Wednesday, November 25, 2009

განათლების შავი ბაზარი



ლალი ცერცვაძე

26 ნოემბერი, 2009


ეროვნულ ბიბლიოთეკაში საათობით მუშაობის ნაცვლად ზოგიერთმა სტუდენტმა ამ დაწესებულებაში სასწავლო პროგრამის დაძლევის იოლ გზას მიაკვლია. ლალი ცერცვაძის რეპორტაჟი საჯარო ბიბლიოთეკის თანამშომრომლების არასაჯარო შემოსავლების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია შათირიშვილმა უფროსკურსელი დისთვის საჩუქრის გაეკეთება გადაწყვიტა. საჯარო ბიბლიოთეკაში მივიდა და საიდუმლო შეკვეთა მისცა. სულ მალე ხატიას დის სადიპლომო ნაშრომი მზად იქნება. მისმა კურსელებმა მსგავსი ნაშრომის შესრულებას ერთწლიანი შრომა უნდა შეალიონ, მან _ 100 ლარი.

ამ სადიპოლომო ნაშრომის რეალურმა ავტორმა - ქალბატონმა თინამ – უნივერსიტეტი 30 წლის წინ დაამთავრა. სამეცნიერო ხარისხიც დაცული აქვს და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, უფრო გავრცელებული სახელით კი, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის სტაჟიანი თანამშრომელია. დღეს რეფერატებისა და საკურსო პროექტების წერა მისი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასეთი გარიგებები დიდი ხანია, დგება. ბიბლიოთეკის თანამშრომლები დადგენილი განაკვეთების საფასურად ნებისმიერ შეკვეთას იღებენ. უბრალო რეფერატი, რომელიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც წესი, 15 ქულით ფასდება, 30 ლარი ღირს. საკურსო ნაშრომი, რომლის საფუძველზეც სტუდენტი დიპლომს იცავს _ 100. ფასები, ნაშრომის სირთულის პროპორციულად, 30-დან 250 ლარამდე ვარირებს.

ინტელექტით იატაქვეშა ვაჭრობის წესები მარტივია. უნივერსიტეტის შენობასთან ვითომ სხვათაშორის ქალბატონი გიახლოვდება და რეფერატის დაწერაში დახმარებას გთავაზობს. ან ასეთი ქალბატონების არსებობის შესახებ ინფორმაციას მეგობარი გაწვდის და იმასაც ამატებს, “კარგი, რა! რა თავს იკლავ? 30 ლარს გადაიხდი და დაგიწერენო”.

საბოლოოდ, ყველა გზა ,,საჯაროში” მიდის. აი, აქ კი სიფრთხილე გმართებთ. შესვლისთანავე კართან მდგომ “დაცვის ბიჭს” “თემების დამწერი ქალების” ადგილსამყოფელს ჰკითხავთ. ისიც, ტუჩთან თითის მიტანით, შენიშვნას მოგცემთ, “ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთო”. მერე ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ და გთხოვთ, რომ დასარეკად შენობის გარეთ მიბრძანდეთ.

როცა უკვე დავალების შემსრულებელ მეცნიერ-მუშაკებს პირადად შეხვდებით, თქვენი დავალების თემასა და გამოსაყენებელ ლიტერატურას გააცნობთ. ისინიც, თავიანთი გამოცდილების კვალად, დახმარებას შემოგთავაზებენ. ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანების ნათქვამს თუ დავეყრდნობით, მაღალი შეფასების მიღების შანსი დიდია. საფასურის გასტუმრება ნაშრომის ჩაბარებიდან ორი კვირის თავზე ხდება.

“ამ მანკიერი შეთანხმების მონაწილე ზარმაცი სტუდენტები ლექტორს ატყუებენ და ამაში ფულს იხდიან. “საკურსო მაფიის” წევრები კი, უბრალოდ, ქრესტომათიული ჩასარეცხები არიან,” _ ასე აფასებს სიტუაციას თსუ-ის ერთ-ერთი პროფესორი.

