მიხეილ ნანობაშვილი
თბილისი. 16 მაისი, 2009.
ამერიკელები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი გაცილებით მეტნი არიან, ტყვიები სეტყვასავით ცვივა, ალყაშემორ- ტყმული კოლუმბიე- ლები გამეტებით იგერიებენ მტერს. ,,მოვკვდი, დაჭრილი ვარ!” – აღმოხდა ერთბაშად ორ კოლუმბიელ პარტიზანს. კოლუმბიელებმა უკან დაიხეს და ორი მომაკვდავი თანამებრძოლი გამარჯვებულთა გულმოწყალების იმედად დარჩა. სინამდვილეში არც ერთი იყო ლათინური ამერიკის მკვიდრი, არც მეორეს ენახა როდესმე კარიბის სრუტე - ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.
.
უკვე რამდენიმე წელია, რაც სამხედრო-სპორტულ თამაშს ,,სტრაიკბოლს”, იგივე ,,Airsoft”, საქართველოშიც გაუჩნდა მიმდევრები. ,,ალბათ, იკითხავთ, “სტრაიკბოლი” რაღა ჯანდაბააო. მარტივად აგიხსნით, ბავშვობაში ამ თამაშს ომობანას ვეძახდით. ასაკისთვის შეუფერებელი თამაში? ასე საზოგადოება თვლის, თორემ მონაწილეებს რომ გვეთაკილებოდეს ყოველივე ეს, აღარც ვითამაშებდით, ლოგიკურია არა?” – ამბობს უკვე ვეტერანი სტრაიკერი მეტსტახელად ,,ზვიგენა.”
.
ეს თამაში, რომელშიც როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული მეომრები მონაწილეობენ, ჩამოყალიბდა გასული საუკუნის სამოცდათიან წლებში, ომის შემდგომ იაპონიაში. ამ დროს დამარცხებულ იაპონიას მოკავშირეების მიერ აკრძალული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენება და პოლიციელების წვრთნა სუროგატი იარაღის საშულებით ხორციელდებოდა.
.
საქართველოში ,,Airsoft”-ის სულისჩამდგმელი არის უჩა აბაშიძემ, რომელიც თანამებრძოლთა რიგებში ,,კიბორგ-მაკლაუდის” სახელით არის ცნობილი. დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყოველკვირეულად თბილისის მახლობლად სასტიკი ბრძოლები იმართება. ერთ-ერთ ასეთ შეტაკებაში, სადაც იანკებმა და ლათინოსებმა პლასტმასის ტყვიები წაუშინეს ერთმანეთს, გასაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა და ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა I-მედიას ჟურნალისტი მიხეილ ნანობაშვილი.
.
შეკრება ტრადიციისამბერ კვირას დილით გაიმართა. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ესალმება. ბრძოლის დაწყებამდე მეომრები ერთმანეთს უფასებენ იარაღებს, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღის პნევმატური ასლებია. დათქმულ ადგილას მისვლის მერე დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობს. იწყება გამალებული მზადება ბრძოლისთვის: იარაღების შემოწმება, ტყვია-წამლის მომარაგება, სამხედრო ეკიპირების მოწესრიგება.
.
ჯგუფი ორად გაიყო. როგორც გაირკვა, კოლუმბიელი აჯანყებულების სამთო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაიპარა ტყვე, რომელმაც დასახლებულ პუნქტამდე მიაღწია და რუქა მიაწოდა ამერიკელთა სპეცალური დანიშნულების რაზმს. აჯანყებულებს ბაზაზე კიდევ ორი მძევალი ჰყავთ. ასევე ცნობილია, რომ ამავე ბაზაზე ინახება აჯანყებულების იარაღი და ფული. ამერიკელთა სპეცრაზმს განზრახული აქვს დესანტი გადმოსხას, გაიკვლიოს გზა დასახლებულ პუნქტამდე და გაათავისუფლოს მძევლები. მათი ამოცანაა ასევე განადგურდეს მოწინაამღდეგის შეიარაღება და ფულის ტომრები.
მძევალი გაქცევის შემდეგ, კოლუმბიელებმა შესაძლო თავდასხმის მოლოდინში ბაზაზე დაცვა გაამკაცრეს. ასეთ ვითარებაში იწყება სამხედრო ოპერაცია. კოლუმბიელების ბაზასა და ამერიკელების საწყის წერტილს შორის რამდენიმე კილომეტრია დაშორება. ჩვენ კოლუმბიელთა რიგებში ვართ.
