Wednesday, November 25, 2009

ლალი მოროშკინას ომი, პოლიტიკა და მამაკაცები

თამარ მშვენიერაძე
მარიამ ჯაჭვაძე

25/11/09

თამამი და, საქართველოს კვალობაზე, გამომწვევი ჩაცმის სტილი, თვალშისაცემი გარეგნობა, წარმატებული კარიერა, სიძნელეების გადალახვით გამოწვეული მაღალი თვითშეფასება, არაორდინარული პირადი ცხოვრება, რომელზეც გულახდილად საუბარი თვითრეკლამის ნაწილია _ ასეთი გახლავთ ემანსიპირებული ქართველი ქალბატონი ლალი მოროშკინა, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ თავისი ინტიმური ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა წიგნის ფურცლებზე გადმოანთხია. დღეს ეს ავტობიოგრაფიული საგა, ტაბლოიდური სათაურით ,,მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“, ქართული ბესთსელერია.

“თუ რაიმეს მიზნად ვისახავ, ვაღწევ, თუნდაც დროის და ჯანმრთელობის ხარჯზე. ისე, ამ წიგნის დაწერის მერე სათვალე გამომიწერეს, ეს მძიმე მუშაობის საფასურია”, – ამბობს მოროშკინა, რომელმაც წარმატებული ჟურნალისტური და პოლიტიკური კარიერიერების შემდეგ, შეიძლება ითქვას, პარნასიც წარმატებებით დალაშქრა, ყოველ შემთხვევაში გაყიდვების რაოდენობის თვალსაზრისით.

ქართული წიგნის მაღაზიების `სანტა-ესპერანსასა~ და `პარნასის~ მონაცემებით, დღეში, საშუალოდ, ათამდე ეგზემპლარი იყიდება. თუმცა, მოროშკინას მემუარების წარმატება ნამუშევრის მხატვრულ თუ ისტორიულ ფასეულობაზე მეტად შეიძლება დამაინტრიგებელ სათაურსა და დიზაინს მივაწეროთ.

`რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი პირადი ცხოვრება გამოვამზეურო“, – ასე უღვივებს ინტერესს მკითხველს მოროშკინა. ,,ამ წიგნით მკითხველს გავაცნობ საქართველოს ბოლო 25-წლიან ისტორიას: კერძოდ, 9 აპრილის ამბებს, თბილისის ომს, სიტუაციას კონფლიქტურ რეგიონებში, პრეზიდენტ სააკაშვილისა და კრივში მსოფლიო ჩემპიონის პორტრეტებს. ეს ყველაფერი ჩემი სასიყვარულო თავგადასავლების ფონზე განვითარდება.~

`წიგნი რომანივით იკითხება, თუ შემთხვევით დაგავიწყდა, რომ ამ სახელების უკან რეალური ადამიანები დგანან. თუმცა ცხადია, რომ საქმე მემუარებთან გვაქვს,~- ამბობს წიგნის რეცენზენტი რამაზ საყვარელიძე.

თუ ლიტერატურული კატეგორიებით ვიმსჯელებთ, წიგნი ისტორიულ-სოციალური რომანია, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ჩახლართული სიუჟეტით. `მე გალსა და ცხინვალს ვმართავდი, სწორედ ამ წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაკეთდა ამ კონფლიქტური ტერიტორიებისთვის~, – ასე მოკრძალებულად ახსენებს თავის ღვაწლს მკითხველს მოროშკინა.

ისტორიულ ფონზე მიმდინარეობს რომანის მეორე სიუჟეტური ხაზიც, რომელიც სამიჯნურო ქარტეხილებს შეეხება, სადაც მთავარი გმირი თავად ავტორია, ხოლო მისი პარტნიორები კი იცვლებიან.

ამ წიგნში, ისევე როგორც სხვა საჯარო განცხადებებში, მოროშკინა ისეთივე სიამაყით მოგვითხრობს თავის ამურულ თავგადასავლებზე, როგორც პროფესიულ მიღწევებზე. ასეთ დამოკიდებულების გამო იგი ყვითელი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის. თუმცა, სანამ ქართული პრესა მის გარეგნულ ფორმებზე და საძინებელ ოთახზე აკეთებდა აქცენტს, წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ, როცა ელიტარული ამორძალი მოქმედი პრეზიდენტისგან მინისტრის მოადგილის პორტფელს იღებდა, პარალელურად, საქართველოს მომავალ პრეზიდენტთან ერთად ყავას სვამდა საკუთარი სახლის ვერანდაზე.

წიგნში საინტერესოდ არის მოთხრობილი იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც მოგვიანებით სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ.
,,სად წახვედი? - ისეთი მოუსვენარი ხარ, როგორც სკოლაში“, - მომესმა ტელეფონში მიშას ხმა. ,,მე მანქანა არ მყავს, გამომიარე და დიღომში მილიციის სამმართველოსთან, კარგი რესტორანია და იქ წავიდეთ, ვანო ძალიან აქებს. ხოდა გავუშვი რაღაცების მოსამზადებლად.“
- ,,ვინ ვანო? მერაბიშვილი?“
- ,,ხო ჩემიანია, ყველას გაგაცნობ. ერთ გუნდად უნდა ვიმუშავოთ“.

მოროშკინას მონათხრობიდან ჩანს, რომ იგი ამ გუნდის მიღმა დარჩა, თუმცა რევოლუციის შემდეგ მაინც ახერხებდა ძველი მეგობრისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) რჩევების მიცემას.

