოდ, ყველა გზა ,,საჯაროში” მიდის. აი, აქ კი სიფრთხილე გმართებთ. შესვლისთანავე კართან მდგომ “დაცვის ბიჭს” “თემების დამწერი ქალების” ადგილსამყოფელს ჰკითხავთ. ისიც, ტუჩთან თითის მიტანით, შენიშვნას მოგცემთ, “ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთო”. მერე ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ და გთხოვთ, რომ დასარეკად შენობის გარეთ მიბრძანდეთ.

როცა უკვე დავალების შემსრულებელ მეცნიერ-მუშაკებს პირადად შეხვდებით, თქვენი დავალების თემასა და გამოსაყენებელ ლიტერატურას გააცნობთ. ისინიც, თავიანთი გამოცდილების კვალად, დახმარებას შემოგთავაზებენ. ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანების ნათქვამს თუ დავეყრდნობით, მაღალი შეფასების მიღების შანსი დიდია. საფასურის გასტუმრება ნაშრომის ჩაბარებიდან ორი კვირის თავზე ხდება.

“ამ მანკიერი შეთანხმების მონაწილე ზარმაცი სტუდენტები ლექტორს ატყუებენ და ამაში ფულს იხდიან. “საკურსო მაფიის” წევრები კი, უბრალოდ, ქრესტომათიული ჩასარეცხები არიან,” _ ასე აფასებს სიტუაციას თსუ-ის ერთ-ერთი პროფესორი.

საჯარო ბიბლიოთეკაში ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. ჯერ ერთი, ინფორმაციას ცოტა ფლობს. და მეორეც, ვინც უშუალოდ ამ გარიგებებში მონაწილეობს, “ამ თემას ნუ შეეხები, არაა ლამაზიო”, _ გირჩევს.
ქალბატონი თინა ერთადერთია, ვინც საუბარზე დათანხმდა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მის გვარს არ მოვიხსენიებდით. იცის, რომ “მისი, როგორც ბიბლიოთეკარის ვალია, ბავშვებს წიგნი შეაყვაროს.” ხედავს, “სტუდენტებზე თავის ცოდნას ჰყიდის და ამით მათი ცოდნის გაღრმავების საშუალებას სპობს.” თან დასძენს: “ბევრს ვფიქრობ ამაზე და გულიც ძალიან მტკივა. მაგრამ ვიცი, მე რომ არა, ამას სხვა გააკეთებს. უბრალოდ, ჩემი შვილები დარჩებიან მშივრები”.

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებოდაა აღნიშნული: “გახსოვდეთ: ბიბლიოთეკის ფონდები ეროვნული საგანძურია. თქვენ გარდა ამ საგანძურით მომავალმა თაობებმაც უნდა ისარგებლონ!” ამ გზით ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა არ დააზიანონ. ხშირად კი, არა თუ “მომავალი თაობები”, არამედ ახლანდელი სტუდენტებიც არ სარგებლობენ ბიბლიოთეკის თაროებზე მოთავსებული წიგნებით. მათ მაგივრად ამას თავად ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი აკეთებს.

ხატიას და კი სულ მალე დიპლომს დაიცავს.

ლალი მოროშკინას ომი, პოლიტიკა და მამაკაცები

თამარ მშვენიერაძე
მარიამ ჯაჭვაძე

25/11/09

თამამი და, საქართველოს კვალობაზე, გამომწვევი ჩაცმის სტილი, თვალშისაცემი გარეგნობა, წარმატებული კარიერა, სიძნელეების გადალახვით გამოწვეული მაღალი თვითშეფასება, არაორდინარული პირადი ცხოვრება, რომელზეც გულახდილად საუბარი თვითრეკლამის ნაწილია _ ასეთი გახლავთ ემანსიპირებული ქართველი ქალბატონი ლალი მოროშკინა, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ თავისი ინტიმური ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა წიგნის ფურცლებზე გადმოანთხია. დღეს ეს ავტობიოგრაფიული საგა, ტაბლოიდური სათაურით ,,მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“, ქართული ბესთსელერია.

“თუ რაიმეს მიზნად ვისახავ, ვაღწევ, თუნდაც დროის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ისე, ამ წიგნის დაწერის მერე სათვალე გამომიწერეს, ეს მძიმე მუშაობის საფასურია”, – ამბობს მოროშკინა, რომელმაც წარმატებული ჟურნალისტური და პოლიტიკური კარიერიერების შემდეგ, შეიძლება ითქვას, პარნასიც წარმატებებით დალაშქრა, ყოველ შემთხვევაში გაყიდვების რაოდენობის თვალსაზრისით.

ქართული წიგნის მაღაზიების `სანტა-ესპერანსასა~ და `პარნასის~ მონაცემებით, დღეში, საშუალოდ, ათამდე ეგზემპლარი იყიდება. თუმცა, მოროშკინას მემუარების წარმატება ნამუშევრის მხატვრულ თუ ისტორიულ ფასეულობაზე მეტად შეიძლება დამაინტრიგებელ სათაურსა და დიზაინს მივაწეროთ.

`რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება გამოვამზეურო“, – ასე უღვივებს ინტერესს მკითხველს მოროშკინა. ,,ამ წიგნით მკითხველს გავაცნობ საქართველოს ბოლო 25-წლიან ისტორიას: კერძოდ, 9 აპრილის ამბებს, თბილისის ომს, სიტუაციას კონფლიქტურ რეგიონებში, პრეზიდენტ სააკაშვილისა და კრივში მსოფლიო ჩემპიონის პორტრეტებს. ეს ყველაფერი ჩემი სასიყვარულო თავგადასავლების ფონზე განვითარდება.~

`წიგნი რომანივით იკითხება, თუ შემთხვევით დაგავიწყდა, რომ ამ სახელების უკან რეალური ადამიანები დგანან. თუმცა ცხადია, რომ საქმე მემუარებთან გვაქვს,~- ამბობს წიგნის რეცენზენტი რამაზ საყვარელიძე.

თუ ლიტერატურული კატეგორიებით ვიმსჯელებთ, წიგნი ისტორიულ-სოციალური რომანია, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ჩახლართული სიუჟეტით. `მე გალსა და ცხინვალს ვმართავდი, სწორედ ამ წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაკეთდა ამ კონფლიქტური ტერიტორიებისთვის~, – ასე მოკრძალებულად ახსენებს თავის ღვაწლს მკითხველს მოროშკინა.

ისტორიულ ფონზე მიმდინარეობს რომანის მეორე სიუჟეტური ხაზიც, რომელიც სამიჯნურო ქარტეხილებს შეეხება, სადაც მთავარი გმირი თავად ავტორია, ხოლო მისი პარტნიორები კი იცვლებიან.

ამ წიგნში, ისევე როგორც სხვა საჯარო განცხადებებში, მოროშკინა ისეთივე სიამაყით მოგვითხრობს თავის ამურულ თავგადასავლებზე, როგორც პროფესიულ მიღწევებზე. ასეთ დამოკიდებულების გამო იგი ყვითელი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის. თუმცა, სანამ ქართული პრესა მის გარეგნულ ფორმებზე და საძინებელ ოთახზე აკეთებდა აქცენტს, წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ, როცა ელიტარული ამორძალი მოქმედი პრეზიდენტისგან მინისტრის მოადგილის პორტფელს იღებდა, პარალელურად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან ერთად ყავას სვამდა საკუთარი სახლის ვერანდაზე.

წიგნში საინტერესოდ არის მოთხრობილი იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც მოგვიანებით სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ.
,,სად წახვედი? - ისეთი მოუსვენარი ხარ, როგორც სკოლაში“, - მომესმა ტელეფონში მიშას ხმა. ,,მე მანქანა არ მყავს, გამომიარე და დიღომში მილიციის სამმართველოსთან, კარგი რესტორანია და იქ წავიდეთ, ვანო ძალიან აქებს. ხოდა გავუშვი რაღაცების მოსამზადებლად.“
- ,,ვინ ვანო? მერაბიშვილი?“
- ,,ხო ჩემიანია, ყველას გაგაცნობ. ერთ გუნდად უნდა ვიმუშავოთ“.

მოროშკინას მონათხრობიდან ჩანს, რომ იგი ამ გუნდის მიღმა დარჩა, თუმცა რევოლუციის შემდეგ მაინც ახერხებდა ძველი მეგობრისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) რჩევების მიცემას.

წიგნის მეორე მთავარი გმირია კრივში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელთანაც წიგნის ავტორს რომანტიული ურთიერთობა აკავშირებს. მკითხველს, რომელიც ამ ურთიერთობის მხოლოდ პიკანტური ნაწილით ინტერესებდა, იმედი გაუცრუვდება. ავტორი საკმაოდ დელიკატურად აღწერს ამ სასიყვარულო თავგადასავალს.

კანდელაკის მოროშკინას ცხოვრებაში და წიგნის ფურცლებზე გამოჩენასთან ერთად, პოლიტიკური თემები უკანა ფონზე ინაცვლებს და სიუჟეტი საპნის ოპერას ემსგავსება. მოთვინიერებული ამორძალი მისი რჩეულის აგარაკზე გადადის საცხოვრებლად და პასტორალურ გარემოსთან შეგუებას ცდილობს.

შეყვარებულების გზები მალე იყოფა. მოროშკინას ახლობლები იმით ანუგეშებენ, რომ კანდელაკი მისი საკადრისი არ იყო. ასე სრულდება მოროშკინას პოლიტიკური და სასიყვარულო რომანი. მისი მტკიცებით, პრეზიდენტს წიგნი მოეწონა, ხოლო მოკრივე კი წარსულის გახსენებამ გააღიზიანა.

წიგნის ბოლო 70 გვერდი ფოტოებით არის ილუსტრირებული: მოროშკინა საზოგადოებისთვის ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან ერთად. ეს გარკვეულწილად წიგნში მოთხრობილი ამბების ვიზუალური ნივთმტკიცებაა.

Saturday, November 21, 2009

მწვანე ოქრო


ლონდა ბერია

21.11.09


21 საუკუნეში მძღოლებს იმით ვერ გავაკვირვებთ, რომ ნივა ყველაგან მივა, მაგრამ თუ ნივას ძრავას შაქრის სიროფიდან მიღებული საწვავი მოიყვანს მოძრაობაში, ეს უკვე სხვა საქმეა.  

