Tuesday, June 23, 2009

გსურთ გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?

თბილისი. 24 ივნისი, 2009
თინათინ ერაძე

იეღოვას მოწმეების ხსენება დღეს ბევრს ღიმილს ჰგვრის, ზოგს აღიზიანებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მათ მოძღვრებას ეზიარა. მართალია იეღოვას მოწმეთა მშობლურ ამერიკაში დღეს მრავლადაა გავრცელებული ევანგელისტური, ანუ ქადაგების საშუალებით თავის რჯულზე მოქცევის პრინციპზე დაფუძნებული ახალი რელიგიები, საქართველოში დღეს ყველაზე კარგად სწორედ ე.წ. იეღოველებს იცნობენ.
.
ქრისტიანული რელიგიის ეს განშტოება დაარსდა XIX საუკუნის მიწურულს ,,სიონის საგუშაგო კოშკის ტრაქტატის“ სახელით. ახლადწარმოქმნილ საზოგადოებას სათავეში ედგა ბიბლიის მკვლევარი ჩარლზ რასელი, რომელმაც მიმდევრებს წმინდა წერილის ახლებური ინტერპრეტაცია შესთავაზა.
.
იმ პერიოდში, ისევე როგორც ყოველი ასწლეულის დასასრულს, მრავალი მორწმუნე ელოდა სამყაროს დასასრულს. იეღოვას მოწმეებს ახლაც წამთ, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი სადაცაა ჩამოიშლება და არმაგედონის შემდეგ მხოლოდ რჩეულთ ეღირსებათ ცხონება ახალ სამყაროში, სადაც იესო ქრისტე იმეფებს.
.
იეღოველებს მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სარწმუნოება, ეშმაკის მოგონილია, თუმცა შერეულ ქორწინებას არ ეწინააღმდეგებიან. საგუშაგო კოშკის საზოგადოება თავისუფალ აზროვნებას თრგუნავს და მოიხსენიებს როგორც მავნე ინფექციას.
.
მათი სწავლება კრძალავს სისხლის გადასხმას, რაც არაერთი მიმდევრის სიკვდილის მიზეზი გახდა და სამედიცინო საზაგადოების კრიტიკაც გამოიწვია. იეღოველთა დოქტრინები ასევე კრძალავს სისხლისშემცველი პროდუქტებისა თუ მედიკამენტების მოხმარებას. გულის გადანერგვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – ,,ჭეშმარიტი“ ღმერთის მიმდევრებს ეს პროცედურა კანიბალიზმად მიაჩნიათ.
.
თავად სიტყვა იეღოვას ეტიმოლოგია ძველი აღთმქიდან იღებს სათავეს, სადაც ღმერთი ამ სახელით არის მოხსენიებული. თუ სადმე იეღოვას მოწმეს გადააწყდით, ის არ დაგზარდებათ და მოგახსენებთ, რომ სწორედ იეღოვა არის საწყისი ყოვლისა და თავად ჭეშმარიტება.
.
იეღოვას მოწმეების ცხვორებისეული მიზანი მათი რელიგიის გავრცელებაა. ქადაგება ტრადიციული ევანგელისტური ხერხებით ხორციელდება, თუმცა იეღოველები თავისი ძლიერი მარკეტინგული მანქანით არიან ცნობილნი. სისტემა ე.წ. ფინანსურ პირამიდას წააგავს. ყოველი ახალმოციქული თავად იწყებს კარდაკარ სიარულს და საფირმო ღიმილით გაკაშკაშებული სახით აუწყებს საზაგადოებას არმაგედონის მოახლოების შესახებ.
.
,,გადარჩენილთა“ ნეტარი სახეებით აჭრელებული ჟურნალი ,,საგუშაგო კოშკი“ კი მარკეტინგის ერთ–ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოველწლიურად გამოიყოფა მილიონობით დოლარი ევანგელისტური საქმიოანობის დასაფინანსებლად. მიმდევართა რიცხვი მატულობს და ახლადმონათლული იეღოველები თავიანთ უფროსს თანამიმდევრებთან ერთად დღე–დღეზე მოელიან სამყაროს აღსასრულს.

