ნათია გულიაშვილი
თბილისი. 30 იანვარი, 2008
“ბავშვი, სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში. ბედნიერების, სიყვარულის და თანაგრძნობის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, მშვიდობის, ტოლერანტობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით” – ამონარიდი გაეროს კონვენციიდან ბავშვთა უფლებების შესახებ.
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, მთელს მსოფლიოში ომების შედეგად 2 მილიონამდე არასრულწლოვანი დაიღუპა. “უხილავები ბავშვები” – ეს სახელი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთა რამდენიმე ნამუშევარს, რომელშიც პირველი ფილმი პატარა აფრიკელ ბიჭზეა. ბიჭი სამოქალაქო ომშია ჩართული და იარაღით და ყუმბარებით ხელში საკუთარ სახლსა და სკოლაზე ოცნებობს.
საქართველოში, აგვისტოს ომში იარაღიანი ბავშვები არ ყოფილან (თუმცა ბევრი ე.წ. რეზერვისტის ასაკობრივი ზღვარი არასრულწლოვანების მიჯნასთან საკმაოდ ახლოს იყო), მაგრამ იმ გარემოში, სადაც, ამ ომის შემდეგ, დევნილ ბავშვთა უმეტესობას უხდება ცხოვრება, ფილმის გმირივით, ყველა მათგანი თავის სახლზე, მეგობრებსა და სკოლაზე ოცნებობს. მანამ კი, სანამ სახელმწიფო მიყენებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ზარალს ითვლის, უხილავი ბავშვების პირადი განცდები, პრობლემები და სურვილები, კამერის და უფროსების ყურადღების მიღმა, ასევე უხილავად რჩება.
გაჩერება პირველი:
ახალი ხურვალეთი

არ უნახავს დაჭრილი ადამიანები და ომი, როგორც ასეთი, 5 წლის ლიკას ცნობიერებაში ბუნდოვან მოვლენად დარჩა. მაგრამ ახლა ის ცხოვრობს აქ, სადაც ოთახებში სველი კედლებია, სინესტეა, სადაც არ აქვს თოჯინები, თანატოლებს არ იცნობს, ვერ დადის ბაღში.
აქ მისი სახლი ზუსტად ისეთივეა, როგორც ყველა დანარჩენი। შიგნიდან სველი და გარედან ფერადი კედლებით. ეს ახალი ხურვალეთის კომპაქტურად დასახლებული ტერიტორიაა.
ისე კი, ლიკა სოფელ სუისში ცხოვრობდა. მშობლებთან ერთად 9 აგვისტოს დატოვა იქაურობა, სადაც უკვე ჯარი შედიოდა. მეორე დღეს სუისში დაბომბვები დაიწყო. ლიკა კითხვებზე არ მპასუხობს. სამაგიეროდ, გოგონას დედა მიყვება ომისშემდგომი “მოგზაურობის” ამბავს, სოფლიდან ჯერ თბილისში, გლდანულაში, საბავშვო ბაღის შენობაში რომ შეასახლეს, მერე კი აქ გადმოიყვანეს.
“თბილისში ბაღში მაინც დადიოდა, ბავშვებს ეთამაშებოდა, თან ნათესავებიც გვყავდა, მისი ტოლები. მშრალ ოთახში ვცხოვრობდით. აქ კიდე კედლები სუ სველია. შეშას ძალიან ცოტას გვაწვდიან და ვისაც მამაკაცები ჰყავს სახლში, იძულებული არიან მინდვრებში გადავიდნენ და დიდი ხეები მოათრიონ. დიდი ტაშტი ვისაც გვაქვს, ოთახშივე ვბანთ ბავშვებს, ან ქალაქში [გორში] მივდივართ” - გვიამბობს ლიკას დედა.
საკვებიც არ ჰყოფნით. განსაკუთრებით, რძის პროდუქტების დეფიციტს განიცდიან, რაც ბავშვის კვების რაციონის აუცილებელი კომპონენტია.
ლიკა მთელი ამ ხნის მანძილზე ისევ ჩუმად გვისმენს. ბოლოს კი ერთდაერთი სიტყვით მპასუხობს შეკითხვაზე, თუ რა უნდა თოვლის ბაბუსგან საახალწლო საჩუქრად: “კუკლა”.

ორიოდე სახლი და ატალახებული, უსწორმასწორო მიწა ჰყოფს ლიკას 8 წლის ნინოსგან, თუმცა ბავშვები ერთმანეთს არ იცნობენ. ნინო სოფელდისევიდანაა. 7 აგვისტოს თბილისში, დედასთან ერთად, ნათესავის დაბადების დღეზე წავიდა და სოფელში ვეღარ დაბრუნდა. მალე ოჯახის სხვა წევრებსაც მოუხდათ დისევის დატოვება. ნინო ძალიან აქტიურია და ეტყობა, ლაპარაკიც უნდა. ცოცხლად მიყვება თავის ამბავს და ყველა შეკითხაზე მპასუხობს. არც თავის უკმაყოფილებას მალავს:
“თბილისში არ მომწონდა, რადგან მეგობრები ყველანი სოფელში მყავდა. არა, თბილისშიც კი იყვნენ ბავშვები, მაგრამ ცოტა. აქ კიდე, არ არიან”.თავისი სოფლის სკოლაში 2 კლასი დაამთავრა. ახლა, წესით, მესამეში უნდა იყოს, მაგრამ აქ სკოლაში ვერ დადის. უტრანსპორტობის გამო. ფეხით კი, სკოლა ძალიან შორსაა.