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში შაქრის ლერწამისა თუ სიმინდის საწვავად გამოყენების აზრი ისე იმედიანად მოეჩვენა ყველას, როგორც ზღვაში გადმოგდებული მაშველი რგოლი. ბევრი ავტომწარმოებელიც მონდომებით ჩაეჭიდა ამ ერთი შეხედვით ეკონომიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებას. თუმცა, მალევე მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ეს მაშველი რგოლი ვერ მიგვიყვანდა ნაპირამდე, სადაც სუფთა ჰაერი და დაზოგილი ფული გვეგულება. 

ამჟამად ბენზინის `მწვანე” ალტერნატივის სახით ბიოეთანოლი, იგივე ეთილის სპირტი, გამოიყენება, რომელიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისგან მიიღება. მართალია მცენარეების გამოყენება საწვავის მისაღებად სიახლე არ არის - ნავთობიც ხომ დროთა განმავლობაში წიაღისეულად გარდაქმნილი მცენარეებისგან იქმნება, მაგრამ სიმინდიდან ჭადის მაგივრად ენერგიის “გამოცხობა” შედარებით ახალი იდეაა, რომელიც ეკონომიკური და ეკოლოგიური საჭიროებებით არის ნაკარნახევი.  

ქართული საზოგადოებისთვის დღეს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ  
სიმინდი შეიძლება აღარ ჩამოატარონ ქობულეთის პლაჟზე და გადასამუშავებლად ქარხანაში წაიღონ. 

“საქართველოში არც მსგავსი ტიპის მანქანებია ჯერ და არც ქარხნები აუშენებიათ. ბიოეთანოლის ტრანსპორტირება ძალიან ძვირი ჯდება, ისევე როგორც მისი მიღება. სპეციალური ქარხნების მშენებლობას, კვალიფიციურ მუშა ხელს და კიდევ უამრავ საჭირო პროცესს დიდი თანხები სჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, საქართველოში ეს კიდევ დიდხანს არ მოხდება” _ გვითხრა გამოცდილმა ავტომოყვარულმა, `დრივე.გე”_ს ჟურნალისტმა ბაჩო ნოზაძემ.
                                                                                                                                     
შაქრის ლერწამისგან ბიოეთანოლის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა მცენარეებისგან. თუმცა, მთელ დედამიწაზე რომც მოვაშენოთ, მისგან მაინც ვერ მივიღებთ იმდენ საწვავს, რომელიც მთელი მოსახლეობის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ნავთობს, მისთვის არ გვჭირდება ხე-ტყის გაჩეხვა, ნიადაგში ათასგვარი სასუქის შეყვანა და გლეხებსაც თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ მიწაზე შეუზღუდავად დათესონ კიტრი ან პომიდორი. ამ შემთხვევაში საკვების მსოფლიო მარაგსაც არაფერი დააკლდება და გაიაფებული საწვავის ფასად ხალხს არ მოუწევს გაძვირებული პროდუქტების ყიდვა.

თუმცა, თუ ნავთობის ალტერნატივის შემუშავება ვერ მოხერხდება, მსოფლიო დარჩება მწვავე პრობლემების წინაშე: შავი ოქროსთვის გაჩაღებული ომები და მილიონობით მანქანების მიერ გამოყოფილი ნამწვი, რომელიც, მრავალი მეცნიერის დასკვნით, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია კაბალური კლიმატიური ცვლილებებისა.  
   
მაგრამ არც ბიოსაწვავი გამოდგა ორგანიზმისა და გარემოსთვის უსაფრთხო. ბიოეთანოლი ვერც ეკონომიურობით დაიკვეხნის, ვაინადან წარმოების ზრდის კვალად მატულობს მისი ფასიც. 

მინესოტელი მეცნიერების დასკვნით, ბიოსაწვავი ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. მართალია, ბენზინისა თუ დიზელისგან განსხვავებით, ის წვის შედეგად ცოტა ნახშირორჟანგს გამოყოფს, მაგრამ სამაგიეროდ მას წარმოების პროცესში გამოდევნის დიდი რაოდენობით. მცენარეული ნედლეულის მოსაყვანად ნიადაგში აზოტოვანი სასუქი შეჰყავთ. ეს სასუქი ატმოსფეროში ამიაკის დამუხტულ ნაწილაკებს გამოჰყოფს, რომელთაც მტვერი ეკვრის და მომცრო კოლტებს წარმოქმნის. მათი დასახლებულ ტერიტორიაზე მოხვედრის შემთხვევაში ადამიანებს სასუნთქი გზების პრობლემები დაეწყებათ. 

ამასთან, ზოგიერთი მკვლევარის შეხედულებით, ბიოეთანოლი საფრთხეს უქმნის საკვები პროდუქტის მარაგსა და ტყეებს, რომლებიც იჩეხება ორგანული პროდუქტების დასათესად. თუმცა, უკეთესი ალტერნატივა ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო მანქანებიდან გამონაბოლქვი აირების წყალობით გლობალური დათბობის ტემპი განაგრძობს მატებას. 

Thursday, November 19, 2009

სხვისი და არავის შვილები

ელენე ხაჭაპურიძე

19 ნოემბერი, 2009


დათოზე თავიდანვე უარი თქვეს. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, მთავარი შედეგია - მიატოვეს. დედა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ არა ის ვინც გააჩინა, არამედ სხვა, ახალი დედა.
.