Wednesday, June 17, 2009

თბილისური ნაგავი

მზისა და ვარდების ქალაქი გაკრიალებული და მოწესრიგებული ქუჩებით ნამდივალდ ვერ დაიკვეხნის. თაკო მერაბიშვილი დედაქალის დანაგვიანების ძირითად წყაროს – ქალაქის რიგით მაცხოვრებლებს გაესაუბრა და დაასკვნა, რომ მთავარი პრობლემა უნდა ვეძიოთ მოქალაქეთა მენტალიტეტში. იხილეთ რეპორტაჟი, რომ შეიტყოთ რა კავშირი აქვს სისუფთავეს და იმას, თუ რამდენად კარგ სპორტულ ფორმაშია მოქალაქე. video

Thursday, June 11, 2009

Stop Russian?



საქართველოში რუსული ენის სწავლება ორ ქვეყანას შორის მიმდნარე გაუცხოების პროცესმა იმსხვერპლა. დღეს რუსულის ცოდნით ცოტა ქართველი ჟურნალისტი თუ დაიკვეხნის. I-მედიას ჟურნალისტი ხატია ერგემლიძე შეეცადა გაერკვია მტრის ენად შერაცხული მაგრამ რეგიონში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული ენის შესწავლის რა შესაძლებლობები აქვთ მომავალ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დააწკაპუნე აუდიოს მოსასმენად

Wednesday, June 10, 2009

ვაჭრობა.com

თამუნა გველესიანი
თბილისი. 10 ივნისი, 2009.


ინტერნეტით ვაჭრობა საქართველოში სწრაფად იკიდებს ფეხს, თუმცა აღებ-მიცემობის ახალ ფორმას ქართველი მომხმარებელი არაერთგვაროვნად აფასებს. ბევრი სტაბილურად იძენს საქონელსა თუ მომსახურებას ონლაინ რეჟიმში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ინტერნეტში ჩასაფრებული ოპორტუნისტი მოვაჭრეების მსხვერპლი ხდება.
.
,,ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ინტერნეტით ვაჭრობა. ხშირად ვსტუმრობ სუპერმარკეტ "იბისის" საიტს და კაფე "ცოფფეე.გე"-ს საიტს სადაც ლანჩს ვუკვეთავ. აგრეთვე ვყიდულობ პროდუქტებს ჩემი ოჯახისთვის’’- ამბობს "თიბისი ბანკის" თანამშრომელი ანი ანთიძე.
.
უახლოეს წარსულში ბევრი ჩვენთაგანი ვერც კი იფიქრებდა, რომ სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნებოდა ყოფითი პრობლემების მოგვარება. ახლა შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით გადაიხადო კომუნალური გადასახადები, აწარმოო საბანკო გადარიცხვები, დაჯავშნო სასურველი სამოგზაურო ტური და შეიძინო სასურველი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
.
ინტერნეტ მაღაზია პირველად 1992 წელს გამოჩნდა. პირველი ინტერნეტ მაღაზია წიგნების იყო. თავიდან ამ სერვისს მომხმარებლები არ ჰყავდა, რადგან უცხო ხილი იყო. ქალბატონები მაინცადამაინც არ წყალობდნენ ამ სერვისს, რადგან მათ ერჩივნათ გაუთავებლად ევლოთ მაღაზიიდან მაღაზიაში და ეთველიერებინათ ვიტრინები. შემდგომ ვაჭრობის სურვილმა მაინც ჩაითრია ევას შთამომავლებიც.
.
ინტერნეტ მაღაზიებმაც შეცვალეს მიდგომა, მათ გაამრავალფეროვნეს საქონლის ასორტიმენტი, საიტების გაფორმება დაიწყეს. ნელ-ნელა დაიწყო ინტერნეტ მაღაზიების "დიდების ხანა". ახლა მილიონობით ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იყენებს ინტერნეტ ვაჭრობას, საკუთარი პროდუქციის გასაყიდად თუ სხვა პროდუქციის შესაძენად.
,,ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სერვისის, რადგან მხოლოდ საქონლის არჩევა და თანხის გადარიცხვაა საჭირო და ორ საათში სასურველი პროდუქტი შინ მოაქვთ,” – ამბობს ანთაძე.
“ძალიან გამიმარტივდა ცხოვრება, რადგან დაღლილს აღარ მიწევს მაღაზიაში შესვლა და ვაჭრობა.”
.
ინტერნეტ მაღაზიების მომხმარებელნი არა მხოლოდ ისინი არიან ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს, არამედ თინეიჯერებიც.
.
,,მე და ჩემი დაქალები ხშირად ვვაჭრობთ ინტერნეტით. ცნობილი ბრენდების საიტებიდან ვიწერთ ტანისამოსს.”- აღნიშნა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტმა ნინო გოგრიჭიანმა. ,,სახლიდან გაუსვლელად რომ შეიმოსები მოდურად, თან არც თუ ისე ძვირი დაჯდება, ამას რა ჯობს?"
..
სხვადასხვა მაღაზია ცდილობს აამუშავოს საკუთარი ინტერნეტ მაღაზია. ინტერნეტ სივრცეში თითქმის ყველა სახის საქონლის მაღაზიას შეხვდები. ბოლო დროს ინტერნეტ აფთიაქებიც შეიქმნა.
.
,,ინტერნეტში ჩემი ვაჭრობა მხოლოდ აფთიაქში წამლების შეძენით შემოიფარგლება. ძალიან კარგი სერვისია, მით უმეტეს თუ სახლში ავადმყოფი გყავს და სახლიდან ვერ ახერხებ გასვლას,"- აღნიშნა, დიასახლისმა ეკა სამხარაძემ. “წამლის ხარისხი გარანტირებულია, მაგრამ სხვა სახის პროდუქციის შეძენისას, მირჩევნია მეტი დრო დავხარჯო და თავად ავარჩიო საკვები თუ სამოსი.”
.
თუმცა, ზოგიერთი ახალბედა მყიდველი საეჭვო წარმომავლობის ბანერებისა თუ საიტზე ამომხტარი რეკლამის მსხვერპლი ხდება. არც პოპულარული საიტები როგორიცაა www.amozon.com იმსახურებენ ყოველთვის ნდობას. სტუდენტმა მაკა სტეფანიძემ ინტერნეტში დიდი ზარზეიმით გარეკლამებული 150-ლარიანი სარაფანი შეიძინა და მალევე წააწყდა ანალოგიურ სამოსს ბაზრობაზე სულ რაღაც 35 ლარად.
.
ერთ-ერთ ,,ონლაინ შოპერს” მაკრინეს მიაჩნია, რომ ყველაფერი გამართლებაზეა და ინტერნეტით ვაჭრობა, ისევე როგორც ნებისმიერი სიახლე, გარკვეულ რისკს შეიცავს.

