Thursday, December 3, 2009

არაჩვეულებრივი გამოფენა ქუჩებში


მარიამ დედაბრიშვილი
3 დეკემბერი, 2009


რუსთაველის გამზირსა და სანაპიროზე მხატვრები დილის ათი საათიდან იწყებენ შეკრებას. გულმოდგინედ ალაგებენ ნამუშევრებს, რადგან იციან, რომ ლამაზად დალაგებული ნახატებით მყიდველს უკეთ მოიზიდავენ. შემდეგ სხდებიან და ახალი ტილოების ხატვას იწყებენ. ყოველ მოახლოებულ ადამიანს კი, თუნდაც ის უბრალოდ დამთვალიერებელი იყოს, იმედით შეაცქერდებიან. იქნებ, ის არის მყიდველი, რომელსაც უკვე კვირეებია ელოდებიან.

ეს ცალკე სამყაროა, სადაც ბევრ ნიჭიერ, განათლებულ შემოქმედს იხილავთ, რომელთა საგამოფენო დარბაზი დღეს ქუჩაა. თავიანთ ცხოვრებაზე საუბარს ერიდებიან. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს, რომ უბრალო მხატვარია, არც თუ ისე ნიჭიერი და არ ღირს მის მოკრძალებულ შემოქმედებაზე საუბარი. ზოგიც თავს უიმედოდ აქნევს და ამბობს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან აქამდეც ბევრი დაწერილა მათზე, მაგრამ ამას მათ ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. ზოგი სულაც უსიტყვოდ გიშორებს თავიდან.

სიმონ ფალავანდიშვილისთვის ხატვა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რუსთაველის გამზირზე ყოველდღე მოდის. ხატავს იმას, რაც იცის, რომ გაიყიდება. ძირითადად ძველი თბილისის ხედებს, რადგან ტურისტებს ყველაზე მეტად ეს მოსწონთ. თუმცა შეიძლება რამდენიმე კვირა ისე გავიდეს ვერაფერი გაყიდოს. ყოფილა ბედნიერი შემთხვევაც, როცა ორი ნახატიც გაუყიდია დღეში. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.

,,გამოფენას ვერ ვაკეთებ, რადგან საშუალება არ მაქვს. ვერ ვახერხებ ნახატების თავმოყრას, რადგან ვყიდი, რომ ოჯახი ვარჩინო. რეალიზაციას ქუჩაში ვუკეთებ. ფულს ამ საქმით ვშოულობ და ვერ ვიმუშავებ მხოლოდ გამოფენისთვის. “-ამბობს სიმონ ფალავანდიშვილი.”

გივი შუშიაშვილს სანაპიროზე აქვს თავისი ნახატები გამოფენილი. მიაჩნია, რომ ძალიან ძნელია საკუთარი ნიჭის სხვა სივრცეში წარმოდგენა. არ უცდია ქუჩის მყიდველის გემოვნებაზე მორგება და ხატავს იმას, რაც თვითონ მოსწონს და სიამოვნებს. ამბობს, რომ ყველა ნახატს თავისი მყიდველი ჰყავს. მისი თქმით, ყველაზე ცუდად ნახატები ზამთარში და ზაფხულში ეყიდება.

,,გამოფენა გამიკეთებია, მაგრამ სხვებთან ერთად. პერსონალური არასოდეს, რადგან მარტო გაკეთება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც მყიდველი გამოფენაზე არ მოდის და დამთვალიერებელიც ნაკლებია.”-ამბობს გივი შუშიაშვილი.

ქუჩის მხატვრების უმეტესობა ამბობს, რომ სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული მაგრამ განათლების მიუხედავად ვერ შეძლო სხვა გამოსავალი ეპოვა. პროფესორი გოგი ლაზარაშვილი, სამხატვრო აკადემიის ხატვის მიმათულების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ იმაში, რომ დღეს ეს ადამიანები ქუჩაში სხედან, აკადემიას ვერ დავადანაშაულებთ.

,,იმას, რომ ამ ადამიანებმა სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: დაბალი კვალიფიკაცია, ნაკლებად ინტელექტუალური განვითარება ინფორმაციის და ერუდიციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ნერვული სისტემაც იყოს. თუ ადვილად ვერ მიაღწევს საწადელს, მალე დანებდეს. ზოგიც მებრძოლია და მოთმინების ხარჯზე აღწევს წარმატებას და, რაც მთავარია, მთავარ გეზს და დიდ მხატვრობას არ ღალატობს. “

მისი თქმით, აკადემია სათანადო ცოდნასა და კვალიფიკაციას აძლევს კურსდამთავრებულებს, დანარჩენი კი უკვე საკუთარ მოხერხებაზეა. ზოგი, საკუთარი ალღოს, კავშირების თუ მონდომების წყალობით, შეძლებს სერიოზული სამხატვრო კარიერის წარმართვას, სხვებს კი შემოქმედებითი ასპარეზიც და სახელოსნოც მათი ,,ალმა მატერის” მახლობლად, ქუჩაში ელით.

1 comment:

tei said...

რაღა დაგიმალო და არ მომეწონა. პირველი რომ შინაარსი არ ქონდა და მაგ თემაზე იმდენივე ვიცოდი წაკითხვამდეც, რაც წაკითხვის მერე. მეორე_თითქოს ჯულიეტა ვაშაყმაძის ხმა მესმოდა რომ ვკითხულობდი. აი მისი ტემპით და ინტონაციით გიწერია. ალბათ შენც გახსოვს მისი გადცემები რა ძილისმომგვრელად მოქმედებდნენ :-S

დაველოდები შენს მეორე სტატიას. ვნახოთ თუ გაითვალისწინებ )))))