Tuesday, October 27, 2009

E M O სამყარო






თიკო ცერცვაძე

თბილისი, 27 ოქტომბერი, 2009.


შუბლზე შეჭრილი შავი თმა, რომელიც ხშირად გვერდზეა გადავარცხნილი და ცალ თვალს ფარავს, შავად შეღებილი თვალები, პირსინგი, ვიწრო ჯინსი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელსაც ხშირად როკჯგუფების სახელები აწერია. ამას დაუმატეთ ,,სკეიტები” ან უბრალოდ შავი ფერის ფეხსაცმელები, რეიბანის სათვალეები და ტიპური ემოს იმიჯს მიიღებთ.


თავიდან ეს იყო მხოლოდ მუსიკა, რომელიც შესრულების ემოციური მანერითა და ლირიული ტექსტით გამოირჩეოდა, თუმცა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ემოს კონტექსტი გაფართოვდა და დღეს მოიცავს ადამიანებს, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან, თავის განცდებს მკვეთრად გამოხატავენ და მეინსტრიმისგან განსხვავებული მსოფლხედველობა გააჩნიათ. ემოები იცვამენ განსხვავებულად, კონტრასტულ ფერებში (ძირითადად შავი, ვარდისფერი და იისფერი ჭარბობს) და მათი კულტურა გარკვეულ პრინციპებს ემყარება.

ემო მოძრაობა, რომლის ჩამოყალიბება ამერიკულ ბენდებს Rites of Spring-ის და Embrace-ს უკავშირდება, ჯერ მყარად ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოში, თუმცა აქაც არიან მიმდევრები.


პირველად ჩემი ხელით ტუჩი გავიხვრიტე. ძალიან მეტკინა, ბოლოს შემიხორცდა. მერე მორედაც გავიხვრიტე. ამასობაში, ტკივილსაც მივეჩვიე და შემდეგ ცხვირიც გავიხვრიტე და ყურიც” – ამბობს რუსთაველი ემო, 17 წლის ფელინა ბერიაშვილი.

ზოგისთვის ეს მხოლოდ მუსიკა და მუსიკალური იმიჯია, ზოგისთვის - ჩაცმულობის და გარეგნობის განსხვავებული სტილი, ზოგისთვის - უბრალოდ მოდა და სურვილი, იყოს სხვებისგან გამორჩეული.

ფელინას მიაჩნია, რომ ჭეშმარიტ ემოობამდე ბევრი აკლია და მიმდინარეობის ფუძემდებლების შემართებას შეჰნატრის. ,,ნამდვილი ემო არ იპარსავს ფეხებს, არ იპარსავს იღლიებს და დადის დაბინძურებული. ეგრე იყვნენ ძველი ემოები”, - ამბობს ფელინა.

ემო კულტურა ახალგაზრდების მიერ გამორჩეული ნიშის ძიებასა და არსებული სტერეოტიპების ნგრევასთან ასოცირდება, თუმცა ამ მიმდენარეობას აგრეთვე ხშირად უკავშირებენ ტინეიჯერებში სუიციდისა და თავის დაზიანების მცდელობების.

,,უცხოეთში ემო, [როცა] იტყვის, რომ თავს მოიკლავს, მართლა იკლავს. ქართველები კი პოზიორობენ და რასაც ამბობენ, იმას არ ასრულებენ”, - ასე საყვედურობს თანატოლებს ფელინა.


“პოზიორებისგან” განსხვავებით, ბრიტანელი ემო ჰანა ბონდი თავისი სიტყვის ერთგული დარჩა და შარშან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებამ მოზარდის თვითმკვლელობა ნაწილობრივ მშობლებთან უთანხმოებას დაუკავშირა, თუმცა ბრიტანეთის პრესა ემო კულტურის დამთრგუნველ ზემოქმედებაზე ალაპარაკდა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ემოს წინაამღდეგ მოძრაობები საკმაოდ გახშირდა, ემო კულტურისადმი არატოლერანტული დამოკიდებულება უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიმჩნევა. მაგალითად, რუსეთის დუმაში სპეციალური კანონპროექტიც წარადგინეს, რომელიც ემო ვებ-გვერდებს სამართლებრივად არეგულირებს და სკოლებსა და სამთავრობო ორგანიზაციებში ემო სტილით სიარულს სასტიკად კრძალავს. ერთ-ერთი რუსი დეპუტატების აზრით ემო ეს საშიში ახალგაზრდული ტენდენციაა, რომელიც მათ ანტისოციალური ქცევისკენ, იზოლაციისკენ, დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს.


