Thursday, October 29, 2009

გენეტიკურად მოდიფიცირებული გემო

მაკა ჯოხაძე
29 ოქტომბერი, 2009


ქართველ მომხმარებელს არ აქვს საშუალება ნატურალური და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები ერთმანეთისგან განასხვავოს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელით ვაჭრობა ევროპაში მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და მის ავკარგიანობაზე მეცნიერები დღესაც კამათობენ.
.
ქართული სუპერმარკეტების დახლებზე გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით შემუშავებულ პროდუქტს ვერაფრით გამოარჩევთ ჩვეულებრივისგან, აცხადებენ ამ დარგის ექპერტები. არ არსებობს ნიშანდება პროდუქტზე და არც რაიმე შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმება ტარდება.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთი საკვები უვნებელია და მომხმარებლის გაფრთხილებას არ საჭიროებს, თუმცა სხვები გენმოდიფიცირებულ პროდუქტების სასტიკი წინაამღდეგია ვინაიდან დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

,,მათი დანერგვის დღიდან ძალიან მცირე დროა გასული და არ არის შესწავლილი, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან, მხოლოდ პატარა კვლევები არსებობს და ისინიც ადასტურებენ უარყოფით შედეგებს. მიუხედავად ამისა ეს ორგანიზმები დღემდე ინერგება სოფლის მეურნეობაში’’, – ამბობს გიორგი მაღრაძე, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კამპანიის კოორდინატორია.

ბიოტექნელოგიამ ცოცხალი ორგანიზმების გენების მანიპულირებით შეძლო, რომ სასურველი თვისებების მქონე გენები ერთი სახეობიდან მეორე, არამონათესავე სახეობებში გადაეტანათ და ამით ცოცხალი ორგანიზმებისთვის მიენიჭებინათ ის თვისებები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ. მაგალითად, გენური ინჟინერიის საშუალებით შესაძლებელია გარკვეული ბაქტერია შევიყვანოთ მცენარეში, რის შედეგადაც მცენარე უფრო ყინვაგამძლე ხდება, ან შესაძლებელია გენების კომბინირება ისე, რომ ქათამს ბუმბული არ გაეზარდოს.

გენმოდიფიცირებული საკვები ფართოდ ოთხმოცდაათიან წლებში დაინერგა კვებით მრეწველობაში, როდესაც მომხმარებლებმა პროტესტი გამოთქვეს შხამ–ქიმიკატებითა და სასუქით გაჯერებული პროდუქტის მიღებაზე.
თუმცა, გენემოდიფიცირებული პროდუქტების გამოჩენა ახალი წინაამღდეგობის მიზეზი გახდა. ამგვარი საკვების მიღებისას დაფიქსირდა ალერგიის შემთხვევები. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო, რომ როდესაც მათ კვებავდნენ გენმოდიფირებული სოიათი, მათ შთამომავლობაში იმატა დღენაკლული, სტერილური და მკვდარშობილი ნაშიერების რიცხვმა.

,,როდესაც მსოფლიოში დაიწყო მოძრაობა, რომ აღარ უნდათ სასუქებით და პესტიციდებით გაჯერებული პროდუქტი, ეს ფირმები დადგნენ ძალიან დიდი რისკის წინაშე’’ - ამბობს მაღრაძე. ,,სწორედ ამიტომ შექმნეს ასეთი ორგანიზმები. თითქოს შემოგვთავაზეს გამოსავალი, რომ ეს არის კულტურა რომელსაც არ სჭირდება ქიმიკატები და სასუქები, რომ მასში გაძლიერებულია რაღაც თვისება. კარტოფილი ყინვაგამძლეა, პომიდორი უფრო დიდხანს ინახება დახლზე და ა.შ. თუმცა მას აღმოაჩნდა ფარული მხარეები”.

მაღრაძე ამტიკიცებს, რომ ამგვარი პროდუქტები სულაც არ ამცირებს ქიმიკატების მოხმარების რაოდენობას, პირიქით უფრო დამოკიდებულს ხდის მასზე. ფერმერი ვალდებულია ყოველწლიურად შეიძინოს მწარმოებელი კომპანიისგან სასუქი და გენმოდიფიცირებული მცენარის თესლი, ვინაიდან
გენმოდიფიცირებული პროდუქცია მეორე წელს მოსავალს არ იძლევა.

2009 წელს საქართთველოში ძალაში შევიდა ეგრეთწოდებული კარტახენას ოქმი, რომელიც არეგულირებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსასაზღვრო გადაადგილებას. ,,კარტახენას ოქმის თანახმად, თუ ვინმეს სურს საქართველოში შემოიტანოს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმი ვალდებულია აცნობოს ქვეყანას წინასწარ 270 დღით ადრე’’, - განმარტავს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების ექსპერტი ანა რუხაძე.

