Saturday, November 21, 2009

მწვანე ოქრო


ლონდა ბერია

21.11.09


21 საუკუნეში მძღოლებს იმით ვერ გავაკვირვებთ, რომ ნივა ყველაგან მივა, მაგრამ თუ ნივას ძრავას შაქრის სიროფიდან მიღებული საწვავი მოიყვანს მოძრაობაში, ეს უკვე სხვა საქმეა.  

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში შაქრის ლერწამისა თუ სიმინდის საწვავად გამოყენების აზრი ისე იმედიანად მოეჩვენა ყველას, როგორც ზღვაში გადმოგდებული მაშველი რგოლი. ბევრი ავტომწარმოებელიც მონდომებით ჩაეჭიდა ამ ერთი შეხედვით ეკონომიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებას. თუმცა, მალევე მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ეს მაშველი რგოლი ვერ მიგვიყვანდა ნაპირამდე, სადაც სუფთა ჰაერი და დაზოგილი ფული გვეგულება. 

ამჟამად ბენზინის `მწვანე” ალტერნატივის სახით ბიოეთანოლი, იგივე ეთილის სპირტი, გამოიყენება, რომელიც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისგან მიიღება. მართალია მცენარეების გამოყენება საწვავის მისაღებად სიახლე არ არის - ნავთობიც ხომ დროთა განმავლობაში წიაღისეულად გარდაქმნილი მცენარეებისგან იქმნება, მაგრამ სიმინდიდან ჭადის მაგივრად ენერგიის “გამოცხობა” შედარებით ახალი იდეაა, რომელიც ეკონომიკური და ეკოლოგიური საჭიროებებით არის ნაკარნახევი.  

ქართული საზოგადოებისთვის დღეს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ  
სიმინდი შეიძლება აღარ ჩამოატარონ ქობულეთის პლაჟზე და გადასამუშავებლად ქარხანაში წაიღონ. 

“საქართველოში არც მსგავსი ტიპის მანქანებია ჯერ და არც ქარხნები აუშენებიათ. ბიოეთანოლის ტრანსპორტირება ძალიან ძვირი ჯდება, ისევე როგორც მისი მიღება. სპეციალური ქარხნების მშენებლობას, კვალიფიციურ მუშა ხელს და კიდევ უამრავ საჭირო პროცესს დიდი თანხები სჭირდება, ამიტომ, სავარაუდოდ, საქართველოში ეს კიდევ დიდხანს არ მოხდება” _ გვითხრა გამოცდილმა ავტომოყვარულმა, `დრივე.გე”_ს ჟურნალისტმა ბაჩო ნოზაძემ.
                                                                                                                                     
შაქრის ლერწამისგან ბიოეთანოლის მიღება უფრო მარტივია, ვიდრე სხვა მცენარეებისგან. თუმცა, მთელ დედამიწაზე რომც მოვაშენოთ, მისგან მაინც ვერ მივიღებთ იმდენ საწვავს, რომელიც მთელი მოსახლეობის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ნავთობს, მისთვის არ გვჭირდება ხე-ტყის გაჩეხვა, ნიადაგში ათასგვარი სასუქის შეყვანა და გლეხებსაც თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ მიწაზე შეუზღუდავად დათესონ კიტრი ან პომიდორი. ამ შემთხვევაში საკვების მსოფლიო მარაგსაც არაფერი დააკლდება და გაიაფებული საწვავის ფასად ხალხს არ მოუწევს გაძვირებული პროდუქტების ყიდვა.

თუმცა, თუ ნავთობის ალტერნატივის შემუშავება ვერ მოხერხდება, მსოფლიო დარჩება მწვავე პრობლემების წინაშე: შავი ოქროსთვის გაჩაღებული ომები და მილიონობით მანქანების მიერ გამოყოფილი ნამწვი, რომელიც, მრავალი მეცნიერის დასკვნით, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია კაბალური კლიმატიური ცვლილებებისა.  
   
მაგრამ არც ბიოსაწვავი გამოდგა ორგანიზმისა და გარემოსთვის უსაფრთხო. ბიოეთანოლი ვერც ეკონომიურობით დაიკვეხნის, ვაინადან წარმოების ზრდის კვალად მატულობს მისი ფასიც. 

