Friday, July 3, 2009

მომკალი ნაზად

თეონა გონგლაძე

თბილისი. 3 ივნისი, 2009


როდესაც ექიმებს ზაზა ზურაშვილის გადარჩენის იმედი გადაეწურათ, მათ გადაწყვიტეს მძიმე ავტოავარიის მსხვერპლი აგონიისგან ეხსნათ და ხელოვნური სუნთქვა შეუწყვიტეს. თუმცა, მედიკოსებითვის მოულოდნელად, სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს სუნთქვა დამოუკიდებელად აღუდგა და გულის ცემაც განუახლდა. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აღვივებს კამათს ევთანაზიის ავკარგიანობის შესახებ.
.
ევთანაზია, რაც ბერძნულად კარგ ან სასიამოვნო სიკვდილს ნიშნავს, გულისხმობს სისცოცხლის მოსწრაფებას უიმედო ავადმყოფისთვის ტანჯვის შემსუბუქების მიზნით. ტკბილი სიკვდილის აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ევთანაზიას შვება მოაქვს განწირული პაციენტისთვის და მის ოჯახს ზედმეტი ხარჯებისგან ათავისუფლებს. თუმცა, ამ პრაქტიკას ბევრი ეწინაამღდეგება ეთიკური, რელიგიური თუ სამართლებლივი მოსაზრებების გამო.
.
ვიდრე ორივე მხარის არგუმენტებს წარმოვადგენთ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პასიური და აქტიური ევთანაზია. პირველი პაციენტის სიცოცხლის შეწყვეტის მიზნით წინასწარგანზრახულ ჩარევას გულისხმობს, თავად მისი სურვილის შესაბამისად ან ახლობლებისა და სამედიცინო პერსონალის ინიციატივით. ეს შეიძლება განხორციელდეს სასუნთქი აპარატის გამორთვით, ჰაერის ნაკადის ინექციით ან მედიკამენტების ჭარბი რაოდენობის გამოყენებით.
.
პასიური ევთანაზია მკურნალობაზე თავის არიდებას ან დაწყებული მკურნალობის შეწყვეტას ნიშნავს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი ან სრულწლოვანი და სულიერად ჯანსაღი ადამიანი იღებს. ხშირშემთხვევაში, ტრავმისგან გატანჯული დაზარალებული გაუცნობიერებლად ითხოვს ევთანაზიას. გაუსაძლისი ტკივილი აზიანებს დაშავებულის ფსიქიკას და მასში სიცოცხლის შეწყვეტის სურვილს ამძაფრებს. ექიმი ვალდებულია, ჭრილობა სამედიცინო ჩარევით გააუტკივაროს და თუ გონზე მოსული ადამიანი წერილობით დაადასტურებს ევთანაზიის სურვილს, ავტომატურად შეწყდება მისი რეანიმაცია.
.
საქართველოში აქტიური ევთანაზია, იქნება ეს ავადმყოფის დაჟინებული მოთხოვნა თუ ექიმის ინიციატივა, სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება. როგორც იურისტი მიხეილ ღოღაძე განმარტავს: ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით. იგი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამედიცინო პერსონალის თვითნებური მონაწილეობა სიკვდილის დაჩქარებაში კი უმწეო ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობად ფასდება.”
.
ამასვე ადასტურებს ბიოეთიკის კომიტეტის წევრი და პროფესორი ბელა მამულაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ მედიკოსებს ეკრძალებათ აქტიურ ევთანაზიაში მონაწილეობა. მისი თქმით, ეს არღვევს ექიმის ფიცის იმ უმნიშვნელოვანეს მუხლს, რომელიც მკურნალებს პირდაპირ მოუწოდებს: “არ ავნო”.
.
ევთანაზიის მომხრეების მტკიცებით, სიცოცხლეც და სიკვდილიც ადამიანის პირადი არჩევანია და საზოგადოებას არა აქვს უფლება ტანჯვით გაწამებულ პაციენტს სიკვდილის უფლება არ მისცეს. თამანედროვე მედიცინა მრავალ უგონოდ მყოფ ავადმყოფს მათი ახლობლების ფულის გაფლანგვის ხარჯზე წლობით უხანგრძლივებს სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული ფორმით არსებობაში გამოიხატება. ასეთი ადამიანი შესაძლოა საშინლად იტანჯებოდეს, მაგრამ ან მის ოჯახის წევრებს არ ყოფნით გამბედაობა ბოლო მოუღონ მათ ტანჯვას ან კანონით ეკრძალებათ მგავსი ქმედება.