საჯარო ბიბლიოთეკაში ამ თემაზე თითქმის არავინ საუბრობს. ჯერ ერთი, ინფორმაციას ცოტა ფლობს. და მეორეც, ვინც უშუალოდ ამ გარიგებებში მონაწილეობს, “ამ თემას ნუ შეეხები, არაა ლამაზიო”, _ გირჩევს.
ქალბატონი თინა ერთადერთია, ვინც საუბარზე დათანხმდა. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მის გვარს არ მოვიხსენიებდით. იცის, რომ “მისი, როგორც ბიბლიოთეკარის ვალია, ბავშვებს წიგნი შეაყვაროს.” ხედავს, “სტუდენტებზე თავის ცოდნას ჰყიდის და ამით მათი ცოდნის გაღრმავების საშუალებას სპობს.” თან დასძენს: “ბევრს ვფიქრობ ამაზე და გულიც ძალიან მტკივა. მაგრამ ვიცი, მე რომ არა, ამას სხვა გააკეთებს. უბრალოდ, ჩემი შვილები დარჩებიან მშივრები”.

ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საგანგებოდაა აღნიშნული: “გახსოვდეთ: ბიბლიოთეკის ფონდები ეროვნული საგანძურია. თქვენ გარდა ამ საგანძურით მომავალმა თაობებმაც უნდა ისარგებლონ!” ამ გზით ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა არ დააზიანონ. ხშირად კი, არა თუ “მომავალი თაობები”, არამედ ახლანდელი სტუდენტებიც არ სარგებლობენ ბიბლიოთეკის თაროებზე მოთავსებული წიგნებით. მათ მაგივრად ამას თავად ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი აკეთებს.

ხატიას და კი სულ მალე დიპლომს დაიცავს.

15 comments:

I-მედია said...

ლალი, ძალიან კარგი თემაა, ძალიან, ძალიან... არ ვიცოდი ესეთი რამ თუ ხდებოდა... მართლა აღფრთოვანებული ვარ და შენიშვნებიც არ მაქვს.
სალომე ლორთქიფანიძე

I-მედია said...

ძალიან საინტერესო სტატიაა, ლიდიც მომეწონა და დასასრულიც კარგია.საინტერესოდ იკითხება...მაგარია

I-მედია said...

ლალი ძალიან საინტერესო თემაა, რადგან ეს პრობლემა სტუდენტებში დიდი ხანია დგას, თუმცა გარიგებები საჯარო ბიბლიოთეკის გარდა თბილისის სხვა ბიბლიოთეკებშიც ხდება
მაკა ჯოხაძე

Nino said...

მეც დამიწერია სხვებისთვის რეფერატი იაფად :))) ფორუმებზეც არის ამ საკითხზე თემა გახსნილი, მაგრამ საჯაროშიც თუ ხდებოდა ასეთი რაღაცები არ ვიცოდი, საინტერესო იყო :)

provokatori said...

ენა მომეწონა განსაკუთრებით: ხალისით წაიკითხავ ბოლომდე, თან თემაც კარგია. ისე odnoklassniki.ru-ზეც აკეთებს ვიღაც რეკლამას: საკურსო რეფერატები უწერია სახელისა და გვარის ნაცვლად და სტუდენტებს იმატებს მეგობრებში.

I-მედია said...

ლალი ძალიან კარგი თემა გაქვს აღებული, ინფორმაციულია და პირადად ჩემთვის იყო ბევრი სიახლეც. სამწუხაროა რომ ასეთი რამეც ხდება. კარგია რომ ამ პრობლემაზე დაწერე.
თამარ თამარაშვილი

I-მედია said...

lali dzalian saintereso temaa,ar vicodi aseti ram tu xdeboda.chemi azrit erterti sauketeso statiaa blogze...

gvanca getiashvili

I-მედია said...

ლალი, სტატია მომეწონა!ძალიან საინტერესო თემაა. უფრო სწორად, საკმაოდ ბანალური და რუტინული თემის საინტერესო კუთხე და ფოკუსი შენ თვითონ მოძებნე! სწორედ, ამიტომაც გაქებ:)ერთ ის არის, რომ შეიძლებოდა მეორე მხარის გამოკვეთაც. ამ შემთხვევაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სადაც შენი სტატიის გმირის და სხვის ნაშრომს აბარებს: რა ზომებს იღებს უნივერსიტეტი მსგავსი პლაგიატობის აღსაკვეთად, რამდენად ეცემა ამით მისი ავტორიტეტი და ა.შ.
დასასრული მომეწონა ძალიან. კარგად იყო წარმოჩენილი კონტრასტი საჯარო ბიბლიოთეკის რეალურ დანიშნულებასა და მის ფაქტობრივ "ფუნქციას" შორის.
P.S.იმედია, ამხელა კომენტარის წაკითხვა არ შეგეზარება :D:D, მაგრამ ეგ იმის ნიშანია, რომ ძალიან მომეწონა! და ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი საუკეთესო სტატიაა, რაც აქამდე დაწერილა ჩვენს ჯგუფში თავისი პრობლემატურობით, აქტუალურობით და კარგი წერის მანერით :* ვოტ ტაკ! :D:D
წარმატებებს გისურვებ! :*
თიკო ცერცვაძე