ფელინა და სხვა ემოები საზოგადოებისგან აგრესიულ დამოკიდებულებას გრძნობენ, რასაც თავიანთი გამორჩეული სტილით ხსნიან. ზოგჯერ გამვლელების კომენტარებს თავადაც პასუხობენ, თუმცა ეს სერიოზულ კონფლიქტსა და ხელჩართულ ჩხუბში არასოდეს გადაზრდილა.

მართალია, ემო ჯერ ერთი თვეა რაც გახდა, თუმცა 14 წლის მარი ხიზანიშვილი უკვე კრიტიკულადაც კი არის განწყობილი ემო კულტურისადმი. ამბობს, რომ ემოების ყველა კანონსა და წესს არ იზიარებს. ,,ერთ-ერთი წესი ის არის, რომ ყველგან და ყოველთვის უნდა იტირო, მე ამას ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ არ მიყვარს ტირილი. კიდევ ემოები გარიყულები უნდა იყვნენ, მარტო თავის ფიქრებში. აი, ამ წესს კი ნამდვილად ვასრულებ. ხშირად ვარ მარტო, იმიტომ რომ მიყვარს მარტოობა“.

ემოების დაუწერელ კანონთა შორის, მარის თქმით, ერთი წესიც შედის: ,,თუ მეგობრებთან ერთად ხარ, შენს ,,სასტავში”, ისინი აუცილებლად ემოები უნდა იყვნენ, რაც უფრო მეტი ემო მეგობარი გყავს, მით უკეთესი”.

მარის ემოების სითბო და განსხვავებულობა იზიდავს. ,,არიან რაღაც ნაზები, საყვარლები, გულჩვილები, მიმნდობები. ეს იმიჯი მე ძალიან მომწონს და სწორედ ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ემოზე” – ამბობს მარი და თავს ბედნიერ ემოდ მიიჩნევს. თავისი ზოგიერთი ემო მეგობრისგან განსხვავებით, თავის მოკვლაზე არასოდეს უფიქრია, ცხოვრება ძალიან უყვარს და არ სურს, რომ მალე დაასრულოს. მას თავის ოჯახში იმიჯის გამო პრობლემები არასოდეს შექმნია: ,,დედაჩემს დაველაპრაკე, ავუხსენი, ვუთხარი, რომ ემოები ცუდს არაფერს აკეთებენ და მანაც გამიგო .“

შოთიკო ბოჭორიშვილი ემო აღარ არის, თუმცა მისი მუსიკა მაინც ემოებზეა გათვლილი - ადმიანებზე, რომლებიც თავს მარტოსულად და დეპრესიულად გრძნობენ. ,,მე გავხდი 20 წლის და მივხვდი, რომ ბავშვი აღარ ვარ და დაპრესიული პერიოდიც გადავლახე” – ამბობს შოთიკო და აქვე დასძენს, რომ ემო კულტურამ მის პიროვნულ და შემოქმედებით ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი შეასრულა.

შოთიკო ამბობს, რომ ადამიანი ემო იმიტომ ხდება, რომ ჰგონია ვერავინ უგებს და გამოსავალს თვითმკვლელობაში ეძებს. თავად ემო 14 წლის ასაკში გახდა. ამით უნდოდა, რომ პროტესტი გამოეხატა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ. ყოფილი ემო დღეს ყველას ურჩევს, რომ ცხოვრებას დადებითი კუთხით შეხედონ. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რთული პერიოდი, გამონაკლისი არც თვითონ არის, თუმცა ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში მხოლოდ სვირინგის გაკეთებით შემოიფარგლა.

,,სიკვდილის არ მეშინია, თუმცა ყოველთვის ვფიქრობ სიკვდილზე. ჩემს სიმღერებში სიკვდილი, სისხლი ფიგურირებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუიციდს ვამართლებ. პირიქით, ჩემი ბოლო კლიპი სწორედ თვითმკვლელობის წინააღმდეგაა მიმართული” მომავალი სიმღერების თემა და სტილი მეტ-ნაკლებად შეიცვლება, თავად შემსრულებელიც ახალ კლიპებში თვალებშეღებილი აღარ მოგვევლინება. ამით იმის დამტკიცება სურს, რომ ახლა შემოქმედებითად სხვა ეტაპზეა და მისი ემო ბიჭის იმიჯი ნაწილობრივ წარსულს ჩაბარდა.

ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ემო ეს ახალგზარდებისთვის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი საშუალებაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ემო – ეს პროტესტის გამოვლენაა ყველაფერ არსებულისადმი და საქმე საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებების გადაფასების მცდელობასთან გვაქვს.


10 comments:

I-მედია said...

თიკო სტატია მომეწონა. მრავლისმომცველია:შეიცავს რეალურ ისტორიებს, ზოგადად ემოების მიმართ დამოკიდებულებას. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მე პირადად სიამოვნებით წავიკითხე. თხრობის სტილიც საინტერესოა, იზიდავს მკითხველს.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

მეც მომეწონა. ფაქტობრივად, შეკითხვები აღარ დამიტოვა. გმირიც ბევრი გყავს, რაც სტატიას უფრო საინტერესოს ხდის.
P.S. საერთოდ, მომწონს შენი ნაწერები : ))

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

ვაიმე, დედა! ეს რა იყო?!
თურმე რა არ ხდება ქვეყანაზე? :D
სტატია მომეწონა, კითხვისას ისე გადამრია ამბებმა, სტატიის დალაგება-დაულაგებლობას ვერ მივაქციე ყურადღება :D

გვანცა კობერიძე

I-მედია said...

თემა ცოტა არ იყოს გაცვეთილია მაგრამ მასალა ძალიან მრავალფეროვანია და დატვირთული, ბევრი რაღაც იყო რასაც ემოებზე საუბრისას ძირითადად არ წერენ ხოლმე. შოთიკო ბოჭორიშვილზე კითხვისას მომეჩვენა რომ რაღაცები არ იყო საჭირო მაგრამ კარგია რომ (ავად თუ კარგად) ცნობილი სახე ჩართეთ და სხვა ემოებიც გყავდათ.მოკლედ კარგები ხართ :)

ლონდა ბერია

I-მედია said...

თიკო მომეწონა შენი სტატია. კარგია რომ ბევრი გმირი გყავს,ეს სტატიას გაცილებით საინტერესოს ხდის.ის მრავალფეროვანია და კარგად და საინტერესოდ იკითხება. ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხე.

სალომე ლორთქიფანიძე

MYCITY said...

ვფიქრობ, სტატია საინტერესოდ არის გაშუქებული. წყაროებიც საკმარისად ბევრია და ისტორიაც ისე არის მოყოლილი, რომ სიდიდის მიუხედავად თავი არ დამინებებია.
ლელა უგრეხელიძე

I-მედია said...

თიკო ძალიან მომეწონა სტატია, განსაკუთრებულად დასაწყისი, ვფიქრობ მიიზიდავს მკითხველს.მასალა მრავალფეროვანია და საინტერესო, მომეწონა პარალელები ქართველ და უცხოელ ემოებთან. შენიშვნები თითქმის არ მაქვს:) დანარჩენს ლექციაზე გეტყვი:) წარმატებას გისურვებ!!!!!!

ელენე ხაჭაპურიძე

I-მედია said...

მომეწონა! მიუხედავად იმისა, რომ ემოებზე ბევრი რამ ისედაც ცნობილია, სტატია მაინც საინტერესოდ იკითხება და არ არის დამღლელი საკითხავი.რაც მთავარია ეტყობა რომ ნამუშევარი გაქვთ.

ანანე კიკნაძე

Unknown said...

თიკო ძალიან მომეწონა სტატია.ბევრი გმირი გყავს და ეს საინტერესოს ხდის მას.მართალია ვრცელი იყო სტატია, მაგრამ არ მომბეზრდა მისი კითხვა.იყო რამდენიმე გმირი, რომელთა ისტორია უფრო მოკლედ რომ მოგეყელო კარგი იქნებოდა.გისურვებ წარმატებებს.

გვანცა გეთიაშვილი

I-მედია said...

თიკო ძალიან მომეწონა სტატია,ბევრი გმირი გყავს და ეს საინტერესოს ხდის მას.რამდენიმე გმირის ისტორია ცოტა მოკლედ რომ მოგეყოლა უკეთესი იქნებოდა.გისურვებ წარმატებებს

გვანცა გეთიაშვილი