Tuesday, December 30, 2008

სად გავატაროთ ახალი წლის ღამე

2009 წლამდე დროის ათვლა დაიწყო. ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელი ისე გაივლისო ნათქვამია და შესაბამისად სწორი არჩევანის გაკეთება მეტად საპასუხიმგებლო საქმეა. თბილისის რესტორნები და კლუბები ერთმანეთს ეცილებიან და მათ, ვინც ჯერ არ ჩამოყალიბებულა საახალწლო გეგმებთან დაკავშირებით, ღამის დაუვიწყარ გარემოში გატარებას ჰპირდებიან. თითოეული მათგანი განსხვავებული პროგრამით გაუმასპინძლდება სტუმრებს და თქვენი ასარჩევია რომელი იმუშავებს თქვენთვის ყველაზე კარგად. ,,I-მედია’’ თავის მხრივ შეეცდება არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ. ანა შუბითიძის საახალწლო ღამის გზისმკვლევი მათთვის, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია სად შეხვდება ახალ წელს და ჯიბეზე ხელის გარტყმაც არ ენანებათ.

ახალ წელს თითოეული რესტორანი ცდილობს სტუმრებს განსხვავებულად, ორიგინალური პროგრამითა და მენიუთი შეხვდეს. მათი დიდი ნაწილი განტვირთვისა და გართობის მსურველებს ქართულ, ტრადიციულ სუფრასთან ეპატიჟება, ქართული მუსიკითა და ტრადიცული კერძებით. მეორე ნაწილი კი უპირატესობას კლუბურ მუსიკას ანიჭებს.

ახალი წლის ღამის რესტორანში გატარებას თუ გეგმავთ, სულ მცირე 100 ლარი მაინც უნდა გაიმეტოთ. ამ ფასად შეგიძლიათ მიაკითხოთ რესტორან ,,შობას“, სადაც სტუმრების წინაშე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მოსკოვიდან მოწვეული მომღერლები წარსდგებიან.

რესტორან ,,მეტეხის ჩრდილში“ იმღერებენ ლიზა ბაგრატიონი, შვიდკაცა, აჩიკო ნიჟარაძე და დათუნა სირბილაძე. ბილეთის ფასი 180 ლარია. რესტორანის მენეჯერის თქმით, ,,მეტეხის ჩრდილში“ 210 კაცამდე ეტევა. ახალი წლის ღამეს საოცრებები ახასიათებს და ბილეთები 270 კაცზე გაიყიდა. შესაბამისად გასათვალიწინებელია ორი გარემოება: ჯერ ერთი შეიძლება ვინმეს კალთაში ჯდომა მოგიწიოთ. გაძეძგილ დარბაზში ხელების გაშლა და ცეკვა სავარაუდოდ გაძნელდება. მეორეც ის რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ ისევ და ისევ გვახსოვდეს რომ საახალწლო ღამემ საზღვრები არ იცის.

ყოველივე ამან სულაც არ იმოქმედა სტუდენტ ნატუკა ჩხაიძის ენთუზიაზმზე. ახალი წელი იმისაა რომ ბოლომდე გაერთოო ამბობს ნატუკა, რომელმაც ,,მეტეხის ჩრდილში’’ ბილეთები ერთი თვით ადრე და დაჯავშნა. ,,ახალი კაბა და ფეხსაცმელი შევიკერე და აბა სახლში საჩვენებლად ხომ არ ჩავიცვამ?’’ – კითხულობს ნატუკა. ,,მინდა წესიერ ადგილას წავიდე და მივდივარ კიდეც.’’

რესტორანი „Two Side” სტუმრებს შერეული ტიპის კონცერტს შესთავაზებს. იმღერებს დუეტი ,,Georgia” დავით ილურიძის ბენდთან ერთად. ასევე დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენა, მოგვიანებით კი საღამოს ,,dj” გაძღვება. რესტორნის ქართულ მხარეს მაგიდის დაკვეთა კაცზე 160 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ევროპული მხარე შესაბამისად ევროპული ფასი – 200 ლარი ეღირება.

მსგავსი პროგრამა აქვს რესტორან ქალაქურს, თუმცა ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ წელს საკუთარ დასახელებას ნამდვილად გაამართლებს. საახალწლო მაყურებლის წინაშე გამოვლენ გიო ხუციშვილი და გია კორკოტაშვილი. ბილეთის ფასი 250 ლარია.

