Sunday, July 5, 2009

მე ამისგან გავაკეთებ...

ლანა კალანდია
დიმიტრი ბადუაშივილი
თბილისი. 6 ივლისი, 2009.


თბილისში მდგარ მონუმენტურ ქანდაკებებს ბოლო დროს მომცრო ზომის, კოლორიტუ– ლი ფიგურები შეემატა. ამ პატარა, ხავსისფერი ადამიანების შემქმნელი თვითნასწავლი მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილია, რომელიც თბილისის მერიამ დაიქირავა ქალაქის ესთეტიური განვითარების მიზნით.

თუ წინათ ქანდაკებები ძირითადად ეროვნული გმირების დაფასებას ემსახურებოდა, ახალი თაობის სკულპტურები უფრო განწყობის შექმნაზეა გათვლილი. ასეთებს განეკუთვნებიან, მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის მოაჯირებზე შემომსხდარი შეყვარებულები და რუსთაველის გამზირზე მოკალათებული პატარა კაცუნები.

,,ქანდაკებების დადგმის ინიციატივა წამოვიდა ძველი თბილისის გამგეობიდან. რუსთაველზე ძალიან ბევრი სარდაფია, რომლის სავენტილაციო მილზეც დამაგრდა ქანდაკებები. ამან ვიზუალურის გარდა ფუნქციური დატვირთვაც შეიძინა. არავინ რჩება გულგრილი. მიდიან, კითხულობენ რა აწერია. სურათებს იღებენ, განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ მათ სიმაღლეზე მდგარი ქანდაკებები. ზოგს ეცინება, ზოგი ვიღაცას მიამსგავსებს და ხალხი ხალისდება“, – იწონებს საკუთარ ნამუშევარს ბუჯიაშვილი.

ძერწვა 4-5 წლისამ დაიწყო. გატაცებული იყო პატარა ქანდაკებების კეთებით. მოგვიანებით მივიდა ქანდაკების წრეში, მაგრამ 9 აპრილს დაწყებული არეულობის გამო სწავლა შეწყვიტა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის განხრით განაგრძო. პარალელურად მუშაობდა ხეზეც.

მიიჩნევს, რომ მოქანდაკის შესაბამისი ცოდნა არ აქვს, რის გამოც, როგორც თვითონ აღნიშნავს, საქართველოში გამოფენაზე ხშირად არ მონაწილეობდა. ,,ადრე მიაჩნდათ რომ თუ აკადემია არ გქონდა დამთავრებული საერთოდ არ ითვლებოდი შემოქმედ ადამიანად, არც მოქანდაკედ, რის გამოც ბევრ გამოფენაზე მონაწილეობა არ მიმაღებინეს, მაგრამ ეს ტენდენცია სასიკეთოდ შეიცვალა, დღეს თუ პროდუქციას ქმნი, კარი ყველგან ღიაა“, – ამბობს ბუჯიაშვილი.

ორმოცდაათამდე ქანდაკება, რომელიც ლევანმა საკუთარ სახელოსნოში დაამზადა, ჩამოსხმულია ბრინჯაოში და დაჟანგულია მჟავით. ქანდაკების ასეთი წესით დამზადება დღეს პოპულარულია საქართველოში. პერსონაჟების შერჩევისას, როგორც თავად აღნიშნავს, ბევრი რამის გათვალისწინება მოუწია.

,,პირველ რიგში ქანდაკებები უნდა ყოფილიყო თბილისური, მასიური კომპიზიციები, ქართულ საზოგადოებაზე გათვლილი. არა მარტო ქანდაკება, [არამედ] ნებისმიერი დეტალი ... ახლოს [უნდა] იყოს თბილისის ხასიათთან, მის განსაკუთრებულ მდებარეობასთან, კოლორიტთან“, - აღნიშნავს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ფატი დავითუალიანი. ,,ასევე ვითვალისწინებთ იმ უბნის ისტორიას , სახელწოდების წარმომავლობას, ტრადიციას იქ მდებარე კულტურულ ძეგლებსა და შენობებს, სადაც მონუმენტის განთავსება ხდება.“

ქანდაკებებს სახელებს ლევანი თავად არქმევს – ცნობილი პერსონაჟების, ზოგს მეგობრების, ერთ-ერთი ავტოპორტრეტიცაა. ერთი–ერთი ქანდაკება უკვე დააყაჩაღეს – ფოტოაპარატი და ყვავილები მოპარეს. ქალბატონი ფატი ძეგლების დაზიანებას დაბალი კულტურის მაჩვენებლად მიიჩნევს და ლევანს ქანდაკებებს მოპარული ატრიბუტების „დაბრუნებას“ ჰპირდება.

ქანდაკების დანიშნულებად ლევანი ესთეტიური სიამოვნების მიღებას ასახელებს და მიიჩნევს რომ მისი ქანდაკებებიდან ყოველთვის დადებითი აურა მოდის. რუსთაველის პროექტამდე სხვადასხვა გამოუყენებელი ნივთებით მუშაობდა- რკინით, ძვლებით, ქვებით და ბუნებაში არსებული უცნაური ფორმის ტოტებით. ფუნიკულიორის გზაზე მდგარი „მაგდანას ლურჯა“ რკინით ააწყო, რასაც თბილისისთვის ნოვაციურ ნაბიჯად მიიჩნევს. გორში კი ომის თემატიკაზე , მეგობრებთან ერთად, რუსული ჭურვებისგან მემორიალი „სიცოცხლის ხე“ შექმნა.

ლევანი ამბობს, რომ ქართული ქანდაკება ტრადიციულად მონუმენტურობით, მრგვალი ფორმებითა და ხასიათის სიმძიმით გამოირჩევა. თუმცა აქვე დასძენს, რომ დღეს შემოქმედი გაცილებით თავისუფალია და შეუძლია სკულპტურა თავის ფანტაზიით შექმნას. სამაგიეროდ, ხელოვნებაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ბევრ მის კოლეგას უბიძგებს გამოიცვალონ პროფესია. ამ საკითხში საკუთარ თავს ძლიერად მიიჩნევს და წინააღმდეგობების მიუხედავად აკეთებს თავისს საქმეს. მომავალ გეგმებს მთლიანად საქართველოს უკავშირებს.

4 comments:

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა. ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ იყო სტატიაში დასახელებული მონუმენტების ავტორი და ნამუშევრიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. წარმატებებს გისურვებ:)
თეონა გონგლაძე

provokatori said...

პირველ რიგში კარგი ენითაა დაწერილი, მეორე თემა მომეწონა, მე სულ მაინტერესებდა, ვინ აკეთებდა ამ პატარა ადამიანებს. დამაინტერესა რომელია ავტორის პროტოტიპი. ბოლომდე ინტერესით ჩავიკითხე, მაშასადამე კარგი სტატიაა. წარმატებებიიი

I-მედია said...

პირველ რიგში კარგი ენითაა დაწერილი, მეორე თემა მომეწონა, მე სულ მაინტერესებდა, ვინ აკეთებდა ამ პატარა ადამიანებს. დამაინტერესა რომელია ავტორის პროტოტიპი. ბოლომდე ინტერესით ჩავიკითხე, მაშასადამე კარგი სტატიაა. წარმატებებიიი megi wiklauri

I-მედია said...

kai statiaa, momewona, bevri siaxle gavige. temac ucxoa.nino xaratishvili.