Wednesday, November 11, 2009

ბოშათა ბანაკი თბილისში

გვანცა გეთიაშვილი
11 ნოემბერი, 2009


ერთმანეთზე მიწყობილი სახლები, პატარა ეზოები, ზოგან შადრევნებით -- ეს ბოშების ბანაკია ლოტკინზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ეს კომპაქტური დასახლება თითქოს არაფრით გამოირჩევა ჩვეულებრივი ქართული უბნისგან, მაგრამ მიხვეულ-მოხვეული შუკები და ეზოები, აზიის რომელიმე ქვეყანას მაინც მოგაგონებთ.

დღესდღეობით ხშირად ძნელია ბოშისა და ქართველის ერთმანეთისგან გარჩევა. ისტორიკოსი თემურ ჯოჯუა მიიჩნევს, რომ ქართულმა გარემომ კვალი დააჩნია მათ ფსიქიკას, მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს “რადგან ნელ-ნელა ემსგავსებიან იმ ხალხს ვის გარემოცვაშიც ცხოვრობენ.”

თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი ბოშებსა და ქართველებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ყველა ქართველი ერთნაირად არ არის მათდამი განწყობილი, ზოგი ბოშებს “ციგნებსა” და “ურჯულოებს” უწოდებს.

ბატონი თემურის აზრით ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ბოშების უმრავლესობის მიერ ვაჭრობისა და მოწყალების თხოვნით. ისინი ამ გზით ირჩენენ თავს, რაც დისკრიმინაციის საფუძველი ხდება, არადა: ,,რა დააშავა პატარამ, რომელიც გადარჩენის მიზნით ქუჩაშია და მათხოვრობს, ალბათ ეს უფრო უფროსი თაობის დანაშულია ან წარსულისა, რომელიც ბოშებს ბუნებამ არგუნა.”

ბოშების მომთაბარე წარსული ხშირად ვაჭრობასთან, მათხოვრობასა და ქურდობასთან ასოცირედება. ისტორიიული ცნობების თანახმად, ბოშათა, იგივე ბოჰემიელთა, ტომი ინდოეთის ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. მე-5 და მე-10 საუკუნეებში მათი წინაპრები იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ახლო აღმოსავლეთში, საიდანაც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაინაცვლეს და მე-15 საუკუნეში უკვე მთელ ევროპას მოედნენ.

ბოშები ლაპარაკობენ აწინკნურ ენაზე, თითქმის იგივეა რაც რომაული. ის რომ ბოშები მართლაც ინდური ტომებისაგან წარმოიშვნენ ამტკიცებს ისიც, რომ მათი ენის სამი სიტყვიდან ერთი აუცილებლად ინდურია, თუმცა ახლა ამ ენაზე მხოლოდ მოხუცები თუ საუბრობენ.

1989 წლის აღწერით, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს 3,6 მილიონი ბოშა, აქედან 96% სომხეთში, ხოლო დანარჩენი 4% გადანაწილებულია ევროპაში (მოლდოვა, საბერძნეთი და ა.შ.). საქართველოში ბოშების შემოსვლა შეინიშნება 1915 წლიდან, სომხების გენოციდის შემდეგ და თბილისის გარდა ცხოვრობენ, ქუთაისში, მარნეულში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ფაშისტური გერმანიის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მათი რიცხვი მე-2 მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.

დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს ბოშების მიმართ ბატონი თემურის მსგავსი შემწყნარებლური დამოკიდებულება არ აქვს. ერთ-ერთ ქართველ მოზარდს მათში მეგობრებიც ჰყავს, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მათთან დალაპარაკება და მათ უბანში მისვლაც კი სარისკოა.