კლუბ „City“-ში სტუმრების გახალისებას შეეცდებიან დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი, ნინო ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე. თუ ბედმა გაგიღიმათ შეიძლება საღამოს სპონსორის ,,ვულე-ვუ”-ს მიერ გათამაშებული საჩუქრებიც მიიღოთ. ყოველივე ეს და სხვა მრავალი სულ რაღაც 250 ლარად.

,,ქორთიარდ მერიოტის” რესტორანში მოსახვედრადაც ამავე ოდენობის თანხაა საჭირო. თუმცა ალბათ ბილეთის ღირებულებას ყურადღებას აღარ მიაქცევთ როდესაც შეიტყობთ, რომ ,,ზარაფხანა” ნახევარკარატიან ბრილიანტის ბეჭედს გაათამაშებს. სუსტი აღნაგობის მკითხველის საყურადღებოდ: ,,ქორთიარდ მერიოტი” ამით არ შემოიფარგლა და კიდევ ერთ საინტერესო აქციას გეგმავს. თუ გსურთ სასტუმროში ნომრის აღება, მაგრამ მოხდა ისე რომ ამაზე ხელი მიგიწვდებათ, ნუ ინერვიულებთ, რადგან საახალწლო ღამეს ,,ქორთიარდ მერიოტიში” ნომრის საფასური თქვენს წონაზე იქნება დამოკიდებული. ნომრის დასაკვეთათ მისულთ აწონიანიან და კლიენტი რამდენი კილოც გამოდგება იმდენ დოლარს გადაიხდის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ ასაწონად მისულ მამაკაცებს ვურჩიოთ შემდეგი: საახალწლო სუფრას აწონვამდე მაინცადამაინც ნუ მიეძალებით, ხოლო თუ თქვენი თანხმლები მანდილოსანი უფრო სუსტია სასწორზე ასვლამდე თავაზიანად უთხარით “მხოლოდ თქვენს შემდეგ”.

ასეთი მომხიბლავი პერსპექტივის მიუხედავად სტუდენტმა გიორგი აბულაძემ გადაწყვიტა დაიქირავოს ბინა. ცნობილი ფილმის გმირის პრინციპით “в этой гостинице я хозяин” გიორგი ანალოგიურ ფასად მთელი თვე გრიალს გეგმავს კონსპირაციულ ბინაზე.
ყოველივე ზემოთ მოცემული არასრული ჩამონათვალია იმ უამრავი ღონისძიებიდან, რომლებიც თბილისში საახალწლოდ იგეგმება. როგორც ირკვევა არჩევანის მრავალფეროვნების მიუხედავად, ბევრი თბილისელი სახალწლო ღამის გატარებას ოჯახში ან მეგობრებთან ერთად გეგმავს. მაკა შუკაკიძე ამბობს, რომ მას არ უღირს 200 ლარის ,,რამდენიმე საათში” გადაყრა და ,,სხვების პრანჭვის” ყურება. გიგა რუხაძეს მოყირჭდა რესტორნიდან რესტორანში სირბილი და ახალი წლის აღნიშვნის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა. “ზურგზე გადავიკიდებ ღვინის ბოცას, ჩავდებ ,,შლანგს” და ასე სმით ვისერინებ ქუჩაში”, - ამბობს გიგა. ასე რომ მათ ვინც ვერ იყო და ვერ შეადგინა საახალწლო ღამის გეგმა, შეუძლია ღამის ქალაქში გაისერნოს და გიგას ღვინოზე დაეწვიოს. მისაყოლებელი თქვენზეა.

ბედნიერ ახალ წელს!

2 comments:

I-მედია said...

avtors kargi iumoris grdznoba aqvs :)
giorgis da gigas originaluriideebi momecona. :D
punqtuaciis problemaa statiashi :(
QeTevan Choxeli

I-მედია said...

kargi statiaa, temis shesaferisad saxalisod da iumorit dawerili:))

erti patara shenishvna makvs. lidi kargia, pirveli abzaci ki, chemi azrit, zogadia, shesavlebs ro uketeben xolme ragac temebs iseti :)) anu bevri ramis mtkmeli ro ar aris da umagisodac ro ar dashavdeboda ra, xo mimixvdi?
amitom vfikrob konkretuli magalitit ro dagecxo ajobebda, meore abzacidan tundac :))
sxva mxriv everything is ok:))

tutana :))