
თბილისი. 23 აპრილი, 2009
არაკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლაზე დახარჯული ფული და დრო ამაო გამოდგა ბევრი სტუდენტისთვის, ვინაიდან სახელმწიფო არ აღიარებს ასეთ სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას. ეს გარემოება, ბევრი სტუდენტის თქმით, მსგავსი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განზრახ დამალეს.
“ახლა ვნატრობ, ნეტა ის დღე არ ყოფილიყო, როცა ჩემი შვილი ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში შევიყვანე [...] მარწმუნებდნენ, რომ აკრედიტირებული, წმინდანის სახელობის უნივერსიტეტია. თურმე მატყუებდნენ...” - ეს ერთ-ერთი “მოტყუებული სტუდენტის” მშობლის სიტყვებია. მისი შვილიც ბევრის მსგავსად არაკრედიტებული, თუმცა ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების ცრუ რეკლამის მსხვერპლი გახდა.
სტუდენტთა ნაწილმა არ იცოდა, რომ არაკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი გამორიცხავს სახელმწიფო სექტორში მუშაობის შესაძლებლობას. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩუბინიძის განცხადებით, “მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა უფლებამოსილი გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი”.
როგორც გაირკვა, ზოგიერთი სასწავლებელი აბიტურიენტების მოზიდვის მიზნით აკრედიტირებულად ასაღებს თავს ან, უკეთეს შემთხვევაში, ეს საკითხი მიჩუმათებული აქვს.
თბილისის საერო უნივერსიტეტის რექტორი, ოთარ ლოლაძე და ”ევროპული უნივერსიტეტის“ რექტორი შოთა ვეშაპიძე ამტკიცებენ თითქოს მათი უნივერსიტეტები აკრედიტებულია. უკანასკნელ მათგანში სწავლის საფასური საკმაოდ სოლიდურია და 2500 ლარს შეადგენს. მაგრამ განათლების სამინისტროში გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მხოლოდ ლიცენზირებულია, რისი გადამოწმება ამ ბმულითაც ადვილად შეიძლება (http://www.nea.ge/default.aspx?sec_id=50&lang=1)
მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულებებში მოსწავლე სტუდენტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებში სწავლობენ.
საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 52 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამავე დროს, საქართველოში არსებობს 200-ზე მეტი ლიცენზირებული, მაგრამ არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფრთხილებს არააკრედიტებულ სასწავლებლების ადმინისტრაციას, რომ არ შეიყვანონ აბიტურიენტები შეცდომაში და სტუდენტებთან დადებულ ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ვერ გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.
ზოგიერთი სტუდენტის მტკიცებით ეს ასე არ ხდება. “ეროვნული გამოცდებით ვერსად ვერ მოვხვდი და ბიძაშვილის რჩევით მივედი კიევის უნივერსიტეტში, სადაც კიევის დიპლომსა და დასაქმებას დამპირდნენ. აღმოჩნდა რომ მწარედ მატყუებდნენ. არც სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა და ვერც სამსახურს ვშოულობ ჩემი “ყალბი” დიპლომით”, - ამბობს სტუდენტი თაკო რობაქიძე.
კიევის უნივერსიტეტისნაირ დაწესებულებაში მოსწავლე სტუდენტს არ შეუძლია გადავიდეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში. არაკრედიტებული ინსტიტუტი ასევე ვერ უზრუნველყოფს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას სწავლის დასრულებამდე.
ხუთმა “მოტყუებულმა სტუდენტმა” სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმე ეხება ,,სტუდენტების” უყურადღებობას თუ მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებას სასწავლო დაწესებულებების ხლემძღვანელობის მხრიდან.