Wednesday, November 4, 2009

და ოსკარს ალბათ მიიღებს...

დავით გორგილაძე
4 ნოემბერი, 2009

ოსკარების მინიჭების ცერემონიალის მოახლოვებასთან ერთად პრეტენდენტებს შორის პოლიტიკური ფილმები იკვეთება და, ზოგიერთი კრიტიკოსის ვარაუდით, კონოაკადემიისგანაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.

.

ერთ–ერთ ფავორიტად მოიაზრება კლინტ ისტვუდის ოპუსი სპორტსა და პოლიტიკაზე – ,,ადამიანური ფაქტორი“. ფილმში მოქმედება ვითარდება 1995 წელს პოსტაპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული რაგბის ჩემპიონატის ფონზე. ისტორიულ სიუჟეტს დამატებით ინტერესს კინოვარსკვლავების ფაქტორი მატებს - ნელსონ მანდელას მორგან ფრიმანი ასახიერებს, ხოლო მეთ დეიმონი რაგბის გუნდის კაპიტნის როლში გვევლინება.

კიდევ ერთი კანდიდატი, ასევე პოლიტიკური სარჩულის მქონე მხატვრული ფილმი "ძვირფასი" , ჭარბი წონითა და კომპლექსებით დამძიმებული შავკანიანი ამერიკელი გოგონას რთული ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს. ამ სურათმა უკვე გაიმარჯვა „სანდენსის“ კინოფესტივალზე, სადაც მეტწილად დამოუკიდებელი და ჰოლივუდური შტამპის არმქონე ნამუშევრები იყრიან თავს.

კინოკრიტიკოს ედ გონსალესის აზრით, ფილმი ,,ძვირფასი“, რომელიც ხელმოკლე შავკანიან ამერიკელთა ყოველდღიურობის არასახარბიელო მხარეებს წარმოაჩენს, ასევე შემატებს ,,პოლიტიკურობას“ ოსკარებს.

თუმცა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. მისი თქმით, ჭეშმარიტად პოლიტიზირებული წინა ცერემონიალი იყო. მაშინ კინოაკადემიამ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის შონ პენი დააჯილდოვა, რომლემაც ჰომოსექსუალი ამერიკელი პოლიტიკოსი ჰარვი მილკი განასახიერა. კონოაკადემია ბოლივუდის ყაიდაზე სტილიზებული საგა, ,,მილიონერი ჯურღმულიდან“, რვა ოსკარით დახუნძლა, ხოლო კეიტ უინსელტი ცერემონიალიდან ფაშისტური ციხის ზედამხედველის როლისთვის მიღებული ჯილდოთი ხელდამშვენებული წავიდა.

ნინიას მიაჩნია, რომ წლევანდელი დაჯილდოვება განსხვავებული იქნება. „,,ოსკარი“ ყველაზე აპოლიტიკური დაჯილდოვებაა, აქ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება სანახაობას ენიჭება და არა შინაარსს, ამიტომაც არ მგონია, წელს პოლიტიზირებული დაჯილდოვება ვიხილოთ“, – ამბობს ნინია.

თუმცა გაზეთ ,,ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ოსკარების ცერემონიალის და ჰოლივუდის სპონსორებად ხშირად ამერიკელი სენატორები გვევლინებიან და, შესაბამისად, აკადემიაში პოლიტიკურ ფულთან ერთად პოლიტიკური დღის წესრიგიც აღწევს.

ჯეისონ რაიტმანის ფილმი ,,ჰაერში გამოკიდებული“ მსუბუქი კომედიის ჟანრს განეკუთვნება, მაგრამ განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისის ფონზე. ფილმის მთავარი გმირის (ჯორჯ ქლუნი) ამოცანაა კორპორაციებს თანამშრომლეთა რიცხვის ოპტიმიზაციაში დაეხმაროს.

რაიტმანს სულ სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. მათ შორის ერთი, „ჯუნო“, ოსკარზეც იყო წარდგენილი ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“, თუმცა საბოლოოდ სურათმა ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა აკადემიის ჯილდო.

ნომინანტებს შორის შესაძლოა აღმოჩნდეს ჯონ ჰილკოუტის ფანტასტიკური ტრილერი „გზა“ , რომელიც ირიბად ეხმაურება გლობალური დათბობის თემას. სურათი გადაღებულია კორმაკ მაკკარტის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელმაც პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, პულიცერის პრიზი, მოიპოვა. ფილმის მთავარი გმირები მამა-შვილი (ვიგო მორტენსენი და კოდი სმიტ-მაკფი) გლობალურ კატასტროფას გადაურჩნენ და პოსტაპოკალიპსურ სამყაროში იკვლევენ გზას.

ნინიას არგუმენტის სასარგებლოდ სხვა შესაძლო ნომინანტების შინაარსი მეტყველებს. კინოკრიტიკოსები წარმატებას უწინასწარმეტყველებენ რობ მარშალის მიუზიკლს „ცხრა“ . ეს რეჟისორი ცნობილია ოსკაროსანი ფილმით ,,ჩიკაგო“. ახალ მიუზიკლში ქალი მსახიობების მთელ თანავარსკვლავედია წარმოდგენილი: ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, მარიონ კოტიარი, პენელოპა კრუზი. ასევე, უჩვეულო ამპლუაში წარსდგება ოსკარის ლაურეტი დენიელ დეი ლუისი.

