Thursday, November 19, 2009

სხვისი და არავის შვილები

ელენე ხაჭაპურიძე

19 ნოემბერი, 2009


დათოზე თავიდანვე უარი თქვეს. არ აქვს მნიშვნელობა რატომ, მთავარი შედეგია - მიატოვეს. დედა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გამოჩნდა, მაგრამ არა ის ვინც გააჩინა, არამედ სხვა, ახალი დედა.
.

“მოდი დამალობანა ვითამაშოთ. მე დავიხუჭები, შენ დაიმალე, მერე შენ დაიხუჭები და მე დავიმალები”, - ორ ბავშვს შორის ჩვეულებრივი დიალოგია, ოღონდ ეს ორი პატარა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთს მოვლილი და ბავშვურად უზრუნველი იერი აქვს. მეორეს ძველი, გაცრეცილი შარვალი აცვია და მის გამოხედვაში რაღაც სხვა, ნაკლებად უდარდელი იკითხება.
.
ერთი ბინაში ცხოვრობს, მეორე – ქუჩაში, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ და თან დათოსგან ასხვავებთ – ორივეს ჰყავთ მშობლები და იციან რა არის დედმამის ყურადღება და სიყვარული. 13 წლის დათოსთვის კი ეს გრძნობა უცხო იყო შვიდი წლის განმავლობაში, რომლებიც მან ბავშვთა სახლში გაატარა.
.
დათოს დედა არასოდეს უნახავს. ბიოლოგიური დედა, თორემ დღეს დედაც ჰყავს და მამაც. ოჯახში იზრდება და თვლის, რომ ბედნიერია. მაგრამ, მანამადე იყო სიცარიელე, რომელსაც დღეს “გაურკვევლობის წლებს” უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მაინც ამბობს რომ არასრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდა. არასრულფასოვანიო არ უთქვამს, “რაღაც მაკლდაო”.
.
თავისი ასაკის კვალობაზე საკმაოდ ჭკვიანია და ამბობს რომ ორმაგ პასუხიმგებლობას გრძნობს ახალი მშობლების მიმართ: - ,,კარგად ვსწავლობ და თითქმის ყველაფერს ვუჯერებ მათ. მინდა კარგი შვილი ვიყო”.
.
არ უყვარს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც დედამ მიატოვა. “არ მაინტერესებს რატომ მიმატოვა და არც არასდროს მოვძებნი“, _ ცოტა არ იყოს გაბრაზებით ამბობს. ძნელია გაამტყუნო. ეს ის შემთხვევაა როცა მიტევება არც ისე იოლია, თანაც მაშინ როცა არც კი იცი სჭირდებათ თუ არა ეს შენგან.
.
ცხრა წლის მიშას ნაკლებად გაუმართლა. მას არც ბიოლოგიური დედა აკითხავს და არც არავინ იშვილა. ბინა აქვს, თუმცა სახლში მხოლოდ დასაძინებლად მიდის, დანარჩენ დროს კი დიდუბის ავტოსადგურში ატარებს, სადაც ის მოწყალებას ითხოვს. მისი მხიარულებით და კომუნიკაბელურობით მოხიბლული გამვლელები ხურდას არ იშურებენ.
.
ფართო ღიმილით გოგონას თხოვს ფული მომეციო. იმან - არ მაქვსო. ,,მაშინ “სემიჩკა” მომეცი, ეგ ხო გაქ და გიმღერებ, ძაან მაგრად ვმღერი”. დაიწყო სიმღერა. თვითონაც იცინა და ხალხიც აცინა.
.
როდესაც ამ პატარა ადამიანებს უყურებ - უზრუნველ ბავშვს, რომელიც დილით დამალობანას თამაშობდა და მიშას, რომელსაც თითქოს მომავალი არ აქვს, გიჩნდება და შემდეგ ჯიუტად გაწუხებს კითხვები: რამ შეიძლება გადაწონოს ინსტინქტური სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი შვილის მიმართ? მისცემს ცხოვრება მიშას მეორე შანსს, ისე როგორც ეს დათოს შემთხვევაში მოხდა?
.
შეიძლება არაჟურნალისტური ნაბიჯია, მაგრამ დამშვიდობებამდე მიშას მაინც ვუთხარი: “იქნებ შენი ცხოვრება შეიცვალოს და კარგად იცხოვრო”. დამცინა და ასე მომიჭრა: - ,,მე კარგად ვცხოვრობ”. ცოტა ფიქრის მერე კი დაამატა: - “მე მაგარი კაცი გამოვალ კი?“ მხრები აიჩეჩა და ხელი დამიქნია. მოწყინდა ეტყობა, ან არ მოსწონდა ჩემთან საუბარი.

9 comments:

Unknown said...