10 წლის, ბოშა გოგონა, სონია პაჭკორია თბილიში ცხოვრობს, მშობლები არ ჰყავს, ბებია და ბაბუა ზრდის: ,,დედა მშობიარობას გადაჰყვა, პაიანოვა იყო, მამა – ქართველი, მეგრელი, არ ვიცი რატომ დაიღუპა. ორი ძმა და ერთი და მყავს, რომელსაც ბებია ზრდის სამეგრელოში, ზუგდიდში, მამაჩემის მშობლები. კიდევ ერთი ძმა მყავდა, სამწუხაროდ, ორი წლის უკან გარდაიცვალა”

სონია პაჭკორია იმ ,,ბედნიერ” ბავშვებს მიეკუთვნება, ვინც ქუჩაში მოწყალების თხოვნით არ ირჩენს თავს და ვისაც ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც მასთან თამაშსა და ურთიერთობას არ უკადრისობენ.

ბოშების უმრავლესობამ ქართული იცის, რადგან მათ ბევრი რამ შეითვისეს იმ ხალხთა კულტურიდან, სადაც ცხოვრობენ, ბოშების ენა უკვე ასიმილირებულია სხვადასხვა ენებთან, ხოლო ისინი ვისაც უჭირს საუბარი, ქართველებთან რუსული ენის მეშვეობით ურთიერთობენ.

10 comments:

Nino said...

ძალიან საინტერესოა თემაა, კარგი ცნობები გაქვს...
დიდი ხანია მინდა `რამე` დავწერო თბილისელ ბოშებზე და ვერ ვახერხებ, მაგათი ბარონის ნახვა მინდა ძალიან :)

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ხალხის აზრი ყოფილიყო დაფიქსირებული.... რას ფიქრობენ ბოშებზე....
ქეთი ბურდული

I-მედია said...

გამარჯობა!
გვანცა წავიკითხე შენი სტატია, თუმცა თავიდან ბოლომდე მისი ჩაკითხვისათვის საკმაო ძალისხმევა დამჭირდა. შესაძლოა იმის გამო, რომ ჩემში ეს საკითხი გასაკუთრებულ ინტერსესს არ იწვევს. რატომღაც დამრჩა შთაბეჭდილება რომ მკითხველის ინფორმირება უფრო გსურდა ბოშების წარმომავლობის შესახებ ვიდრე სხვა რამ. თუ ასეა, ჩემი შენიშვნები შესაძლოა, უადგილოც აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც დავწერ რამდენიმეს.
პირველ რიგში ის, რომ ძალიან კარგია ისტორიულად ბოშების წარმომავლობა მომთაბარეობის შესახებ რომ წერ და ისიც მნიშვნელოვანია, კონკრეტული გმირი რომ ჰყავს შენს სტატიას. თუმცა , ალბათ უკეთესი იქნებოდა შენი მონათხობი სონიას ისტორიით დაწყებულიყო, რომელიც თბილიში ცხოვრობს, ჩვეულებრივი ბავშვია, რომლის წინაპრებიც "ასე და ასე" ცხოვრობდნენ, მაგრამ თბილისშივე ამავე წინაპრების შთამომავლებს სხვა უფრო მძიმე პირობეში უწევთ თავის გატანა, რომელთადმი დამოკიდებულებაც არც ისე ჰუმანურია. ხო , კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა: გასაგებია, რომ უნდა გავიგოთ ბოშების, რომლებით თავის გადასარჩენად მათხოვრობენ მაგრამ არ გითქვამს ყველა მათხოვარი ბოშაა? ან როგორ გინდა იყო შემწყნარებელი როცა მოძალადე მათხოვრები სერიოზულ საშიშროებას გიქმნიან, მოკლედ ხალხის აზრი დ ადამოკიდებულება აკლია. ამას იმიტომ ვამბობ რომ არც საცოდავი დაუცველი არსებების იარლიყის მიკერებაა უკეთესი იმაზე, უხეშეად რომ მოიშორებ მუქარით გამოდევნებულ ბოშას. უკეთესი ალბათ იმის გარკვევა იქნებოდა, მათი დახმარების, აღრიცხვის და დაცვის რაიმე ხერხს თუ მიმართავს სახელმწიფო, მერია, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
anna lapiashvili

I-მედია said...