“მოდი დამალობანა ვითამაშოთ. მე დავიხუჭები, შენ დაიმალე, მერე შენ დაიხუჭები და მე დავიმალები”, - ორ ბავშვს შორის ჩვეულებრივი დიალოგია, ოღონდ ეს ორი პატარა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთს მოვლილი და ბავშვურად უზრუნველი იერი აქვს. მეორეს ძველი, გაცრეცილი შარვალი აცვია და მის გამოხედვაში რაღაც სხვა, ნაკლებად უდარდელი იკითხება.
.
ერთი ბინაში ცხოვრობს, მეორე – ქუჩაში, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ და თან დათოსგან ასხვავებთ – ორივეს ჰყავთ მშობლები და იციან რა არის დედმამის ყურადღება და სიყვარული. 13 წლის დათოსთვის კი ეს გრძნობა უცხო იყო შვიდი წლის განმავლობაში, რომლებიც მან ბავშვთა სახლში გაატარა.
.
დათოს დედა არასოდეს უნახავს. ბიოლოგიური დედა, თორემ დღეს დედაც ჰყავს და მამაც. ოჯახში იზრდება და თვლის, რომ ბედნიერია. მაგრამ, მანამადე იყო სიცარიელე, რომელსაც დღეს “გაურკვევლობის წლებს” უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მაინც ამბობს რომ არასრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდა. არასრულფასოვანიო არ უთქვამს, “რაღაც მაკლდაო”.
.
თავისი ასაკის კვალობაზე საკმაოდ ჭკვიანია და ამბობს რომ ორმაგ პასუხიმგებლობას გრძნობს ახალი მშობლების მიმართ: - ,,კარგად ვსწავლობ და თითქმის ყველაფერს ვუჯერებ მათ. მინდა კარგი შვილი ვიყო”.
.
არ უყვარს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც დედამ მიატოვა. “არ მაინტერესებს რატომ მიმატოვა და არც არასდროს მოვძებნი“, _ ცოტა არ იყოს გაბრაზებით ამბობს. ძნელია გაამტყუნო. ეს ის შემთხვევაა როცა მიტევება არც ისე იოლია, თანაც მაშინ როცა არც კი იცი სჭირდებათ თუ არა ეს შენგან.
.
ცხრა წლის მიშას ნაკლებად გაუმართლა. მას არც ბიოლოგიური დედა აკითხავს და არც არავინ იშვილა. ბინა აქვს, თუმცა სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდის, დანარჩენ დროს კი დიდუბის ავტოსადგურში ატარებს, სადაც ის მოწყალებას ითხოვს. მისი მხიარულებით და კომუნიკაბელურობით მოხიბლული გამვლელები ხურდას არ იშურებენ.
.
ფართო ღიმილით გოგონას თხოვს ფული მომეციო. იმან - არ მაქვსო. ,,მაშინ “სემიჩკა” მომეცი, ეგ ხო გაქ და გიმღერებ, ძაან მაგრად ვმღერი”. დაიწყო სიმღერა. თვითონაც იცინა და ხალხიც აცინა.
.
როდესაც ამ პატარა ადამიანებს უყურებ - უზრუნველ ბავშვს, რომელიც დილით დამალობანას თამაშობდა და მიშას, რომელსაც თითქოს მომავალი არ აქვს, გიჩნდება და შემდეგ ჯიუტად გაწუხებს კითხვები: რამ შეიძლება გადაწონოს ინსტინქტური სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი შვილის მიმართ? მისცემს ცხოვრება მიშას მეორე შანსს, ისე როგორც ეს დათოს შემთხვევაში მოხდა?
.
შეიძლება არაჟურნალისტური ნაბიჯია, მაგრამ დამშვიდობებამდე მიშას მაინც ვუთხარი: “იქნებ შენი ცხოვრება შეიცვალოს და კარგად იცხოვრო”. დამცინა და ასე მომიჭრა: - ,,მე კარგად ვცხოვრობ”. ცოტა ფიქრის მერე კი დაამატა: - “მე მაგარი კაცი გამოვალ კი?“ მხრები აიჩეჩა და ხელი დამიქნია. მოწყინდა ეტყობა, ან არ მოსწონდა ჩემთან საუბარი.

Friday, November 13, 2009

თოჯინები იციან იაპონურად


ლელა უგრეხელიძე

13 ნოემბერი 2009

ტაკედა-ნინგიო, კიმეკო-ნინგიო, იშო და ჰანა ნინგიოები იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიდნენ, უფროსწორად – ჩამოიტანეს. თოჯინები, რომლებიც იაპონიაში ოჯახის, ნაყოფიერების, ბავშვებისა და სხვადასხვა ადამიანების მფარველ სულებად მიაჩნიათ, 2 ნომერამდე “ქარვასლას” სტუმრობდნენ.

ბონსაი – ტრადიციული იაპონური ხე, იაპონური მუსიკალური საკრავები, კიმონო, მარაოები – შორეული და მომნუსხველი იაპონური კულტურის ამ ატრიბუტების დებიუტი ქართულ საგამოფენო სივრცეში 28 ოქტომბერს შედგა. პატარა დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად გამოფენის მთავარი გმირები - იაპონური თოჯინები მოეწონათ.

მუყაოს, ხისა და ფერადი ქსოვილისგან საგულდაგულოდ შექმნილმა თილისმა-ადამიანებმა ამომავალი მზის ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია - თოჯინების შექმნის უნიკალური ხელოვნება წარმოადგინეს. მწვანე ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა და ხმალშემართულმა ნინგიომ ბიჭების აღფრთოვანება გამოიწვია. პატარა ნინია იაკობაშვილის კი ჰანა-ნინგიო მოსწონს, რადგან ლამაზი კაბა აცვია და ყველაზე ჭრელი მარაო უჭირავს ხელში.

საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლემ და გამოფენის ორგანიზატორმა ჯენკო კამოჰარამ თოჯინები საკუთარი ხარჯებით სპეციალურად საქართველოსთვის შეიძინა.

“ქარვასლაში” გამოფენის გახსნამდე ქალბატონი სანდრა რულოვსი, კიმონოში გამოწყობილი, საკუთარ სახლში იაპონური კერძებით გამიმასპინძლდა [...,]. მაშინ მივხვდი, რომ იაპონური კულტურის გაცნობა ქართველებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა”, - განაცხადა ქალბატონმა ჯენკომ.

მისი თქმით გამოფენაზე წარმოდგენილი ყველაზე უხუცესი თოჯინა 32 წლის გახლდათ.

იაპონური კვირეულის გახსნას ცნობილი ქართველები დაესწრნენ: პირველი ლედი სანდრა რულოვსი, მსახიობი კახი კავსაძე და განათლების მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

კვირეულის მეორე დღეც, როგორც საგამოფენო დარბაზის ზედამხედველმა მაია ყაზახიშვილმა აღნიშნა, უჩვეულოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა.

,,არაპროგნოზირებადად ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. [...] საზოგადოებაში ისეთი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა გაჩნდა, რომ ალბათ, უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება იაპონური დღეები, ამჯერად არა თოჯინების, არამედ სხვა კუთხით, რაც ასევე საინტერესო იქნება”, - თქვა ქალბატონმა მაიამ. “ქარვასლაში” იაპონიის კულტურის ქართველი თაყვანისმცემლებიც მივიდნენ. კოლექციონერ რია ნოზაძეს საკუთარ სახლში “პატარა იაპონია” აქვს: იაპონური მუსიკა, კინო, ლიტერატურა, საბრძოლო ხელოვნება, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ გატაცება არ არის. მის ოთახში კიმონო, გეტა, სამურაის ხმალი და სხვა იაპონური ნივთებია. ოცნებობს, იაპონიაში ერთხელ მაინც იმოგზაუროს, მანამდე კი სახლში თავად ამზადებს სუშის თუ კაცუობუშის, ოღონდ ქართული ინგრედიენტებით. მართალია, იაპონია მისთვის ოცნებაა, თუმცა იაპონიის ელჩის მეუღლეზე შთაბეჭდილების მოხდენას ქართული ნივთებით ცდილობს. ქართული ქვები, ნიჟარები, დროშა და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთებს ახლა ქალბატონ ჯენკოს ჩუქნის იმ იმედით, რომ მის საოცნებო ქვეყანაში, თუნდაც ერთ ადგილას მაინც იარსებებს კუთხე სახელად: “პატარა საქართველო.”

იაპონური დღეებით “ქარვასლაში” მხოლოდ ქართველები არ დაინტერესებულან. კორეული წარმოშოების სვეტლანა პანი ნინგიოების ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებელი იყო. საქართველოში გაზრდილ სვეტლანას, როგორც თავად აღნიშნა, უჩვეული განცდა ჰქონდა, როცა საკუთარ სამშობლოს კულტურას სხვა ქვეყანაში ხედავდა.

,,მეგობარმა შემთხვევით მითხრა ამ გამოფენის შესახებ და მეც მოვედი. მეამაყება, რომ ასეთი კულტურის მქონე ქვეყნიდან ვარ და კარგი იქნება, თუ ხშირად ვუმასპინძლებთ მსგავს გამოფენებს, რადგან ასეთი ღონისძიებებით თბილისში განებივრებულები ნამდვილად არ ვართ”, - თქვა სვეტლანამ.

აქ თბილისობაც იაპონურად აღნიშნეს. დამთვალიერებლებს კიმონო ჩააცვეს, ხელში მარაოები მისცეს და ნინგიოების გარემოცვაში იაპონური მეიკო შეუსრულეს. სამახსოვროდ, იაპონური წერო და ორიგამის სავიზიტო ბარათიც, დაურიგეს.

საყოველთაო მოწონების მიუხედავად, რამდენიმე დამთვალიერებელი, რომელიც ქარვასლაში გეიშების პროფესიის ზოგიერთი თავისებურების თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღების სურვილმა მიიყვანა, იმედგაცრუებული დარჩა. გამოფენა ამ თემას არ შეხებია და ყველა თოჯინაც, ასეთი სტუმრების გულდასაწყვეტად, ბოლომდე ჩაცმულ-დახურული გახლდათ.

Wednesday, November 11, 2009

ბოშათა ბანაკი თბილისში

გვანცა გეთიაშვილი
11 ნოემბერი, 2009


ერთმანეთზე მიწყობილი სახლები, პატარა ეზოები, ზოგან შადრევნებით -- ეს ბოშების ბანაკია ლოტკინზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ეს კომპაქტური დასახლება თითქოს არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი ქართული უბნისგან, მაგრამ მიხვეულ-მოხვეული შუკები და ეზოები, აზიის რომელიმე ქვეყანას მაინც მოგაგონებთ.

