Sunday, January 10, 2010

შეზღუდული დაფინანსება უნარშეზღუდულთათვის




თამარ თამარაშვილი

18 დეკემბერი



ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს შეიცვლება უნარშეზღუდული ბავშვების სასწავლო ცენტრების სახელმწიფო დაფინანსების ფორმა. სრულ დაფინანსებას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ინვალიდი ბავშვები მიიღებენ, ხოლო სხვა ბაშვებისთვის შეიძლება იმ ერთადერთი ადგილის კარი დაიხუროს სადაც ისინი სრულფასოვან მოქალაქეებად გრძნობენ თავს.

თერთმეტი წლის გიორგი თავის ასაკთან შედარებით გონებრივად ჩარმორჩენილია. ერთი წლის წინ მას არ შეეძლო დამოუკიდებელი ცხოვრება, სკოლაში სიარული და გართობა. დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებდა, საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი და მხოლოდ ოჯახის წევრებთან კონტაქტობდა. უკვე ერთი წელია რაც გიორგი უნარშეზღუდული ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში ,,პირველ ნაბიჯში“ დადის. ახლა მას ბევრი მეგობარი ჰყავს, მოსწონს მასწავლებლები. ისწავლა ლექსები, სიმღერები და მისი ცხოვრებაც ახალი და უჩვეულო თავგადასავლებით აივსო.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კი მომავალი წლიდან გიორგი, შესაძლოა, ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს და ახალი, უკეთესი ცხოვრება მხოლოდ მოგონებად დარჩეს.

2009 წელს სახელმწიფომ 650 უნარშეზღუდულ ბავშვს გადაუხადა ცენტრში სწავლის საფასური. თბილისში სულ 35 დღის ცენტრია. ბიუჯეტიდან თითოეულ ბავშვზე დღეში 10 ლარი იყო განსაზღვრული. მიმდინარე წლიდან კი ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტს სოიციალურად დაუცველ ფენას მიანიჭებს. ფინანსური სიძნელეების კვალდაკვალ სახელმწიფომ ქამრების შემოჭერა, სხვა მიმართულებებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ხარჯზეც გადაწყვიტა.

ახალი წესით, სრულ დაფინანსებას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები მიიღებენ ანუ დაფინანსება ასე განისაზღვრება: ვინც სიღარიბის შკალაზე 100000 ქულას ვერ დააგდროვებს, ის სრულად დაფინანსდება, 120000-ქულის დაგროვების შემთხვევაში 70%-იან დაფინანსებას მიიღებს. ხელისუფლების თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი ვეღარ აუდის ცენტრებში ბავშვების მზარდი რაოდენობის სრულ დაფინანსებას.

სახელმწიფო შემწეობის ახალი ფორმის ამოქმედების შემთხვევაში მშობლები, რომელთაც შვილისთვის სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ექნებათ, იძულებულნი იქნებიან თავიან შვილებთან ერთად თავადაც დარჩნენ სახლში და ბავშვებზე საშინაო პირობებში იზრუნონ.

,,უნარშეზღუდული ბავშვების მოვლა ისედაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბევრ მშობელს არ აქვს საშუალება ყველა სხვა ხარჯებთან ერთად სწავლის საფასურიც გადაიხადოს. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე’’, – ამბობს გიორგის დედა ანა ბზიშვილი. მას გიორგის ცენტრში მიყვანა ყოველდღე ტაქსით უწევს. ამას ხანდახან ემატება ვიზიტი ექიმთან, რაც დამატებითი ხარჯია.

,,ჩემს შვილს ცენტრი განვითარებაში ეხმარება. როგორც თავად ამბობს, ცენტრში თავს კარგად გრძნობს და მეგობრებიც გაიჩინა. უნარშეზღუდული ბავშვები საზოგადოებაში, გარკვეულწილად მაინც გარიყულები არიან, Aამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ურთიერთობა ,,მსგავს “ბავშვებთან. თუ სახელმწიფოს აღარ შეუძლია სრულად დააფინანსოს ცენტრები, კარგი იქნება თუ დახმარებას სხვა ორგანიზაციები გაგვიწევენ.“

ერთ-ერთი დღის ცენტრის ექიმი ბელა ჭანკვეტაძე აღნიშნავს, რომ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი პატარები ისედაც გაუცხოებულ გარემოში ცხოვრობენ, ახალი კანონპროექტი კი უნარშეზღუდულ ბავშვებსა და საზოგადოების სხვა წევრებს კიდევ უფრო დააშორებს. ჭანკვეტაძეს მიაჩნია, რომ დაფინანსების შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო გაძნელდება საზოგადოების დარწმუნება, რომ მიიღონ ასეთი ბავშვები არა შეზღუდვების, არამედ დადებითი თვისებების გამო.

„დღის ცენრებში ეს ბავშვები ყოველდღიურად ვითარდებიან,” ამბობს ჭანკვეტაძე. ,,ცენტრის მიზანს პირველ რიგში წარმოადგენს ის, რომ მისცეს მათ საკუთარი ძალის რწმენა. თუკი ყველა მათგანს არ ექნება სწავლის საშუალება, შეფერხდება მათი გონებრივი განვითარება. ბავშვებს სჭირდებათ სრული ადაპტაცია გარემოსთან. ცენტრები მათ ამაში ეხმარებიან, საშუალებას აძლევენ გამოავლინონ ნიჭი, რაც ჯერ-ჯერობით მათში ფარულად, მაგრამ მაინც არის. როდესაც ისინი სწავლობენ რაიმე ლექსს, რაიმე ნივთის კეთებას, ან უბრალოდ ერთმანეთთან ურთიერთობას, უხარიათ; ხვდებიან, რომ სასარგებლო საქმის კეთება მათაც შეუძლიათ. თუ სახელმწოფო მათ ხარჯებს არ დაფარავს, შესაძლოა ცენტრები დაიხუროს კიდეც და ამ ბავშვებს არასდროს მიეცეთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.“

არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოება იმის მიხედვით ფასდება, თუ როგორ ეპყრობა ის იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების დამოუკიდებლად რეალიზება. დღეს ქართული გარემო ნაკლებად მეგობრულია უნარშეზღუდულთა მიმართ. თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი შეუძლებელია უნრაშეზღუდულთა თავისუფალი გადაადგილება. ცოტაა ხმოვანი შუქნიშნები უსინათლოებისთვის.

ქართული საზოგადოება ზოგადად მიუჩვეველია უნარშეზღუდული ბავშვების ქუჩაში დანახვას და მათ მიმართ დამოკიდებულება ხშირად ხოლო ხმამაღლა გამოთქმული სიბრალულსა და დანანებით თავის ქნევაში გამოიხატება. ბზიშვილი ქუჩაში ყოველთვის გრძნობს ადამიანების მწვავე ყურადღებას, ხშირად ესმის სიტყვები: ,,ვაი საწყალი ბავშვი! რა ეშველება!.“ მას ეს სიტყვები გულს არ სტკენს, გიორგი კი ყოველთვის გრძნობს განსხვავებულ დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მხრიდან და ეს ძალიან ცუდ ხასიათზე აყენებს მას. ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა და დარჩენა უხარია, ეს ცენტრია, მაგრამ დედამისი ამბობს, რომ სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე არ შესწევს საშუალება დასწავლის , . თუმცა, მალე ასეთი ერთადერთი ადგილიც კი მისთვის აღარ იარსებებს.