Thursday, October 29, 2009

გენეტიკურად მოდიფიცირებული გემო

მაკა ჯოხაძე
29 ოქტომბერი, 2009


ქართველ მომხმარებელს არ აქვს საშუალება ნატურალური და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები ერთმანეთისგან განასხვავოს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელით ვაჭრობა ევროპაში მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და მის ავკარგიანობაზე მეცნიერები დღესაც კამათობენ.
.
ქართული სუპერმარკეტების დახლებზე გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით შემუშავებულ პროდუქტს ვერაფრით გამოარჩევთ ჩვეულებრივისგან, აცხადებენ ამ დარგის ექპერტები. არ არსებობს ნიშანდება პროდუქტზე და არც რაიმე შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმება ტარდება.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთი საკვები უვნებელია და მომხმარებლის გაფრთხილებას არ საჭიროებს, თუმცა სხვები გენმოდიფიცირებულ პროდუქტების სასტიკი წინაამღდეგია ვინაიდან დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

,,მათი დანერგვის დღიდან ძალიან მცირე დროა გასული და არ არის შესწავლილი, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან, მხოლოდ პატარა კვლევები არსებობს და ისინიც ადასტურებენ უარყოფით შედეგებს. მიუხედავად ამისა ეს ორგანიზმები დღემდე ინერგება სოფლის მეურნეობაში’’, – ამბობს გიორგი მაღრაძე, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კამპანიის კოორდინატორია.

ბიოტექნელოგიამ ცოცხალი ორგანიზმების გენების მანიპულირებით შეძლო, რომ სასურველი თვისებების მქონე გენები ერთი სახეობიდან მეორე, არამონათესავე სახეობებში გადაეტანათ და ამით ცოცხალი ორგანიზმებისთვის მიენიჭებინათ ის თვისებები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ. მაგალითად, გენური ინჟინერიის საშუალებით შესაძლებელია გარკვეული ბაქტერია შევიყვანოთ მცენარეში, რის შედეგადაც მცენარე უფრო ყინვაგამძლე ხდება, ან შესაძლებელია გენების კომბინირება ისე, რომ ქათამს ბუმბული არ გაეზარდოს.

გენმოდიფიცირებული საკვები ფართოდ ოთხმოცდაათიან წლებში დაინერგა კვებით მრეწველობაში, როდესაც მომხმარებლებმა პროტესტი გამოთქვეს შხამ–ქიმიკატებითა და სასუქით გაჯერებული პროდუქტის მიღებაზე.
თუმცა, გენემოდიფიცირებული პროდუქტების გამოჩენა ახალი წინაამღდეგობის მიზეზი გახდა. ამგვარი საკვების მიღებისას დაფიქსირდა ალერგიის შემთხვევები. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო, რომ როდესაც მათ კვებავდნენ გენმოდიფირებული სოიათი, მათ შთამომავლობაში იმატა დღენაკლული, სტერილური და მკვდარშობილი ნაშიერების რიცხვმა.

,,როდესაც მსოფლიოში დაიწყო მოძრაობა, რომ აღარ უნდათ სასუქებით და პესტიციდებით გაჯერებული პროდუქტი, ეს ფირმები დადგნენ ძალიან დიდი რისკის წინაშე’’ - ამბობს მაღრაძე. ,,სწორედ ამიტომ შექმნეს ასეთი ორგანიზმები. თითქოს შემოგვთავაზეს გამოსავალი, რომ ეს არის კულტურა რომელსაც არ სჭირდება ქიმიკატები და სასუქები, რომ მასში გაძლიერებულია რაღაც თვისება. კარტოფილი ყინვაგამძლეა, პომიდორი უფრო დიდხანს ინახება დახლზე და ა.შ. თუმცა მას აღმოაჩნდა ფარული მხარეები”.