ისევე, როგორც მეზობლად დასახლებული ფატი დარბაიძის 4 შვილისთვის. ნორმალურ ტრანსპორტს ჰპირდებიან, მაგრამ ჯერ არ მოუყვანიათ. იმ ავტობუსს კი, რაც აქამდე დადიოდა, ურჩევნია სახლში დატოვოს ბავშვები.
“სკამები თითქმის არაა, რომ დასხდნენ, ფანჯრებზე ცელოფნებია აკრული და ისიც ნახევრად ჩამოგლეჯილი. ჯერ ისედაც, ამ სველ კედლებში, დაციებული მყვანან და მაგ ტრანსპორტში უარესად გახდებიან.” - ამბობს ქალბატონი ფატი
სამედიცინო მომსახურება, შეიძლება ითქვას, არა აქვთ. ხურვალეთში გადმოსვლის პირველ კვირას ბავშვები ცუდად გახდნენ, რის გამოც სასწრაფოს გამოძახებაც დასჭირდათ: “ერთადერთი ტაბლეტი “პარაცეტამოლი” მომცა ექიმმა სამ ბავშვზე. სხვა არაფრით შემიძლია დახმარებაო. გატრიალდა და წავიდა”- ამბობს ქალბატონი ფატი. ბავშვებს ისევ საკუთარი ხარჯებით ნაყიდი მედიკამენტებით უმკურნალეს.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობა”, ფაქტობრივად ერთადერთია, რომელიც ფსიქოლოგიური პროგრამით მუშაობს ახალი ხურვალეთის ტერიტორიაზე დასახლებულ ბავშვებთან.
სალომე ჟვანია, ერთერთია ამ არასამთავრობოს წარმომადგენელ 4 ფსიქოლოგთაგან, რომლებიც ყოველდღიურად ჩადიან ახალ ხურვალეთში და დევნილებით დასახლებულ სხვა რეგიონებში.
“მე ძირითადად ბავშვებთან ვმუშაობ. გვყავს 2 ასაკობრივი ჯგუფი 6-დან 10 წლამდე და 10-დან 17-მდე. სხვადასხვა სიტუაციაა, ზოგი უფრო გახსნილია,
ზოგი ჩაკეტილი. პატარები ძალიან მხიარულები არიან, რადგან გააზრებული არა აქვთ, რაც გადაიტანეს. უფრო მოზრდილები, განსაკუთრებით კი ბიჭები, რთულად იხსნებიან. ბავშვები არ იცნობენ ერთმანეთს, გარდა ამისა, ზოგან სხვადასხვა სოფლიდან არიან და ამის გამო უჭირთ კონტაქტში შესვლა სრულიად უცნობებთან, ზოგჯერ კი უბრალოდ სურვილიც არ აქვთ ერთმანეთის გაცნობის. ჩვენი პროექტის მიზანიც ესაა, რომ გავხსნათ და დავამეგობროთ ეს ბავშვები ერთმანეთს”. - სალომე ჟვანია
ამისთვის ფსიქოლოგები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. მაგალითად, ბავშვები ხატავენ დავალებით მოცემულ თემებზე, წერენ წერილებს, ერთვებიან სხვადასხვა ტიპის თამაშებში, ცეკვავენ. ბავშვების ერთად შეკრებას მამასახლისთა კოტეჯები ეთმობა (ახალი ხურვალეთის ტიპის ყველა დასახლებას, ახლა, საკუთარი მამასახლისი ჰყავს). როგორც სალომე ჟვანიამ გვითხრა, შეკრებებზე თითქმის ყველა ბავშვი მოდის, თუმცა რამდენიმე ისეთიც იყო, ვინც უარი თქვა ზემონახსენებ აქტივობებში მონაწილების მიღებაზე.
“ძალიან ბევრმა ბიჭმა მთხოვა, შეიძლება დავწეროთ ჩვენი ამბავი, რაც გადაგვხდაო?, ანუ ბავშვებს უნდათ გამოტანა იმისა, რაც ამ ომის პერიოდში გადაიტანეს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს მათთვის ლაპარაკი. ვაპირებთ, შედარებით მოზრდილებს ცალ-ცალკე დაველაპარაკოთ, რადგან პატარებთან ერთად ნაკლებად იხსნებიან და უფრო შეშინებულებიც არიან”. - ამბობს ფსიქოლოგი
თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტს, სკოლის გარემოს მოწყვეტას, მომავალში საზოგადოებასთან ინტეგრაციის პრობლემებიც შეიძლება მოჰყვეს. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ გარემოში ბავშვის განვითარება სერიოზულად ფერხდება და სამუდამოდ თუ არა, შეიძლება, დიდი ხნით ჩაიკეტოს მოზარდი. გამოსავალი კი, მათი ურთიერთობების წახალისებაა – გასართობი სათამაშო ცენტრის, თუ ფეხბურთის მოედნის სახით.