წიგნის მეორე მთავარი გმირია კრივში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელთანაც წიგნის ავტორს რომანტიული ურთიერთობა აკავშირებს. მკითხველს, რომელიც ამ ურთიერთობის მხოლოდ პიკანტური ნაწილით ინტერესებდა, იმედი გაუცრუვდება. ავტორი საკმაოდ დელიკატურად აღწერს ამ სასიყვარულო თავგადასავალს.

კანდელაკის მოროშკინას ცხოვრებაში და წიგნის ფურცლებზე გამოჩენასთან ერთად, პოლიტიკური თემები უკანა ფონზე ინაცვლებს და სიუჟეტი საპნის ოპერას ემსგავსება. მოთვინიერებული ამორძალი მისი რჩეულის აგარაკზე გადადის საცხოვრებლად და პასტორალურ გარემოსთან შეგუებას ცდილობს.

შეყვარებულების გზები მალე იყოფა. მოროშკინას ახლობლები იმით ანუგეშებენ, რომ კანდელაკი მისი საკადრისი არ იყო. ასე სრულდება მოროშკინას პოლიტიკური და სასიყვარულო რომანი. მისი მტკიცებით, პრეზიდენტს წიგნი მოეწონა, ხოლო მოკრივე კი წარსულის გახსენებამ გააღიზიანა.

წიგნის ბოლო 70 გვერდი ფოტოებით არის ილუსტრირებული: მოროშკინა საზოგადოებისთვის ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან ერთად. ეს გარკვეულწილად წიგნში მოთხრობილი ამბების ვიზუალური ნივთმტკიცებაა.

9 comments:

Nino said...

მოროშკინა არ მომწონს და არც მისი წიგნი მაინტერესებდა, მაგრამ ისე საინტერესოდ წერთ, წიგნის წაკითხვა მომინდა :) ეს ექსპერტი რამაზ საყვარელიძეა რეცენზენტი? როგორც ჩანს, ყველა სფეროში ექსპერტია :))))

I-მედია said...

სტატიის თემამ დამაინტერესა თქო ვერ ვიტყვი . მართლაც ლალი მოროშკინა ისე ხშირად ჩანს ყვითელ ჟურნალებში და მაგ წიგნზე ტელევიზიითაც იმდენი ულაპარაკნია,რომ ალბათ არ ღირდა მაგ თემისთის ჩვენი ძვირფასი ბლოგის და თქვენი დროის დათმობა. :) (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა). თუმცა, ირონიული ტონი ამ თემას ნამდვილად მოუხდა, კარგი დეტალები გქონდათ დაჭერილი და ოდნავმა სარკაზმმა უფრო "წაკითხვადი" გახადა სტატია.წერის სტილიც მომეწონა :)
წარმატებებს გისურვებთ!
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

ვერ ვიტყვი რომ თემამ დამაინტერესა,რადგან ამ წიგნის შესახებ გაზეთებიდან თუ ტელევიზიიდან ბევრი მსმენია. თუმცა მომეწონა შენი სტილი წერის,სტრუქტურა სტატიის..
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

am cignis shesaxeb vicodi,tumca iseti enit giceria rom mainc saintereso iyo casakitxad.gisurveb carmatebebs..

gvanca getiashvili

I-მედია said...
This comment has been removed by the author.
I-მედია said...

ირონიული სტილი ზედგამოჭრილია ამ თემისთვის.კარგად იკითხება.წარმატებებს გისურვებ :)
მარიამ დედაბრიშვილი

I-მედია said...

თამარ და მარიამ, სიყვითლე შემოგიპარებიათ და ამდენად, ჩვენი ბლოგის დანარჩენი სტატიებისგან განსხვავდება. კარგად იკითხება (რაც, საერთოდ, ასეთ თემებს ახასიათებს), თუმცა, მგონია, რომ დასასრულის უფრო საინტერესოდ გაკეთება შეიძლებოდა. მესმის, რომ თვითონ წიგნი მთავრდება ფოტოებით და თქვენც თანმიმდევრულად გაქვთ აღწერილი (რაც აღქმას აადვილებს), მაგრამ უკეთესი დასასრულის მოფიქრება, დარწმუნებული ვარ, არ გაჭირდებოდა. ვთქვათ, დასასრულს ორი სიტყვით ისევ ლალის რომ მიბრუნებოდით, სტატია ერთიანობისა და შეკრულობის თვალსაზრისითაც უკეთესი გამოვიდოდა - დასაწყისიც ხომ ასეთი ჰქონდა.

ლალი ცერცვაძე

I-მედია said...

ლალის ვეთანხმები, მეც ვფიქრობ რომ დასასრული სხვანაირი მოუხდებოდა. მთლიანობაში კარგია, იმის მიუხედავად რომ ყველგან მოროშკინაზე წერენ, მაინც კარგი წასაკითხი სტატიაა.
ქეთი ბურდული

I-მედია said...

ლიდის პირველი წინადადება 46 სიტყვიანია :O
მთლიანობაში სტატია (თემიდან გამომდინარე) ადვილად იკითხება. კარგია, რომ ცოტა ,,ცინიკური'' იყავი :) ამ ადამიანზე იმდენი რამ ვიცით, რომ ლალის მემუარები ნაკლებად საინტერესოა :D

თეონა კოკიჩაიშვილი