დღესდღეობით ხშირად ძნელია ბოშისა და ქართველის ერთმანეთისგან გარჩევა. ისტორიკოსი თემურ ჯოჯუა მიიჩნევს, რომ ქართულმა გარემომ კვალი დააჩნია მათ ფსიქიკას, მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს “რადგან ნელ-ნელა ემსგავსებიან იმ ხალხს ვის გარემოცვაშიც ცხოვრობენ.”

თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი ბოშებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ყველა ქართველი ერთნაირად არ არის მათდამი განწყობილი, ზოგი ბოშებს “ციგნებსა” და “ურჯულოებს” უწოდებს.

ბატონი თემურის აზრით ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ბოშების უმრავლესობის მიერ ვაჭრობისა და მოწყალების თხოვნით. ისინი ამ გზით ირჩენენ თავს, რაც დისკრიმინაციის საფუძველი ხდება, არადა: ,,რა დააშავა პატარამ, რომელიც გადარჩენის მიზნით ქუჩაშია და მათხოვრობს, ალბათ ეს უფრო უფროსი თაობის დანაშულია ან წარსულისა, რომელიც ბოშებს ბუნებამ არგუნა.”

ბოშების მომთაბარე წარსული ხშირად ვაჭრობასთან, მათხოვრობასა და ქურდობასთან ასოცირედება. ისტორიიული ცნობების თანახმად, ბოშათა, იგივე ბოჰემიელთა, ტომი ინდოეთის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. მე-5 და მე-10 საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს და მე-15 საუკუნეში უკვე მთელ ევროპას მოედნენ.

ბოშები ლაპარაკობენ აწინკნურ ენაზე, თითქმის იგივეა რაც რომაული. ის რომ ბოშები მართლაც ინდური ტომებისაგან წარმოიშვნენ ამტკიცებს ისიც, რომ მათი ენის სამი სიტყვიდან ერთი აუცილებლად ინდურია, თუმცა ახლა ამ ენაზე მხოლოდ მოხუცები თუ საუბრობენ.

1989 წლის აღწერით, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს 3,6 მილიონი ბოშა, აქედან 96% სომხეთში, ხოლო დანარჩენი 4% გადანაწილებულია ევროპაში (მოლდოვა, საბერძნეთი და ა.შ.). საქართველოში ბოშების შემოსვლა შეინიშნება 1915 წლიდან, სომხების გენოციდის შემდეგ და თბილისის გარდა ცხოვრობენ, ქუთაისში, მარნეულში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მათი რიცხვი მე-2 მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.

დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს ბოშების მიმართ ბატონი თემურის მსგავსი შემწყნარებლური დამოკიდებულება არ აქვს. ერთ-ერთ ქართველ მოზარდს მათში მეგობრებიც ჰყავს, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მათთან დალაპარაკება და მათ უბანში მისვლაც კი სარისკოა.

10 წლის, ბოშა გოგონა, სონია პაჭკორია თბილიში ცხოვრობს, მშობლები არ ჰყავს, ბებია და ბაბუა ზრდის: ,,დედა მშობიარობას გადაჰყვა, პაიანოვა იყო, მამა – ქართველი, მეგრელი, არ ვიცი რატომ დაიღუპა. ორი ძმა და ერთი და მყავს, რომელსაც ბებია ზრდის სამეგრელოში, ზუგდიდში, მამაჩემის მშობლები. კიდევ ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, ორი წლის უკან გარდაიცვალა”

სონია პაჭკორია იმ ,,ბედნიერ” ბავშვებს მიეკუთვნება, ვინც ქუჩაში მოწყალების თხოვნით არ ირჩენს თავს და ვისაც ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც მასთან თამაშსა და ურთიერთობას არ უკადრისობენ.

ბოშების უმრავლესობამ ქართული იცის, რადგან მათ ბევრი რამ შეითვისეს იმ ხალხთა კულტურიდან, სადაც ცხოვრობენ, ბოშების ენა უკვე ასიმილირებულია სხვადასხვა ენებთან, ხოლო ისინი ვისაც უჭირს საუბარი, ქართველებთან რუსული ენის მეშვეობით ურთიერთობენ.

Wednesday, November 4, 2009

და ოსკარს ალბათ მიიღებს...

დავით გორგილაძე
4 ნოემბერი, 2009

ოსკარების მინიჭების ცერემონიალის მოახლოვებასთან ერთად პრეტენდენტებს შორის პოლიტიკური ფილმები იკვეთება და, ზოგიერთი კრიტიკოსის ვარაუდით, კონოაკადემიისგანაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.

.

ერთ–ერთ ფავორიტად მოიაზრება კლინტ ისტვუდის ოპუსი სპორტსა და პოლიტიკაზე – ,,ადამიანური ფაქტორი“. ფილმში მოქმედება ვითარდება 1995 წელს პოსტაპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული რაგბის ჩემპიონატის ფონზე. ისტორიულ სიუჟეტს დამატებით ინტერესს კინოვარსკვლავების ფაქტორი მატებს - ნელსონ მანდელას მორგან ფრიმანი ასახიერებს, ხოლო მეთ დეიმონი რაგბის გუნდის კაპიტნის როლში გვევლინება.

კიდევ ერთი კანდიდატი, ასევე პოლიტიკური სარჩულის მქონე მხატვრული ფილმი "ძვირფასი" , ჭარბი წონითა და კომპლექსებით დამძიმებული შავკანიანი ამერიკელი გოგონას რთული ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს. ამ სურათმა უკვე გაიმარჯვა „სანდენსის“ კინოფესტივალზე, სადაც მეტწილად დამოუკიდებელი და ჰოლივუდური შტამპის არმქონე ნამუშევრები იყრიან თავს.