გაჩერება მეორე:
ტყვიავი
სოფელში მოსახლეობის ნაწილი ჯერ არ დაბრუნებულა. ამიტომ ხალხი ცოტაა, ბავშვები - კიდევ უფრო. თუმცა, ტყვიავის მცხოვრებნი ლეგენდასავით ჰყვებიან პირველკლასელი მამუკა კაპანაძის ამბავს, რომელიც ერთადერთი ბავშვი ყოფილა, ვინც ომის დღეებში სოფელი არ დატოვა. მის სახლში შესულ რუს ჯარისკაცებს გაკვირვებით უკითხავთ: _ ჩვენი არ გეშინიაო? არაო, – მამუკას უთქვამს. მერე კი, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თავისი ჯვარი აჩუქა და ასე “მონათლაო”.
ტყვიავში მამუკას ვერსად მივაგენით, ლეგენდის ნამდვილი გმირივით ბოლომდე იდუმალი დარჩა. თუმცა, როცა სოფლის თავსა და ბოლოში ყველა მის ამბავს გიყვება, ძალაუნებურად იჯერებ, რომ ომის უხილავ ფურცლებზე, თურმე, ასეთი ამბებიც შეიძლება დაიწეროს.
3 აგვისტოს ტყვიავში დაიბადა, ექვსში კი, როცა სოფელში სროლების ხმამ იმძლავრა, თბილისში წაიყვანეს კიდევ ერთი კაპანაძე, 3 დღის ბესო. ახლა სოფელში მისი ბიძა, დიმა ცხოვრობს და მისგანვე ვიგებთ ომსგარიდებული ახალშობილის ამბავს. ბესოს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგან აგვისტოს ომის შესახებ, წლების შემდეგ, მხოლოდ მოყოლილ ამბებს თუ გაიგებს. ახლა იგი 5 თვისაა და ორგანიზაცია “World Vision”-ის დახმარებით თბილისში, დედათა და ჩვილ ბავშვთა თავშესაფარშია. ჯერჯერობით საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ინვენტარით “World Vision” ამარაგებს, თუმცა პროგრამა იანვრის ბოლომდე გასტანს, მერე კი, ბესოს დედამ ჯერ არ იცის სად წავლენ. ტყვიავში მათ დამწვარ სახლს ბიძია დიმა აშენებს.


ჯული, თათია და ზაქრო მელითაურები სკოლამდელი ასაკის არიან. როცა ტყვიავში სროლები დაიწყო, დედამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით წამოიყვანა თბილისში, ნათესავებთან. მერე კოჯორში გადაიყვანეს 25 დღით. ბოლოს კი გორში, კარავში - სადაც ერთი თვე გაატარეს.
“კოჯორში ძალიან კარგი პირობები იყო, მაგრამ ნაცნობი არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და მიჭირდა ბავშვების მოვლა, ამიტომ წამოვედი გორში. აქ ხშირად დამყავდა გასართობ ცენტრში სათამაშოდ, ფილმებსაც აჩვენებდნენ” – ამბობს პატარა მელითაურების დედა, ნანა ლაფაჩი.
9 ოქტომბერს სოფელში დაბრუნებულ პატარებს აღარ დახვდათ ის, ვინც კანფეტებს ყიდულობდა. ასე დარჩა მათ ცნობიერებაში ბაბუა, რომელმაც ასაკის გამო, სოფელი ვეღარ დატოვა. ძმასთან ერთად მოკლეს ოსებმა. მერე კი, მეზობლებმა იქვე მცხოვრები რუსი ქალბატონის დახმარებით, რუს ჯარისკაცებს სთხოვეს შველა მათ დამარხვაში.
“ვფიქრობ ხოლმე, კიდე კაი, რომ პატარები იყვნენ და საღი გონებით თავში არ ჩარჩებათ ეს საშინელება” - ნანა ლაფაჩი.

თუმცა გაუცნობიერებლად, მათი ცხოვრების ჯერ ხანმოკლე პერიოდი ომმა უკვე ორ ნაწილად გაყო. ახლა ისინი ძველი ამბების გახსენებას ასე იწყებენ: “სანამ ომი იქნებოდა...”
ასევე მთავრდება თითქმის ყველა იმ ბავშვის საახალწლო სურვილი, ვისაც ამ მოგზაურობის დროს შევხვდი. მათ უნდათ დაბრუნდნენ იქ, სადაც ცხოვრობდნენ მანამ, სანამ ომი იქნებოდა.