,,შემომტანს აქვს საშუალება ქვეყანას წარუდგინოს რისკის შეფასების დოკუმენტაცია. თუ ქვეყანას აქვს საშუალება, თვითონ შეისწავლის ამ რისკს. ამის შემდეგ იღებს ქვეყანა გადაწყვეტილებას დაუშვას თუ არა“.

თუმცა, ამ ოქმით რეგულირდება ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები და არა მათგან წარმოებული პროდუქტები. გიორგი მაღრაძე ამობს, რომ “რაც არ კონტროლდება შესაბამისად რთულია იმის თქმა, თუ რა შემოდის ბაზარზე. მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას. მაგ. თუ სიმინდი ან სოია შემოტანილია ა.შ.შ-დან ის ფაქტობრივად შეიცავს გენმოდიფიცირებულ მასალას. ევროპის ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები მკაცრად რეგულირდება და არსებობს ნიშანდება.”

Tuesday, October 27, 2009

E M O სამყარო






თიკო ცერცვაძე

თბილისი, 27 ოქტომბერი, 2009.


შუბლზე შეჭრილი შავი თმა, რომელიც ხშირად გვერდზეა გადავარცხნილი და ცალ თვალს ფარავს, შავად შეღებილი თვალები, პირსინგი, ვიწრო ჯინსი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელსაც ხშირად როკჯგუფების სახელები აწერია. ამას დაუმატეთ ,,სკეიტები” ან უბრალოდ შავი ფერის ფეხსაცმელები, რეიბანის სათვალეები და ტიპური ემოს იმიჯს მიიღებთ.


თავიდან ეს იყო მხოლოდ მუსიკა, რომელიც შესრულების ემოციური მანერითა და ლირიული ტექსტით გამოირჩეოდა, თუმცა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ემოს კონტექსტი გაფართოვდა და დღეს მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან, თავის განცდებს მკვეთრად გამოხატავენ და მეინსტრიმისგან განსხვავებული მსოფლხედველობა გააჩნიათ. ემოები იცვამენ განსხვავებულად, კონტრასტულ ფერებში (ძირითადად შავი, ვარდისფერი და იისფერი ჭარბობს) და მათი კულტურა გარკვეულ პრინციპებს ემყარება.

ემო მოძრაობა, რომლის ჩამოყალიბება ამერიკულ ბენდებს Rites of Spring-ის და Embrace-ს უკავშირდება, ჯერ მყარად ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოში, თუმცა აქაც არიან მიმდევრები.


პირველად ჩემი ხელით ტუჩი გავიხვრიტე. ძალიან მეტკინა, ბოლოს შემიხორცდა. მერე მორედაც გავიხვრიტე. ამასობაში, ტკივილსაც მივეჩვიე და შემდეგ ცხვირიც გავიხვრიტე და ყურიც” – ამბობს რუსთაველი ემო, 17 წლის ფელინა ბერიაშვილი.

ზოგისთვის ეს მხოლოდ მუსიკა და მუსიკალური იმიჯია, ზოგისთვის - ჩაცმულობის და გარეგნობის განსხვავებული სტილი, ზოგისთვის - უბრალოდ მოდა და სურვილი, იყოს სხვებისგან გამორჩეული.

ფელინას მიაჩნია, რომ ჭეშმარიტ ემოობამდე ბევრი აკლია და მიმდინარეობის ფუძემდებლების შემართებას შეჰნატრის. ,,ნამდვილი ემო არ იპარსავს ფეხებს, არ იპარსავს იღლიებს და დადის დაბინძურებული. ეგრე იყვნენ ძველი ემოები”, - ამბობს ფელინა.

ემო კულტურა ახალგაზრდების მიერ გამორჩეული ნიშის ძიებასა და არსებული სტერეოტიპების ნგრევასთან ასოცირდება, თუმცა ამ მიმდენარეობას აგრეთვე ხშირად უკავშირებენ ტინეიჯერებში სუიციდისა და თავის დაზიანების მცდელობების.

,,უცხოეთში ემო, [როცა] იტყვის, რომ თავს მოიკლავს, მართლა იკლავს. ქართველები კი პოზიორობენ და რასაც ამბობენ, იმას არ ასრულებენ”, - ასე საყვედურობს თანატოლებს ფელინა.