კინოკრიტიკოს ედ გონსალესის აზრით, ფილმი ,,ძვირფასი“, რომელიც ხელმოკლე შავკანიან ამერიკელთა ყოველდღიურობის არასახარბიელო მხარეებს წარმოაჩენს, ასევე შემატებს ,,პოლიტიკურობას“ ოსკარებს.

თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. მისი თქმით, ჭეშმარიტად პოლიტიზირებული წინა ცერემონიალი იყო. მაშინ კინოაკადემიამ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის შონ პენი დააჯილდოვა, რომლემაც ჰომოსექსუალი ამერიკელი პოლიტიკოსი ჰარვი მილკი განასახიერა. კონოაკადემია ბოლივუდის ყაიდაზე სტილიზებული საგა, ,,მილიონერი ჯურღმულიდან“, რვა ოსკარით დახუნძლა, ხოლო კეიტ უინსელტი ცერემონიალიდან ფაშისტური ციხის ზედამხედველის როლისთვის მიღებული ჯილდოთი ხელდამშვენებული წავიდა.

ნინიას მიაჩნია, რომ წლევანდელი დაჯილდოვება განსხვავებული იქნება. „,,ოსკარი“ ყველაზე აპოლიტიკური დაჯილდოვებაა, აქ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება სანახაობას ენიჭება და არა შინაარსს, ამიტომაც არ მგონია, წელს პოლიტიზირებული დაჯილდოვება ვიხილოთ“, – ამბობს ნინია.

თუმცა გაზეთ ,,ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ოსკარების ცერემონიალის და ჰოლივუდის სპონსორებად ხშირად ამერიკელი სენატორები გვევლინებიან და, შესაბამისად, აკადემიაში პოლიტიკურ ფულთან ერთად პოლიტიკური დღის წესრიგიც აღწევს.

ჯეისონ რაიტმანის ფილმი ,,ჰაერში გამოკიდებული“ მსუბუქი კომედიის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის ფონზე. ფილმის მთავარი გმირის (ჯორჯ ქლუნი) ამოცანაა კორპორაციებს თანამშრომლეთა რიცხვის ოპტიმიზაციაში დაეხმაროს.

რაიტმანს სულ სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. მათ შორის ერთი, „ჯუნო“, ოსკარზეც იყო წარდგენილი ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“, თუმცა საბოლოოდ სურათმა ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა აკადემიის ჯილდო.

ნომინანტებს შორის შესაძლოა აღმოჩნდეს ჯონ ჰილკოუტის ფანტასტიკური ტრილერი „გზა“ , რომელიც ირიბად ეხმაურება გლობალური დათბობის თემას. სურათი გადაღებულია კორმაკ მაკკარტის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელმაც პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, პულიცერის პრიზი, მოიპოვა. ფილმის მთავარი გმირები მამა-შვილი (ვიგო მორტენსენი და კოდი სმიტ-მაკფი) გლობალურ კატასტროფას გადაურჩნენ და პოსტაპოკალიპსურ სამყაროში იკვლევენ გზას.

ნინიას არგუმენტის სასარგებლოდ სხვა შესაძლო ნომინანტების შინაარსი მეტყველებს. კინოკრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ რობ მარშალის მიუზიკლს „ცხრა“ . ეს რეჟისორი ცნობილია ოსკაროსანი ფილმით ,,ჩიკაგო“. ახალ მიუზიკლში ქალი მსახიობების მთელ თანავარსკვლავედია წარმოდგენილი: ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, მარიონ კოტიარი, პენელოპა კრუზი. ასევე, უჩვეულო ამპლუაში წარსდგება ოსკარის ლაურეტი დენიელ დეი ლუისი.

წითელ ხალიჩაზე ალბათ ვიხილავთ პიტერ ჯექსონს თავისი ახალი ფილმით „საყვარელი ძვლები“ , რომლის პრემიერაც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. ფილმის გმირი, 14 წლის გოგონას რომელიც მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა, სივდილის შემდეგ სამოთხიდან ადევნებს თვალს ახლობლების ცხოვრებას. ოფიციალურ „ტრეილერში“ უკვე ჩანს, რომ რეჟისორმა ოსტატურად დახატა არაამქვეყნიური სამყარო, რომელშიც გოგონამ გადაინაცვლა.

დაბოლოს, კინოსამყარო მოუთმენლად ელის ჯეიმს კამერუნის ახალ, ძვირადღირებულ ფანტასტიკური ჟანრის ეპოსს – „ავატარს“ , რომლის გადაღების იდეაც ,,ტიტანიკის“ რეჟისორს დაახლოებით 15 წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იმ დროს არსებულმა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ამის საშუალება არ მისცა. ფილმის შექმნაში სამას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ფილმში ადამიანები და პლანეტა პანდორას ლურჯკანიანი მკვიდრები ბუნებრივი რესურსებისთვის იბრძვიან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისა, ფავორიტთა შორის აქტიურად სახელდებიან: “დამსმენი“, “სერიოზული კაცი” და “სიცოცხლის ხე” შონ პენისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

წელს კინოაკადემია სიახლესაც გვთავაზობს – რიგით ოთხმოცდამეორე დაჯილდოვების ცერემონიალზე წლის ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იბრძოლებს.

