Sunday, February 8, 2009

აქტუალური თემა რომელზეც საუბარი შეწყდა

ქეთევან აბაშიძე
ანა შუბითიძე
თბილისი. 7 თებერვალი, 2008.

შარში გახვეული საზოგადოებრივი მაუწყებელი საპატრიაქოს წინაშე დათმობაზე წავიდა და გამოცვალა ტელეპროექტ ,,დიდი ათეულის” ფორმატი. 16 იანვრის გადაცემაზე მომხდარი ინციდენტი ერთი შეხედვით ამოწურულად გამოცხადდა, გადაცემის მიერ წამოჭრილი კითხვები კი - ვინ მიაჩნიათ ქართველებს “საუკეთესო” მამულიშვილად და სად გადის ზღვარი დღვენადელ საქართველოში საერო და სასულიერო ღირებულებებს შორის – უპასუხოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებდა საზოგადოების მიერ არჩეული 500-მდე ქართველი მოღვაწიდან ტექსტური შეტყობინების, ინტერნეტისა და საგაზეთო ბროშურის საშუალებით ყველაზე პოპულარული ქართველის გამოვლენას. ნომინანტებს შორის არიან წმინდანებიც. სწორედ წმინდანებს შორის მეტოქეობის გამართვა მიუღებლად მიიჩნია საპატრიარქომ. “ეკლესიამ ეს პირები შერაცხა წმინდანებად, ისინი ღვთის რჩეული იყვნენ და არასწორია როდესაც მათ შორის ,,შეჯიბრს” ვაწყობთ, რადგან უფალი თავად ირჩევს რჩეულებს და მათი გამორჩევა ცოდვაა”, - განგვიმარტა ეკლესიის პოზიცია მთავარეპისკოპოსმა პეტრემ.

ეს არგუმენტი და ტელე-ეთერის კლერიკალურ მოსაზრებებზე მორგება გააპროტესტა პროექტის შემოქმედებითმა გუნდმა და საზოგადოების ლიბერალურად განწყობილმა ნაწილმა. მათ მიიჩნიეს, რომ ეკლესიის სახით ტელევიზიას მორიგი ცენზორი გამოუჩნდა. გადაცემის არსებული ფორმატის ერთ-ერთი აპოლოგეტის ჟურნალისტისა და მედია ექსპერტის დავით პაიჭაძის თქმით სატელევიზიო გადაცემების შინაარს უნდა არეგულირებდეს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და არა რელიგიური მოსაზრებები.

“საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისგან თავისუფლება”, - ნათქვამია მაუწყებლის შესახებ კანონში. იმ ფაქტს, რომ არხის ხელმძღვანელობამ ერთ-ერთი კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი, კერძოც კი საპატრიარქო, კანონზე მაღლა დააყენა ადასტურებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ირმა სოხაძეც. თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდეტების პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მართმადიდებელი ეკლესიის სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე კანონს.

გამოჩენილი ქართველი რეჯისორი რეზო ჩხეიძე იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას და მიაჩნია, რომ ეს პროექტი არ უნდა ყოფილიყო ”კალკირებული” ბრიტანული ანალოგიდან, და გადაცემის ავტორებს უნდა გაეთვალისწინებინათ ქართულ მართლმადიდებლურ საზოგადოების რეალობა. ,,შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათ ან ვერ გაიგეს ქართული ეკლესიის დამოკიდებულება და მათგან გამოთქმული აზრი ანდა განგებ გააკეთეს ეს იმისათვის, რომ რაღაცნაირად ეკლესიის რეიტინგი შეელახათ. რა იყო ამის მიზეზი ჩემთვის გაუგებარია.“
აზრთა სხვადასხვაობა პირდაპირ ეთერში უმწვავეს კამათში გადაიზარდა, რასაც კინაღამ ემსხვერპლა კიდეც ახლად შექმნილი ტელეპროექტი. კონსერვატორულად მოაზროვნე საზოგადოებამ გადაცემას და მის დამცველებს ანტიეროვნულობაშიც კი დასდეს ბრალი, ხოლო ლიბერალები ქვეყანაში არც მეტი არ ნაკლები თეოკრატიის დამყარების საფრთხეზე ალაპარკდნენ. ეკლესიოლოგ ქეთევან პავლიშვილის მიაჩნია, რომ გარკვეულმა ძალებმა და გადაცემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამიზნულად მიანიჭეს პოლიტიკური ხასიათი ეკლესიის დისკრიმინაციის მიზნით. მისი შეხედულებით ანტისაეკლესიო საქმიანობა კი ანტიეროვნულის ტოლფასია.

