
თბილისი. 30 მარტი, 2009
დედაქალაქის ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი გაუძვირა, რითაც სურს ახალგაზრდებსა და, ზოგადად, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენლებს აზარტი შეუნელოს.
თბილისის საკრებულოს მიერ 6 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდასა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად, განმარტავს ქალაქის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ზვიად არჩვაძე.
სათამაშო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა შესვლა კანონით იკრძალება. თუმცა, შედარებით მსხვილი სამორინეებისა და ტოტალიზატორებისგან განსხვავებით, სადაც კლიენტების დაშვება პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდება, მინიაუტურულ, სიგარეტის ბოლით გაბუღულ სათამაშო ოთახებში შეღწევა მოზარდისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
19 წლის ალეკოს სრულწლოვან ასაკამდე ლოდინი არ დასჭირვებია. 17 წლის ასაკში მან არა მარტო სათამაშო კლუბში შესვლა, არამედ ეგრეთ წოდებულ “მაზავშჩიკებთან” 6,000 ლარის წაგებაც მოახერხა. საბოლოოდ 18000-ანი ვალი დაუგროვდა და მის მშობლებს ბინის გაყიდვა მოუწიათ.
ალეკოს თქმით, მისთვის პირადობის მოწმობა ან საერთოდ არ მოუთხოვათ, ან პატარა ტყულის საშულებით იოლად აუვლია გვერდი “ფეის-კონტროლისთვის”. იტყოდა, საბუთი “სახლში დამრჩაო” და დაცვის თანამშრომლებს ეს ხშირად საპატიო მიზეზად მიაჩნდათ.
ალეკოს ამბობს, რომ მისნაირი დღესაც ბევრია. მოზღვავებული ემოციების, ადრენალინისა და ნელ-ნელა განვითარებული დამოკიდებულების წყალობით სათამაშო ბინეზნესს შემოსავალი არ ელევა.
არასრულწლოვანთა აზარტული თამაშებით გატაცების ოფიციალური სტატისტიკა სადღეისოდ არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტის სოციალურ-დემოგრაფიული სამმართველოს ხელმძღვანელის პაატა შავიშვილის თქმით, სახელმწიფოს ამგვარი შინაარსის კვლევა არ დაუკვეთავს.
მოსაკრებლის გაზრდის საშულებით მუნიციპალური მთავრობა არსებულ სიტუაციაზე ირიბი სახით აპირებს ზემოქმედების მოხდენას.
საბიუჯეტო შემოსავლების თვალსაზრისით, მოსაკრებლის გაზრდა შესაძლებელია კონტრპორდუქტიულიც კი გამოდგეს. 2007 სათამაშო სალონების გახსნაზე გაცემულმა ლიცენზიებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 580000 ლარი შეემატა, ხოლო 5 ახალი სამორინედან 10 მილიონი ლარი შევიდა ხაზინაში. მოსაკრებლის პირველად გაზრდის შემდეგ 200 სათამაშო კლუბი დაიხურა. მორიგმა ზრდამ შეიძლება სხვა სამორინე დაწესებულებებიც და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებიც იმსხვერპლოს.
რაც შეეხება ახალგაზრდების ენთუზიაზმის შენელებას, ამ ეტაპზე ძნელია სათქმელია, თუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ამ კუთხით ქალაქის მესვეურთა ახალი ინიციატივა.