Saturday, March 21, 2009

ბრძოლა განათლებისთვის

ნანიკო ვაჩნაძე
თბილისი. 21 მარტი, 2009.

საგნების შერჩევის ციებ-ცხელება სასწავლო სემესტრის დაწყებიდან უკვე მესამე კვირაა რაც გრძელდება. სალექციო საათების თანხვედრა, არასაკმარისი კრედიტების რაოდენობა და ნაჩქარევად არჩეული არასასურველი საგნები – ეს არის თავის ტკივილი, რომელიც სტუდენტებს მიმდინარე განათლების რეფორმამ გაუჩინა.

კურსებზე დარეგისტრირების გამოცხადებისთანავე უნივერსიტეტში ჩაღდება ბრძოლა საგნებისა და ლექტორებისთვის. მთავარი ამოცანაა ისწავლო ის, რაც გაინტერესებს და თან სასწავლო კურსის დასასრულებლად საჭირო კრედიტების რაოდენობა მოაგროვო. ვინც დროულად არ დაფაცურდა, უსარგებლო საგნებისა და არეული სასწავლო გრაფიკის ამარა დარჩა.

“სემესტრის დასაწყისში ექიმთან სიარული მიწევდა, ამიტომაც ვერ მოვასწარი იმ საგნების აღება, რომლებიც სავალდებულო იყო და კრედიტები ავინაზღაურე საგნებით, რომლებიც სრულიად არ მჭირდებოდა”, - ამბობს მესამე კურსის სტუდენტი ქეთი ტაპატაძე.


აკადემიურ ფინიშამდე მისაღწევად სტუდენტებს სულ ცოტა 240 საკრედიტო საათი ესაჭიროებათ. საგნების საკრედიტო წონა სხვავდება და 2-დან 10 კრედიტამდეა. კომპიუტერის ეკრანთან გატარებული ღამეებისა და უამრავი კომბინაციის გადათამაშების შედეგად სტუდენტები კრედიტების სასურველი რაოდენობის შექუჩებას არჩევითი საგნების ხარჯზე ახერხებენ, რომლებიც ხშირად არ პასუხობს მათ სასწავლო თუ პროფესიულ მიზნებს.


როგორც თაკო ბეჟანიშილი ამბობს, პირველკურსელებს მანევრირების უფრო მეტი საშუალება აქვთ. “... კომპიუტერით საგნები ადვილად დავარეგისტრირე, ერთად-ერთი პრობლემა საგნების თანხვედრა იყო, რომელიც მარტივად გადავჭერი”, - ამბობს პირველკურსელი ბეჟანიშვილი. მესამეკურსელები კი, მაშინაც კი თუ თადარიგი წინასწარ დაჭირეს, შეიძლება ამოწერონ არჩეული საგნიდან, რათა არჩევანის გარეშე მყოფ მეოთხეკურსელებს გამოუნთავისუფლონ ადგილი.

შექმნილი ვითარებით შეწუხებული სტუდენტობა მიმდინარე რეფორმას ემდურის, რომელიც სწავლის დასავლურ სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად. ცვლილებების შედეგად სტუდენტებს საგნების არჩევის საშუალება მიეცათ, მაგრამ არჩევანის გაკეთება არც თუ იოლი გამოდგა.


ჟურნალისტიკის მიმართულების სასწავლო სამსახურის უფროსი სპეციალისტის თათია მჟავანაძის თქმით, სირთულეებს ცხრილების წინასწარ გამოცხადებით გარკვეულწილად მოევლება. თუმცა, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცხრილები წინასწარ მხოლოდ ჟურნალისტიკის მიმართულებით გამოცხადდა.


ლექტორებისა და ჯგუფების რაოდენობის გაზრდას ან მდგომარეობის სხვაგვარად გამოსწორებას ჯერ პირი არ უჩანს. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კი წელს 600 ახალი სტუდენტის მიღებას გეგმავს. უკმაყოფილოთა რიცხვიც სავარაუდოდ გაიზრდება.