ჩვენ გამოვკითხეთ ოცდაათამდე ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ სამი არ იზიარებდა საპატრიარქოს შეხედულებას, ისიც იმ მოტივით, რომ წმინდანებად შერაცხვამდე ათეული მოხვედრის პრეტენდენტები ერისკაცები იყვნენ.
საბოლოოდ, არხის ხელმძღვანელობამ სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასა და ეკლესიის მიმართ მორჩილებას შორის არჩევანი უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. ,,იქიდან გამომდინარე, რომ ვართ ქართველები და მართლმადიდებლები, პატივი ვეცით პატრიარქის თხოვნას, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ ფორმატში და უკეთ მოვარგეთ ქართულ საზოგადოებას”. – გვითხრა გადაცემის ტექნიკურმა პროდიუსერმა მიშა თვარაძემ. სახეშეცვლილი გადაცემაში აღარ მოხდება პირველ-მეორე ადგილების მინიჭება, უბრალოდ შეირჩევა ათი დიდი საზოგადო მოღვაწე.

არადა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის დაჩი გრძელიშვილის თქმით, პროექტი უნდა ყოფილიყო ერთგვარი ტესტი საზოგადოებისთვის, რათა გამოვლენილიყო საზოგადოების ეროვნული მეხსიერების მდგომარეობა. ,,რიგითობის მინიჭების შემდეგ კეთილი ვინებოთ ერმაც, ბერმაც, განათლების სამინისტრომაც და ალბათ ეკლესიამაც და რაღაცნაირად დავფიქრდეთ, რაღაცეები შევცვალოთ. თუ აღმოჩნდება, რომ ექვთიმე თაყაიშვილზე უფრო ბევრი უნდა იცოდნენ ბავშვებმა, სკოლაში უნდა ჩავამატოთ ეს სასწავლო პროგრამა“ – ამბობს გრძელიშვილი. წამყვანისთვის გაუგებარია საპატრიარქოს თხოვნა, რომელიც რელიგიური მიზეზით იყო განპირობებული, რადგან ანალოგიური პროექტი განხორციელდა მსოფლიოს ხუთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში და არსად არ გამოუწვევია საპატრიარქოს პროტესტი.

ასეა თუ ისე, შოუ უნდა გაგრძელდეს. არხის ხელმძღვანელობამაც კონფორმისტული გადაწყვეტილება მიიღო და კანონდარღევის ფაქტზე და ეკლესიასთან დაპირისპირებაზე საუბარი ჩაფარცხა. ამ პრეცენდენტის შემდეგ ძნელი სათქმელია რამდენად შეძლებს ეს “გამოსწორებული” გადაცემა, რომელიც სწორედ თავისი საგანმანათლებლო დანიშნულებით იწონებდა თავს, დაეხმაროს ქართველ ერს კრიტიკულად შეაფასოს თავისი წარსული და აწმყო და დაფიქრდეს მომავალზე. თუმცა არხი, რომლის ეთერში არაერთი ლამაზი და კეთილი გადაცემა იფურჩქნება, თავისი ახალ დევიზს ამართლებს და მაყურებლის ინფორმირების ნაცვლად, საზოგადოებაში სათანადო “განწყობის” შექმნაზე ზრუნავს.

Thursday, February 5, 2009

საბაზრო ეკონომიკა (დააწკაპუნე აქ აუდიოს მოსასმენად)

სურსათით ვაჭრობის კორპორა- ციული ფორმები საქართველო- ში ფეხს იკიდებს, მაგრამ მყიდველების დიდი ნაწილი სავსებით პრაგმატული თუ გარკვეულწი- ლად ემოციური მოსაზრებების გამო მაინც აღებ-მიცემობის ტრადიციულ ადგილს – ბაზარს ანიჭებს უპირატესობას. ანა დავითაშვილი ბაზრიდან ხორაგით სავსე ჩანთებითა და ახალი ამბებით დატვირთული დაბრუნდა.