“პოზიორებისგან” განსხვავებით, ბრიტანელი ემო ჰანა ბონდი თავისი სიტყვის ერთგული დარჩა და შარშან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებამ მოზარდის თვითმკვლელობა ნაწილობრივ მშობლებთან უთანხმოებას დაუკავშირა, თუმცა ბრიტანეთის პრესა ემო კულტურის დამთრგუნველ ზემოქმედებაზე ალაპარაკდა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ემოს წინაამღდეგ მოძრაობები საკმაოდ გახშირდა, ემო კულტურისადმი არატოლერანტული დამოკიდებულება უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიმჩნევა. მაგალითად, რუსეთის დუმაში სპეციალური კანონპროექტიც წარადგინეს, რომელიც ემო ვებ-გვერდებს სამართლებრივად არეგულირებს და სკოლებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში ემო სტილით სიარულს სასტიკად კრძალავს. ერთ-ერთი რუსი დეპუტატების აზრით ემო ეს საშიში ახალგაზრდული ტენდენციაა, რომელიც მათ ანტისოციალური ქცევისკენ, იზოლაციისკენ, დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს.


ფელინა და სხვა ემოები საზოგადოებისგან აგრესიულ დამოკიდებულებას გრძნობენ, რასაც თავიანთი გამორჩეული სტილით ხსნიან. ზოგჯერ გამვლელების კომენტარებს თავადაც პასუხობენ, თუმცა ეს სერიოზულ კონფლიქტსა და ხელჩართულ ჩხუბში არასოდეს გადაზრდილა.

მართალია, ემო ჯერ ერთი თვეა რაც გახდა, თუმცა 14 წლის მარი ხიზანიშვილი უკვე კრიტიკულადაც კი არის განწყობილი ემო კულტურისადმი. ამბობს, რომ ემოების ყველა კანონსა და წესს არ იზიარებს. ,,ერთ-ერთი წესი ის არის, რომ ყველგან და ყოველთვის უნდა იტირო, მე ამას ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ არ მიყვარს ტირილი. კიდევ ემოები გარიყულები უნდა იყვნენ, მარტო თავის ფიქრებში. აი, ამ წესს კი ნამდვილად ვასრულებ. ხშირად ვარ მარტო, იმიტომ რომ მიყვარს მარტოობა“.

ემოების დაუწერელ კანონთა შორის, მარის თქმით, ერთი წესიც შედის: ,,თუ მეგობრებთან ერთად ხარ, შენს ,,სასტავში”, ისინი აუცილებლად ემოები უნდა იყვნენ, რაც უფრო მეტი ემო მეგობარი გყავს, მით უკეთესი”.

მარის ემოების სითბო და განსხვავებულობა იზიდავს. ,,არიან რაღაც ნაზები, საყვარლები, გულჩვილები, მიმნდობები. ეს იმიჯი მე ძალიან მომწონს და სწორედ ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ემოზე” – ამბობს მარი და თავს ბედნიერ ემოდ მიიჩნევს. თავისი ზოგიერთი ემო მეგობრისგან განსხვავებით, თავის მოკვლაზე არასოდეს უფიქრია, ცხოვრება ძალიან უყვარს და არ სურს, რომ მალე დაასრულოს. მას თავის ოჯახში იმიჯის გამო პრობლემები არასოდეს შექმნია: ,,დედაჩემს დაველაპრაკე, ავუხსენი, ვუთხარი, რომ ემოები ცუდს არაფერს აკეთებენ და მანაც გამიგო .“

შოთიკო ბოჭორიშვილი ემო აღარ არის, თუმცა მისი მუსიკა მაინც ემოებზეა გათვლილი - ადმიანებზე, რომლებიც თავს მარტოსულად და დეპრესიულად გრძნობენ. ,,მე გავხდი 20 წლის და მივხვდი, რომ ბავშვი აღარ ვარ და დაპრესიული პერიოდიც გადავლახე” – ამბობს შოთიკო და აქვე დასძენს, რომ ემო კულტურამ მის პიროვნულ და შემოქმედებით ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი შეასრულა.

შოთიკო ამბობს, რომ ადამიანი ემო იმიტომ ხდება, რომ ჰგონია ვერავინ უგებს და გამოსავალს თვითმკვლელობაში ეძებს. თავად ემო 14 წლის ასაკში გახდა. ამით უნდოდა, რომ პროტესტი გამოეხატა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. ყოფილი ემო დღეს ყველას ურჩევს, რომ ცხოვრებას დადებითი კუთხით შეხედონ. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რთული პერიოდი, გამონაკლისი არც თვითონ არის, თუმცა ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში მხოლოდ სვირინგის გაკეთებით შემოიფარგლა.

