
ლალი ცერცვაძე
26 ნოემბერი, 2009
ეროვნულ ბიბლიოთეკაში საათობით მუშაობის ნაცვლად ზოგიერთმა სტუდენტმა ამ დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის დაძლევის იოლ გზას მიაკვლია. ლალი ცერცვაძის რეპორტაჟი საჯარო ბიბლიოთეკის თანამშომრომლების არასაჯარო შემოსავლების შესახებ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია შათირიშვილმა უფროსკურსელი დისთვის საჩუქრის გაეკეთება გადაწყვიტა. საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა და საიდუმლო შეკვეთა მისცა. სულ მალე ხატიას დის სადიპლომო ნაშრომი მზად იქნება. მისმა კურსელებმა მსგავსი ნაშრომის შესრულებას ერთწლიანი შრომა უნდა შეალიონ, მან _ 100 ლარი.
ამ სადიპოლომო ნაშრომის რეალურმა ავტორმა - ქალბატონმა თინამ – უნივერსიტეტი 30 წლის წინ დაამთავრა. სამეცნიერო ხარისხიც დაცული აქვს და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, უფრო გავრცელებული სახელით კი, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის სტაჟიანი თანამშრომელია. დღეს რეფერატებისა და საკურსო პროექტების წერა მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასეთი გარიგებები დიდი ხანია, დგება. ბიბლიოთეკის თანამშრომლები დადგენილი განაკვეთების საფასურად ნებისმიერ შეკვეთას იღებენ. უბრალო რეფერატი, რომელიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც წესი, 15 ქულით ფასდება, 30 ლარი ღირს. საკურსო ნაშრომი, რომლის საფუძველზეც სტუდენტი დიპლომს იცავს _ 100. ფასები, ნაშრომის სირთულის პროპორციულად, 30-დან 250 ლარამდე ვარირებს.
ინტელექტით იატაქვეშა ვაჭრობის წესები მარტივია. უნივერსიტეტის შენობასთან ვითომ სხვათაშორის ქალბატონი გიახლოვდება და რეფერატის დაწერაში დახმარებას გთავაზობს. ან ასეთი ქალბატონების არსებობის შესახებ ინფორმაციას მეგობარი გაწვდის და იმასაც ამატებს, “კარგი, რა! რა თავს იკლავ? 30 ლარს გადაიხდი და დაგიწერენო”.
საბოლოოდ, ყველა გზა ,,საჯაროში” მიდის. აი, აქ კი სიფრთხილე გმართებთ. შესვლისთანავე კართან მდგომ “დაცვის ბიჭს” “თემების დამწერი ქალების” ადგილსამყოფელს ჰკითხავთ. ისიც, ტუჩთან თითის მიტანით, შენიშვნას მოგცემთ, “ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთო”. მერე ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ და გთხოვთ, რომ დასარეკად შენობის გარეთ მიბრძანდეთ.
როცა უკვე დავალების შემსრულებელ მეცნიერ-მუშაკებს პირადად შეხვდებით, თქვენი დავალების თემასა და გამოსაყენებელ ლიტერატურას გააცნობთ. ისინიც, თავიანთი გამოცდილების კვალად, დახმარებას შემოგთავაზებენ. ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანების ნათქვამს თუ დავეყრდნობით, მაღალი შეფასების მიღების შანსი დიდია. საფასურის გასტუმრება ნაშრომის ჩაბარებიდან ორი კვირის თავზე ხდება.
“ამ მანკიერი შეთანხმების მონაწილე ზარმაცი სტუდენტები ლექტორს ატყუებენ და ამაში ფულს იხდიან. “საკურსო მაფიის” წევრები კი, უბრალოდ, ქრესტომათიული ჩასარეცხები არიან,” _ ასე აფასებს სიტუაციას თსუ-ის ერთ-ერთი პროფესორი.
საჯარო ბიბლიოთეკაში ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. ჯერ ერთი, ინფორმაციას ცოტა ფლობს. და მეორეც, ვინც უშუალოდ ამ გარიგებებში მონაწილეობს, “ამ თემას ნუ შეეხები, არაა ლამაზიო”, _ გირჩევს.
ქალბატონი თინა ერთადერთია, ვინც საუბარზე დათანხმდა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მის გვარს არ მოვიხსენიებდით. იცის, რომ “მისი, როგორც ბიბლიოთეკარის ვალია, ბავშვებს წიგნი შეაყვაროს.” ხედავს, “სტუდენტებზე თავის ცოდნას ჰყიდის და ამით მათი ცოდნის გაღრმავების საშუალებას სპობს.” თან დასძენს: “ბევრს ვფიქრობ ამაზე და გულიც ძალიან მტკივა. მაგრამ ვიცი, მე რომ არა, ამას სხვა გააკეთებს. უბრალოდ, ჩემი შვილები დარჩებიან მშივრები”.
ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებოდაა აღნიშნული: “გახსოვდეთ: ბიბლიოთეკის ფონდები ეროვნული საგანძურია. თქვენ გარდა ამ საგანძურით მომავალმა თაობებმაც უნდა ისარგებლონ!” ამ გზით ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა არ დააზიანონ. ხშირად კი, არა თუ “მომავალი თაობები”, არამედ ახლანდელი სტუდენტებიც არ სარგებლობენ ბიბლიოთეკის თაროებზე მოთავსებული წიგნებით. მათ მაგივრად ამას თავად ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი აკეთებს.
ხატიას და კი სულ მალე დიპლომს დაიცავს.