ანა ფორმაში ხარ -)))

ჩემი აზრი გითქვამს უკვე
რას დავამატებ,
ძალიან ძნელია ხალხში ის უარყოფითი განწყობა ერთი ხელის მოსმით შეცვალო "ციგნების" მიმართ. როცა ქუჩაში ყოველ წუთს გემუქრება საფრთხე შეგაფურთხონ, სუსტი გულის პატრონები_შეგაშინონ და ასე შემდეგ, იმ ჭუჭყიან არსებაში ბავშვს თუ დაინახავ ყოჩაღ
მაგრამ, მოსაწონია იმის მცდელობა სხვა მხრიდან შეახედო მკითხველს მათზე, რა დგას იმ ჭუჭყის უკან.. თუ ეს გქონდა მიზნად, მიზანი მომწონს. მაგრამ რამდენად გამოგივიდა :?
იცი რა, სონიაზე ცოტა მეტი რომ გეთქვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდი. ეხლა იმაშიც კი შემეპარა ეჭვი, ქართულად ასე კარგად მოლაპარაკე 10 წლის ბოშა სად ნახა–მეთქი :):)

I-მედია said...

გვანცა, საინტერესო სტატიაა, თუმცა მომეჩვენა, რომ სათაურს არ შეესაბამებოდა ტექსტი.როცა ლიდი წავიკითხე, იმის მოლოდინი მქონდა, რომ შენ ლოტკინზე მცხოვრებ ბოშებს გაგვაცნობდი და მათზე მოგვიყვებოდი.. მერე კი საერთოდ სხვა მიმართლებით დაიწყე თხრობის წაყვანა.. :) თუნდაც ,ნინოს თქმის არ იყოს ბარონი ( :) ) მოგეძებნა და მაგ ბანაკზე უფრო მეტი რომ მოგეყოლა აჯობებდა :) (ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია და, შესაბამისად, სუბიექტურიც :პ )
ისე, თემა საინტერესოა და ორიგინალურიც :)
წარმატებებს გისურვებ!!
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

თემა ჩემთვის მართლაც საინტერესოა. ისტორიული ცნობები იყო ასევე სიახლე ჩემთვის. მეორე მხრივ კი ვფიქრობ,რომ უკეთესი იქნებოდა 1-2 რეალური ისტორიაც ყოფილიყო თბილისში მცხოვრებ ბოშათა შესახებ. გამიკვირდა რომ არაფერი იყო სტატიაში ნათქვამი ლოტკინზე მცხოვრები ბოშების შესახებ.(ლიდიდან გამომდინარე ამის მოლოდინი მქონდა). სხვა მხრივ სტატია დახვეწილია. წარმატებებს გისურვებ.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

კარგი თემაა. მომეჩვენა, რომ სტატია მკითხველის ბოშებზე ინფორმირებას ისახავდა მიზნად. კარგი იქნებოდა, მათი ცხოვრებისეული დეტალები უფრო მკაფიოდ წარმოგეჩინა :)

თეონა კოკიჩაიშვილი

I-მედია said...

თემა მართლა მაგარია, ოღონდ მიმაჩნია რომ სტატია არ არის სრული. არ ჩანს რაღაც ერთიანი სურათი ბოშათა ცხოვრების. სჯობდა, რესპონდდენტ კიდევ მეტი ელაპარაკა თავის ცხოვრებაზე. ხალხის აზრრიც საინტერესო იქნებოდა ამ საკითხზე.. : )

გრიშმიშ – მარი ნიკურაძე

I-მედია said...

გვანცა, შენი სტატია რომ წავიკითხე, შეგრძნება დამრჩა რომ რაღაც დამაკლდა... ანუ თემა არ არის სრულყოფილი.. უფრო მეტი რესპოდენტი უნდა გყავდეს ბოშათა მხრიდან ჩემი აზრით (თუმცა ვიცი რამდენად რთული გასაკეთებელი იყო ეს).. თან ხალხის მოსაზრებაც ნაკლებად გეწერა.. მაგრამ ისე ძალიან, ძალიან საინტერესოა..
სალომე ლორთქიფანიძე

chatter said...

ყველა საქართველოს მოქალაქე - ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი შეცდომაა. სტატია, შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო, უფრო ცოცხალი თუ იქნებოდა. ბევრი რესპონდენტით, ადამიანური ისტორიებით და ასე შემდეგ.