13 comments:

Qilipa said...

კარგია!!! ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და იმედია ჩვენს გარდა ვინმე წაიკითხავს და იმ ელემენტარულს მაინც გააკეთებენ, რო საგნების არჩევისას იქვე ეწეროს რომელ დღეს რომელ საათზეა ეს საგანი! (რაც, სხვათაშორის, ჭავჭავაძეში უკვე გააკეთეს)

ირაკლი ქილიფთარი

Qilipa said...
This comment has been removed by a blog administrator.
KATE said...

საკმაოდ პრობლემურ საკითხს შეეხე. დარწმუნებული ვარ, შენი სტატია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხებას თვითონ სტატიას, ცოტა დასასრულს შევცვლიდი.
დიდი მადლობა:) ქეთი არველაძე

tamuna gvelesiani said...

tema aqtualuria,naceric saintereso.tumca ashkarad chans ganrisxebuli studentis pozicia

wisperer_sponger said...

ნანიკო, როგორც იტყვიან ათიანში მოარტყი. თსუს სტუდენტებისთვის ალბათ ყველაზე ახლობელი ეს თემაა და არა მარტო მათთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტში რა ხდება უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე თავად ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ირაკლის დავეთანხმები, მთავარია იმან წაიკითხოს ვისაც საქმის გამოსწორება შეუძლია.
"შენ" სტატიას რაც შეეხება, ინფორმაცია საკმაოდ მრავლის მომცველია. უბრალოდ ვთვლი, რომ თავად ტვიტორების კომენტარები, ან მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაც რომ ყოფილიყო დაფიქსირებული ამომწურავი იქნებოდა და მკითხველს ყველანაირ უკმაყოფილების გრძნობას გაუქრობდა.

I-მედია said...

ანნნა :D:D ნუ გავიწყდება, რომ "ტვიტორებს" ქრონიკულად არ სცალიათ და "დილის 9 საათიდან აქ არიან, შენი თავი აღარ აქვთ" :P:P მაგმხრივ არ მაქვს შენიშვნა, უბრალოდ ვინმე ერთი, თუნდაც მეორეკურსელი თეი კანაშვილის ისტორია რომ მოეთხრო, რომელმაც რატომღაც მესამე დონის სამაუწყებლო აიღო და კიდე იმრესიონიზმი ჰუმანიტარებიდან, როცა ექსპრესიონისტები არ ქონდა გავლილი :D უფრო სახალისო საკითხავი გახდებოდა =)))) თეი კანაშვილი

I-მედია said...