,,სიკვდილის არ მეშინია, თუმცა ყოველთვის ვფიქრობ სიკვდილზე. ჩემს სიმღერებში სიკვდილი, სისხლი ფიგურირებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუიციდს ვამართლებ. პირიქით, ჩემი ბოლო კლიპი სწორედ თვითმკვლელობის წინააღმდეგაა მიმართული” მომავალი სიმღერების თემა და სტილი მეტ-ნაკლებად შეიცვლება, თავად შემსრულებელიც ახალ კლიპებში თვალებშეღებილი აღარ მოგვევლინება. ამით იმის დამტკიცება სურს, რომ ახლა შემოქმედებითად სხვა ეტაპზეა და მისი ემო ბიჭის იმიჯი ნაწილობრივ წარსულს ჩაბარდა.

ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ემო ეს ახალგზარდებისთვის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ემო – ეს პროტესტის გამოვლენაა ყველაფერ არსებულისადმი და საქმე საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებების გადაფასების მცდელობასთან გვაქვს.


Sunday, October 25, 2009

Au-pair ბუმი



თამარ თამარაშვილი
თბილისი, 17 ოქტომბერი, 2009.

სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიმართვას გაცვლით პროგრამა au-pair-ს, რომელიც მსურველებს ევროკავშირის ქვეყნებში დროებით ცხოვრებას, სწავლასა და დასაქმებას სთავაზობს. 2008 წლის მინაცემებით, ამ პროგრამით უკვე სამასი ათასზე მეტმა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდამ, მათ შორის ბევრმა ქართველმაც, იცხოვრა საზღვარგარეთ მასპინძელ ოჯახებში.

,,წარმოიდგინეთ თენდება დილა და თვალს ახელთ უცხო ქვეყანაში უცხო ხალხი, უცხო ენა და მოკლედ ყველაფერი უცხო. დამერწმუნეთ ძალიან ძნელია პირველ თვეებში ამ გარემოსთან შეგუება. ამიტომ მე გირჩევთ ‘au-pair-ელად’ წასვლას,’’ - ამბობს პროგრამის ერთი-ერთი მონაწილე შორენა ტურიაშვილი.

,,au-pair’’ საშუალებას აძლევს 18-იდან 25 წლამდე ახალგაზრდებს ერთი წელი იცხოვრონ სასურველ ქვეყანაში, სადაც ხდება მათი განთავსება მასპინძელ ოჯახებში. პროგრამის მონაწილეები ეუფლებიან მასპინძელი ქვეყნის ენას, ეცნობიან კულტურას, იჩენენ ახალ მეგობრებს და, ამავდოროულად, მოიპოვებენ ფინანსურ დამოუკიდებლობას. მეორეს მხრივ, იგულისხმება, რომ მასპინძელი ოჯახებიც დაინტერესებულნი არიან ,,au-pair-ელების’’ წარმომავლობისა და მშობლიური ენის გაცნობით.

ეს პროგრამა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან არსებობს. თავდაპირველად ინგლისელი გოგონები ჩადიოდნენ საფრანგეთში, რათა ესწავლებინათ ინგლისური მასპინძელი ოჯახის ბავშვებისათვის და, იმავდროულად, თვითონაც აეთვისებინათ ფრანგული ენა. დღეს ,,au-pair-ი”'მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მოიცავს და მსურველთა რიგებში ბიჭებიც მრავლად არიან.

შორენას თქმით, მასპინძელ ოჯახში ცხოვრებამ მას უცხო გარემოსთან შეგუება გაუადვილა. ,,მასპინძელ ოჯახში ცხოვრება საშუალებას გაძლევთ ფეხი აუწყოთ იმ ქვეყნის ცხოვრების რითმს, გაეცნოთ იქაურ მენტალიტეტს და სწრაფად დაეუფლოთ ენას’’, - ამბობს შორენა.

პროგრამით იგულისხმება, რომ ,,au-pair-ელი” არ არის დაქირავებული მუშა. იგი არის მასპინძელი ოჯახის დროებითი წევრი. იკვებება და ცხოვრობს მათთან ერთად და მონაწილეობას იღებს ყველა ოჯახურ ღონისძიებაში. კვირაში ოცდაათი საათის განმავლობაში ეხმარება დიასახლისს ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმიანობაში, ხოლო დროის დარჩენილი ნაწილის სურვილისამებრ გატარების უფლება აქვს.

გაწეული დახმარების სანაცვლოდ მასპინძელი ოჯახი უზრუნველყოფს ახალგაზრდას კეთილმოწყობილი ოთახით, სამედიცინო დაზღვევითა და ჯიბის ფულით თვეში 260 ევროს ოდენობით. au-pair-ელები აუცილებლად დადიან ენის კურსებზე, რომლის გადასახადსაც მთლიანად მასპინძელი ფარავს.