მაღრაძე ამტიკიცებს, რომ ამგვარი პროდუქტები სულაც არ ამცირებს ქიმიკატების მოხმარების რაოდენობას, პირიქით უფრო დამოკიდებულს ხდის მასზე. ფერმერი ვალდებულია ყოველწლიურად შეიძინოს მწარმოებელი კომპანიისგან სასუქი და გენმოდიფიცირებული მცენარის თესლი, ვინაიდან
გენმოდიფიცირებული პროდუქცია მეორე წელს მოსავალს არ იძლევა.

2009 წელს საქართთველოში ძალაში შევიდა ეგრეთწოდებული კარტახენას ოქმი, რომელიც არეგულირებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსასაზღვრო გადაადგილებას. ,,კარტახენას ოქმის თანახმად, თუ ვინმეს სურს საქართველოში შემოიტანოს ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმი ვალდებულია აცნობოს ქვეყანას წინასწარ 270 დღით ადრე’’, - განმარტავს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების ექსპერტი ანა რუხაძე.

,,შემომტანს აქვს საშუალება ქვეყანას წარუდგინოს რისკის შეფასების დოკუმენტაცია. თუ ქვეყანას აქვს საშუალება, თვითონ შეისწავლის ამ რისკს. ამის შემდეგ იღებს ქვეყანა გადაწყვეტილებას დაუშვას თუ არა“.

თუმცა, ამ ოქმით რეგულირდება ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები და არა მათგან წარმოებული პროდუქტები. გიორგი მაღრაძე ამობს, რომ “რაც არ კონტროლდება შესაბამისად რთულია იმის თქმა, თუ რა შემოდის ბაზარზე. მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას. მაგ. თუ სიმინდი ან სოია შემოტანილია ა.შ.შ-დან ის ფაქტობრივად შეიცავს გენმოდიფიცირებულ მასალას. ევროპის ქვეყნებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები მკაცრად რეგულირდება და არსებობს ნიშანდება.”

6 comments:

I-მედია said...

ra sayvareli qatamiaaaaa:))))

I-მედია said...

სტატია მომეწონა, მართალია, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა, რომელიც აქამდე არ მსმენია, მაგრამ ძალიან კარგად იყო აწყობილი, სტრუქტურა (y)

I-მედია said...

ნუ მე პირადად ქათამმა დამთრგუნა ძალიან :D:D
თემა საინტერესოა და სასარგებლოც :)გადმოცემულიც არ არის ურიგოდ! თუმცა მომეჩვენა, რომ ცოტა რთული ენით იყო დაწერილი, უფრო მარტივად შეიძლებოდა ზოგი წინადადების დაწერა. თანაც საინტერესოა, მიუხედავად კარტახენას ოქმისა, საქართველოში შემოდის თუ არა გენმოდიფიცირებული საკვები, რა რაოდენობით შემოდის და დაფიქსირებულა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებს რამე უარყოფითი შედეგი გამოეწვიოს(საქართველოში). ამათზე არაფერი გითქვამს სტატიაში.

წარმატებებს გისურვებ!
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

მაკა, რა საცოდავი ქათამია...მერე ამ ქათამს კლავენ, გაყინავენ, სუპერმარკეტში დადებენ,ჩვენ ვყიდულობს და ვჭამთ?! აღვშფოთდი :) ანუ რა? ამ ქათმებზე საცოდავები ისინი გამოვდივართ, ვინც ამ ქათამს ვჭამთ ხო?!

ლელა უგრეხელიძე

I-მედია said...

არჩეული თემა მომეწონა, ბევრისთვის საინტერესო იქნება.. არსებული პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტუალურადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ვფიქრობ რომ ცოტათი ვრცელი იყო სტატია, და შეიძლებოდა რამე დეტალის დამატება უფრო მეტი ინტერესისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.....
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

ვაიმე რა საცოდავი მამალია რა, საწყალი (მამალია ხო? :):) )...სიმართლე გითხრა, სათაურის კი არა, სურათის გამო გადავწყვიტე წამეკითხა შენი თემა მაკა... საიმტერესო თემაა, მაგრამ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე , რომ უფრო მეტად გაგემახვილებინა ყურადგება, კარგი იქნებოდა :)
სალომე ლორთქიფანიძე