წითელ ხალიჩაზე ალბათ ვიხილავთ პიტერ ჯექსონს თავისი ახალი ფილმით „საყვარელი ძვლები“ , რომლის პრემიერაც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. ფილმის გმირი, 14 წლის გოგონას რომელიც მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა, სივდილის შემდეგ სამოთხიდან ადევნებს თვალს ახლობლების ცხოვრებას. ოფიციალურ „ტრეილერში“ უკვე ჩანს, რომ რეჟისორმა ოსტატურად დახატა არაამქვეყნიური სამყარო, რომელშიც გოგონამ გადაინაცვლა.

დაბოლოს, კინოსამყარო მოუთმენლად ელის ჯეიმს კამერუნის ახალ, ძვირადღირებულ ფანტასტიკური ჟანრის ეპოსს – „ავატარს“ , რომლის გადაღების იდეაც ,,ტიტანიკის“ რეჟისორს დაახლოებით 15 წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იმ დროს არსებულმა კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ამის საშუალება არ მისცა. ფილმის შექმნაში სამას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ფილმში ადამიანები და პლანეტა პანდორას ლურჯკანიანი მკვიდრები ბუნებრივი რესურსებისთვის იბრძვიან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისა, ფავორიტთა შორის აქტიურად სახელდებიან: “დამსმენი“, “სერიოზული კაცი” და “სიცოცხლის ხე” შონ პენისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

წელს კინოაკადემია სიახლესაც გვთავაზობს – რიგით ოთხმოცდამეორე დაჯილდოვების ცერემონიალზე წლის ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იბრძოლებს.

12 comments:

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა.მოკლედ და გასაგებად არის თითოეული ფილმი აღწერილი.ასევე დაფიქსირებულია პროფესიონალთა აზრიც. შესაძლებელია საინტერესო ინფორმაციის მიღებაც.
მარიამ დედაბრიშვილი

I-მედია said...

ამ ფილმების ნახვა მომინდა :) სტატია მომეწონა

Gvantsa Koberidze

I-მედია said...

"ცხრა" მაინტერესებს მაგრად და კიდე "სიცოცხლის ხე", ამ სტატიამ კიდე უფრო დამაინტერესა, ხოდა იმას ვეთანხმები კიდე "მილიონერი ჯურღმულიდან" - ამ ფილმმა ყველაფერი რო წახვეტა :D პროტესტის ნიშნად არ მინახავს ეს ფილმი და არც ვნახავ! :D [ეს ისე] ხოდა სტატია მმმმაგარია, საინტერესოა ფილმების აღწერა, მოკლედ მე ბოლომდე დიდი ინეტერსით წავიკითხე და მომეწონა.

გრიშმიშ [მარი ნიკურაძე]

I-მედია said...

მეც მომეწონა, ინფორმაციულია და საინტერესო. კარგია, რომ ყველა ფილმის ტრეილიერის ლინკი დევს (მე , პირადად, ყველა ვნახე). ამის გამო სტატია უფრო კარგი და საინტერესო წასაკითხია. არც მოსაწყენი ენით არის დაწერილი და ამომწურავიცაა. :)

წარმატებებს გისურვებ!


თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

ძალიან საინტერესო სტატიაა :) ფილმების შეფასებებიც იმდენად საინტერესოა, რომ ამ ფილმებს დიდი სიამოვნებით ვუყურებდი :)

I-მედია said...

საინტერესო მიმოხილვაა მართლა. სტატია რო წავიკითხე რამდენიმე ფილმის ყურება მომინდა. კარგია რომ ექსპერტიც გყავდა და არ იყო მარტო შენი მოსაზრებები.. მთლიანობაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სტატიაა... მე მომეწონა:)...
ქეთი ბურდული

Sophie Golden said...

როგორც ყოველთვის, ოსკარები მოსაწყენი იქნება. ოქეი, თუ არ ჩავთვლით რომელიმე ჭკვიან მსახიობს, რომელიც გამოვა და ყველას ააბღავლებს :D

(პ.ს. კამერუნი კი არა, ამ რეჟისორს კამერ-ო-ნი ჰქვია)

I-მედია said...

ძალიან საინტერესო სტატიაა,საინტერესოდ იკითხება და ინფორმაციაც საკმარისადაა მოცემული...მომეწონა ის,რომ თითოეული ფილმი მოკლედაა აღწერილი და გადმოცემულია პროფესიონალთა აზრი
ქეთი გერსამია

I–მედია said...

სტატია საინტერესო და ინფორმაციულია. კარგად არის ჩამოყალიბებული აზრი, ინფორმაცია ფილმებზე. მე მომეწონა და ვფიქრობ ბევრს დააინტერესებს.
თამარ თამარაშვილი

I–მედია said...
This comment has been removed by the author.
I–მედია said...

საინტერესო თემაა. სათაურმა დამატყვევა
:D ინფორმაცია არის, თვალსაზრისი არის, ექსპერტი არის. ჩემი აზრით, კარგია! :)

თეონა კოკიჩაიშვილი

I–მედია said...

ძალიან კარგი თემაა, ამომწურავი, სრულყოფილი და კარგ ენაზე დაწერილი... რომ შევხედე ცოტა მედიდა თავიდან :((, მაგრამ ისე კარგად იყო დაწერილი, სულ ადვილად წავიკითხე...
სალომე ლორთქიფანიძე