.
მორალური მოსაზრებების გარდა, სასიამოვნო სიკვდილის მოწინაამღდეგეები შიშობენ, რომ აქტიური ევთანაზიის დაკანონება შეიძლება ბოროტად გამოიყენოს სამედიცინო. კერძოდ, მედიკოსებს შეექმნებათ საშუალება ტრავმირებული, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანის ორგანოები ტრანპლანტაციისათვის გამოიყენონ. ასეთ დროს ექიმებს თავის მართლება არ გაუჭირდებათ, უბრალოდ იტყვიან, რომ სიცოცხლის ნაადრევად შეწყვატა პაციენტის უკანასკნელი სურვილი იყო, ამბობენ ბიოეთიკოსები.
.
რაც შეეხება პასიურ ევთანაზიას, როგორც ბიოეთიკოსები იტყობინებიან, ამ ფორმას ხშირად პაციენტების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე მიმართავენ ხოლმე. ხშირია შემთხვევები, როცა პასიური ევთანაზიის გადაწყვეტილებას ექიმები იღებენ და პაციენტებს სტაციონარიდან წერენ. ეს უმეტესად მძიმე ავადმყოფებს ეხებათ. თუ მომაკვდავს რამდენიმე დაავადება აქვს კომბინირებული ან უკურნებელი სენის ბოლო სტადიაშია, მედიკოსები წყვეტენ მის რეანიმაციას.
.
“მორალური მხარის გარდა მატერიალური პრობლემებიც ხშირად იქმნება. სამედიცინო აპარატურა და მედიკამენტები დიდ თანხებს მოითხოვს. როცა ავადმყოფის გადარჩენა წარმოუდგენელია, მაგრამ ოჯახის ფინანსები მაინც იხარჯება, უფრო მეტად ამის გამო წყვეტენ მკურნალობას”-აღნიშნავს მამულაშვილი და იქვე დასძენს, რომ “ეთიკურად ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა ითვლება მაღალზნეობრივად. ,,ექიმი ყველა გზითა და ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს, ბოლომდე დაიხარჯოს. მითუმეტეს, რომ სიკვდილის პირას მყოფი პაციენტებიც გამოჯანმრთელებულან.”
.
ბიოეთიკოსების მოსაზრებას სასულიერო პირებიც იზიარებენ. ქრისტიანული რელიგია ადამიანის სიცოცხლეს განიხილავს როგორც ღვთის წყალობას და თვიმკვლელობას არასაპატიო ცოდვად მიიჩნევს. ეკლესიის თვალში გამონაკლისს არც ტანჯვით გამოწვეული თვითმკველეობა წარმოადგენს. როგორც სულიერი მამები ამბობენ, აქტიური ევთანაზია ცოდვაში აგდებს როგორც მსხვერპლს, ისე მის განმახორციებელს. ერთი მხრივ, მომაკვდავი თავს არიდებს უფლის მიერ მოვლენილ სატანჯველს და მაცხოვრის ნების შეცვლას ცდილობს. მეორე მხრივ, მკვლელობის ჩამდენი ათი მცნების იმ მუხლს არღვევს, რომელშიც გარკვევით წერია: “არა კაც ჰკლა”.
.
აქტიური ევთანაზია მხოლოდ ჰოლანდიაში, ბელგიაში, კალიფორნიის შტატსა და ქალაქ დარვინშია დაშვებული. საქართველოში სიკვდილის უფლების მინიჭებაზე აქტიური მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

3 comments:

I-მედია said...

teo dzaan saintereso temaa da statiac dzaan kargad agebuli am temaze, minda agvnishno, rom erti sulis motqmit cavikitxe ise rom arcerti nacili statiisa interes moklebuli ar iyo, evtanaziis shesaxeb did xani araa rac gavige da vfiqrob dzalian saintereso da sadavo sakitxia, kargai, rom amtemaze gadacyvite dagecera, gmadlob, carmatebebs gisurveb!!! ELENE MAKHAROBLISHVILI

I-მედია said...

ყოჩაღ თეო,ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და კარგად საკითხავი ნამუშევარია. ყველაფერი თავის ადგილზეა. ნინო გაგელიძე

I-მედია said...

martla dzalian kargi temaa da saintereso..statia dzalian momewona.vici rom teom bevri imushava.shenishvna ar maqvs saertod... teo magaria.. :*:* nano jalagania