Friday, July 2, 2010

ეთნიკური უმცირესობები ქართულ პოლიტიკაში

 

ნინო მაჭარაშვილი

თეა ყიფშიძე

 

3.07.2010


ისეთი მრავალეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში  ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წახალისდეს სეპარატიზმი, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტების გაჩენას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში ამ საკითხებზე მუშაობა გაააქტიურა: შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში; შემუშავდა ეროვნული კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც შედგა 5-წლიანი სამოქმედო გეგმა; კომპაქტური ჩასახლების რეგიონებში დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. თუმცა, გააქტიურებული მუშაობის ფონზეც კი, გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არაა და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების სრული ინტეგრაცია ჯერ კიდევ საკმაო დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

 

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ეთნიკურად არაქართველებს პოლიტიკურ ჩართულობაში ხელს უშლის, სახელმწიფო ენის არცოდნაა. სულ მცირე, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა შეიძლება, არჩევნების დროს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაა. აქამდე ენის არცოდნა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ამ საშუალებასაც ართმევდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების   თარგმნა დაიწყო.

 

ენის არცოდნის გარდა, არაქართველი მოსახლეობის პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმას ხელს უშლის  ძველ თაობაში გავრცელებული განწყობაც. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის, აზრით, ეს განწყობა 90-იანი წლების ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგია. გამსახურდიას პრეზიდენტობისას დამკვიდრებულმა არაშემწყნარებლურმა პოლიტიკამ ეთნიკურ უმცირესობებს ერთგვარი შიში გაუჩინა. ისინი ფრთხილობენ, პოლიტიკური პროცესებით მათი დაინტერესება საზოგადოების დანარჩენმა ნაწილმა არასწორად არ  გაიგოს. სწორედ ამიტომ ქვეყნის ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეები პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმისაგან ხშირად თავს იკავებენ. უმცირესობების აქტიურობა, ძირითადად, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

 

განწყობა განსხვავებულია ახალგაზრდა თაობაში. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის, მაკა ხვიჩიას, თქმით, რეგიონებში გასვლისას ეთნიკურად არაქართველ ახალგაზრდებში ის დიდ დაინტერესებას ხედავს. ”ისინი მონდომებულები არიან, ისწავლონ ქართული ენა და ჩაერთონ პროცესებში, რადგან ეს მათი ქვეყანაა,” - ამბობს ხვიჩია. მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს, სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაასაქმოს და ასე შეუწყოს ხელი მათ პოლიტიკურ ჩართულობას.

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის ახალ კადრებს ეძებს და ამზადებს  ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც 2005 წელს  გაიხსნა ქუთაისში. სკოლაში ორ რამეს ასწავლიან -  ქართული ენასა და სახელმწიფო მართვას.   დირექტორის მოადგილის, გია ცუცხვაშვილის, ინფორმაციით, 2006-2008 წლებში სკოლის ეთნიკურად არაქართველ 168 კურსდამთავრებულს შორის უმუშევარი 97 იყო და მათგან 51 სკოლის დამთავრების შემდეგ დასაქმდა. ამჟამად სკოლის შენობაში რემონტი ტარდება, რის გამოც სწავლა დროებით შეჩერებულია.

 

გადაწყვეტილებების მიღებაში უმცირესებობის მონაწილეობის მხრივ მდგომარეობა დღესდღეობით  ასეთია:  აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა შტოებში ეთნიკური უმცირესობების 5-მდე წარმომადგენელია დასაქმებული; 150-კაციან საკანონმდებლო ორგანოში კი გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმცირესობების მხოლოდ 6 წარმომადგენელი შევიდა, მაშინ როცა ეთნიკურად არაქართველები საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტს შეადგენენ. უფრო მაღალია მათი რაოდენობა კომპაქტური დასახლებების თვითმართველობით ორგანოებში. თუმცა ადგილობრივი საკრებულოების მუშაობის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაფერი მაინც ცენტრალურ დონეზე წყდება.  სტეფანიანის თქმით, რეგიონულ საკრებულოებსა და გამგეობებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ აქვთ.

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად დეცენტრალიზაციის გაზრდაა საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონის საკითხები ადგილობრივ დონეზე უნდა გადაწყდეს და არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ თბილისში. საქართველოში 2006 წელს დაიწყო რეფორმა, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის ხელმძღვანელის, ტომ ტრიერის, თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმა რეალური შედეგის მოსატანად მეტ დახვეწას მოითხოვს.

 

 ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გასაზრდელად სტეფანიანი კიდევ ერთ საშუალებად მთავრობის მხრიდან ხელოვნურ სტიმულირებას მიიჩნევს. ხელოვნური სტიმულირება საარჩევნო უბნების საზღვრებისა და კვოტირების ისე შეცვლას გულისხმობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში მეტი ეთნიკურად არაქართველი მოხვდეს.

 

თუმცა ხელისუფლებას განსხვავებული პოლიტიკა აქვს არჩეული.  მაკა ხვიჩიას აზრით, პოლიტიკური ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა კულტურული ინტეგრაცია უნდა გახდეს. სახელმწიფო სტრატეგია სწორედ კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებისკენაა მიმართული. ხვიჩიას თქმით, იმისათვის, რომ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ერთად ჰარმონიულად იცხოვრონ, ერთმანეთის შესახებ მეტი უნდა გაიგონ.  ასევე, აქცენტი კეთდება ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებაზე - ეს კი იმ ინფორმაციულ ვაკუუმს ამოავსებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ არაქართველებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე გაჩნდა.

 

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, თუმცა ბოლო წლებში პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა ცალსახად იზრდება. „საქართველო სწორ გზაზე დგას, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო,“ - ამბობს ტრიერი. მისივე თქმით, სახელმწიფო პოლიტიკის პირველადი შედეგების შეფასება რამდენიმე წელიწადში გახდება შესაძლებელი.