იცი, ვკითხულობდი და რაღაცა უცებ დამთავრდა თუ ისე ეწერა რომ დიდი ინტერესით ჩავედი ბოლომდე. ვფიქრობ, რაღაცნაირად მხატვრულია, ანუ მხატვრულიც არის და ჟურნალისტურიც. ბოლოს წინა აბზაცში კითხვებს არ გავამართლებდი დიდად. ერთიანობაში კი ძალიან მომეწონა და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოვიდა. ძალიან კარგია.

გრიშმიშ - მარი ნიკურაძე

I-მედია said...

მე ძალიან მომეწონა. მომწონს წერის სტილი და სტატიაც საკმაოდ ემოციური და საინტერესოა.
მარიამ დედაბრიშვილი

I-მედია said...

dzalian momecona,kargi enit gakvs dacerili tumca ufro mets velodi,titkos cnobebi gaklda,uketesi ikneboda am ori gmiris garda sxva ragacebze rom gasaubra.

gvanca getiashvili

I-მედია said...

ეს სტატია სხვებისგან სტილით განსხვავებულია, თითქოს ჩანახატს ჰგავს. მკითხველის ემოციას ნამდვილად იწვევს, როგორც არჩეული თემა,ასევე ელენეს წერის სტილიც. ბოლოსკენ რაღაც უკმარობის გრძნობა დამრჩა,თითქოს კიდევ იყო რაღაც სათქმელი. მთლიანობაში საინტერესოა ელენე,წარმატებებს გისურვებ.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

კარგად იკითხება,ბოლომდე ინტერესით ვკითხულობდი.კარგი წერის სტილი გაქვს. შეიძლებოდა,რომ უფრო დამაფიქრებელად დაგესრულებინა. მთლიანობაში მართლა საინტერესო სტატიაა.

თეონა კოკიჩაიშვილი

I-მედია said...

თითქოს რაღაც აკლია, შესავალი არ მომეწონა რაღაც ბანალური დასაწყისია, არადა იდეა კარგია, ემოციურიც, საინტერესოც. შეიძლებოდა სხვანაირად წამოყენება საკითხის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ კუთხით მიტოვებული ბავშვების ცხოვრება ასეთუ ისე ნაცნობია ჩვენთვის... შეიძლებოდა რაიმე სხვა მიმართულებით მუშაობა ამ თემაზე. ერთი შეხედვით არ არის ცუდი , რაც მთავარია მარტივი ენითაა დაწერილი და არ გღლის კითხვის დროს.

დიდი მოწიწებითა და პატვისცემით თქვენი ანანე კიკნაძე

I-მედია said...

ელენე ძალიან საინტერესო და ემოციური სტატიაა... ნამდვილად კარგად იკითხება. ვთვლი რომ მთლიანობაში ძალიან კარგი გამოვიდა...:)
ქეთი ბურდული

I-მედია said...

ემოციას ნამდვილად იწვევს. ეგაა, თემაა ცოტა გაცვეთილი. ემოციასაც ვერ ვიტყვი, რა უფრო იწვევს - საკითხის სიმძიმე თუ წერის სიმსუბუქე. ალბათ, ორივე. კარგადაა დაწერილი, ოღონდ ინფორმაციის მიმატება არ აწყენდა. ვთქვათ, დათოს ახლანდელ დედ-მამაზე დაგეწერა ცოტა. ანაც - იმ ბავშვთა სახლზე, რომელშიც მანამდე იყო.
ზოგადად, სტატიის ერთერთი ღირსება ისაა, რომ პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დატოვოს. აქ კი, დასასრულს, შენვე გვისვამ კითხვებს, თანაც რიტორიკულს. აჯობებდა, ეს აბზაცი არ ყოფილიყო. კიდევ, იყო ერთი-ორი თამამი განცხადება. ვთქვათ, ის, რომ მიშას თითქოს მომავალი არ აქვს, ან ის, რომ ძნელია, დათო გაამტყუნო, მშობლებს რომ არ პატიობს. შეიძლება, მართლაც ასეა, მაგრამ არ მინდა, ეს სტატიაში ჟურნალისტმა მითხრას. მირჩევნია, ჩემით გადავწყვიტო კითხვის დასრულებისას.

მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერე და ჩემი კომენტარი ლამის სტატიაზე დიდი იმიტომ გამოვიდა, რომ კარგი იყო - ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და არ მინოდა, უყურადღებოდ დამეტოვებინა :D. თანაც, წინაზე პატივცემულმა ლექტორმა, ეს რა კომენტარიაო და... :D

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

ელენე ძალიან კარგი თემაა მართლა... მხატვრულად გიწერია და საინტერესოდ. მაგრამ ცოტა რაღაც აკლია თითქოსდა.
სალომე ლორთქიფანიძე