თავდაპირველად დაზვერვაზე წავედით. საველე მეთაურები და გამოცდილი მოთამაშეები ნელ-ნელა გვასწავლიან საბრძოლო უნარჩვევებს: მიმიკას, ხელით მინიშნებებს, სამხედრო ტერმინებს და ქმედებებს. მტრის გამოჩენა ბაზას უნდა შევატყობინოთ რაციების საშულებით ან, ხელსაყრელ შემთხვევაში, პირდაპირ შეტევაზე გადავიდეთ.
.
სიტუაცია თითქოს ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ მტერს არ სძინავს. წყეულმა იანკებმა მზაკვრული ტაქტიკის მეშვეობით, რაც დიდ მოთმინების, ბევრ სიარულისა და მდინარეში წელამდე დგომას გულისხმობდა, მოახერხეს ჩვენთვის გვერდის ავლა და ბაზას სამხრეთიდან დაესხნენ თავს. ჩვენი ჯგუფი დანარჩენების დასახმარებლად უკან გამოეშურა. მთავარია მომხდურ მტერს არ დავუთმოთ ბაზა, სადაც ინახება იარაღი და ფული და გამომწყვდეულნი არიან მძევლები.
ჩვენ იმ შენობის დაცვა დაგვევალა სადაც ფული ინახებოდა. ეს იყო ყველაზე დაძაბული მომენტი ჩვენთვის. ამერიკელთა სპეცრაზმი ჩვენს მოთმინებას ცდიდა. საათობით ველოდით რა მოხდებოდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მუხთალმა მტერმა სიცოცხლეს გამოასლამა ჩვენ ორი ამხანაგი. იმავე წუთს გვესმის ყვირილი: - ,,გაგვშიფრეს, გადავედით იერიშზე!”
ბაზის მიმართულებით სროლა ატყდა. ამერიკელი სპეცრაზმელების ნაწილი სწორედ ჩვენ მიერ გამაგრებულ პუნქტს უტევს. თავის გაყოფაც სახიფათო და საშიშია, ამერიკელები რაოდენობით გაცილებით მეტნი არიან და შესაბამისად ტყვიებიც დიდი რაოდენობით მოემართება ჩვენსკენ. ჩვენც ვცდილობთ პასუხი გავცეთ სროლით. ამერიკელები ბუჩქებს ეფარებიან და ძნელია გაარჩიო ვინ სად დგას, ისმის ჩვენი გუნდელების ხმები “დამჭრეს! ექიმი!” “მოვკვდი!”
განმარტებისთვის, ,,სტრაიკბოლში” სიკვდილის აღიარება მოთამაშის სინდისზეა. მას ვისაც არ შეუძლია რეალობას, ანუ სიკვიდილს თვალი გაუსწოროს, სტრაიკერი ვერ გახდება.
.
ამასობაში, კოლუმბიელები უკან ვიხევთ, მაგრამ არ ვთმობთ, ჩვენს უკან ხომ მშობლიური კარტახენაა. ამერიკელებიც, ჩვენზე არანაკლებ დაღლილები, წინ მოიწევენ. ორჯერ მეტნი არიან ჩვენზე, თუმცა ჩვენს რაზმში გამოცდილი სამხედროები იბრძვიან (მაგრამ არა ჩვენ) და ამან იმოქმედა დაკარგული სიმაღლეების დაბრუნებაზე.
საბოლოოდ რაღა თქმა უნდა მეგობრობამ გაიმარჯვა, ომში ხომ გამარჯვებული არ არსებობს. ბრძოლის ველი საშინელი სანახავია: ზოგს ფეხი აქვს ნატკენი, ზოგს სახე და ტანი აქვს გვარიანად დალურჯებული, ზოგსაც სისხლი მოსდის სახეზე. დაქანცული და იავარქმნილი მეომრები წყალს ითხოვენ, მაგრამ ყველა ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერია – ცოცხალიც და მოკლულიც. რატომ სისხლიანი სახეები? ვისაც დააინტერესებს თავად გამოცადოს ტყვიის, თუნდაც პლასტმასის იყოს, სიმწარე.