Saturday, June 6, 2009

წონის დაკლება სიკვდილამდე

თეონა გონგლაძე
თბილისი. 6 ივნისი, 2009.


“10 კილო 14 დღეში”, “უგულავას დიეტა”, “კრემლის დიეტა”, “ჰოლივუდის დიეტა” - ეს იმ დიეტათა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მოზარდები უკვე რამდენიმე წელია თავს იღუპავენ. თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით გავლილი ორი, სამი, ან კიდევ ვინ იცის რამდენი, კვირა თუ თვე ტრაგიკულადაც არაერთხელ დასრულებულა.

თათია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 17 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მსუქანი იყო და ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად სამთვიანი “შიმშილობა” გამოაცხადა. თვითნებურ დიეტას ოჯახის წევრებისგან მალულად იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ხილს მიირთმევდა. Dდიეტა შედეგიანი აღმოჩნდა, თვითონ შედეგი კი - ფატალური.

თათიას ჭარბთმიანობა და ქრონიკული სისუსტე განუვითარდა. წონაში არანორმალურად დაიკლო და სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. მისი მეგობარი და ჯგუფელი ქეთი იხსენებს: ,,ისედაც ნერვიული პიროვნება იყო, რთული ხასიათის, ძალიან ჩაკეტილი, იშვიათად მეგობრობდა ვინმესთან. განსაკუთრებით, როცა ავად იყო, აღარავის დანახვა აღარ უნდოდა. ჩვენც აღარ გვღებულობდა.”

გერმანიაში გავლილი სარეაბილიტაციო კურსისა და ჰოლანდიელი ექიმების სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, თათიას წონა უმართავი გახდა. მედიკოსების თქმით, ტვინი რეფლექსურად ითვლიდა კალორიებს, რის გამოც მისი ორგანიზმი აღარ იღებდა საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობას. მკურნალებმა ავადმყოფის წონა 30 კილოგრამის ზემოთ ვერ აიყვანეს. წელიწადნახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ თათიას წონა 16 კილოგრამამდე შემცირდა და მალევე გარდაიცვალა.