პარკური, მოძრაობის ხელოვნება

ქეთი ბურდული
თბილისი, 5 ნოემბერი, 2009.


მორბენალი, კედლებზე მცოცავი და სიმაღლეზე მოხტუნავე ქუჩის აკრობატების,
ანუ
,,პარკურის“
მიმდევრების რიცხვი თბილისში მატულობს. ნახევრადფორმალური სპორტი, რომელიც დიდ ქალაქში რბოლას და გზად სხვადასხვა დარბრკოლებების გადალახვას გულისხმობს, მალე ორგანიზებულ სახეს მიიღებს და ქალაქის მაცხოვრებლებმა შესაძლოა ხშირად იხილონ მაღლივი შენობების კედლებზე გამოკიდებული, ან სხვა ურბანულ სტრუქტურებთან მებრძოლი ადამიანები.

ეს სპორტი, რომლიც გართულებულ თარჯრბენს წააგავს და რომლის ამოცანაა ადამიანი სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულის ფიზიკურ დაბრკოლებებს, ახლო მომავალში ასოციაციის სახით ჩამოყალიბდება, ამბობს ქართული პარკურის სულისჩამდგმელი 19 წლის გივი მაღრაძე.

“სპორტის ამ სახეობისთვის უმთავრესი არის ტექნიკა, რომელიც შეიცავს აკრობატიკის, საბრძოლო ხელოვნებისა და სირბილის ელემენტებს”, - ამბობს გივი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
მან თავის მეგობარ ირაკლი ჩხეიძესთან ერთად 2000 წელს დააფუძნა პირველი ჯგუფი დევიზით „FOR THE LOVE OF THE ART“. ჯგუფს მალევე შეურთდნენ სხვა ახალგაზრდებიც, ანუ პარკურის ენაზე რომ ვთქვათ – ტრეისერები, რომელთაც სურდაც მძაფრი შეგრძნებების განცდა და ქალაქში ექსტრემალური გადაადგილების ხელოვნების დაუფლება. დღეს ყველაზე პატარა ქართველი ტრეისერი, იგივე გზისმკვლევი, 10 წლისაა და უკვე წელიწადნახევარია რაც ვარჯიშობს.
ტრეისერები ამბობენ, რომ ეს მათთვის მხოლოდ სპორტი კი არა ცხოვრებაა. შენობა–ნაგებობებით, ღობეებით, ბოძებითა და ადამიანებით სავსე ქალაქში ინტენსიური გადაადგილების ხელოვნება, რომელიც ათლეტურ ილეთებს, სისწრაფესა და მოქნილობას მოითხოვს, ევროპაში გასული საუკუნის 90–იან წლებში განვითარდა. პარკურის სამშობლოდ კვლავ რჩება ქალაქი ლისი, აქ ყოველი წლის 20 ივლისს ტარდება პარკურის დღეები, სადაც ახალგაზრდა ჯგუფები იღებენ მონაწილეობას.

ყველაზე ცნობილი გზისმკვლევი არის დევიდ ბეილი – პარუკრის ლეგენდა, რომელიც იყო 1997 წელს შექმნილ ჯგუფ იამაკასის წევრი. თავიდან ჯგუფში მხოლოდ 8 მეგობარი იყო, რომელთაც სჯეროდათ საკუთარი ტალანტის და ამიტომ გადაწყვიტეს რომ გამხდარიყვნენ პროფესიონალები და ეცხოვრათ თავისი ხელოვნებით. 1998 წელს, მართალია, ჯგუფი იამაკასი დაიშალა, მაგრამ ჯგუფის წევრებმა მოღვაწეობა ინდივიდუალურად განაგრძეს.
ტრეისერების მშობლები, ასევე ფსიქოლოგები კრიტიკულად უყურებენ ამ საკითხს. ხშირად მეზობლებიც ეჭვის თვალით უყურებენ იმ ბავშვებს, რომლებმაც უკვე შეძლეს 16 სართულიანი კორპუსის 8 სართულის გადალახვა. იამაკასებზე გადაღებულ ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ეს ხელოვნება სახლების გაქურდვისთვის.
ქართველი ტრეისერების მეთაური ამობს, რომ დიასახლისები მერვე სართულზე ამომძვრალი ადამიანის დანახვამ არ უნდა დააფრთხოს. „მე ვფიქრობ, რომ ტრეისერს, პირველ რიგში, პატიოსნება უნდა ახასიათებდეს, [რათა მან] ეს სპორტი ცუდად არ გამოიყენოს, მეორე რიგში, ადამიანი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად მომზადებული, რომ გადალახოს შიში და ყველაფერი ის, რაც ამ სპორტს თან ახლავს.“
პარკური რბენისას ფაქტობრივად ხდება ექსტრემალური სიტუაციის იმიტაცაია. მონაწილეების თქმით, ადამიანი იძენს უნარჩვევებს იმისა, თუ როგორ გაედევნოს ქურდს, თავი დაძვრინოს რთული სიტუაციიდანან, გადაევლოს მაღალ ღობეს ან კედელ–კედელ იძრომიალოს, რათა საჭირო ადგილას, მაგალითად ლექციაზე, არ დააგვიანონ. საცობებით გაჭედილ თბილისში, ეს უნარები ბევრს გამოადგებოდა.