I-მედია said...

ლალი, მშვენიერი თემა აგირჩევია, ჩვენთვის სტუდენტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი. სტატია მომეწონა, წარმატებებს გისურვებ!
ნატა გეგეჭკორი

I-მედია said...

ლალი, თემა ნამდვილად საინმტერესოა. ვიცოდი რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, მაგრამ არ მეგონა რომ საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები აკეთებდნენ ამას. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ლექტორის კომენტარი რომ მოგეყვანა, რას ფიქრობენ უნივერსიტეტში ამ საკითხზე. მთლიანობაში ძალიან საინტერესო სტატიაა. :)
ქეთი ბურდული

I-მედია said...

მართლა საინტერესო თემაა. ძალიან მარტივად და გასაგებად გაქვს ჩამოყალიბებული შენი სათქმელი. კარგი სტატიაა!
P.S. საჯარო ბიბლიოთეკაში არა, მაგრამ ერთხელ ერთმა ქალბატონმა მეც გამომიწოდა ნომერი და სასწავლო პროცესის ,,გაადვილება'' შემომთავაზა. სამწუხაროდ, უკვე აღარაფერი მიკვირს :D

თეონა კოკიჩაიშვილი

David PAITCHADZE said...

ლალი, ყოჩაღ. მახსოვს თქვენი პირველი ცდა, დაგეწერათ ამ საკითხზე. კარგია, რომ არ მოეშვით. არ შესთავაზეთ რომელიმე გამოცემას გამოსაქვეყნებლად? ენა კარგია, თქვენთვის დამახასიათებელი სიცხადე და სიმარტივე მხოლოდ დაგიხვეწავთ. თან - არანაირი მორალიზმი. უნდა გამოვტყდე, მეც დამიწერია სხვისთვის დიპლომი. 1993 წელს დავწერე ”ნიკო ნიკოლაძის იურიდიული შეხედულებანი” და ოთხიანი მივიღე. უფრო სწორად, იმან მიიღო, ვინც 100 დოლარი გადამიხადა. მაშინ ფული იყო. De facto იურისპრუდენციის მაგისტრი ვარ.

მოველი თქვენს ნაწერებს მომავალშიც.

:-)

I-მედია said...

კომენტარებისთვის ყველას გმადლობთ; შექების შემცველი კომენტარებისთვის - უფრო მეტად. :-)

ბატონო დავით, თქვენს სიტყვებს ჩემთვის ყოველთვის მამოტივირებელი ძალა ჰქონდა. ახლაც ასეა, როგორც ვხედავ. არა, გამოსაქვეყნებლად არავისთვის მიმიმართავს.
თქვენი მეხსიერება კი კვლავ ჩემი აღტაცების მიზეზია. სხვას ვის (ან რატომ) დაამახსოვრდებოდა, რომ ეს ამბავი1993-ში იყო? :-)

ლალი

I-მედია said...

და ეს ოთხიანი ჩიკვილაძემ ხომ არ დაგიწერათ ბატონო დავით? თუ ასეა, არცაა გასაკვირი, მას ნიკოლაძე იმდენად უყვარს, დარწმუნებულია რომ სრულყოფილად ვერავინ დაწერს ამ ღირსეულ მოღვაწეზე ნაშრომს :))))
ლალი შენი შემშურდა ბატონი დათოს კომენტარი რომ წავიკითხე შენს სტატიაზე და არა ჩემსაზე :))))) ოღონდ მხოლოდ თეთრი შურით:*:*:*
ძველი ბლოგერი

Monkey said...

wow. მაგარი სტატიაა. მართლაცდა.