უცხო ოჯახთან ერთწლიანი თანახცოვრების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ დამოუკიდებელი, სტუდენტური ცხოვრება ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში.

შორენა ტურიაშვილმა პროგრამის დამთავრების შემდეგ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პროგრამის მონაწილენი უცხო ოჯახს ვერ ეგუებიან და კონტრაქტს დროზე ადრე წყვეტენ. შორენასგან განსხვავებით, მარი ზაკუტაშვილი დღეს საქართველოშია და ნაკლებად კმაყოფილია პროგრამით.

,,თვრამეტი წლის ასაკში ჩავედი სრულიად უცხო ოჯახში“, – იხსენებს მარი. ,,იქ იმაზე მეტხანს მიწევდა მუშაობა, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ვიცოდი, შემეძლო სააგენტოსთვის მიმემართა, თუმცა ალბათ ასაკის გამო უსიამოვნებების მეშინოდა. აქედან გამომდინარე არ მყოფნიდა დრო მეცადინეობისთვის და ვერ მოვახერხე იქ სწავლის გაგრძელება.”

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები მიმართავენ სპეციალურ სააგენტოებს, რომლებიც მათ ეხმარებიან მასპინძელი ოჯახის პოვნასა და გაცნობაში. ძებნის პროცესი საშუალოდ 1-5 კვირა გრძელდება. შეთანხმების შემთხვევაში ფორმდება კონტრაქტი, რომელშიც ორივე მხარის უფლებები აისახება. თუ რომელიმე მათგანი თავს არიდებს მოვალეობების შესრულებას, სააგენტო ეხმარება მათ პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება ხარჯებს, au-pair-ელებს მხოლოდ მგზავრობის თანხის გადახდა უწევთ. სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის მასპინძელი ოჯახები უსწორებენ ანგარიშს.






 

 

 

 

Sunday, October 18, 2009

ნატო აქაურობას

თიკო ჭუმბურიძე

18 ოქტომბერი, 2008.

გასულ კვირას საქართველოს ნატო–ში გაწევრიანე–ბის მომხრეებმა სცადეს ცეკვით, სიმღერით და ჰაერში ბუშტების გაშვებით მოეწონებინათ თავი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესვეურებისთვის, რომლებიც ქართველების თავიანთ რიგებში შეშვებას არ ჩქარობენ.

უკვე ტრადიციად ქცეული ნატო–ს დღეების ფარგლებში გაიმართა კონცერტები, შეხვედრები და სანახაობები. კვირეულის ფარგლებში საგანგებოდ ჩამოსულმა ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოინახულეს და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველივე დავით დოიაშვილის სპექტაკლით „მარლენ დიტრიხით“ დაგვირგვინდა.

ნატო–ს დღეები მიზნად ისახავდა საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობების შესასრულებლად გაწეული სამუშაოს დემონსტრირებას და, ამავდროულად, ქართული საზოგადოების დარწმუნებას, რომ გაწევრიანების შემთხვევაში, სამხედრო ალიანსი ფარად გადაეფარება ქართულ სახელმწიფოს.

„უმნიშვნელოვნესია [...], რომ ‘ნატოელ’ ექსპერტებს და ჩამოსულ სტუმრებს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ იცის თუ რა არის ნატო და საზოგადოებას აქვს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დიდი სურვილი,” განმარტავს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე. სწორედ ამ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კვირეული „ნატო აქაურობას.“

საგანგებოდ ჩამოსული სტუმრებისთვის ქართველების მონდომების წარმოსაჩენად ორგანიზატორებმა სიმბოლურად თეთრი და ლურჯი ბუშტები გაუშვეს ჰაერში საქართველოსა და ნატო-ს წევრი თურქეთის საზღვარზე.

ალიანსმა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის ექსპანსიის გასანეიტრალებლად შეიქმნა, ოფიციალურად არაერთხელ შეიპატიჟა საქართველო, მაგრამ ამავდროულად მრავალი პირობა წაუყენა, რაც დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებასა და სამხედრო რეფორმების გატარებას გულისხმობს. ამასთან ნატო–ს ზოგიერთი წევრი ერიდება ურთიერთობის გაფუჭებას რუსეთთან, რომელიც ნატო–ს მის საზღვრებთან მოახლოვებას საფრთხედ მიიჩნევს და შესაბამისად კატეგორიულად ეწინაამღდეგება.