მინესოტელი მეცნიერების დასკვნით, ბიოსაწვავი ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. მართალია, ბენზინისა თუ დიზელისგან განსხვავებით, ის წვის შედეგად ცოტა ნახშირორჟანგს გამოყოფს, მაგრამ სამაგიეროდ მას წარმოების პროცესში გამოდევნის დიდი რაოდენობით. მცენარეული ნედლეულის მოსაყვანად ნიადაგში აზოტოვანი სასუქი შეჰყავთ. ეს სასუქი ატმოსფეროში ამიაკის დამუხტულ ნაწილაკებს გამოჰყოფს, რომელთაც მტვერი ეკვრის და მომცრო კოლტებს წარმოქმნის. მათი დასახლებულ ტერიტორიაზე მოხვედრის შემთხვევაში ადამიანებს სასუნთქი გზების პრობლემები დაეწყებათ. 

ამასთან, ზოგიერთი მკვლევარის შეხედულებით, ბიოეთანოლი საფრთხეს უქმნის საკვები პროდუქტის მარაგსა და ტყეებს, რომლებიც იჩეხება ორგანული პროდუქტების დასათესად. თუმცა, უკეთესი ალტერნატივა ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო მანქანებიდან გამონაბოლქვი აირების წყალობით გლობალური დათბობის ტემპი განაგრძობს მატებას. 

8 comments:

I-მედია said...

მომწონს... მიუხედავად იმისა, რომ მანქანების თემა ყველაზე ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, მაინც წავიკითხე იმიტომ რომ კარგი და საინტერესო წერის მანერით არის გადმოცემული.

მარად და ყველგან თქვენი ანანე კიკნაძე....

I-მედია said...

ლონდა ძალიან მომეწონა სტატია,საინტერესო და კარგი წერის სტილი გაქვს. თემა მართლაც არ მაინტერესებს, მაგრამ ისე კარგად გიწერია,რომ მაინც სიამოვნებით წავიკითხე. განსაკუთრებით კარგი იყო დასაწყისი.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

მეც დასაწყისი მომეწონა ყველაზე მეტად. განსხვავებული წერის სტილიც მოუხდა სტატიას. :)
ქეთი ბურდული

I-მედია said...

სტილი მეც მომეწონა. ჭადისა და სიმინდის იგავიც კარგი იყო :D დასასრულზე მინდა, ყურადღება გავამახვილო. კარგია, გლობალური დათბობის თემით რომ ამთავრებ - ვხვდებით, რომ პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. მაგრამ უკეთესი იქნებოდა და მანამდე დაწერილის გატვალისწინებით, შეგეძლო კიდეც, სხვანაირად დაგემთავრებინა - ისევე, როგორც დაიწყე. ვთქვათ, ასე: "ჰოდა ის ნივა, ყველგან რომ მივა, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ნავთობის წვის მერე დააბინძურებს გარემოს თუ ბიო საწვავის დამზადებამდე." ან რამე მსგავსი რა - მოიფიქრებდი შენ :D

ისე კი, ეს შენი შაქრის ლერწამი დიდი "თხა გავყიდე - თხა ვიყიდე" რამე ჩანს :D.

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

საინტერესო სტატიაა. კარგია, რომ იუმორიც ურევია, თორემ რთული წასაკითხი იქნებოდა. მართლა საინტერესო თემაა. დასაწყისი მომეწონა და ვთვლი, რომ დასასრულიც მშვენიერია :)

თეონა კოკიჩაიშვილი

I-მედია said...

მართლაც კარგი სტატიააა.ეს თემაც მაინტერესებს ზოგადად და წერის სტილმაც მომხიბლა .კარგად იკითხება და მოსაწყენი არ არის. განსაკუთრებით ლიდი მომეწონა
მარიამ დედაბრიშვილი

I-მედია said...

რა თქმა უნდა, ასეთ კარგი ლიდი რომ არა, სტატიას არც წავიკითხავდი. :) კარგია რომ მსუბუქი და გასაგები ენით გიწერია.იუმორიც ზომიერად გაქვს გამოყენებული.თუმცა, შეიძლებოდა პრობლემის უფრო უფრო გამოკვეთა და წინ წამოწევა. :) მთლიანობაში ვფიქრობ, რომ კარგი სტატიაა!
წარმატებებს გისურვებ!
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

dzalian kargi lidi aqvs da amitom dasacyisshive saintereso casakitxia,temas rac sheexeba, araferi vicodi "mcvane oqros" shesaxeb da ufro saintereso gaxda chemtvis,iumoric kargia.axalisebs statias.

gvanca getiashvili