საკითხი უდავოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სტუდენტებისთვის... მაგრამ მგონია რომ ცოტა გაუმართავია და ამ მხრივ რამოდენიმე შენიშვნა მაქვს...
დავიწყებ ლიდიდან. ვფიქრობ, აქ საკითხი არასწორადაა დასმული. სტუდენტებისთვის თავის ტკივილი მიმდინარე რეფორმა კი არა ამ რეფორმის გაუმართაობაა...
მთელი სტატიის განმავლობაში ჟურნალისტს აქცენტი გაკეთებული აქვს იმაზე, თუ რა ცუდ დღეში არიან სტუდენტები, მაგრამ, ცოტა გაუგებრად აქვს ახსნილი მდგომარეობა. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი, რომელიც არ სწავლობს ჯავახიშვილში, ადვილი შესაძლებელია ვერ მიხვდეს თუ რას ნიშნავს: ,,240 კრედიტი" ,,საგნების საკრედიტო წონა" ,,უამრავი კომბინაციის გათამაშება" ,, არჩევითი საგნები" ,,არჩევნის გარეშე მყოფი მეოთხეკურსელები" - ვფიქრობ ამ ტერმინების უმრავლესობის განმარტება ხშირად ჩვენც არ გვესმის...
სტატიას აკლია სხვა ფაკულტეტების განცხადებაც: რატომ ექმნებათ პრობლემები? რატომ არ გამოაკრეს წინასწარ ცხრილები და ა.შ. უნივერსიტეტში მარტო "VI" კორპუსია?!
ჩემი აზრით, და შესაძლებელია მე კიდეც ვცდებოდე, უკეთესი იქნებოდა თუ სტატიას სხვა კუთხით წაიყვანდა ნანიკო. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ სისტემა გაუმართავი და დასახვეწია, უფრო მნიშვნელოვანია, რატომ ვერ ან არ აკეთებენ ამას ინტენსიურად?! როგორც ჩემთვისაა ცნობილი საკმარისი რაოდენობის ჯგუფებს იმიტომ ვერ ხსნიან, რომ არავინ იცის ზუსტად რამდენი სტუდენტი სწავლიბს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ამიტომ ხდება მერე ზედმეტი ჯგუფების გახსნა და საკმარისზე მეტი სტუდენტის დასწრება ლექციებზე.
თუკი სტატია სისტემის უვარგისობაზეა, აუცილებლად მიმაჩნია იმის დაწერა, რა ხდება III და IV კურსებს შორის,რატომ არიან IV კურსელები არჩევნის გარეშე და რატომ აქვთ მათ გასაყოფი საგნები დაბალ კურსელებთან, ყველა კურსს ხომ თავისი საგნები უნდა ჰქონდეს?!
და ბოლოს, მომეჩვენა რომ სტატიაში წუწუნი უფრო მეტია, ვიდრე ობიექტური ჟურნალისტის პოზიცია, კარგი იქნებოდა თუ ერთ-ორ სიტყვას დეკანატსაც ,,შეაწევდა" ავტორი. დეკანატში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საბოლოოდ ყველა სტუდენტი დააკმაყოფილონ, მიუხედავად უამრავი ხარვეზისა... ვფიქრობ, სულ ცოტა აღნიშვნის ღირსი-მაინცაა...
ხატია ერგემლიძე

I-მედია said...

თემა აქტუალურია და სწორედ ცხრილის გამო მექმნება ეხლა პრობლემა: არჩევით საგანს, სამაუწყებლო ახალ ამბებს როგორც ჩანს წინაპირობები ქონია, რომლებიც არ მაქვს გავლილი ასე რომ მაგარ შარში ვარ.

I-მედია said...

ძალიან აქტუალური თემაა. სტუდენტებისთვის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა. კარგად გაქვს გადმოცემული პრობლემის არსი:)იმედი მაქვს ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ვინმე შეიწუხებს თავს და იზრუნებს ამ პრობლემის გადაჭრაზე. დიდი მადლობა. თამთა შამათავა

I-მედია said...

თემა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია ამ თემის საშუალებით შეძლებ დააინტერესო ის მხარე, ვინც უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. თუმცა შეიძლებოდა სტატიის უფრო საინტერესოდ დაწერა. დიდი მადლობა. ხატია ხარებავა

I-მედია said...

ნანიკო გამახარე თსუ–ს სტუდენტების ჯერჯერობით მოუშუშებელ ტკივილზე რომ დაწერე.გრამატიკულად არ მომეწონა რაღაცები.კარგი იქნებოდა "ზემდგომი ორგანოების "კომენტარები.თემა აქტუალურია ყოველთვის,ჩვენდა სმწუხაროდ.კარგი გოგო ხარ.ნატა ლეჟავა.

I-მედია said...

ნამდვილად საინტერესო და აქტუალური თემაა.სტატიაც კარგად იკითხება. როგორც უკვე აღნიშნეს,სასურველი იქნებოდა ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია ყოფილიყო კრედიტებზე,რომ სხვებისთ[ისაც გასაგები ყოფილიყო. მადლობაა :) ნანო ჯალაღანია

I-მედია said...

სამწუხაროდ მოვლენის მარტო უარყოფით მხარეებზე გაქვს ყურადრება გამახვილებული და საბოლოო ჯამში სტატია დაგრუზული სტუდენტის ოხვრას უფრო გავს.
გიორგი სიხარულიძე