ასეთი შემთხვევების მიუხედავად, დიეტით აღტკინება ახალგაზრდებში არ შემცირებულა. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ნანა მეტრეველი უკვე ერთი თვეა დიეტას იცავს. როგორც თავად ამბობს, სიმაღლესთან შეფარდებით ნორმალური წონა აქვს, მაგრამ მეგობრებმა რამდენიმე კილოგრამის დაკლება ურჩიეს და ნანაც სასწრაფოდ დაფაცურდა. დიეტების ნაწილი ახლობელმა მოუტანა, ხოლო ნაწილი თვითონ “ამოქექა” გაზეთებიდან და ინტერნეტსაიტებიდან.

“დიეტას უკვე კარგა ხანია ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, სერიოზული შედეგი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ. საერთოდ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, დიეტოლოგთან მიხვიდე და მასთან კონსულტაციის შედეგად დაიცვა დიეტა, მაგრამ ისეთი ფასები აქვს, რომ მირჩევნია, ისევ თვითონ გავაგრძელო. რაღაც შედეგს, ალბათ, გამოიღებს”, - ამბობს ნანა.

ენდოკრინოლოგი მაია ტორჩინავა აღიარებს, რომ ექიმთან კონსულტაციის ფარგლებში კილოგრამების დაკარგვა ძვირი სიამოვნებაა. იგი აცხადებს, რომ თვითნებური დიეტები მრავალი სერიოზული დაავადების სათავეა. არასწორად შერჩეულმა კვების რეჟიმმა, შესაძლოა, ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა: ანორექსია, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები, ჰორმონალური დარღვევები და ცხიმების არასწორი გადანაწილება. მისი თქმით, კვების რაციონის შეზღუდვა ფიზიოლოგიურ შიმშილთან ერთად იწვევს ტვინის შიმშილს, რაც იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ხდება აგრესიული.

“თავისთავად დიეტის წარმოება, თუ ეს არ არის ექიმის მიერ დაბალანსებული, იწვევს ადამიანში სხვადასხვა ფსიქიურ დარღვევებს. დიეტა ორგანიზმისათვის ძალიან რთულად გადასალახია.” ტორჩინავა იმასაც მიუთითებს, რომ “თვითნებური შიმშილით” დაავადებული ადამიანის განკურნება ფსიქოთერაპევტისა და ენდოკრინოლოგის კომპლექსური მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს.

ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილის განცხადებით, დიეტებს, ძირითადად, გოგონები იცავენ, უფრო ხშირად ე.წ. “გარდატეხისა” და “თინეიჯერობის” ასაკში. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდში ხდება ახალი ღირებულებების ჩამოყალიბება. მოზარდები ხდებიან თვითკრიტიკულები და იწყებენ თავიანთი გარეგნობის შეფასებას. ისინი კარგავენ საკუთარი ფიზიკური ხატის აღქმის უნარს და, უმეტესად, თავიანთი ზომებიც არ მოსწონთ ხოლმე. გარდა ამისა, სიგამხდრისაკენ დაუოკებელი სწრაფვა გარემო ფაქტორებსაც უკავშირდება.

“პრობლემა შეიძლება იყოს როგორც პიროვნებაში, ისე გარემოში. როდესაც პიროვნებაში არსებული მიდრეკილება და გარემოში არსებული დაკვეთა კარგად თანხვდება ერთმანეთს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შანსი, რომ პრობლემა ჩამოყალიბდეს”, - განმარტავს ხეჩუაშვილი და იმასაც დასძენს, რომ, როგორც წესი, კონკრეტული სამეგობრო წრეებისათვის ადამიანის გარეგნობის კონკრეტული პარამეტრებია მისაღები. ამ წრეში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები გავლენას ახდენს მის თითოეულ წევრზე, რაც იწვევს რეალობისა და საკუთარი გარეგნობის აბსოლუტურად არასწორ აღქმას. ხშირშემთხვევაში, სწორედ ამგვარი სამეგობროების წაქეზებაა ხოლმე მიზეზი ახალგაზრდების “ქრონიკული შიმშილობისა”.